საქმე №ას-637-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ო–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა მ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.06.2021 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 25 350 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 11.06.2021 წლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი. სააპელაციო საჩივარი 28.03.2022წ. განჩინებით დაუშვებლობის (ხარვეზის შეუვსებლობის გამო) გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა განჩინების გაუქმება, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო აღნიშნული განჩინებით გათვალისწინებული ხარვეზის შევსება, ხოლო მისი მარწმუნებელი იმყოფება ავსტრალიაში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაშვება, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი ავადმყოფობით იყო განპირობებული, ანუ მოპასუხე მოითხოვს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება აპელანტ მ.ბ–ძის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2021 წლის 11 ოქტომბერს, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2021 წლის 12 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 21 ოქტომბერს.
9. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
10. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს ავადმყოფობაზე, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად მიიჩნევა, მაგრამ საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლები მოპასუხეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ამ უკანასკნელის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (11.10.2021 წლიდან 21.10.2021წლამდე პერიოდში).
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოხსენებულ პერიოდში, არც მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობის და არც თავად მოპასუხის ავსტრალიაში გამგზავრების ან რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს, საქმეში წარმოდგენილი არაა, კერძო საჩივარიც კი არ შეიცავს დასაბუთებას ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; №ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; №ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; №ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2022 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი