Facebook Twitter

№ას-4-2022

13 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ.ჯ–ი, ლ.ტ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს–ის“, მ.ჯ–ისა და ლ.ტ–ძის (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ, მ.ჯ–ისა და ლ.ტ–ძის შპს „ს–ის“ პარტნიორებად დარეგისტრირების, შპს „ს–ის“ დირექტორის დანიშვნისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის და თანხის დაკისრების მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-15).

1.1. მ.ჯ–მა და ლ.ტ–ძემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. შპს „ს–ის“ შესაგებელი არ წარუდგენია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ჯ–ი და ლ.ტ–ძე სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდნენ შპს „ს–ის“ პარტნიორებად. შპს „ს–ის“ და მ.ჯ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 87 012 ლარის გადახდა. სარჩელი იმ მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მ.ჯ–ისა და ლ.ტ–ძისათვის შპს „ს–ის“ დირექტორის დანიშვნისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალებას დარჩა განუხილველი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.1. შპს „ს–ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო დ.ტ–ძე.

2.1.2. 2013 წლის 17 ოქტომბერს, სს „ს.ბ–სა“ (კრედიტორი) და დ.ტ–ძეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 500 000 აშშ დოლარზე ან მის ეკვვალენტზე სხვა ვალუტაში.

2.1.3. 2016 წლის 4 მარტს, დ.ტ–ძე გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო მ.ჯ–მა (მეუღლემ) და ლ.ტ–ძემ (შვილმა) მიიღეს. სამკვიდრო მასაში შემავალ სხვა აქტივებთან ერთად მათ მიიღეს დ.ტ–ძის წილი სამეწარმეო საზოგადოებაში.

2.1.4. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებმა სამკვიდრო მიიღეს, ისინი არ დარეგისტირებულან შპს „ს–ის“ პარტნიორებად და არც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი განუსაზღვრავთ.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. 2016 წლის 9 თებერვალს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თანამსესხებლად დაემატა შპს „ს–ი“.

2.2.2. გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 2016 წლის 09 თებერვალს, კრედიტორსა და შპს „ს–ის“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს–იმ“ აიღო კრედიტი 120 000 ლარი წლიური 16% სარგებლის დარიცხვის პირობით 55 თვის ვადით. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რაც შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ს ყოველდღიურად.

2.2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს–ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მ.ჯ–ის სოლიდარული თავდებობით. კრედიტორმა წარმოადგინა პირველი მოპასუხის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, სადაც ეს უკანაკსნელი კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს შპს „ს–ის“ 2016 წლის 09 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარია 240 000 ლარი, ხოლო, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების შესრულება პირდაპირ თავდებისაგან მოითხოვოს მოვალისგან იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

2.2.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს „ს–იმ“ პირველივე თვიდან დაარღვია. ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 19 აპრილს. ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 26 ივნისს.

ხელშეკრულების შეწყვეტის დღისათვის შპს „ს–ის“ დავალიანება შეადგენდა 160 823,84 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 51 842.37 ლარი, დარიცხული პროცენტი - 20 169.96 ლარი და პირგასამტეხლო - 88 811.51 ლარი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ.ჯ–მა და ლ.ტ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი და კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მსესხებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გაეცა საბანკო კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში და იმ ზოგადი პირობებით, რაც ასახულია გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ შეთანხმებაში.

5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 891-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი იყო გაწერილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით 2016 წლის 09 თებერვლის შეთანხმებით ადგილი ჰქონდა სოლიდარული თავდებობის წარმოშობას.

5.3. შპს „ს–იმ“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირველივე თვიდან დაარღვია, ხოლო კრედიტორმა ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება შპს „ს–ის“ და თავდები პირის - მ.ჯ–ისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის დღისათვის დარჩენილი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის შემცირებული ოდენობის დაკისრების შესახებ.

5.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ მ.ჯ–მა და ლ.ტ–ძემ, როგორც დ.ტ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, თანაბარწილად მიიღეს ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, რაც ასევე მოიცავდა გარდაცვლილის წილებს სამეწარმეო საზოგადოებაში, თუმცა მოპასუხეები თავს არიდებდნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეწარმეო საზოგადოების წილის მიღებას, რაც პალატის მითითებით სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა.

5.5. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია, რომ სამკვიდრო ქონების ღირებულება 5318.52 ლარია და მის ფარგლებში უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული და მიუთითა, რომ სამკვირო ქონების რეალური ღირებულების ამსახველი რაიმე დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ მითითება არარელევანტური იყო.

5.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტების პრეტენზიას ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის უარყოფაზე, ვინაიდან, მოპასუხემ აღნიშნულ საკითზე პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საქმის განხილვისას განაცხადა. რაც შეეხება სააპელაციო პრეტენზიას ლ.ტ–ძის, როგორც არასრულწლოვნის უფლებების დაცვაზე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა არასრულწლოვანის კონკრეტულად რა უფლება დაირღვა ან რა ინტერესი შეილახა მიღებული გადაწყვეტილებით.

5.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მ.ჯ–ისა და ლ.ტ–ძისათვის შპს „ს–ის“ დირექტორის დანიშვნისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის დავალებას არ გააჩნდა მატერიალური საფუძველი. ხსენებული საკითხი კომპანიის პარტნიორთა საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება იყო და საწარმოს შიდაპორპორაციულ ურთიერთობას განეკუთვნებოდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.ჯ–მა და ლ.ტ–ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორები მიუთითებენ, რომ თანამსესხებლის ე.წ. „დამატება“ არ შეიძლება, ეს არის ახალი ხელშეკრულება და ცალკე ნების გამოვლენას საჭიროებს. ნების გამოვლენა კი საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტზე უბრალო ხელმოწერით არ დგინდება.

6.2. მ.ჯ–სა და ლ.ტ–ძეს არ სურთ გახდნენ მამკვიდრებლის კუთვნილი კომპანიის პარტნიორები და გააგრძელონ მართვა. აღნიშნული კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსკ-ის 115-ე მუხლის გათვალისწინებულ უფლების ბოროტად გამოყენებად, ვინაიდან, კასატორების მოსაზრებით, არ არსებობს სხვისთვის ზიანის მიყენების მიზანი.

6.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხეების პრეტენზია მათ მიერ მიღებული სამკვიდრო ქონების ღირებულებაზე და 5318.52 ლარის ღირებულების სამკვიდროს მიღების პირობებში სასარჩელო მოთხოვნა მიღებული აქტივის მაქსიმალური ოდენობით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6.4. კასატორების მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა მარტო ფაქტობრივი გარემოება არ არის, ის სამართლებრივი გარემოებაცაა და მასზე მითითება არ უნდა იყოს შეზღუდული საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის ხანდაზმულობის უგულებელყოფამ შელახა ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ მ.ჯ–ისა და ლ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოპასუხეებისთვის საკრედიტო დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები.

12. მოსარჩელე ითხოვს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუნაზღაურებელი დავალიანების მოპასუხეებისთვის დაკისრებას.

13. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც საკრედიტო რესურსების ხელშეკრულების ნაირსახეობას წარმოადგენს, ორიენტირებულია სასესხო ფულადი თანხის გამოყოფაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ბანკი საკუთარ ოფციონალურ უფლებას იყენებს, როდესაც მოვალეს სთავაზობს წინაპირობებს კრედიტის გასაცემად, თუმცა, არა აბსტრაქტულად, არამედ მომავალში ძირითად მსესხებლებზე გასაცემი თანხის ზღვრულ მოცულობას განსაზღვრავს. კრედიტორი მოვალის გადახდისუნარიანობის შესაბამისი წინაპირობების შესწავლისას ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, უზრუნველყოფს მომავალში საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებას ყოველ ცალკეულ კრედიტზე.

14. სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

14. სსკ-ის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკასასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო სსკ-ის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს თავდების წერილობით განცხადებას (თანხმობას) და შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე.

16. კასატორების მითითებით, თანამსესხებლის ე.წ. „დამატება“ არ შეიძლება, ეს არის ახალი ხელშეკრულება და ცალკე ნების გამოვლენას საჭიროებს. ნების გამოვლენა კი საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტზე უბრალო ხელმოწერით არ დგინდება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოს მსჯელობას, რომ გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ ნიშნავს საბანკო კრედიტის აღებას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მსესხებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საბანკო კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში და იმ ზოგადი პირობებით, რაც ასახულია გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ შეთანხმებაში. განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელესა და დ.ტ–ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. 2016 წლის 09 თებერვალს გენერალურ საკრედიტო ხაზს მხარეთა მიერ გამოხატული ნების საფუძველზე, თანამსესხებლად დაემატა შპს „ს–ი“. 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ს–ის“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება GCLCA000137626-3347450-3797182, რომელიც გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და შეადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. საქმეში წარმოდგენილია მ.ჯ–ის 2016 წლის 09 თებერვლის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, საიდანაც დასტურდება, რომ მ.ჯ–მა იკისრა სოლიდარული ვალდებულება სს „ს.ბ–თან“ თავდებად დადგომოდა GCLCA000137626-3347450-3797182 საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირებს. თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 240000 ლარით. შესაბამისად, მ.ჯ–ის მიერ თავდებობის ნება გამოვლენილია წერილობით, თავდებობისვე შეთანხმებით განსაზღვრულია იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც თავდებმა იკისრა სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში გამოკვეთილია თავდებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი წანამძღვრები.

17. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას მათ მიერ მიღებული სამკვიდრო მოწმობის ღირებულებასა და მის შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ.ჯ–ის ვალდებულება გამომდინარეობს მის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებაზე ნაკისრი სოლიდარული ვალდებულებიდან და არა როგორც დ.ტ–ძის მიერ მიღებული სამკვიდროდან. სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე) გამომდინარეობს, რომ ძირითადი მოვალის გარდაცვალებისას, მისი მემკვიდრის პასუხისმგებლობა მხოლოდ მიღებული აქტივის ღირებულებით შემოიფარგლება და თუ ვალდებულება აღემატება მიღებული აქტივის ღირებულებას, ღირებულებამდე ძირითადი მოვალის მემკვიდრის ვალდებულების მოცულობა მცირდება. ასეთ შემთხვევაში, თავდები პირის ვალდებულების მოცულობა არ მცირდება. რაც შეეხება ლ.ტ–ძის ვალდებულებას, რომელიც დ.ტ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეა, სასამართლო გადაწყვეტილებით მას თანხა არ დაკისრებია, შესაბამისად, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება სამკვიდრო ქონების ოდენობას არ უკავშირდება.

18. კასატორების პრეტენზია ასევე შეეხება მამკვიდრებლის კუთვნილი კომპანიის პარტიონორობასა და მართვის გაგრძელებაზე მემკვიდრეების სურვლის არქონას. წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობიდან დგინდება, რომ კასატორებმა მემკვიდრეობა მიიღეს სრულად, მათ შორის წილები სამეწარმეო საზოგადოებაში და მხოლოდ იმაზე მითითება, რომ სამეწარმეო საზოგადოების პარტიონობისა და მართვის სურვილი არ გააჩნიათ, მოპასუხეთა მხრიდან სამოქალაქო ბრუნვის არაკეთილსინდისიერად წარმართვად (სსკ-ის მე-8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და უფლების ბოროტად გამოყენებად (სსკ-ის 115-ე მუხლი: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) უნდა შეფასდეს. კასატორების მიერ მათი უფლების განუხორციელებლობის ლეგიტიმური მიზანი საქმიდან არ იკვეთება და იმ პირობებში, როდესაც შპს „ს–ის“ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება გააჩნია, კასატორების მითითება კომპანიის პარტნიორობასა და მართვის გაგრძელებაზე სურვილის არქონის შესახებ, მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებას ან ასეთი ზიანის დაშვების წინაპირობას წარმოადგენს.

19. რაც შეეხება კასატორების მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე და დამატებით მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება, წარმოადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალებას - შესაგებელს. შესაბამისად, ეს გარემოება მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს სასამართლოს შეფასების საგანი, თუ იგი წარდგენილია საპროცესო წესების დაცვით. სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებიათ, არამედ მათ სარჩელის ხანდაზმულობაზე მხოლოდ სააპელაციო საჩივარში განაცხადეს, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ამ არგუმეტის საფუძლიანობა სამართლებრივად შეეფასებინა და გადაწყვეტილებისთვის დაედო საფუძვლად. საკასაციო პალატის განმარტებით, მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (მრავალ გადაწყვეტილებათა შორის სუსგ. Nას-64-2021, 18.11.2021 წელი).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ჯ–სა და ლ.ტ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 4350.61 ლარის 30%-ის - 1305.18 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჯ–ისა და ლ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. მ.ჯ–სა (.....) და ლ.ტ–ძეს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდივ - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 4350.61 ლარის 30%-ის - 1305.18 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე