საქმე №ას-483-2022
14 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ ი.გ. (ბ.ჩ–ძის და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ქ–ნი, ნ.ქ–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 281-291).
2. 2022 წლის 31 იანვარს, ბ.ჩ–ძემ და ი.ჩ–ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს სააპელაციო საჩივარი (ტომი I, ს.ფ. 292-299).
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით, აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 2895,48 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა (ტომი I, ს.ფ. 305-310).
4. 2022 წლის 24 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმათა ა(ა)იპ ი.გ– იურისტმა ლ.ჭ–ძემ, რომელმაც წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ 2022 წლის 29 იანვარს, გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, განსახილველ საქმეზე ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის ნაცვლად აპელანტ მხარეს წარმოადგენდა ა(ა)იპ ი.გ. (ტომი I, ს.ფ. 312-327).
5. 2022 წლის 24 მარტს, წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში, სახელმწიფო ბაჟისთვის განკუთვნილ გრაფაში, სადაც დასმულია შეკითხვა მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ, ა(ა)იპ ი.გ–ს მონიშნული აქვს, რომ იგი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან (ტომი I, ს.ფ. 320) .
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ი.გ. და ა(ა)იპ ი.გ–ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (ტომი I, ს.ფ. 336-341).
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2022 წლის 30 მარტის განჩინებაში, აღნიშნა, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლების ყველა წინაპირობას აკმაყოფილებდა, რის გამოც ა(ა)იპ ი.გ. ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
8. ამავე განჩინებაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ხსენებული ნორმის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეზე ხარვეზი დადგინდა 2022 წლის 02 მარტს, ანუ წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომლითაც თავდაპირველ აპელანტებს დაევალათ, როგორც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 2895,48 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა, ეს სამართლებრივი მდგომარეობა ავტომატურად გავრცელდა ა(ა)იპ ი.გ–ზეც.
9. სააპელაციო პალატის აზრით, მართალია, ა(ა)იპ ი.გ.მ ბ. და ი.ჩ–ძეებთან 2022 წლის 29 იანვარს, გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წარმოადგინა ხარვეზის განჩინების მიღებამდე, თუმცა მან თავისი უფლების რეალიზაცია-უფლებამონაცვლედ დაშვებაზე მოთხოვნის წარდგენა, განახორციელა მას შემდეგ, რაც ბესიკ და ი.ჩ–ძეებს უკვე დადგენილი ჰქონდათ ხარვეზი. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ასეთ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 09 მარტის განჩინების შესრულება სავალდებულო იყო უფლებამონაცვლისთვისაც.
10. 2022 წლის 14 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე, ა(ა)იპ ი.გ– წარმომადგენელმა წარადგინა კერძო საჩივარი (ტომი I, ს.ფ. 345-349).
11. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, გასაჩივებული განჩინების გაუქმებას, ასევე საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და საქმის განხილვის მიზნით დაბრუნებას.
12. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, არარელევანტურია გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა თითქოს სასამართლოს მიერ თავდაპირველი აპელანტებისთვის დადგენილი ხარვეზის შესრულება, სავალდებულო იყო უფლებამონაცვლისთვისაც. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ მითითებული მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ერთი მხრივ მითითებულია, რომ ა(ა)იპ ი.გ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, თუმცა ვერ უთითებს კონკრეტულ ნორმას, რომლის საფუძველზეც მას ხარვეზით განსაზღვრული ბაჟი უნდა გადაეხადა.
13. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან: ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები - ყველა საქმეზე.
14. კერძო საჩივრის ავტორი, დამატებით უთითებს, რომ ა(ა)იპ ი.გ. ექცევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის რეგულაციაში, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მხარის მტკიცებით, ხსენებული მუხლის რეგულაციიდან გამომდინარე, არ არის სავალდებულო, რომ შშმ სტატუსის მქონე დაფუძებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი აუცილებლად ახორციელებდეს შშმ პირებთან დაკავშირებულ საქმიანობას, არამედ საკმარისია, რომ ესეთი იურიდიული პირი დაფუძნებულ იქნას ინვალიდის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ ხოლო სააგენტოსთან მიმართებაში უტყუარად დასტურდება, რომ სააგენტო არათუ სხვა საქმიანობას ეწევა, არამედ სააგენტო არის შშმ თემატიკაზე მომუშავე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, მისი წევრები არიან შშმ სტატუსის მატარებელი პირები და იურიდიული პირის დამფუძნებელიც არის შშმ სტატუსის მატარებელი ნ.ჭ–ძე, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი სრულად ექცევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის რეგულაციაში და გათავისუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისად, მხარე მიიჩნევს, რომ ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივარი არამართებულად დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
19. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან ასევე გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით, აპელანტებს - ბ.ჩ–ძესა და ი.ჩ–ძეს, დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 2895,48 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. 2022 წლის 24 მარტს, ა(ა)იპ ი.გ. მიერ წარდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში, მოთხოვნილია ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობა, ასევე სახელმწიფო ბაჟისთვის განკუთვნილ გრაფაში, ა(ა)იპ ი.გ.ს მონიშნული აქვს, რომ იგი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ი.გ. და ა(ა)იპ ი.გ– სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის ვადის გაგრძელების გარეშე, დარჩა განუხილველი.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა (იხ. სუსგ საქმე №ას-720-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
24. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა(იხ.სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019 წ., 8.06.2019 წ. საქმე №ას-720-2019, სუსგ 23.07.2012წ. საქმე №ას-957-899-2012) როგორ უკვე აღინიშნა, ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდეგ, მოთხოვნის დათმობის საფუძვლით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, ბ.ჩ–ძისა და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ი.გ.. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან თავდაპირველი მოსარჩელეების (სააპელაციო საჩივრის ავტორები) მიერ, მოთხოვნის დათმობა განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენისა და ვადის გაგრძელების შემდეგ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შესრულება, მოთხოვნის შემძენისათვის (აპელანტების უფლებამონაცვლე), სავალდებულოა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოყვანილი მსჯელობა მართებულია მიუხედავად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან ყველა სარჩელზე) გათვალისწინებული დებულებისა, რომლის თანახმად, შესაბამისი სუბიექტი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამგვარად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას 2022 წლის 02 მარტის განჩინებით, დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების საპროცესო უფლებამონაცვლეზე გადასვლის ნაწილში. თუმცა, პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საპროცესო უფლებამონაცვლისთვის, ხარვეზის ვადის ერთჯერადად გაგრძელების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება არ გამომდინარეობს პროცესის მონაწილეთა უფლებების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებისა და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებიდან, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
26. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივარში განვითარებული ვრცელი მსჯელობა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან წარმოშობილი უფლებების შესახებ, ვინაიდან ეს კანონი 2021 წლის 01 იანვრიდან ძალადაკარგულადაა გამოცხადებული. მეტიც, 2021 წლიდან ამოქმედდა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მე-19 მუხლი, „სპეციალური მოსარჩელის“ ცნებას განსაზღვრავს და განმარტავს, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია არის ამ სტატუსით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული და დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, აწარმოონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავები, ასევე შესაბამის უწყებებს მიმართონ განცხადებითა და სარჩელით/საჩივრით, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის. ზემოთ აღნიშნული ნორმით დადგენილია სპეციალური მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლები, როდესაც სახეზეა უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული საქმისწარმოებები.
27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან არარელევანტურია სპეციალური მოსარჩელის სტატუსზე მითითება, რადგან ა(ა)იპ ი.გ., განსახილველ საქმეზე, არ ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და იგი წარმოადგენს უშუალოდ მხარეს (მოსარჩელე), რომელმაც ეს უფლებამოსილება მოთხოვნის დათმობის საფუძველზე მიიღო და არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შედეგად.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ი.გ– (ბ.ჩ–ძის და ი.ჩ–ძის უფლებამონაცვლე) კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე