საქმე №ას-931-2022 30 სექტემბერი, 2022 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ც-ძე, დ. ჯ-ლი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. ც-სა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი დასაქმებული) და დ. ჯ-ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მეორე დასაქმებული) სარჩელი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, მესამე აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სააგენტო) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და ფულადი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N--- და N---- ბრძანებები მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; დასაქმებულების სასარჩელო მოთხოვნა სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური (დარიცხული) ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით (დარიცხული) 19 000-19 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით მოსარჩელეთა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. პირველი მოსარჩელე, 2006 წლის 30 იანვრიდან - 2020 წლის 27 თებერვლამდე, დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში. თავდაპირველად პირველ მოსარჩელეს სააგენტოს თელავის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია ეკავა, მოგვიანებით ამავე სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიცია დაიკავა, ხოლო შემდეგ - სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიცია. გათავისუფლების დროისათვის პირველი მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო დარიცხულ 1 000 (ათასი) ლარს შეადგენდა;
3.2. მეორე მოსარჩელე, 2006 წლის 30 იანვრიდან - 2020 წლის 27 თებერვლამდე, დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში, სააგენტოს თელავის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო შემდეგ - სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. გათავისუფლების დროისათვის მეორე მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო დარიცხულ 1 000 (ათასი) ლარს შეადგენდა;
3.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. ამ გარემოებამ, თავის მხრივ, აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ასევე შტატების შემცირებაც. შედეგად, სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N---- ბრძანებით, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება;
3.4. მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N--- ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილდნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანებით სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგინდა ტესტირება (სახელმწიფო ენის მართლწერა, ზოგადი უნარები ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრება;
3.5. სააგენტოში დასაქმებულ პირებს ეცნობათ, ორგანიზაციაში განსახორციელებელი რეორგანიზაციისა და შესაძლო გათავისუფლების შესახებ;
3.6. სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის N--- ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირება მოიცავდა გამოცდას - ზოგად უნარ-ჩვევებში, სახელმწიფო ენის მართლწერასა და პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკაც განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
3.7. ტესტირების ეტაპზე პირველი დასაქმებულის შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები - 61 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა - 60 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება - 44 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან);
3.8. მეორე დასაქმებულმა კი, ტესტირების ეტაპზე თითოეულ საგანში დააგროვა შემდეგი ქულა: ზოგადი უნარ-ჩვევები - 56 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა - 39 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება - 41 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან);
3.9. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, აღნიშნული კომპონენტის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის N---- ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით სპეციალური კომისიის შემადგენლობა;
3.10. სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ მოსარჩელეებთან გასაუბრება 2020 წლის 10-11 იანვარს გამართა;
3.11. ამონაწერით N- გასაუბრების ოქმიდან დგინდება, რომ სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - მეორე მოსარჩელემ კომისიის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში საშუალოზე დაბალი ქულების მიღება (მათ შორის, ქართულ ენაში ჰქონდა ყველაზე დაბალი ქულა თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სხვა თანამშრომლებთან შედარებით), აღნიშნა, რომ სათანადოდ ვერ მოასწრო მომზადება, რის მიზეზებზეც ვერ ისაუბრებდა. მან ასევე მიუთითა, რომ მის მიერ მიღებული შეფასება მისივე ცოდნის პროპორციული იყო და არ თვლიდა, რომ თუნდაც საშუალო ან საშუალოზე დაბალი ქულები წამოადგენდა პრობლემას, რადგან ეს ქულები მას საქმიანობაში ხელს არ შეუშლიდა;
3.12. ამავე N- გასაუბრების ოქმიდან დგინდება, რომ სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - პირველმა მოსარჩელემ, კომისიის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკის თაობაზე დასმულ შეკითხვას ბუნდოვანი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ძირითადად ა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის მიმართულებით მუშაობდა. თუმცა, სამსახური ამ კუთხით დატვირთული არ იყო, ვინაიდან კვირაში შესაძლოა მხოლოდ ერთი განცხადება ყოფილიყო;
3.13. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ პირველ მოსარჩელეს 2019 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდა 6 565 საქმე, მათ შორის 6 189 ID Card - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებით - 376 საქმე. მეორე მოსარჩელეს კი შესრულებული ჰქონდა 6 249 საქმე, მათ შორის 6 192 ID Card - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო 57 - სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული საქმე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მეორე დასაქმებული რეორგანიზაციამდე ასრულებდა დამატებით დავალებებს რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ სამსახურებში მივლინების გზით;
3.14. სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020 წლის N--- ბრძანებით - პირველ მოსარჩელესთან, ხოლო N--- ბრძანებით მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37.1-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2020 წლის 27 თებერვლიდან შეწყდა;
3.15. დასაქმებულთა გათავისუფლების ბრძანებებში აღნიშნული იყო, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირებისა და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდებოდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდებოდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურებისა და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობდა 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებდნენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად ოპტიმიზაციის შედეგად, ფუნქციონირებას განაგრძობდა 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდოდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა, რეგიონული პრინციპით შეიქმნებოდა. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირებას განაგრძობდა 22 ტერიტორიული სამსახური. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდებოდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის შემცირდებოდა დასაქმებულთა რაოდენობა;
3.16. მოსარჩელეებზე 1 თვის შრომის ანაზღაურების სახით კომპენსაცია გაიცა;
3.17. სააგენტოს საშტატო განრიგით, რეორგანიზაციამდე, დამტკიცებული იყო 615 ერთეული შტატი, თვის სახელფასო ფონდი 813 200 ლარი და წლიური სახელფასო ფონდი - 9 758 000 ლარი. რეორგანიზაციის შემდეგ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის სახელფასო ფონდი - 749 900 ლარით, ხოლო წლიური სახელფასო ფონდი - 9 000 000 ლარით;
3.18. მოპასუხე სააგენტოს ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების შერწყმის შედეგად, ჩამოყალიბდა კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. რეორგანიზაციამდე: ა) თელავის სამსახურში იყო 11 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 10 მთავარი სპეციალისტი; ბ) ლაგოდეხის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 2 მთავარი სპეციალისტი; გ) საგარეჯოს სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი; დ) ყვარლის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი (ვაკანტური), 3 მთავარი სპეციალისტი; ე) ახმეტის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია, ერთი სამსახურის უფროსი (ვაკანტური), 1 მთავარი სპეციალისტი; ვ) დედოფლისწყაროს სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 1 მთავარი სპეციალისტი; ზ) გურჯაანის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი;
3.19. რეორგანიზაციის შემდეგ გაერთიანებულ სამსახურში კი განისაზღვრა 28 საშტატო ერთეული, შემდეგ - 26 საშტატო ერთეული, 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, შემცირდა დამატებით ორი შტატი და დარჩა 24 საშტატო ერთეული, მათ შორის ერთი სამსახურის უფროსი, 23 - მთავარი სპეციალისტი;
3.20. სააგენტოს 2021 წლის საშტატო განრიგით დგინდება, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 24 საშტატო ერთეულია, მათ შორის -1 სამსახურის უფროსი და 23 მთავარი სპეციალისტი;
3.21. სააგენტომ, 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსიები;
3.22. სააგენტოს 2022 წლის საშტატო განრიგით დგინდება, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 23 საშტატო ერთეულია, მათ შორის - 1 სამსახურის უფროსი და 22 მთავარი სპეციალისტი;
3.23. სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის N--- წერილით დგინდებოდა, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური მხოლოდ ერთი სამსახურის უფროსის პოზიცია იყო. მიმდინარე კონკურსი კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ იყო.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების ჩამონათვალს. მათი შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნორმაში მოცემული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შესაძლოა იყოს დამსაქმებლის საოპერაციო (სამოქმედო) მოთხოვნებთან დაკავშირებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. მითითებული ნორმის ასეთი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა;
4.1. შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე Nას-194-185-2016) განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014) და 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებშიც;
4.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო ურთიერთობის დროს არსებული რედაქციის 37-38-ე მუხლები), რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომითი ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის;
4.3. იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1)-ე ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო;
4.4. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა სადავო ბრძანებების კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხე მხარემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. დამსაქმებელი მიუთითებდა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა რეორგანიზაცია, რა დროსაც შემცირდა სააგენტოს ბიუჯეტი, ასევე საშტატო ერთეულები, განხორციელდა კადრების ოპტიმიზაცია და ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით სააგენტომ მიიღო დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სააგენტომ მათთან დაუსაბუთებლად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და გაუგებარია, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა სააგენტომ კონკრეტულ ორ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, იმ პირობებში, როდესაც ტესტირების ეტაპზე მოსარჩელეებს სხვა შესარჩევ პირებთან შედარებით საშუალო შეფასება ჰქონდათ;
4.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სააგენტოში 2006 წლის 30 იანვრიდან - 2020 წლის 27 თებერვლამდე იყვნენ დასაქმებული. გათავისუფლების ეტაპისათვის, მოსარჩელეებს ეკავათ სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციები და ისინი ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს;
4.6. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ტესტირებაზე მიღებული ქულების შესაბამისად, სხვა შესაფასებელ კანდიდატებთან შედარებით, მათ არ ჰქონიათ ყველაზე დაბალი შეფასება. რაც შეეხება გასაუბრებას, ამასთან დაკავშირებით მათთვის არავის განუმარტავს გასაუბრების ფორმატი, თემატიკა და ის გარემოება, რომ გასაუბრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთანავე, გასაუბრებაზე დასმულ ზოგადი ხასიათის შეკითხვებს ორივე დასაქმებულმა შესაბამისი პასუხი გასცა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ შეიძლებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დადებოდა;
4.7. საგულისხმოა, რომ პირველ მოსარჩელეს ტესტირების ეტაპზე მიღებული ჰქონდა მაღალი შეფასებები და მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ იყო სათანადოდ დატვირთული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დატვირთულობასთან დაკავშირებით შეფასებითი შეკითხვის დასმა და მასზე გაცემული პასუხი არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის. დამსაქმებელს თავად აქვს შესაძლებლობა შეაფასოს მასთან დასაქმებული თანამშრომლების დატვირთულობა და გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის მიერ გაცემული პასუხი არ შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული გარემოების დამადასტურებელ ფაქტორს. ამასთანავე, დატვირთულობა შეფასებითი კატეგორიაა და შესაძლებელია ერთი და იმავე დატვირთვის მქონე თანამშრომლები განსხვავებულად აფასებდნენ მათი დატვირთვის ხარისხს. გარემოება, რომ დასაქმებულს თავი ნაკლებად დატვირთულად მიაჩნია ვერ განიხილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გონივრულ საფუძვლად, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კონკრეტულ დასაქმებულს ტესტირების ეტაპზე მაღალი შეფასებები აქვს მიღებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი დასაქმებულის მიერ გასაუბრების ეტაპზე გაცემული პასუხები არათუ გათავისუფლებისათვის, არამედ უარყოფითი შეფასებისთვისაც არ იყო საკმარისი, რადგან მსგავსი ტიპის შეკითხვის დასმა არ მიემართება კანდიდატის უნარ-ჩვევების გამოვლენის, თუ მისი საქმისადმი დამოკიდებულების შეფასების განსაზღვრას და ბუნდოვანია, თუ რა მიზანს ისახავდა მსგავსი შინაარსის შეკითხვის დასმა იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებულს აქვს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს თითოეული დასაქმებულის დატვირთვა;
4.8. რაც შეეხება მეორე დასაქმებულს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დამსაქმებელმა ვერც ამ შემთხვევაში შეძლო დაესაბუთებინა კონკრეტულ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართებულობა. მართალია, მეორე მოსარჩელეს ტესტირების ეტაპზე პირველ მოსარჩელესთან შედარებით უფრო დაბალი შეფასებები ჰქონდა მიღებული, თუმცა მის მიერ თითოეულ კომპონენტში მიღებული ქულა შესაძლოა მიჩნეულიყო საშუალო შეფასებად და, სხვა შესადარებელი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების არცოდნის პირობებში, მხოლოდ წარმოდგენილი მონაცემი ვერ გაამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დამსაქმებელი უთითებდა სახელმწიფო ენის მართლწერაში მიღებულ საშუალოზე დაბალ შეფასებაზე (39/80) და აღნიშნავდა, რომ სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ამ ნაწილში შესაძლოა გონივრული გამართლება ჰქონოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, თუმცა დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით მეორე მოსარჩელემ დაბალი ქულა მიიღო. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, წარმოდგენილი ამონაწერით არ დგინდება მეორე დასაქმებულის მხრიდან უარყოფითად შესაფასებელი პასუხის გაცემა, რაც კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გაამართლებდა;
4.9. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულთა დატვირთვის ნაწილში ყურადღება გაამახვილა სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ პირველ მოსარჩელეს 2019 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდა 6 565 საქმე, მათ შორის 6 189 ID Card - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული 376 საქმე. მეორე მოსარჩელეს კი შესრულებული ჰქონდა 6 249 საქმე, მათ შორის 6 192 IDCard - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო 57 - სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული საქმე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მეორე აპელანტი (მეორე დასაქმებული) რეორგანიზაციამდე ასრულებდა დამატებით დავალებებს რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ სამსახურებში მივლინების გზით;
4.10. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თანამშრომელთა შეფასება 01.01.2018 – 01.01.2019 წლის პერიოდისთვის, რომლითაც ორივე დასაქმებული თითოეულ შესაფასებელ კომპონენტში უმაღლესი 4 ქულიდან შეფასებულია 3 ქულით, რაც განმარტებულია შემდეგნაირად: თანამშრომლის კომპეტენცია სრულად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
4.11. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჩატარებული კონკურსის (ტესტირებისა და გასაუბრების) შედეგად დასაქმებულები სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული და დამსაქმებელი განმარტავდა, რომ გადამწყვეტი გახდა გასაუბრება, სადაც კომისიამ შეაფასა დასაქმებულთა უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა აღნიშნული მოსაზრების მართებულობა;
4.12. სააპელაციო სასამართლომ რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებასთან მიმართებით ზემოხსენებული განმარტების შესაბამისად დამატებით მიუთითა, რომ სშკ-ის 47(1)-ე ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებით აპელანტმა/დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ის საჭიროება/აუცილებლობა, რასაც შეეძლო გაემართლებინა დასაქმებული მუშაკების გათავისუფლება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოპასუხე ორგანიზაციის ინტერესები საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს საქმიანობის შიდა სტრუქტურა, თუმცა დაცვის ღირსი ინტერესი აქვს დასაქმებულის შრომით უფლებებს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს შეპირისპირებული ინტერესებიდან, რომელს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. ზოგადი წესის შესაბამისად შრომის უფლება გარანტირებულია და დამსაქმებლის ინტერესს, მხოლოდ აუცილებლობით ნაკარნახევი გარემოებების არსებობისას ენიჭება უპირატესობა, რისი დადასტურებაც თავად ამ საქმიანობის განხორციელების უფლების მატარებელს ეკისრება. სააპელაციო სასამართლომ შეპირისპირებული ინტერესების ჭრილში განმარტა, რომ თითოეული დამსაქმებელი დიდი სიფრთხილით უნდა ეპყრობოდეს დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხს. რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებისას ნებისმიერ დამსაქმებელს მართებს სამომავლო შედეგების მკაფიოდ განსაზღვრა და სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება წახალისებული დამსაქმებელთა ნება, სათანადო აუცილებლობის გარეშე გაათავისუფლონ თანამშრომლები, თუნდაც სამეწარმეო ინტერესებიდან გამომდინარე რეორგანიზაციის საფუძვლით;
4.13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, სშკ-ის 37.1-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), არ დასტურდებოდა გარემოება, რომ სააგენტოსათვის გარდაუვალი იყო კონკრეტულ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ინტერესებს უპირისპირდება დასაქმებულის სოციალური უფლებები და შესაბამისად ინტერესთა შეპირისპირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონით აღიარებული უფლებები. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება გარემოება, რომ დამსაქმებელი შეეცადა (გაატარა შესაბამისი ღონისძიება), რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, შესაბამისად არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა;
4.14. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანებები, რადგან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია სშკ-ის 47-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) დადგენილი საფუძვლების დარღვევით, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად მისი ბათილობის საფუძველია (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს);
4.15. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (მოქმედი რედაქციის 48.8-ე მუხლი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია;
4.16. განსახილველ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები განხორციელებულად იქნა მიჩნეული, შესაბამისად შესაფასებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. ამასთანავე, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ: თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. სუსგ Nას-632-2019, 21.06.2019წ);
4.17. მოსარჩელეები წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, თუმცა სააგენტოს 2022 წლის საშტატო განრიგით დგინდებოდა, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოქმედებს 23 საშტატო ერთეული, მათ შორის 1 სამსახურის უფროსი და 22 მთავარი სპეციალისტი. სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის N---- წერილით დგინდებოდა, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური იყო მხოლოდ სამსახურის უფროსის ერთი პოზიცია. მიმდინარე კონკურსი კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ იყო. ამდენად, ვაკანტური პოზიციის არ არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში;
4.18. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8-ე მუხლი) შესაბამისად, იმ პირობებში თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. მოხმობილი ნორმის ჩანაწერი, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)) მე-10 მუხლი ადგენს, რომ „თუ კომპეტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა“;
4.19. შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში კომპენსაცია სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში;
4.20. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. როგორც აღინიშნა, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს, თანახმად სსკ-ის 976-991-ე მუხლებისა (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017 წ., პ-11.7);
4.21. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. ამასთან, კომპენსაციის განსაზღვრისას ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები: Nას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; ასევე- Nას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინების 17.1.3 ქვეპუნქტი);
4.22. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე სახელფასო ანაზღაურების ოდენობის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, თითოეულ მოსარჩელეს მიეკუთვნოს 20 (ოცი) თვის ოდენობის კომპენსაცია, რომელსაც უნდა გამოაკლდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გაცემული 1 თვის კომპენსაცია და შესაბამისად, თითოეულ მოსარჩელეს უნდა მიეცეს კომპენსაცია 19 000 – 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარი;
4.23. მესამე კასატორის (სააგენტოს) ერთ-ერთ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ მტკიცებულება წარადგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპასუხოდ, შესაბამისად სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობასთან მიმართებით მოპასუხის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიემართებოდა მოსარჩელის მხრიდან დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას, რაც სსსკ-ის 215.2-ე მუხლის თანახმად, დასაშვებად ხდის ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვას მთავარი სხდომის ეტაპზეც. შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი არ დარღვეულა
4.24. სააგენტოს მიერ მტკიცებულება წარმოდგენილი იყო, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპასუხოდ, ვაკანსიების არსებობასთან მიმართებით. მოსარჩელემ ახალი მტკიცებულება - 2020 წლის 1 ოქტომბრის ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 61) წარადგინა 2021 წლის 17 მარტის სხდომაზე, რის შემდგომაც გადაიდო საქმის განხილვა და მომდევნო სხდომა გაიმართა 2021 წლის 26 აპრილს, რომელზედაც სააგენტომ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები ვაკანტური პოზიციის არარსებობასთან მიმართებით;
4.25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებითაც, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მტკიცებულებათა საქმიდან ამორიცხვის სათანადო წინაპირობები, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩენილიყო გასაჩივრებული საოქმო განჩინება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე სააგენტომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულთა სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, გათავისუფლების ბრძანებების არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, მოსარჩელეთათვის გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, დასაქმებუთათვის კომპენსაციის მიკუთვნების დასაბუთებულობა.
10. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელეთა მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდნენ თუ არა მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი ორგანული კანონის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტია) გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ უნდა ხელყოფდეს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
12. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ. Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ.სუსგ-ები: N ას-361-2022, 10.06.2022წ; Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.; Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების თაობაზე (ამ მიმართულებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რაც მოცემულია ამ განჩინების 4.4-4.8 ქვეპუნქტებში).
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორმა (დამსაქმებელმა) ვერ შეძლო ისეთ გარემოებებზე მითითება, ან ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რითაც დასაქმებულთა სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობას დაადასტურებდა. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს მართებულად მიიჩნევს და დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის (კასატორის) არგუმენტაცია, პირველი მოსარჩელის ნაკლებად დატვირთულობის გამო სამსახურიდან დათხოვნის მართებულობის თაობაზე, არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ შრომით-სამართლებრივ პრინციპებს, რადგან მხოლოდ ამ საფუძვლით მუშაკის დათხოვნა იმ საფრთხეს შეიცავს, რომლის თავიდან ასარიდებლადაც სასამართლომ საქმის ინდივიდუალური და დეტალური შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების არარსებობის ფაქტი (იხ. ამ განჩინების 4.7 ქვეპუნქტი).
16. საკასაციო სასამართლო სშკ-ის 38.8-ე მუხლის (რაც მოქმედი ორგანული კანონის 48.8-ე მუხლია) შესაბამისად მართებულად მიიჩნევს, უკანონო გათავისუფლების შემთხვევის თანამდევი სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც დასაქმებულთა სასარგებლოდ დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრებაში გამოიხატა (იხ. ამ განჩინების 4.19-4.22 ქვეპუნქტები).
17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია დამსაქმებლისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ნაწილში და შესაბამისად მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----- მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1900 ლარის (საგადახდო დავალება N-----, გადახდის თარიღი 2022 წლის 1 აგვისტო), 70% – 1330 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური