საქმე №ა-5201-შ-140-2022 7 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.შ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება პირველი განმცხადებლის - პ.გ. ძე კ–ოს მიერ მეორე განმცხადებლის - გ.თ. ძე შ–ძის შვილად აყვანის თაობაზე.
2. საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილებაზე არსებული შტამპით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
3. საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს სტანდარტული და სპეციალური სამართლებრივი დაცვის საშუალების არგამოყენების შესახებ 2021 წლის 12 ნოემბრის ცნობის მიხედვით, ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილება, რომლითაც პ.გ. ძე კ–ომ შვილად აიყვანა გ.თ. ძე შ–ძე, არ გასაჩივრებულა.
4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ.შ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ.შ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.შ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საცნობი გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 1246-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც) (იხ. სუსგ საქმე№ა-3395-შ-93-2021, 6 აგვისტო 2021 წელი).
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
12. შესაბამისად, საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება პირველი განმცხადებლის - პ.გ. ძე კ–ოს მიერ მეორე განმცხადებლის - გ.თ. ძე შ–ძის შვილად აყვანის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.შ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის №9775/2021 გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება პირველი განმცხადებლის - პ.გ. ძე კ–ოს მიერ მეორე განმცხადებლის - გ.თ. ძე შ–ძის შვილად აყვანის თაობაზე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი