საქმე №ას-1414-2018 30 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „------ მაუწყებელი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. შ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ. შ-სა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) და სსიპ ,,საქართველოს ----- მაუწყებელს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 1996 წელს დაიწყო შრომითი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა ჯერ ინჟინრის, შემდგომ ანონსების განყოფილების რეჟისორის, ხოლო 06.10.2015წ. №--- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კრეატიული ბლოკის რეჟისორის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით.
2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1875 ლარს (დარიცხული);
3. დამსაქმებლის 23.03.2016წ. №--- ბრძანების საფუძველზე, დასაქმებული 2016 წლის 25 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 23.03.2016წ. №--- ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - კრეატიული ბლოკის რეჟისორის თანამდებობაზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 25 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის ხელფასის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით გათავისუფლებიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
5. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 23.03.2016წ. №--- ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 22 500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა.
7. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მოპასუხე დაუფარავად საუბრობს, რომ გათავისუფლების რეალური მიზეზი მოსარჩელს მიერ შაბათ-კვირას გადაცემის ჩაწერაზე არდასწრება გახდა. აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს უნდა ახასიათებდეს როგორც უპასუხისმგებლო, უდისციპლინო თანამშრომელს, თუმცა საქმეში არსებული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ამგვარად ვერ შეფასდება. მოსარჩელე ათეულობით წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოპასუხესთან. ეს უკანასკნელი ვერ უთითებს მოსარჩელის მიერ ჩადენილ ვერცერთ დარღვევაზე ან გადაცდომაზე. შეუძლებელია, უდისციპლინო, უპასუხისმგებლო ადამიანი ათეულობით წლების განმავლობაში მუშაობდეს ერთი და იმავე დამსაქმებელთან ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე. ამასთან, მოპასუხე ვერ უთითებს შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის დათქმაზე, რომელიც მოსარჩელეს დასვენების დღეებში მუშაობას ავალდებულებდა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ეკისრებოდა აპელანტს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა არა მითითებული, არამედ რეორგანიზაციის საფუძვლით, რაც, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლების არასაკმარისობაზე მიუთითებს.
11. სააპელაციო პალატის განმარტებით, რეორგანიზაციის პროცესი ყოველთვის დაკავშირებულია საწარმოო აუცილებლობასთან და, როგორც წესი, ყოველთვის მიმართულია საწარმოს ფუნქციონირების შენარჩუნების ან მისი გაუმჯობესებისკენ. რეორგანიზაცია არ შეიძლება არასასურველი თანამშრომელების გათავისუფლების საფუძველი გახდეს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის სამსახურიდან დათხოვნა რეალურად განხორციელდა იმის გამო, რომ იგი ეკლესიაში მსახურობის გამო შაბათ-კვირას სამსახურში ვერ დადიოდა, რაც გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლისგან განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით უნდა შეფასებულიყო.
12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე კომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციის, მისი შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, დამსაქმებელს არ ჰქონდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილება და ის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ბრძანება მართებულად ცნო ბათილად.
14. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-7 პუნქტებით და არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ბრძანება გამოიცა 2016 წლის 23 მარტს, ამ გარემოების გათვალისწინებით კი, აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე 2016 წლის 18 მარტს ზეპირსიტყვიერად იქნა გაფრთხილებული, გასაზიარებელი არ არის. გარდა ამისა, საქმეში წარდგენილია მოსარჩელის 29.03.2016წ. განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გადაცემას. ამრიგად, ამ დროისათვის მისთვის ბრძანება გადაცემული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ სადავო ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო ყველაზე ადრე 2016 წლის 29 მარტს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2016 წლის 27 აპრილს, შესაბამისად, მან სარჩელი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინა.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
16.1. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი;
16.2. საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ გადაცემა „---- ----“ რეჟისორი, მოსარჩელე ვერ ერგებოდა სპეციფიკურ სამუშაო განრიგს და ეკლესიაში მსახურობის გამო ვერ ახერხებდა გადაცემის ჩაწერის ბოლომდე სამუშაო ადგილზე ყოფნას. ეს გარემოება თავად მოსარჩელემაც აღიარა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე. მოსარჩელის მიერ სამსახურის გაცდენის გამო, მისი მოვალეობის შესრულება უწევდათ სხვა თანამშრომლებს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა შაბათ-კვირას მუშაობის ვალდებულება, საფუძველს მოკლებულია;
16.3. საქმეში წარდგენილია 15.03.2016წ. მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხესთან დაკავშირებული მოცემულობის გათვალისწინებით, ორგანიზაციული ცვლილებების ფარგლებში, კრეატიული ბლოკის დირექტორმა მიმართა მოპასუხის გენერალურ დირექტორს, რათა განეხილა ამ ბლოკის პერსონალურ შემადგენლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხი. ვინაიდან, მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებების გამო, მოპასუხის სხვა გადაცემების სამუშაო ჯგუფები სრულად იყო დაკომპლექტებული, ადმინისტრაციამ განიხილა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის კვალიფიკაცია სწორად განხორციელდა;
16.4. სასამართლო განჩინებაში მითითებული დასაბუთებით გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო შრომის კოდექსის იმ ნორმების საფუძველზე, რომელიც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამ უკანასკნელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ითვალისწინებს. ასეთ დროს დასაქმებულს კომპენსაცია არ მიეცემა. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხემ მოსარჩელეს ორი თვის კომპენსაცია გადაუხადა და მაქსიმალურად უზრუნველყო მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი;
16.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას მოსარჩელე 2016 წლის 18 მარტს გაეცნო, ხოლო სარჩელი მის მიერ აღძრულ იქნა 2016 წლის 27 აპრილს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია;
16.6. სააპელაციო სასამართლოს კომპენსაციის თაობაზე არ უმსჯელია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
23. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართლზომიერება.
24. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
25. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი და არც სხვა მუხლები არ შეიცავენ იმ მდგომარეობის მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების (შეტყობინების) დღიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანება გამოიცა 2016 წლის 23 მარტს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება, რომ მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას 2016 წლის 18 მარტს გაეცნო. ამასთან, საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება მოსარჩელისთვის სადავო ბრძანების ჩაბარების თაობაზე, ხოლო სარჩელზე დართული განცხადებით დასტურდება, რომ 2016 წლის 29 მარტს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს მისი გათავისუფლების ბრძანების გადაცემის მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 21). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს ვარაუდს, რომ იმ დროისათვის (29.03.2016წ.) მოსარჩელეს სადავო ბრძანება ჩაბარებული არ ჰქონია. მოპასუხეს არ წარუდგენია ამ გარემოების საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელი აღძრა 2016 წლის 27 აპრილს, კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, კასატორის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე დაუსაბუთებელია.
28. კასატორი დავობს, რომ მოსარჩელე რეორგანიზაციის საფუძვლით მართებულად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
32. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
33. ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. საწარმოში რეორგანიზაციის პროცესის თაობაზე მხოლოდ ცალკე აღებული ფაქტი, არ წარმოშობს დამსაქმებლის მართლზომიერად ქცევის პრეზუმფციას.
34. დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
35. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, იგი საკასაციო საჩივარში ადასტურებს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების რეალური საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი ვერ ერგებოდა სამუშაო განრიგს და ვერ ახერხებდა გადაცემის ჩაწერის ბოლომდე სამუშაო ადგილზე ყოფნას, რის გამოც მისი მოვალეობის შესრულება სხვა თანამშრომლებს უწევდათ. კასატორი მისი პოზიციის დასაბუთების მიზნით ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულის გამო, რეორგანიზაციის ფარგლებში, განხილულ იქნა მოსარჩელის სხვა გადაცემის სამუშაო ჯგუფში გადაყვანის საკითხი, რაც ვერ მოხერხდა, რადგან ისინი სრულად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაშიც მოსარჩელის სხვა გადაცემის სამუშაო ჯგუფში გადაყვანის მცდელობა განპირობებული იყო არა ორგანიზაციული ცვლილებებით, არამედ მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულებით, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლოა დასაქმებულის გათავისუფლების სხვა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდეს.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
37. კასატორი აგრეთვე დავობს, რომ სააპელაციო სასამართლოს კომპენსაციის თაობაზე არ უმსჯელია, თუმცა მისი პრეტენზია ზოგადი და დაუსაბუთებელია, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ ნაწილში დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
40. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-115-111-2016, 08 აპრილი, 2016 წელი; №ას-194-185-2016, 29 ივლისი, 2016 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1 178,75 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 53,75 ლარი და დარჩენილი 1125 ლარის 70% – 787,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ „------ მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სსიპ „------ მაუწყებელს“ (ს/კ: -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს №---- საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1 178,75 (ათას ას სამოცდათვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 53,75 (ორმოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი და დარჩენილი 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის 70% – 787,5 (შვიდას ოთხმოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე