საქმე №ა-3293-შ-96-2022 10 ნოემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმო "მ--------ს" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "თ------ი ლ----ძე" (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმოს "მ-----ის" სარჩელი შპს "თ----ი ლ---ის" წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმის - 14 500 რუბლისა და სასამართლო ხარჯის - 2 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.
2. 2022 წლის 23 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმო "მ----ის" წარმომადგენელმა - ბ. მ. ძე კ-მა და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმოს "მ-----ის" მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ბ. მ. ძე კ-ი ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმოს "მ---ის" უფლებამოსილი წარმომადგენელია, შუამდგომლობით მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი რუსულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად შუამდგომლობის ავტორს, მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე, გაეგზავნა, 2022 წლის 13 სექტემბერს. გზავნილი წარმატებით გაიგზავნა.
6. შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმოს "მ-----ის" მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ბ. მ. ძე კ-ი ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმოს "მ----ის" უფლებამოსილი წარმომადგენელია, შუამდგომლობით მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
10. შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი რუსულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად შუამდგომლობის ავტორს, მის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე, გაეგზავნა, 2022 წლის 13 სექტემბერს. გზავნილი წარმატებით გაიგზავნა, რაც სსსკ-ის 70.3-ე, 73.2-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის ავტორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
11. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა 2022 წლის 13 ოქტომბერს (ხუთშაბათი).
12. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. მოსკოვის უნიტარული სახელმწიფო საწარმო "მ----ის" შუამდგომლობა, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი