საქმე №ას-795-2022 19 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.კ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2017 წლის განჩინებით მ.კ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“, „საჩივრის ავტორი“) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ვ.მ–ვს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე"), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: თბილისი, ქუჩა ......., საკადასტრო კოდი ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ.1, ს.ფ. 142-145).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2017 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ და ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.თბილისი, ........, საკადასტრო კოდი ...... ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2017 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისში, ........ (საკადასტრო კოდი ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ,1, ს.ფ. 319-323). განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.01.2018 წლის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.02.2018 წლის განჩინებებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2017 წლის განჩინება (ტ.1, ს.ფ. 365-370; 374-379).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილებით:
1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3. მოპასუხეს დაევალა: 06.02.2017 წელს მოსარჩელესთან დადებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, თბილისში, ...... მდებარე შენობა-ნაგებობის გამაგრება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის გამაგრება-გაძლიერების პროექტის, ამავე ბიუროს 10.04.2017 წლის №001957817 დასკვნაზე თანდართული კორექტირებული პროექტისა და 19.09.2018 წლის №5005988218 წერილზე თანდართული პროექტის შესაბამისად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შესრულებული სამუშაოს პროექტის შესაბამისად შესრულების დამადასტურებელი დასკვნის წარმოდგენა;
4. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში რემონტის აღდგენა შპს „ა. ფ.ა–ის“ 13.12.2016 წლის დასკვნის შესაბამისად;
5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ანაზღაურება 20.11.2018 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე (ტ.3, ს.ფ. 115-134). გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. 25.01.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელემ. განმცხადებლის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონება ს/კ ...... ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მისი ღირებულება 26 000 ლარია, ხოლო მოპასუხის ფინანსური ვალდებულება შეადგენს დაახლოებით 60 000 ლარს, რასაც ემატება შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულად გამაგრების სამუშაოს ხარჯი (ტ.4, ს.ფ. 80-82).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ.3, ს.ფ. 90-96). სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ.თბილისი, ......, საკადასტრო კოდი ......., უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 07.11.2017 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნაზე, რომლითაც უძრავი ნივთის ღირებულება 81000 ლარია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ჩანაცვლების მიზანშეწონილობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომ 27.11.2017 წლის განჩინებით, დააკმაყოფილა მოპასუხის განცხადება და ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ .....). განჩინება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.01.2018 წლის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.02.2018 წლის განჩინებებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.04.2022 წლის განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 31.01.2022 წლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.4, ს.ფ. 142-147).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.06.2022 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და დადგინდა მისი აღსრულების წესი, კერძოდ, მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 101 663,75 ლარის გადახდა; მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.04.2021 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 25 400 ლარის გადახდა (ტ.4, ს.ფ.184-203; განჩინება არ არის კანონიერ ძალაში შესული).
8. საჩივრის საკასაციო სასამართლოსათვის განსახილველად გადმოგზავნის შემდეგ, 13.07.2022 წელს, საკასაციო სასამართლოს წერილობით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც განმარტა, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
12. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.).
13. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
14. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’ და ,,შპს ტელეკომპანია საქართველო’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტის პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
15. მოპასუხეს, რომლის უფლებებიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ,,ილახება’’, სსსკ-ით უფლება აქვს გაასაჩივროს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინება (სსსკ-ის 194.3 მუხლი), მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორეთი (სსსკ-ის 196-ე მუხლი), მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და დაყადაღებული ქონების გამიჯვნა (სსსკ-ის 1961), ანდა მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება (სსსკ-ის 199-ე მუხლი) (გ.კაჟაშვილი. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი 2018, გვ. 71,72).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს (სუსგ№ას-678-2021, 14.07.2021წ.; სუსგ Nას-1113-1033-2017, 17.11.2017წ.). ამდენად, სსსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მსგავსად, მოპასუხესაც შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადებით, მაგრამ მოპასუხის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის სხვა (მეორე) ღონისძიება უნდა უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს (სუსგ №ას-678-2021, 14.07.2021წ.). რაც შეეხება ამავე კოდექსის 1961 მუხლის პირველ ნაწილს, ნორმა ადგენს, რომ ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. ამდენად, ნორმის სისტემური ანალიზი მოთხოვნის წინაპირობად ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (სუსგ Nას-677-2021, 05.04.2022წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოსარჩელეა, რომელიც ითხოვს მისი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დატვითული უძრავი ნივთის ჩანაცვლებას იმ დასაბუთებით, რომ იგი ვეღარ უზრუნველყოფს მის მოთხოვნას. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ დასკვნას, რომ მითითებული ობიექტების ჩანაცვლების მიზანშეწონილობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომ 27.11.2017 წლის განჩინებაში, როდესაც დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება და უძრავ ნივთზე ს/კ ....... გამოყენებული 198.2. „ბ“ ღონისძიება (მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვა) შეიცვალა უძრავ ნივთზე ს/კ ....... „ა“ ღონსიძიებით (ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან) (იხ. 27.11.2017 წლის განჩინება, ტ,1, ს.ფ.319-323; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.02.2018 წლის განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ, ტ.1, 374-379). ამასთან, ძირითადი საკითხი, რაც სასამართლომ შეაფასა, იყო ის, რამდენად უზრუნველყოფდა უძრავი ნივთის ს/კ ..... ღირებულება სარჩელს, რა დროსაც სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 07.11.2017 წლის დასკვნის (ტ.1, ს.ფ.310-313) საფუძველზე დაადგინა, რომ უძრავი ნივთის ს/კ ..... საბაზრო ღირებულება საკმარისი იყო სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის. ამჟამად განმცხადებელი/საჩივრის ავტორი კვლავ ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას უძრავ ნივთზე ს/კ ...... საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ დასკვნას, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. განმცხადებელი ვერ ადასტურებს რაიმე ახალ გარემოებას, რაც, შესაძლოა, განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად განიხილებოდეს.
18. არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ნის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2022 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია