საქმე №ას-931-2022 6 ოქტომბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ი. ც-ძე, დ. ჯ-ლი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. ც-სა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან პირველი დასაქმებული) და დ. ჯ-ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე დასაქმებული) სარჩელი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, მესამე აპელანტი, დამსაქმებელი ან სააგენტო) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და ფულადი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N--- და N--- ბრძანებები მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; დასაქმებულების სასარჩელო მოთხოვნა სააგენტოს კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური (დარიცხული) ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით (დარიცხული) 19 000-19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით მოსარჩელეთა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. პირველი მოსარჩელე, 2006 წლის 30 იანვრიდან - 2020 წლის 27 თებერვლამდე, დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში. თავდაპირველად პირველ მოსარჩელეს სააგენტოს თელავის სამსახურში სპეციალისტის პოზიცია ეკავა, მოგვიანებით ამავე სამსახურში მთავარი სპეცილისტის პოზიცია დაიკავა, ხოლო შემდეგ - სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიცია. გათავისუფლების დროისათვის პირველი მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო დარიცხულ 1 000 (ათასი) ლარს შეადგენდა;
3.2. მეორე მოსარჩელე, 2006 წლის 30 იანვრიდან - 2020 წლის 27 თებერვლამდე, დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში, სააგენტოს თელავის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო შემდეგ - სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. გათავისუფლების დროისათვის მეორე მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო დარიცხულ 1 000 (ათასი) ლარს შეადგენდა;
3.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. ამ გარემოებამ, თავის მხრივ, აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება, რომლის ფარგლებშიც ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ასევე შტატების შემცირებაც. შედეგად, სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N--- ბრძანებით, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება;
3.4. მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N--- ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილდნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანებით სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგინდა ტესტირება (სახელმწიფო ენის მართლწერა, ზოგადი უნარები ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრება;
3.5. სააგენტოში დასაქმებულ პირებს ეცნობათ, ორგანიზაციაში განსახორციელებელი რეორგანიზაციისა და შესაძლო გათავისუფლების შესახებ;
3.6. სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის N--- ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირება მოიცავდა გამოცდას - ზოგად უნარ-ჩვევებში, სახელმწიფო ენის მართლწერასა და პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკაც განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
3.7. ტესტირების ეტაპზე პირველი დასაქმებულის შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები - 61 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა - 60 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება - 44 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან);
3.8. მეორე დასაქმებულმა კი, ტესტირების ეტაპზე თითოეულ საგანში დააგროვა შემდეგი ქულა: ზოგადი უნარ-ჩვევები - 56 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა - 39 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება - 41 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან);
3.9. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, აღნიშნული კომპონენტის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის N--- ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით სპეციალური კომისიის შემადგენლობა;
3.10. სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიამ 2020 წლის 10-11 იანვარს მოსარჩელეებთან გასაუბრება, გამართა;
3.11. ამონაწერით N- გასაუბრების ოქმიდან დგინდება, რომ სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - მეორე მოსარჩელემ კომისიის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში საშუალოზე დაბალი ქულების მიღება (მათ შორის, ქართულ ენაში ჰქონდა ყველაზე დაბალი ქულა თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სხვა თანამშრომლებთან შედარებით), აღნიშნა, რომ სათანადოდ ვერ მოასწრო მომზადება, რის მიზეზებზეც ვერ ისაუბრებდა. მან ასევე მიუთითა, რომ მის მიერ მიღებული შეფასება მისივე ცოდნის პროპორციული იყო და არ თვლიდა, რომ თუნდაც საშუალო ან საშუალოზე დაბალი ქულები წამოადგენდა პრობლემას, რადგან ეს ქულები მას საქმიანობაში ხელს არ შეუშლიდა;
3.12. ამავე N- გასაუბრების ოქმიდან დგინდება, რომ სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - პირველმა მოსარჩელემ, კომისიის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკის თაობაზე დასმულ შეკითხვას ბუნდოვანი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ძირითადად იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის მიმართულებით მუშაობდა. თუმცა, სამსახური ამ კუთხით დატვირთული არ იყო, ვინაიდან კვირაში შესაძლოა მხოლოდ ერთი განცხადება ყოფილიყო;
3.13. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ პირველ მოსარჩელეს 2019 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდა 6 565 საქმე, მათ შორის 6 189 ID Card - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული 376 საქმე. მეორე მოსარჩელეს კი შესრულებული ჰქონდა 6 249 საქმე, მათ შორის 6 192 ID Card - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო 57 - სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული საქმე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მეორე დასაქმებული რეორგანიზაციამდე ასრულებდა დამატებით დავალებებს რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ სამსახურებში მივლინების გზით;
3.14. სააგენტოს თავმჯდომარის 27.02.2020 წლის N--- ბრძანებით - პირველ მოსარჩელესთან, ხოლო N--- ბრძანებით მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37.1-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2020 წლის 27 თებერვლიდან, შეწყდა;
3.15. დასაქმებულთა გათავისუფლების ბრძანებებში აღნიშნული იყო, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირებისა და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდებოდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდებოდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურებისა და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობდა 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებდნენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად ოპტიმიზაციის შედეგად, ფუნქციონირებას განაგრძობდა 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდოდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა რეგიონული პრინციპით შეიქმნებოდა. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირებას განაგრძობდა 22 ტერიტორიული სამსახური. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდებოდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში მენეჯერული პოზიციები, მათ შორის შემცირდებოდა დასაქმებულთა რაოდენობა;
3.16. მოსარჩელეებზე 1 თვის შრომის ანაზღაურების სახით კომპენსაცია გაიცა;
3.17. სააგენტოს საშტატო განრიგით, რეორგანიზაციამდე, დამტკიცებული იყო 615 ერთეული შტატი, თვის სახელფასო ფონდი 813 200 ლარი და წლიური სახელფასო ფონდი - 9 758 000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის სახელფასო ფონდი - 749 900 ლარით, ხოლო წლიური სახელფასო ფონდი - 9 000 000 ლარით;
3.18. მოპასუხე სააგენტოს ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების შერწყმის შედეგად, ჩამოყალიბდა კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. რეორგანიზაციამდე: ა) თელავის სამსახურში იყო 11 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 10 მთავარი სპეციალისტი; ბ) ლაგოდეხის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 2 მთავარი სპეციალისტი; გ) საგარეჯოს სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი; დ) ყვარლის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი (ვაკანტური), 3 მთავარი სპეციალისტი; ე) ახმეტის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია, ერთი სამსახურის უფროსი (ვაკანტური), 1 მთავარი სპეციალისტი; ვ) დედოფლისწყაროს სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 1 მთავარი სპეციალისტი; ზ) გურჯაანის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია: ერთი სამსახურის უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი;
3.19. რეორგანიზაციის შემდგომ გაერთიანებულ სამსახურში კი განისაზღვრა 28 საშტატო ერთეული, შემდგომ 26 საშტატო ერთეული, 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, შემცირდა დამატებით ორი შტატი და დარჩა 24 საშტატო ერთეული, მათ შორის - ერთი სამსახურის უფროსი, 23 მთავარი სპეციალისტი;
3.20. სააგენტოს 2021 წლის საშტატო განრიგით დგინდება, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 24 საშტატო ერთეულია, მათ შორის -1 სამსახურის უფროსი და 23 მთავარი სპეციალისტი;
3.21. სააგენტომ, 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსიები;
3.22. სააგენტოს 2022 წლის საშტატო განრიგით დგინდება, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 23 საშტატო ერთეულია, მათ შორის - 1 სამსახურის უფროსი და 22 მთავარი სპეციალისტი;
3.23. სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის N---- წერილით დგინდებოდა, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური მხოლოდ სამსახურის უფროსის ერთი პოზიცია იყო. მიმდინარე კონკურსი კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ იყო.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების ჩამონათვალს. მათი შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნორმაში მოცემული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შესაძლოა იყოს დამსაქმებლის საოპერაციო (სამოქმედო) მოთხოვნებთან დაკავშირებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. მითითებული ნორმის ასეთი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა;
4.1. შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე Nას-194-185-2016) განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014) და 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებშიც;
4.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო ურთიერთობის დროს არსებული რედაქციის 37-38-ე მუხლები), რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის;
4.3. იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1)-ე ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო;
4.4. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა სადავო ბრძანებების კანონშესაბამისობასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხე მხარემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. დამსაქმებელი მიუთითებდა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა რეორგანიზაცია, რა დროსაც შემცირდა სააგენტოს ბიუჯეტი, ასევე საშტატო ერთეულები, განხორციელდა კადრების ოპტიმიზაცია და ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით სააგენტომ მიიღო დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სააგენტომ მათთან დაუსაბუთებლად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და გაუგებარია, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა სააგენტომ კონკრეტულ ორ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც ტესტირების ეტაპზე მოსარჩელეებს სხვა შესარჩევ პირებთან შედარებით საშუალო შეფასება ჰქონდათ;
4.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სააგენტოში 2006 წლის 30 იანვრიდან - 2020 წლის 27 თებერვლამდე იყვნენ დასაქმებული. გათავისუფლების ეტაპისათვის, მოსარჩელეებს ეკავათ სააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიცია და ისინი ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს;
4.6. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ტესტირებაზე მიღებული ქულების შესაბამისად, სხვა შესაფასებელ კანდიდატებთან შედარებით, მათ არ ჰქონიათ ყველაზე დაბალი შეფასება. რაც შეეხება გასაუბრებას, აღნიშნულთან მიმართებით მათთვის არავის განუმარტავს გასაუბრების ფორმატი, თემატიკა და ის გარემოება, რომ გასაუბრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთანავე, გასაუბრებაზე დასმულ ზოგადი ხასიათის შეკითხვებს ორივე დასაქმებულმა შესაბამისი პასუხი გასცა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა;
4.7. საგულისხმოა, რომ პირველ მოსარჩელეს ტესტირების ეტაპზე მიღებული ჰქონდა მაღალი შეფასებები და მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ იგი არ იყო სათანადოდ დატვირთული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დატვირთულობასთან დაკავშირებით შეფასებითი შეკითხვის დასმა და მასზე გაცემული პასუხი არ შეიძლება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის განმსაზღვრელი იყოს. დამსაქმებელს თავად აქვს შესაძლებლობა შეაფასოს მასთან დასაქმებული მუშაკების დატვირთვა და გასაუბრების ეტაპზე კანდიდატის მიერ გაცემული პასუხი არ შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული გარემოების დამადასტურებელ ფაქტორს. ამასთანავე, დატვირთვა შეფასებითი კატეგორიაა და შესაძლებელია ერთი და იმავე დატვირთვის მქონე თანამშრომლები განსხვავებულად აფასებდნენ მათი დატვირთვის ხარისხს. გარემოება, რომ დასაქმებულს თავი ნაკლებად დატვირთულად მიაჩნია ვერ განიხილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გონივრულ საფუძვლად, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კონკრეტულ დასაქმებულს ტესტირების ეტაპზე მიღებული აქვს მაღალი შეფასებები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი დასაქმებულის მიერ გასაუბრების ეტაპზე გაცემული პასუხები არათუ გათავისუფლებისათვის, არამედ უარყოფითი შეფასებისთვისაც არ იყო საკმარისი, რადგან მსგავსი ტიპის შეკითხვის დასმა არ მიემართება კანდიდატის უნარ-ჩვევების გამოვლენას ან მისი საქმისადმი დამოკიდებულების შეფასებას და ბუნდოვანია, თუ რა მიზანს ისახავდა მსგავსი შინაარსის შეკითხვის დასმა, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებულს აქვს შესაძლებლობა თავად შეაფასოს თითოეული დასაქმებულის დატვირთვა;
4.8. რაც შეეხება მეორე დასაქმებულს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დამსაქმებელმა ვერც ამ ნაწილში შეძლო დაესაბუთებინა კონკრეტულ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართებულობა. მართალია, მეორე მოსარჩელეს ტესტირების ეტაპზე პირველ მოსარჩელესთან შედარებით უფრო დაბალი შეფასებები ჰქონდა მიღებული, თუმცა მის მიერ თითოეულ კომპონენტში მიღებული ქულა შესაძლოა მიჩნეულიყო საშუალო შეფასებად და, სხვა შესადარებელი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების არცოდნის პირობებში, მხოლოდ წარმოდგენილი მონაცემი ვერ გაამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დამსაქმებელი უთითებდა სახელმწიფო ენის მართლწერაში მიღებულ საშუალოზე დაბალ შეფასებაზე (39/80) და აღნიშნავდა, რომ სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ამ ნაწილში შესაძლოა გონივრული გამართლება ჰქონოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, თუმცა დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით მეორე მოსარჩელემ დაბალი ქულა მიიღო. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, წარმოდგენილი ამონაწერით არ დგინდებოდა მეორე დასაქმებულის მხრიდან უარყოფითად შესაფასებელი პასუხის გაცემა, რაც კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გაამართლებდა;
4.9. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულთა დატვირთვის ნაწილში, ყურადღება გაამახვილა სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ პირველ მოსარჩელეს 2019 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდა 6 565 საქმე, მათ შორის 6 189 ID Card - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული 376 საქმე. მეორე მოსარჩელეს კი შესრულებული ჰქონდა 6 249 საქმე, მათ შორის 6 192 IDCard - თან დაკავშირებული საქმე, ხოლო 57 - სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული საქმე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მეორე აპელანტი (მეორე დასაქმებული) რეორგანიზაციამდე ასრულებდა დამატებით დავალებებს რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ სამსახურებში მივლინების გზით;
4.10. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თანამშრომელთა შეფასება 01.01.2018 – 01.01.2019 წლის პერიოდისთვის, რომლითაც ორივე დასაქმებული თითოეულ შესაფასებელ კომპონენტში უმაღლესი 4 ქულიდან შეფასებულია 3 ქულით, რაც განმარტებულია შემდეგნაირად: თანამშრომლის კომპეტენცია სრულად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
4.11. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჩატარებული კონკურსის (ტესტირებისა და გასაუბრების) შედეგად დასაქმებულები სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული და დამსაქმებელი განმარტავდა, რომ გადამწყვეტი გახდა გასაუბრება, სადაც კომისიამ შეაფასა დასაქმებულთა უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა აღნიშნული მოსაზრების მართებულობა;
4.12. სააპელაციო სასამართლომ რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებასთან მიმართებით ზემოხსენებული განმარტების შესაბამისად დამატებით მიუთითა, რომ სშკ-ის 47(1)-ე ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებით აპელანტმა/დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა ის საჭიროება/აუცილებლობა, რასაც შეეძლო გაემართლებინა დასაქმებული მუშაკების გათავისუფლება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოპასუხე ორგანიზაციის ინტერესები საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს საქმიანობის შიდა სტრუქტურა, თუმცა დაცვის ღირსი ინტერესი აქვს დასაქმებულის შრომით უფლებებს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, შეპირისპირებული ინტერესებიდან რომელს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. ზოგადი წესის შესაბამისად, შრომის უფლება გარანტირებულია და დამსაქმებლის ინტერესს, მხოლოდ აუცილებლობით ნაკარნახევი გარემოებების არსებობისას ენიჭება უპირატესობა, რისი დადასტურებაც თავად ამ საქმიანობის განხორციელების უფლების მატარებელს ეკისრება. სააპელაციო სასამართლომ შეპირისპირებული ინტერესების ჭრილში განმარტა, რომ თითოეული დამსაქმებელი დიდი სიფრთხილით უნდა ეპყრობოდეს დასაქმებულთა გათავისუფლების საკითხს. რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლებისას ნებისმიერ დამსაქმებელს მართებს სამომავლო შედეგების მკაფიოდ განსაზღვრა და სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება წახალისებული დამსაქმებელთა ნება, სათანადო აუცილებლობის გარეშე გაათავისუფლონ თანამშრომლები, თუნდაც სამეწარმეო ინტერესებიდან გამომდინარე რეორგანიზაციის საფუძვლით;
4.13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, სშკ-ის 37.1-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), არ დასტურდებოდა გარემოება, რომ სააგენტოსათვის გარდაუვალი იყო კონკრეტულ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ინტერესებს უპირისპირდება დასაქმებულის სოციალური უფლებები და შესაბამისად ინტერესთა შეპირისპირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონით აღიარებული უფლებები. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება გარემოება, რომ დამსაქმებელი შეეცადა (გაატარა შესაბამისი ღონისძიება), რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, შესაბამისად არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა;
4.14. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები, რადგან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია სშკ-ის 47-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) დადგენილი საფუძვლების დარღვევით, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად მისი ბათილობის საფუძველია (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს);
4.15. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (მოქმედი რედაქციის 48.8-ე მუხლი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია, მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია;
4.16. განსახილველ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები განხორციელებულად იქნა მიჩნეული, შესაბამისად შესაფასებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. ამასთანავე, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ: თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. სუსგ Nას-632-2019, 21.06.2019წ);
4.17. მოსარჩელეები წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, თუმცა სააგენტოს 2022 წლის საშტატო განრიგით დგინდებოდა, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოქმედებს 23 საშტატო ერთეული, მათ შორის - 1 სამსახურის უფროსი და 22 მთავარი სპეციალისტი. სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის N--- წერილით დგინდებოდა, რომ კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური იყო მხოლოდ სამსახურის უფროსის ერთი პოზიცია. მიმდინარე კონკურსი კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არ იყო. ამდენად, ვაკანტური პოზიციის არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში;
4.18. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38.8-ე მუხლი) შესაბამისად, იმ პირობებში თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. მოხმობილი ნორმის ჩანაწერი, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)) მე-10 მუხლი ადგენს, რომ „თუ კომპეტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა“;
4.19. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში;
4.20. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. როგორც აღინიშნა, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს, თანახმად სსკ-ის 976-991-ე მუხლებისა (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017 წ., პ-11.7);
4.21. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. ამასთან, კომპენსაციის განსაზღვრისას ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია გაცილებით მეტიც შეიძლება იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები: Nას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; ასევე- Nას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინების 17.1.3 ქვეპუნქტი);
4.22. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე სახელფასო ანაზღაურების ოდენობის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, თითოეულ მოსარჩელეს მიეკუთვნოს 20 თვის ოდენობის კომპენსაცია, რომელსაც უნდა გამოაკლდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გაცემული 1 თვის კომპენსაცია და შესაბამისად, თითოეულ მოსარჩელეს უნდა მიეცეს კომპენსაცია 19 000 – 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარი.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. დასაქმებულთა მოთხოვნა ეხება როგორც სამუშაოზე აღდგენას, რადგან კასატორთა მტკიცებით, მოპასუხე სააგენტოს სხვადასხვა რეგიონებისა და მათ შორის კახეთის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტში არსებობს ვაკანტური ადგილები, რასაც ადასტურებს გამოცხადებული კონკურსის შესახებ განცხადებები, ასევე, საკასაციო პრეტენზია სრული უფლებრივი რესტიტუციის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპენსაციის გაზრდას შეეხება. კასატორები უთითებენ, რომ არამართლზომიერი გათავისუფლების შედეგად, მათ შეუწყდათ უვადო შრომითი ხელშეკრულებები და წარსულში მათ მიერ დაკავებული პოზიციებისათვის სახელფასო ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად 1870 ლარს შეადგენს, რომლის მიღების შესაძლებლობაც მათ უკანონო გათავისუფლების გამო წაერთვათ (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.3, ს.ფ.291-302). თავის მხრივ, მოპასუხემ (დამსაქმებელმა) წარმოდგენლილი საკასაციო შესაგებლით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ასევე, საქმეში წარმოდგენილია სააგენტოს წერილობითი მოსაზრება საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე (რეგ, N -4462-22, 15.08.2022წ.)
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დასაქმებულთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მათი არამართლზომიერად გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით მიკუთვნებული თანხის განსაზღვრის ნაწილში.
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მტკიცებას, რომ არსებობს ვაკანტური თანამდებობები, რადგან მათ მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება ვერ იქნება განხილული, რაც სსსკ-ის 407-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა ან ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა დაუშვებელია (იხ. სუსგ-ები: N ას-1284-2022, 5.04.2022წ; N ას-1429-2019, 9.06.2022წ; N ას-87-2022, 15.07.2022წ.). ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ კასატორთა მიერ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია 2022 წლის 4 მაისს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო ნორმის უგულებელყოფით წარმოდგენილი მტკიცებულება მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ გამოაცხადა ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი და საკონკურსო საბუთების მიღების ბოლო ვადად 2022 წლის 16 ივნისი განსაზღვრა, საკონკურსოდ გაცხადებულ ვაკანსიაზე ხელფასი 1870 ლარია. ამ ნაწილში საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და შესაბამასიდ საკასაციო სასამართლო შემოიფარგლება სააპელაციო სასამართლოს მიერ სავსებით სწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, რომ კასატორთა მიერ ადრე დაკავებული პოზიციები ვაკანტური არ არის და არც ტოლფასი თანამდებობები არსებობს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი და სადავო არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - შრომითი ურთიერთობა. საკასაციო საჩივრით კასატორები მოითხოვენ მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებებით: მოსარჩელეები უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ დამსაქმებელთან და მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 000 ლარს შეადგენდა; დამსაქმებელმა დაუსაბუთებლად გაათავისუფლა მოსარჩელეები დაკავებული პოზიციებიდან, რადგან დადგინდა რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დამსაქმებლის სუბიექტური გადაწყვეტილებით და არა ობიექტური საჭიროებების საფუძველზე; მოცემულ საქმეზე ბათილად არის ცნობილი დამსაქმებელი საწარმოს ბრძანებები მოსარჩელეთა გათავისუფლების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლოს განმარტებით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით (მოსარჩელეთა გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იდენტურია), დასაქმებულის გათავისუფლებას კანონმდებელმა დაუკავშირა იმავე კოდექსის 48.1-ე მუხლის საფუძველზე, არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გაცემა იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელმა დასაქმებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილა, ხოლო, დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს მოსალოდნელ გათავისუფლებაზე, მაშინ სულ მცირე 2 თვის კომპენსაციის გაცემა ევალება დამსაქმებლ კომპანიას (ანალოგიურად იყო მოწესრიგებული ეს საკითხი დასაქმებულის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი ორგანული კანონით, სშკ-ის 37.1- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 38.2-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ, - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან“ (იხ. სუსგ N ას-607-2020, 18.11.2020).
10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება იმხანად მოქმედი სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) არამართლზომიერია; დამსაქმებელი სააგენტოს ბრძანება დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო სასამართლომ, რასაც უკავშირდება სშკ-ის 38.8-ე მუხლით (მოქმედი სშკ-ის 48.8-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის სახით - 19 000-19 000 ლარით განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დროს, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე, სასამართლო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს. მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია იმ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია. ორგანული კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს შრომით დავებზე კომპენსაციის მიკუთვნების კრიტერიუმებს, თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მიერ დაძლეული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხედველობაში მიიღება დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ვადა, შრომის ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა, პირის დასაქმების პერსპექტივა, მისი უნარები, ასაკი, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები, რაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს. „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებლის ვალდებულება რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (იხ. სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
11. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს. საკასაციო სასამართლომ განმარტა: „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. ამ დავაში საკასაციო პალატამ იმსჯელა დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერებაზე და განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272; შეად. სუსგ №ას-1623-2018, 29 იანვარი, 2019 წელი, პპ:115, 117, 118).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ყოველთვიურად 1000 ლარი ჰქონდათ შრომის ანაზღაურება, ამასთან შრომის ხელშეკრულება მოქმედებდა განუსაზღვრელი ვადით; დასაქმებულები დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდნენ; პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართლზომიერად გათავისუფლების გამო მოსარჩელეებს კომპენსაციის სახით მიაკუთვნა 20 თვის ხელფასი (1 თვის ხელფასის გამოკლებით), რაც 19 000- 19 000 ლარია. საკასაციო სასამართლო კასატორთა პრეტენზიას ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი სრული უფლებრივი რესტიტუცია ვერ მოხდა და ვერ აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც მათ უვადო შრომით ურთიერთობაში დასაქმებულ პოზიციაზე დაბრუნებას გამოიწვევდა. ასეთ ვითარებაში კომპენსაციის, როგორც დასაქმებულთა უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, დასაქმების პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). კომპენსაციის განსაზღვრისას სშკ-ის 48.8-ე მუხლის (დასაქმებულის გათავისუფლების დროს მოქმედი სშკ-ის 38.8-ე მუხლი) საფუძველზე, ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები: N ას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; Nას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინების 17.1.3 ქვეპუნქტი; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1627-2019, 07.02.2020წ.). მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან მიჯნავს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირებისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირის შემთხვევაში თუკი ბათილად იქნება ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება პირის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ამასთან, შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე, მაშინ კომპენსაცია განისაზღვრება ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის მიხედვით, რისგანაც, ცხადია, ფაქტობრივად და სამართლებრივად განსხვავდება განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტა, როდესაც თუკი შეუძლებელია იმ პირის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ვისთანაც უვადო შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა, დამსაქმებელს არათუ ერთ წელიწადზე გადაანგარიშებით, არამედ უფრო მეტი ვადის გათვალისწინებითაც შეიძლება დაეკისროს გასაცემი კომპენსაცია, რაც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს ეფუძნება და დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკით.
13. საქმეზე დადგენილი გარემოებების და არსებული სასამართლო პრაქტკის საფუძველზე მოსარჩელეებთან უვადო შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, საკასაციო სასამართლოს სამართლიან, გონივრულ და დასაბუთებულ კომპენსაციად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით დასაქმებულთა პოზიციაზე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ორი წლის ოდენობით განსაზღვრა, რაც საერთო ჯამში (1000 X 24) 24 000 ლარს შეადგენს (ამ თანხას უნდა გამოაკლდეს უკვე გაცემული 1 თვის ხელფასი), რაც მოპასუხე სააგენტოს უნდა დაეკისროს თითოეული მოსარჩელის არამართლზომიერად გათავისუფლებისა და მათი სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის კომპენსაციის სახით. ვინაიდან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 19000-19000 (20000-1000) ლარის გადახდა დაეკისრა, საკასაციო სასამართლომ თითოეული მოსარჩელისათვის კომპენსაციის ოდენობა 4000-4000 (ოთხი ათასი) ლარით გაზარდა, რამაც თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა და საქართველოს საერთო სასამართლეობის პრაქტიკა სწორედ დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობის /favour prestatories/ პრინციპის გამოყენებას ეფუძნება, რა დროსაც დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში უნდა შეფასდეს (შეად. სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48; ასევე- N ას-1295-2020. 05.02.2021წ; N ას-1291-2020, 09.02.2021წ; N ას- 102-2020. 17.02.2021წ; N ას-5112-2020, 18.02.2021წ; N ას-792-2019, 18.02.2021წ; N ას-952-2020, 05.03.2021წ; N ას- 1172-2020, 12.03.2021წ.).
14. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 1 050 ლარის გადახდა დაეკისრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. ც-ის და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში;
3. ი. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ი. ც-ის სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით დაკისრებული კომპენსაციის - 19 000 ლარის გარდა, დამატებით დაეკისროს კომპენსაციის სახით 4000 ლარის გადახდა, რაც ჯამში 23 000 ლარს შეადგენს;
5. დ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დ. ჯ-ის სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით დაკისრებული კომპენსაციის - 19 000 ლარის გარდა, დამატებით დაეკისროს კომპენსაციის სახით 4000 ლარის გადახდა, რაც ჯამში 23 000 ლარს შეადგენს;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1050 ლარის გადახდა.
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური