Facebook Twitter

საქმე №ას-1696-2019 23 მარტი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ს-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - თ. ს-ძე, ნ. ჯ-ძე, ნ. დ-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

2. კასატორის პრეტენზიით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ მოტივით, რომ მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიუღია, აღნიშნულის საფუძვლად კი მიუთითა, რომ მეორე მოპასუხე, რომელსაც ეხებოდა სასარჩელო მოთხოვნა ესწრებოდა სხდომას.

3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ თითქოს ვალის სანაცვლოდ, ვალდებულების შესრულების მიზნით გადაფორმდა უძრავი ქონება მოპასუხეზე. კასატორის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში ქონების დროებით გადაცემის შესახებ შეთანხმდნენ მხარეები, რაც გამორიცხავს მოპასუხის საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება, მხარის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო, 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით საქმისწარმოება განახლდა, ნ. დ-ის (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი) უფლებამონაცვლედ სასამართლომ ჯ. ი-ძე ცნო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. მოსარჩელემ, 2012 წლის 21 მარტს, აწ გარდაცვლილი მოპასუხისგან ისესხა 20 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით და ყოველთვიური 7%-ის სარგებლით. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი, N----საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

8.2. მსესხებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ვერ შეასრულა. გამსესხებელმა მიმართა სააღსრულებო ბიუროს.

8.3. აღმასრულებელმა, 2013 წლის 13 თებერვალს მიმართა მოსარჩელეს, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით.

8.4. მოსარჩელესა და გამსესხებელს შორის, 2013 წლის 13 მარტს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გამსესხებელმა, იპოთეკით დატვირთული, მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძინა. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით.

8.5. გამსესხებელმა და ნ. ჯ-ემ (შემდეგში: მეორე მოპასუხე), 2013 წლის 26 აპრილს დადეს უძრავი ნივთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების ბეს ხელშეკრულებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელმა, იკისრა ვალდებულება, 30 000 აშშ დოლარად, სადავო უძრავი ქონების ნ. ჯ-ვის მიყიდვის შესახებ. გამსესხებელს, მეორე მოპასუხემ წინასწარ გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი, ხოლო, დარჩენილი 25 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2013 წლის 1 ივლისს, ხოლო, სანაცვლოდ მიიღებდა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებას.

8.6. გამსესხებელმა, 2016 წლის 16 ივლისს 30 000 ლარად მიჰყიდა სადავო ქონება მოსარჩელის ძმას - თ. ს-ეს (შემდეგში: სადავო ქონების მესაკუთრე ან მესამე მოპასუხე).

8.7. მოსარჩელემ კრედიტორის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მისთვის 8 800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, მისი ვალი კრედიტორის წინაშე 21 200 დოლარს შეადგენდა, ხოლო ამ უკანასკნელმა, მოსარჩელის უძრავი ქონება 30 000 აშშ დოლარად გაყიდა, რის გამოც, მოსარჩელის ხარჯზე 8 800 აშშ დოლარით გამდიდრდა.

8.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, განმარტავს, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საგნის მესაკუთრეს მოსარჩელის ძმა - მესამე მოპასუხე წარმოადგენდა, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, ამდენად, გამსესხებლის არ გამოცხადება ვერც სხდომის დამაბრკოლებელი და ვერც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდებოდა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხე მხარეს რამდენიმე პირი ჰყავდა მითითებული. ამდენად, სახეზე იყო საპროცესო თანამონაწილეობა. საკასაციო სასამართლო სასამართლო პრაქტიკასა და სამართლის დოქტრინაში, საპროცესო თანამონაწილეობის შესახებ ერთგვაროვან მიდგომაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ თანამონაწილეობა შეიძლება იყოს სავალდებულო და ფაკულტატური. სავალდებულო თანამონაწილეობის შემთხვევაში, პირები ერთმანეთთან მატერიალურსამართლებრივი საფუძვლით იმგვარად არიან დაკავშირებულები, რომ სარჩელის საგანს საერთო უფლება წარმოადგენს, ხოლო, საპროცესოსამართლებრივი კუთხით, ერთ-ერთი მხარის რომელიმე პირის გამოცხადება, გამორიცხავს ამავე პირთან სავალდებულოდ დაკავშირებული თანამონაწილის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ფაკულტატური თანამონაწილეობის შემთხვევაში კი მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნები შესაძლოა ერთგვაროვანი იყოს, ან საფუძველი ან საგანი ჰქონდეს საერთო, ამ მხარის რომელიმე პირის გამოცხადება იმავე მხარის სხვა სუბიექტის გამოცხადებას არ გულისხმობს, ამდენად, ფაკულტატური თანამონაწილეობისას, ერთ მხარეს მყოფი თანამონაწილეების შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი ინდივიდუალურად წყდება, თითოეული სუბიექტის მიმართ (ზ. ძლიერიშვილი და სხვ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები - რჩეული მუხლები, თბილისი, GIZ, 2020; გვ. 862).

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 2013 წლის 13 მარტს დადებული ხელშეკრულების (იხ. წინამდებარე განჩინების 8.4 ქვეპუნქტი) ბათილობას ითხოვდა, რომლის საფუძველზეც განკარგული ქონება დავის განხილვის მომენტში მესამე მოპასუხის საკუთრებაშია. ამდენად, პირველი და მესამე მოპასუხეები სავალდებულო თანამონაწილეები არიან, ხოლო, სასამართლო სხდომაზე მესამე მოპასუხის გამოცხადება, გამორიცხავს პირველი მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

12. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად რომ მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულება არ დადებულა და სადავო საგნის მხოლოდ დროებით გადაცემას ისახავდნენ მიზნად არ დასტურდება არც მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებებით, აგრეთვე საქმის სხვა გარემოებებით. დადგენილია, რომ მოსარჩელეს პირველი მოპასუხისგან სესხის სახით ჰქონდა 30 000 აშშ დოლარი მიღებული, ხოლო ვალდებულების ძირითადი ნაწილი არ ჰქონდა შესრულებული. სადავო ქონება აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იპოთეკით. ამასთან, სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით სადავო ქონება აღირიცხა პირველი მოპასუხის საკუთრებად. დადგენილია, რომ ვალდებულება, არც ქონების გასხვისებამდე და არც მას შემდეგ არ შეუსრულებია მოსარჩელეს, არც თავად მიუთითებია მსგავსი გარემოების გამაქარწყლებელ გარემოებაზე.

13. დადგენილია, მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო, ამავე ვალდებულების თაობაზე არსებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული უძრავი ქონება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 301-ე მუხლი "თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველსაყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული." ვალდებულების შესასრულებლად იმპერატიულად და მხოლოდ ერთ საშუალებას არ ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 300.1-ე "თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის საკუთრებაში, თუკი კრედიტორი და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს". ამდენად, მოსარჩელის პრეტენზია, რომ კრედიტორმა ის ქონება შეიძინა, რომელზეც მის სასარგებლოდ მიმდინარეობდა აღსრულება, მოსაჩვენებლად დადებულად ვერ ჩაითვლება

14. საკასაციო სასამართლო, დამატებით კასატორის სხვა სასარჩელო მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, სარჩელის მოთხოვნას, არა მხოლოდ კასატორსა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული გარიგებების, არამედ, სადავო ქონებაზე, გამსესხებლის მიერ დადებული შემდეგი გარიგებების ბათილობასაც ითხოვდა. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც მოსარჩელის შესასრულებელი ფულადი ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა, ამდენად, მომდევნო მესაკუთრემ - პირველმა მოპასუხემ, როგორც უფლებამოსილმა პირმა განკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის ფარგლებშიც ჯერ წინარე ხელშეკრულება დაიდო პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, ხოლო, შემდეგ, პირველ მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ხელშეკრულებების ნამდვილობასთან დაკავშირებით, და განმარტავს, რომ საპირისპიროს მტკიცების ტვირთი კასატორმა ვერ დაძლია.

15. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე