საქმე №ას-950-2022 30 სექტემბერი, 2022 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "------ ჰოსპიტლები" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სს „----- ჰოსპიტლების“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან მიმწოდებელი) სარჩელი სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან შემსყიდველი) მიმართ, თანხის - 7 260 ლარის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 7 260 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს „უ-----ი ა---ა“ - ონკოლოგიურ ცენტრს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, N--- და N--- ხელშეკრულებები, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად:
- ხელშეკრულების საგანი პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, წინასაოპერაციო გამოკვლევებისა და სტაციონარში ყოფნისას ლაბორატორიული და სხვა საჭირო მომსახურების გაწევა იყო (1.1 პუნქტი);
- შესყიდვის ობიექტი იყო პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული, ასევე ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევა (2.1 პუნქტი);
- ხელშეკრულების საერთო ღირებულება 5 000 ლარს, 10 000 ლარსა და 5 000 ლარს შეადგენდა. შესყიდვის ობიექტის (მომსახურება) ერთეულის ფასები განსაზღვრული იყო N- დანართით, - რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია (3.1 – 3.2 პუნქტები);
- მომსახურების მიღება ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, კერძოდ:
ა) გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა: გამარტივებული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) და დანართი N-;
ბ) გადაუდებელი, გეგმიური ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისთვის წარედგინა: გამარტივებული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი), გაწეული მომსახურების ჩამონათვალი განფასებით/კალკულაციით და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) (5.1 პუნქტი);
-იმ შემთხვევაში, როდესაც ანგარიშსწორება ხდებოდა ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევისას, რომელიც N- დანართით -ით გათვალისწინებული არ იყო, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით დეტალური კალკულაცია უნდა ყოფილიყო წარდგენილი (5.2 პუნქტი);
-მიღება-ჩაბარებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიმწოდებელს ყოველთვიურად უნდა წარედგინა, არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა (5.3 პუნქტი);
-მიღება-ჩაბარების აქტს, შემსყიდველის მხრიდან, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირი აწერდა ხელს, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან - დირექტორი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (5.4 პუნქტი);
- სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზირებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს მოსამსახურე, ამ ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან (წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას პაციენტისათვის მიწოდებულ სამედიცინო მომსახურებასთან) და ამავე ვადაში უზრუნველყოფდა მიღება-ჩაბარების აქტის პროექტის წარდგენას უფლებამოსილი პირისათვის. მიღება-ჩაბარების აქტის პროექტს ამ ხელშეკრულების 5.4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ხელს აწერდა მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა (5.5 პუნქტი);
- სამმართველოს მოსამსახურე ამ ხელშეკრულების 5.5 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებისას, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისას მიმწოდებელს წერილობით განუსაზღვრავდა 7 სამუშაო დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სამმართველო 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებდა ხელახლა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში გაწეული მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურდებოდა. ასევე არ ანაზღაურდებოდა შემთხვევა, როდესაც მიმწოდებლის მიერ ხარვეზის გასწორების შემდეგ დაფიქსირდებოდა ახალი ხარვეზი (მიუხედავად იმისა ხარვეზი ტექნიკურია თუ არატექნიკური) (5.6 პუნქტი);
- სამმართველოს მოსამსახურე ამ ხელშეკრულების 5.5 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებისას, არატექნიკური ზოგადი ხასიათის დარღვევის აღმოჩენისას, წერილობით ინფორმაციას აწვდიდა ინსპექტირების ჯგუფს შემდგომი რეაგირებისათვის, რომლის აქტის საფუძველზე შემსყიდველი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით (5.7 პუნქტი);
- ანგარიშსწორება სამინისტროს მიერ განხორციელდებოდა მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (6.5 პუნქტი);
- მიმწოდებლის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, წინასაოპერაციო გამოკვლევებისა და სტაციონარში ყოფნისას ლაბორატორიული და სხვა საჭირო მომსახურების შეუსრულებლობისას ან/და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ან/და 5.3 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო კონკრეტულ შემთხვევაში გასაწევი/გაწეული მომსახურების 20%-ის ოდენობით (8.1 პუნქტი);
- ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ვადა მისი გაფორმებიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით (9.1 პუნქტი);
3.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს ,,უ----ი-ა--ა“ ონკოლოგიურმა ცენტრმა, 2017 წლის სექტემბრის თვეში, სამინისტროს 7 620 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია;
3.3. მხარეთა შორის 24.10.2017 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს ,,უ---ი-აჭ---ა“ ონკოლოგიურმა ცენტრმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N--- დაწესებულების პატიმრების სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია გაუგზავნა, მათ შორის, შესაბამისი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
3.4. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შპს ,,უ---ი-ა----ა“ ონკოლოგიურ ცენტრს აცნობა, რომ მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია წარდგენილი იყო ტექნიკური ხარვეზებით, კერძოდ, არ ერთვოდა მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშ-ფაქტურები. ამ ხარვეზების აღმოფხვრა სამინისტრომ ხელშეკრულების 5.6 პუნქტით გათვალისწინებულ 7 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვა;
3.5. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სამინისტროს მიერ ზემოთ მითითებული ხარვეზები აღმოფხვრა ხელშეკრულების 5.6 პუნქტით გათვალისწინებული 7 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ. თუმცა, სწორედ ამ 7 დღიანი ვადის გასვლის გამო, მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე სამინისტრომ უარი განუცხადა, ხელშეკრულების 5.5 და 5.6 პუნქტების საფუძველზე;
3.6. მხარეთა შორის გაფორმებულ N---, N----და N---- ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,უ---ი-ა----ა“ ონკოლოგიური ცენტრის (მიმწოდებელი) მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემსყიდველი) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, წინასაოპერაციო გამოკვლევებისა და სტაციონარში ყოფნისას ლაბორატორიული და სხვა საჭირო მომსახურების გაწევა;
3.7. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, N---და N---- ხელშეკრულებები თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებები იყო;
3.8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიხმო და უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მიუთითა, რომლის თანახმადაც ნარდობა განეკუთვნება ხელშეკრულებათა რიგს, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017წ.);
3.9. მოსარჩელემ მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა. სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი მიუთითებდა და დაამტკიცებდა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად შეასრულა;
3.10. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს ,,უ----ი-ა---ა“ ონკოლოგიურმა ცენტრმა, 2017 წლის სექტემბრის თვეში, სამინისტროს გაუწია 7 260 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება. ამ მოცულობის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯეროვანი შესრულება მხარეებს შორის სადავო არაა;
3.11. მოსარჩელემ მოპასუხეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია არასრულყოფილად გაუგზავნა,რისთვისაც მოპასუხემ ხარვეზი დაუდგინა და მისი აღმოფხვრა მოსთხოვა ხელშეკრულების 5.6 პუნქტით გათვალისწინებული 7 სამუშაო დღის ვადაში; მიმწოდებელმა (მოსარჩელემ) მითითებული ვადა ვერ დაიცვა, თუმცა, დოკუმენტები სრულყოფილად წარადგინა ამ ვადის გასვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ხოლო ის გარემოება, რომ სათანადო დოკუმენტები მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ სრულად და უხარვეზოდ, თუმცა ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი მხარეთა შორის სადავო არ არის. სწორედ ამ 7-დღიანი ვადის დარღვევის გამო, მხარის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულების 5.5 და 5.6 პუნქტების საფუძველზე. ამდენად, სრულყოფილი დოკუმენტაციის ვადაში წარდგენის შემთხვევაში, სამინისტრო აუნაზღაურებდა მოსარჩელეს განსახილველი სარჩელით მოთხოვნილ თანხებს, რაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (შემსყიდველმა) დაადასტურა კიდეც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე;
3.12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ 7 260 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაწეულია მოსარჩელის მიერ, რაც შემსყიდველმა მიიღო ისე, რომ რაიმე პრეტენზია გაწეული მომსახურების ხარისხზე, რაც შეიძლებოდა გაწეული მომსახურების ამ ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობა გამხდარიყო, არ გამოუთქვამს. ამ პირობებში სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის (მიმწოდებლის) მიერ ვადაგადაცილებით სრულყოფილი დოკუმენტაციის შემსყიდველისთვის მიწოდება არ წარმოადგენდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების თაობაზე სახელშეკრულებო პირობა უნაკლოდ შეასრულა, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და ექვემდებარება ანაზღაურებას ამ მომსახურების/სამუშაოს მიმღების (შემსყიდველის) მიერ. სააპელაციო სასამართლომ სწორედ ეს პირობა/გარემოება მიიჩნია ხელშეკრულებისათვის უმთავრესად, რომლის გარეშეც შეთანხმება მხარეთა შორის ვერ მიიღწეოდა და მომსახურება არ განხორციელდებოდა. სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამუშაოს შემსრულებელს აქვს გაწეული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
3.13. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა;
3.14. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს;
3.15. საქმეში დადგენილ ფაქტებსა და, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გარიგებაში მხარეთა მიერ გამოხატული ნებაც, გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს, კერძოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 5.6 პუნქტის თანახმად, ,,სამმართველოს მოსამსახურე ამ ხელშეკრულების 5.5 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებისას, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისას მიმწოდებელს წერილობით განუსაზღვრავს 7 სამუშაო დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სამმართველო 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხელახლა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში გაწეული მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურდება“. ამ დათქმაში ანაზღაურების ვალდებულება მიბმულია, სწორედ ხარვეზის სრულყოფილად აღმოფხვრაზე და არა დოკუმენტაციის ვადის დარღვევით წარმოდგენაზე. ხელშეკრულების ეს დათქმა არ უნდა იქნეს გაგებული გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად თუ პრეტენზია/მოთხოვნა დროულად, ხანდაზმულობის ფარგლებშია წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების მოცემული პუნქტის ჩანაწერის შინაარსობრივი ანალიზით, სააპელაციო სასამართლო ცალსახად ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დოკუმენტაციის 7 დღის ვადის გადაცილებით წარდგენის გამო, შემსრულებელს დაეკარგა გაწეული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოცემული ბუნდოვანი ჩანაწერი ვერ დაუკარგავს შემსრულებელს უფლებას, მოითხოვოს მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს, მათ შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტით, გათვალისწინებული ჰქონდათ პირგასამტეხლო - მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევისათვის. შესაბამისად, სადავო დოკუმენტაციის ვადის დარღვევით წარდგენა შესაძლებელია ყოფილიყო პირგასამტეხლოს დაკისრების და არა გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი;
3.16. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ-ები: №ას-3232-307-2011; 939-879-2017; №ას-614-2019);
3.17. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია - გაწეულია 260 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება, რომლის ჯეროვნად გაწევაც სადავო არაა, მხოლოდ დოკუმენტაციის ვადის დარღვევით წარუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდებოდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4.1. კასატორის პრეტენზიით, შპს „უ----დ ა----ა“ ონკოლოგიის ცენტრმა მიღება-ჩაბარების აქტი გაგზავნა დაგვიანებით, ორ ეტაპად და ხარვეზი დროულად არ აღმოფხვრა მაშინ, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად სათანადო დოკუმენტაცია 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარედგინა. ამავე ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად კი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დარღვევა გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი იყო;
4.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიიჩნევს, რომ დოკუმენტაციის სრულყოფილად, განსაზღვრულ ვადაში წარდგენა ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. საკასაციო პრეტენზიებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების მთავარი საგანი ხელშეკრულების პირობის დარღვევისა და მიღებული შესრულების ფონზე შემსყიდველის მიერ სახელშეკრულებო თანხის ანაზღაურებაზე უარის მართლზომიერებაა.
9. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
11. მხარეთა მიერ მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა დარეგულირდეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
12. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად უნდა შესრულდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ) .განსახილველი დავის საგანი მხარეთა შორის წარმოშობილი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაა. მოსარჩელემ (მენარდემ) მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათალისწინებული ვალდებულება შეასრულა, რომელიც კასატორმა (შემკვეთმა) მიიღო, ეს უკანასკნელი უარს აცხადებს ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მიღება-ჩაბარების აქტის დაგვიანებით წარდგენით ხელშეკრულების პირობები დაირღვა, რაც მისი წილი საპასუხო ვალდებულების შესრულებას გამორიცხავს. ამასთან, კასატორის მტკიცებით ხარვეზის აღმოსაფვრელად 7 -დღიან ვადაზე შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები სსკ-ის მე-8.3 და 52-ე მუხლების საფუძველზე განიმარტება. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის სექტემბრის თვეში გაწეულ იქნა 7 260 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება, რომლის შესახებაც სრულყოფილი დოკუმენტაცია მოსარჩელემ ხელშეკრულების 5.5 და 5.6 პუნქტების დარღვევით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, თუმცა, ნარდობის ხელშეკრულებით შემკვეთის ძირითად ვალდებულებას შესრულებული სამუშაოს მიღება და მენარდისათვის საზღაურის გადახდა წარმოადგენს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ Nას-1252-2020, 29.09.2021წ). კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში (იხ. სუსგ Nას-559-2019, 4.12.2019წ; N ას- 925-2022, 30.09.2022წ.) .
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელშეკრულების გონივრულ ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, ხელშეკრულების საგანი კასატორისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა იყო, რომელიც შემკვეთმა მიიღო ისე, რომ გაწეული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. ზემოხსენებული კი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შემკვეთის მხრიდან საზღაურის გადახდის საპასუხო ვალდებულებას წარმოშობდა. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული 7 დღიანი ვადა დაარღვია და იგი ვადის გასვლის შემდეგაღმოფხვრა, არ აძლევს კასატორს უფლებას, უარი თქვას საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, რადგან სახელშეკრულებო დათქმის მთავარი მიზანი ხარვეზის აღმოფხვრით იქნა მიღწეული. მოსარჩელის მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის დარღვევის მიუხედავად, საყურადღებო ფაქტია, რომ კასატორის საპასუხო ვალდებულება ებმის მომსახურების გაწევას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას და არა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის დაცვას. შესაბამისად, მართალია შემსრულებელმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა დაარღვია, თუმცა მან ჯეროვნად გასწია მომსახურება, რაც არ ათავისუფლებს მოპასუხეს საპასუხო ვალდებულების შესრულებისაგან.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ საქმეზე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელი ხდება მიმწოდებელის/მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შეთახმებული ხარისხისა და ოდენობის სამუშაოს გაწევა, , რაც მოპასუხის მხრიდან საპასუხო შესრულების ვალდებულებას წარმოშობს. შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, ამ განჩინებაში ასახული მსჯელობის საწინააღმდეგო გარემოებებს ვერ ამტკიცებს და მოპასუხისთვის დაკისრებული 7 260 ლარი, სავსებით სამართლიანი და კანონიერია.
18. კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით იქნეს განხილული, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის გადაწყვეტა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგადაა შესაძლებელი, რის შესაძლებლობას სსსკ-ის 408.3-ე მუხლი იძლევა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის რამდენიმე მაგალითი მოხმობილია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური