Facebook Twitter

საქმე №ას-525-2020 11 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - შ. ი-ვი, ა. ი-ვა, ა. ი-ვი, ნ. მ-ვი, შ. ი-ვი (მოპასუხეები)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „-------- ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა/შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა/გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ ------ (უფლებამონაცვლეა „------- ბანკი“) და შ. ი-ვს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ, რომლის თანახმად საკრედიტო თანხის მაქსიმალური მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი. ზღვრულ თანხაში იგულისხმება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს აღებულ ძირითად ვალდებულებათა ერთობლიობა დასარიცხი საპროცენტო სარგებლის, საბანკო გარანტიისათვის საზღაურის და ჯარიმების, ასეთის არსებობის გაუთვალისწინებლად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შ. ი-მა მიიღო კრედიტის თანხა 50 000 აშშ დოლარი.

2. 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ ------“ და შ. ი-ვს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შ. ი-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - გარდაბნის რაიონის სოფელ ------ მდებარე 4001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი და მასზე მდებარე 2 ნაგებობა კოდი -------. საჯარო რეესტრში იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია სს „ბანკ ----“ იპოთეკის უფლება, ხოლო უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაციის შედეგად იპოთეკით დატვირთული ქონება რეგისტრირებულია ორ საკადასტრო ერთეულად - 2001 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი ------ და 2000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი -----. ორივე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის იპოთეკის უფლება.

3. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ ------“ და შ. ი-ს შორის დაიდო N---- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიზანია N----- სესხის რესტრუქტურიზაცია. კრედიტის ოდენობაა 36 012 აშშ დოლარი, ვადა 89 თვე და 29 დღე, 2018 წლის 29 მაისამდე. კრედიტო სარგებელი წლიური 18%. კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შედგენს დავალიანების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და მსესხებელს ეკისრება ძირითადი თანხის დავალიანების 12%.

4. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ ------“ და ა. ი-ვს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ა. ი-ვი თავდებადდაუდგა შ. ი-ვს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.

5. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ -----“ და ა. ი-ვს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ა. ი-ვი თავდებად დაუდგა შ. ი-ვს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.

6. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ ------“ და ნ. მ-ვს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ნ. მ-ვი თავდებად დაუდგა შ. ი-ვს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.

მოსარჩელის მოთხოვნა

7. შ. ი-ის, ა. ი-ას, ა. ი-ის და ნ. მ-ვის 24 514,89 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 22 386.26 აშშ დოლარი, სარგებელი 1 127,23 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი.

8. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მდებარე უძრავი ქონება კოდი ---- და კოდი ---- მესაკუთრე შ. ი-ვი. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მსესხებლის მოთხოვნის სრულად შესასრულებლად და/ან შეუძლებელი იქნება ქონების რეალიზაცია რაიმე საფუძვლით, მოთხოვნა არ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების შ. ი-ის, ა. ი-ის, ა. ი-ის და ნ. მ-ის ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

მოსარჩელის პოზიცია

9. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ -----“ და შ. ი-ვს შორის დაიდო გენერალური საკრედირო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შ. ი-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტერის სოფელ ------, კოდი ------.გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2010 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 36 012 აშშ დოლარი 89 თვის და 29 დღის ვადით. წლიური სარგებელია 18%. საკრედიტო ხელშეკრულება დამატებით უზრუნველყოფილია თავდებობით. 2010 წლის 30 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარული თავდებებმა ა. ი-მა, ა. ი-მა და ნ. მ-მა იკისრეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. თითოეულის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარით. მხარეები ასევე შეთანხმებულნი არიან, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, უნდა განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს დავალიანების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ვალდებულება სრულად არ შესრულდა, გადასახდელია ძირითადი თანხა 22 386,26 აშშ დოლარი, სარგებელი 1 127,23 აშშ დოლარი, პირგასმატეხლო 1001,4 აშშ დოლარი.

მოპასუხის შესაგებელი

11. მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს. მათი მითითებით, 2010 წლის 30 ნოემბერს ბანკისგან სესხის თანხა არ მიუღიათ.

12. მათ ასევე მიუთითეს, რომ 2010 წლის 30 ნოემბერს ბანკისგან სესხის თანხა არ მიუღიათ. შ. ი-მა სს „ბანკ -----“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხად მიიღო 50 000 აშშ დოლარი, პროცენტთან ერთად სულ უნდა გადაეხადა 69 149,84 აშშ დოლარი. 2008 წლის 5 ივლისიდან 2009 წლის 5 ოქტომბრამდე გადახდილია 29 550 აშშ დოლარი, 2009 წლის 31 დეკემბიდან 2010 წლის 30 აპრილამდე გადახდილია 3423,47 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე გადახდილია 8512 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 დეკემბრიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე გადახდილია 1598,34 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 31 იანვრამდე გადახდილია 34 986 აშშ დოლარი, სულ გადახდილი აქვთ 76 453 აშ დოლარი, ნაცვლად 69 149,84 აშშ დოლარისა. ამდენად, ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულებულია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ. ი-ვს, ნ. მ-ვს, ა. ი-ვს და ა. ი-ვს დაეკისროთ სს „----- ბანკისათვის“ 12 659,49 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა; დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მდებარე 2001 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი ----- და 2000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი ----. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მსესხებლის მოთხოვნის სრულად შესასრულებლად და/ან შეუძლებელი იქნება ქონების რეალიზაცია, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების შ. ი-ის, ა. ი-ის, ა. ი-ის და ნ. მ-ის ნებისმიერ შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე;

მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

14. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2018 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, რომლებაც მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

15. მოსარჩელე სს ,,----- ბანკმა“ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ნაწილობრივმა, შ. ი-მა, ნ. მ-მა, ა. ი-მა და ა. ი-მა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და აღნიშნა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

18. სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებზე და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 417-ე, 301-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ ნორმათა შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ შევიდნენ საკრედიტო ურთიერთობაში და განსაზღვრონ კრედიტის უზრუნველყოფის სახე - იპოთეკა, ასევე განსაზღვრონ უფლებები და მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, მაგალითად, თუ კი მოვალე ვერ გადაიხდის კრედიტს შესაბამისად განსაზღვრული პირობებით, კრედიტორს წარმოეშობა უფლება მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია და დაიკმაყოფილოს საკუთარი კრედიტორული მოთხოვნები.

19. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის, სს „----- ბანკის“ განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ 2009 წლის 26 ნოემბრიდან 2010 წლის 30 ნოემბრამდე არსებული გადახდები მსესხებელს ჩაუთვალა ძირი თანხის ნაწილში სრულად, რითაც ბანკს მოესპო ამ პერიოდისთვის პროცენტის მოთხოვნის უფლება, გადახდილ თანხებში შედიოდა პროცენტიც და ჯარიმაც, რადგან მსესხებელი ვადაგადაცილებით ახორციელებდა გადახდას. გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ რეფისნანსებამდე გადახდილი თანხები მხოლოდ ძირითადი თანხის დავალიანების დაფარვად და არ გაითვალისწინა, რომ ბანკი ამ პერიოდში გადახდილი თანხებიდან სარგებელსაც იღებდა და პირგასამტეხლოსაც, ამასთან საპროცენტო განაკვეთიგამოთვლილია არასწორი თანხიდან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, სადაც აღნიშნულია, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული 2010 წლის 30 ნოემბერს რეფინანსირების მიზნით საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს გადასახდელი საკრედიტო დავალიანების მოცულობა. კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილის 3.2.1. პუნტში, გადაწყვეტილების მე-8 გვერდის მე-3 აბზაცში არასწორადაა მითითებული რეფინანსირების შეთანხმების დროს გადასახდელი დავალიანების ოდენობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უნდა შემცირდეს 2012 წლის 20 სექტემბრის და 2015 წლის 15 აპრილის ამონაწერებში 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება 34 607,69 აშშ დოლარი იმ თანხით, რაც გადახდილია რეფინანსირებამდე და სულ გადახდილი თანხა შეადგენს 9322,44 აშშ დოლარს. ამდენად, რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 25 285,25 აშშ დოლარი. სასამართლომ აღწერილობითი ნაწილის ამ აბზაცში მსჯელობს რეფინანსირების დროს გადასახდელი თანხის მოცულობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობთ არსებულ დავალიანებას სრულად უნდა გამოკლებოდა ამის შემდეგ რეფინანსირების ხელშეკრულების დადებამდე გადახდილი თანხა, რის შედეგად განსაზღვრა რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს არსებული დავალიანება.

20. პალატამ ასევე არ გაიზიარა შ. ი-ის, ა.ი-ას, ა. ი-ის და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარს იმის თაობაზე, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება სრულად შესრულებული იქნა, რის თაობაზეც სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძირი თანხა დაფარული იქნა, სასამართლომ პროცენტები და საურავები მაინც დაარიცხათ. პალატამ მიუთითა, რომ, მოპასუხეებმა/აპელანტებმა სადაო თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგინეს სალაროს შემოსავლის ორდერები. სალაროს შემოსავლის ორდერებში მითითებულია ინფორმაცია 2008-2015 წლებში თანხის გადახდის შესახებ. 2009 წლის 8 ივლისის ამონაწერის შემდგომი პერიოდის სალაროს შემოსავლის ორდერებში ტრანზაქციის დანიშნულებად მითითებულია ვალუტის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც გულისხმობს ბანკში ვალუტის გაცვლის ოპერაციის შესრულებას. ამასთან, 2009 წლის 30 იანვრის (თანხა 245 აშშ დოლარი), 2009 წლის 20 მარტის (თანხა 174 აშშ დოლარი), 2009 წლის 20 თებერვლის (თანხა 174 აშშ დოლარი) სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით მასში მითითებული თანხა გადარიცხულია სს „-------“ სესხის დასაფარად. 2009 წლის 20 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, 400 აშშ დოლარის გადამხდელია ნ-ვი, ხოლო თანხის მიმღებია შ. ი-ვი. ამდენად, სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დასტურდება, რომ მათში მითითებული თანხა გადახდილია სადაო საკრედიტო ხელშეკრულების შესასრულებლად, რადგან ორდერში თანხის გადახდის დანიშნულებად არ არის მითითებული სს „ბანკ -----“ არსებული სესხის დაფარვა. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოვალე სესხის თანხას იხდიდა 2010 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით - 4 წლისა და 4 თვის მანძილზე. ამ დროის მანძილზე რეფინანსირების დროს არსებული რეალური დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 21349,85 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად გადახდილია ვადის დაცვით 17 692,10 აშშ დოლარი, ხოლო ვადის გადაცილებით 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი). ამდენად, პროცენტის დავალიანება მსესხებელს აღარ გააჩნია, რადგან მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს და არა ხელშეკრულების დარჩენილ ვადაში გადაუხდელ სარგებელს. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სს ------ ბანკის მიმართ მოპასუხეების მიერ გადასახდელი დავალიანებაა ძირითადი თანხა 14 579,68 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 15 581,08 აშშ დოლარი.

21. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა მტკიცების ტვირთს და აღნიშნა, რომ ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტები მიუთითებენ, რომ მათ მიერ დავალიანება სრულად იქნა დაფარული, თუმცა მათ მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

კასატორის მოთხოვნა

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თბერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შ. ი-მა, ა. ი-მა, ა. ი-მა, ნ. მ-მა და შ. ი-მა, რომლებმაც მოითხოვეს განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23.კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოკვლია და არ შეაფასა განსახილველ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არასწორად განიმარტა კანონი, გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან, ასევე, ის ეწინააღმდეგება მთავრობის დადგენილებებს, რომლის საფუძველზეც აკრძალულია საურავისა და პროცენტის ძირ თანხაზე ნამეტი ოდენობით დაკისრება.

შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

24. სს ,,----- ბანკმა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

25. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსსკ-ის 377-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც სასამართლო ვალდებულია საქმე შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, მისი მოსაზრებით აღნიშნული განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთბული, ასევე, იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარეშე, რომლის მესაკუთრეც სარჩელის შემოტანისას იყო შ. ი-ვი. ასევე, აღნიშნული ქონების რეალიზაციაც მისი მესაკუთრის მოწვევის გარეშე მოხდა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, მან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დავა და ასევე, უფლებამონაცვლეობაც ასეთი სახით დაადგინა, რამაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

26. კასატორისთვის ბუნდოვანია დავალიანების ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს დადგენის საკითხი, თუ რატომ შეამცირა დავალიანებული თანხა, როდესაც არ არსებობდა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ რის საფუძველზე დაკორექტირდა ძირი თანხისა და პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრებული ოდენობა, როდესაც მხარეებს შორის წამოშობილი იყო ახალი საკრედიტო ურთიერთობა, რომლითაც მოხდა ძველი დავალიანების აღიარება. სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა 2010 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის დადებულ ახალ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, თუმცა აღნიშნული ფაქტი სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა, ასევე, სასამართლო შევიდა ისეთ კვლევაში, რაც არ წარმოადგენდა დავის საგანს და რამაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა მას. სასამართლომ არასწორად განმარტა რესტრუქტურიზაცია, რაც წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას და არის ახალი გარიგება, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების დადებით ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულების ძალით შესასრულებელი ვალდებულებაა მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ძველი ვალდებულება და იყო თუ არა ხანდაზმული.

28. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ასევე, სამართლის განვითარებისთვისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული საქმის დასაშვებად ცნობა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მნიშვნელოვნი საპროცესო დარღვევებით მოხდა საქმის გამოკვლევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. კასატორი ასევე მიუთითებს სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის სამივე ქვეპუნქტის დარღვევაზე. მხარეებს შორის გაფორმებული N----- ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაცია, თუმცა პირველი და მეორე ინსტანცია მსჯელობს სესხის რეფინანსირებაზე, რაც ხელშეკრულების მიზანი არ ყოფილა, შესაბამისად, სს ,,----- ბანკისთვის“ გაუგებარია თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულება როგორც რესტრუქტურიზაცია და რეფინანსირება, რაც არ შეესაბამება ,,კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში გათვალისწინებულ დეფინიციებს ,,რესტრუქტურიზებული სესხისა“ და ,,რეფინანსირებული სესხის“ შესახებ.

30. კასატორის მოსაზრებით, 2010 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულება N-----ი თ განხორციელდა N---- საკრედიტო ხელშეკრულების რესტრუქტურიზაცია, რაც არის ახალი გარიგება სსკ-ის 50-ე, 319-ე და 341-ე მუხლების საფუძვლებით. აქედან გამომდაინარე, რადგან მხარეთა შორის დაიდო ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის ბათილობის წინაპირობები არ არსებობდა, დავალიანება მოსარჩელეს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებოდა. მიუხედავად ამისა, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ დაანგარიშებული დავალიანების ოდენობაც. სასამართლომ 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არსებულ მსესხებლის დავალიანებას 36644.26 აშშ დოლარს გამოაკლო მოვალის მიერ გადახდილი 9272.6 აშშ დოლარი, რა დროსაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 9272.6 აშშ დოლარით ძირითადი თანხის დავალიანებიდან დაიფარა მხოლოდ 2012.96 აშშ დოლარი, დანარჩენით კი პროცენტი და პირგასამტეხლო, შესაბამისად, 2009 წლის 26 ნოემბრიდან 2010 წლის 30 ნოემბრამდე არსებული გადახდები მსესხებელს ჩაეთვალა ძირი თანხის ნაწილში სრულად, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკმა ვეღარ მიიღო პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 04 დეკემბრისა და 2021 წლის 01 მარტის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

33. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

35. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

39. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).

40. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და პირგასამატეხლოს დაკისრება, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე მუხლი, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმის თანახმად, ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

41. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.“ ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, „პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“.

42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

43. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებებს: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

44. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობის სამართლებრივ ბუნებაზე, რაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, ამასთან, ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალეზე დასაკირებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი. საერთო სამართლის სივრცეში ვალდებულების არაბრალეული შეუსრულებლობა არ აფუძნებს ვალდებულების დარღვევის დასრულებულ შემადგენლობას და იგი მხოლოდ ხელეკრულებიდან გასვლის უფლებას წარმოშობს, ხოლო მეორადი მოთხოვნის უფლება უპირობოდ ბრალზე დამოკიდებული რჩება. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება არა ვალდებულების ნებისმიერი, არამედ - მხოლოდ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში (საქმე №ას-1408-2019 24 ივლისი, 2020 წელი). პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47). სსკ-ის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

45. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია მიმართულია სასამართლოს მიერ მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის ცვლილების სამართლებრივობაზე, ასევე საურავისა და პროცენტის ოდენობის განსაზღვრაზე, თუმცა აღნიშნული მოთხოვნების დასამტკიცებლად კასატორს სასამართლოსთვის არ შემოუთავაზებია შესაბამისი სახის დასაბუთება, რადგან მხოლოდ პრეტენზიაზე მითითება მოტივაციის გარეშე ვერ შექმნის მისი დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს. დამატებით უნდა აღინიშნოს, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, სადაც აღნიშნულია, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული 2010 წლის 30 ნოემბერს რეფინანსირების მიზნით საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს გადასახდელი საკრედიტო დავალიანების მოცულობა. კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილის 3.2.1. პუნტში, გადაწყვეტილების მე-8 გვერდის მე-3 აბზაცში არასწორადაა მითითებული რეფინანსირების შეთანხმების დროს გადასახდელი დავალიანების ოდენობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უნდა შემცირდეს 2012 წლის 20 სექტემბრის და 2015 წლის 15 აპრილის ამონაწერებში 2009 წლის 26 ნემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება 34 607,69 აშშ დოლარი იმ თანხით, რაც გადახდილია რეფინანსირებამდე და სულ გადახდილი თანხა შეადგენს 9322,44 აშშ დოლარს. ამდენად, რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 25 285,25 აშშ დოლარი. სასამართლომ აღწერილობითი ნაწილის ამ აბზაცში მსჯელობს რეფინანსირების დროს გადასახდელი თანხის მოცულობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობთ არსებულ დავალიანებას სრულად უნდა გამოკლებოდა ამის შემდეგ რეფინანსირების ხელშეკრულების დადებამდე გადახდილი თანხა, რის შედეგად განსაზღვრა რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს არსებული დავალიანება.

46. 2009 წლის 26 ნოემბერს არსებული დავალიანებაა 34 631,3 აშშ დოლარი, რაც არის უსწოროდ მითითებული მონაცემი, რადგან საბანკო ამონაწერების თანახმად, 2009 წლის 26 ნოემბერს შ. ი-ის დავალიანება შეადგენდა 36 644,26 აშშ დოლარს. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, რეფინანსირების დროს გადასახდელი დავალიანება განისაზღვრა შემდეგნაირად - 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებას გამოაკლდა ამის შემდეგ გადახდილი თანხა, რის შედეგად გამოანგარიშებული თანხა მოვალეს გადასახდელი ჰქონდა რეფინანსირების დროს. 2009 წლის 26 ნოემბერს დავალიანება შეადგენს 36 644,26 აშშ დოლარს, რის შემდეგ გადახდილია 9272,6 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოვალეს 2010 წლის 1 ნოემბერის მდგომარეობით გადასახდელი ჰქონდა 27 371,66 აშშ დოლარის დავალიანება. 2010 წლის 30 ნოემბერს რეფინანსირების ხელშეკრულების დადების შემდეგ მოვალემ 2015 წლის 19 მარტის ჩათვლით პერიოდში გადაიხადა სულ 37 680 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა ვადიანი 8768,56 აშშ დოლარი, ვადაგადადაცილებული ძირი 4857,18 აშშ დოლარი (სულ 13 625,74 აშშ დოლარი); პროცენტი ვადიანი 17 692,10 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებულ 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი); პირგასამტეხლო 866,02 აშშ დოლარი. 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას 27 371,66 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს ამის შემდეგ გადახდილი ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი და მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 14 579,68 აშშ დოლარით. საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლიანია და მსესხებელს უნდა გადაეხადა სესხის სარგებელი წლიური 18%, რაც უნდა განისაზღვროს რეფინანსირების დროს არსებული დავალიანების - 27 371,66 აშშ დოლარის წლიური 18%-ით. წელიწადში გადასახდელი თანხაა 4926,89 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადის 7 წლის, 5 თვის და 29 დღის ვადაში გადასახდელი სარგებელია 36 951,67 აშშ დოლარი. რეფინანსირების შემდეგ გადახდილია ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტია 23 188,47 აშშ დოლარი. რეფინანსირების შედეგად შ. ი-ვს სულ უნდა გადაეხადა ძირითადი თანხა 27 371,66 აშშ დოლარი, სარგებელი 36 951,67 აშშ დოლარი, ჯამურად 64 323,33 აშშ დოლარი.

47. მოვალე სესხის თანხას იხდიდა 2010 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით - 4 წლისა და 4 თვის მანძილზე. ამ დროის მანძილზე რეფინანსირების დროს არსებული რეალური დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 21349,85 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად გადახდილია ვადის დაცვით 17 692,10 აშშ დოლარი, ხოლო ვადის გადაცილებით 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი). ამდენად, პროცენტის დავალიანება მსესხებელს აღარ გააჩნია, რადგან მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს და არა ხელშეკრულების დარჩენილ ვადაში გადაუხდელ სარგებელს. ამდენად, სს ----- ბანკის მიმართ მოპასუხეების მიერ გადასახდელი დავალიანებაა ძირითადი თანხა 14 579,68 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 15 581,08 აშშ დოლარი.

48. რაც შეეხება შეგებებულ საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტების საკითხზე დადგენილია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ,,ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (სსკ-ის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf). რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე. დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით“ (იხ. საქმე №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ.; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი; საქმე №ას- 1582-2018, 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ მოტივაციას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირება მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვაა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით. რეფინანსირება თავისი შინაარსით არის მხარეებს შორის არსებული შეთანხმება, რომლითაც იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ი-ის, ა. ი-ას, ა. ი-ის, ნ. მ-სა და შ. ი-ის საკასაციო საჩივარი და სს „------ ბანკის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შ. ი-ს (------), ა. ი-ას (-----), ა. ი-ს (----), ნ. მ-სა (----) და შ. ი-ს (---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა. ი-ის (----) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2020 წლის 23 ნოემბერი), 1493.42 ლარის 70% - 1 045.39 ლარი;

3. სს „-----ბანკს“ (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ------) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2020 წლის 25 დეკემბერი), 1 021.1 ლარისა და 268.71 ლარის (საგადახდო დავალება №----, გადახდის თარიღი 2021 წლის 18 თებერვალი) 70% - 902.86 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე