Facebook Twitter

№ას-1313-2022 14 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ს.კ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ნი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის ანაზღაურება, მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით); ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.კ.უ–ნმა“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი შპს „თ.ს.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯის - 256 141 ლარის, მიუღებელი შემოსავლის - 1 554 560 ლარის, პირგასამტეხლოს - 59 785.97 ლარის გადახდა. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის ანაზღაურება 364 510.75 ლარის (23.01.2018-24.05.2018 პერიოდისთვის) და პირგასამტეხლოს გადახდა 24 293.44 ლარის ოდენობით (23.01.2018-24.05.2018 დაზღვევის პერიოდის შესაბამისად).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.03.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 256 141 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.6. ს.ფ. 241-250). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ. 133-156). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.7, ს.ფ.215-217).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2022 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ტ.7, ს.ფ.173, 219) და კანცელარიის თანამშრომელს ჩაჰბარდა 21.10.2022 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.7, ს.ფ.220).

7. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 22.10.2022 წელს და ამოიწურა 31.10.2022 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 31.10.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-765-2022, 28.07.2022წ.; №ას-789-2022, 25.07.2022წ.; №ას-261-2022, 11.07.2022წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე