Facebook Twitter

№ას-242-2022

13 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ც.ტ–ა, შპს „ე.“, ე.მ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ც.ტ–ას, შპს „ე.ს“ და ე.მ–ძის (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 2-18).

1.1. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ძირი თანხისა და განახევრებული პრცენტის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სასარჩლო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

2.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით გადაუხდელი თანხა 66098.87 ლარი. საიდანაც სესხის ძირი თანხაა 57413.20 ლარი, პროცენტის 7259.77 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 1425.90 ლარი.

2.2. მოპასუხე ც.ტ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გადაუხდელი თანხის - 674.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, პროცენტი 146.99 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 27.26 ლარი.

2.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ......, , ს/კ ...... დადგინდა, რომ თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარად, გადახდევინება განხორციელდებოდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება პროცენტის სახით 7259.77 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს 1425.90 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე უძრავი ქონების რეალიზაციისა და მოპასუხეთა სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან დავალიანების დაფარვის ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2018 წლის 01 მაისს სს „ლ.ბ–სა“ და ც.ტ–ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განსაზღვრული იქნა 150 000 ლარით, ხოლო ვადა შეადგენდა 120 თვეს.

5.2. მითითებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 01 მაისს და ამავე წლის 02 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც შპს „ე.მ“ და ე.მ–ძემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ც.ტ–ასთან ერთად. თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებობის მაქსიმალური ოდენობა თითოეული თავდებისთვის განისაზღვრა 154500 ლარით.

5.3. 2018 წლის 01 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 01 მაისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ......,....., ს/კ ......

5.4. 2018 წლის 01 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 02 მაისს, სს „ლ.ბ–სა“ და ც.ტ–ას შორის გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხის სახელზე 60 თვის ვადით გაიცა კრედიტი - 60 000 ლარის ოდენობით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 15%-ით, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.

5.5. 2018 წლის 28 თებერვალს, მოსარჩელესა და ც.ტ–ას შორის გაფორმდა საკრედიტო ინსტანტა ქარდის ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, წლიური 60% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.4% პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით. აღნიშნული ბარათიდან ათვისებულმა თანხამ შეადგინა 500 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი დაკისრებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატამ მიუთითა სსკ-ის 867-ე და 868-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა იყო შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო და მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განიმარტა, რომ საკრედიტო ურთიერთობებში ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სარგებელსა და პირგასამტეხლოზე, რაც კანონიერია, არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, საჯარო წესრიგს ან სამართლებრივ ფასეულობებს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, სარგებლის შეთანხმებული ოდენობა წლიური 15%-ით (საკრედიტო ბარათის შემთხვევაში 60%-ით) განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენდა.

5.7. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 5-ჯერ, რაც დარღვევის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა და დამატებით შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

5.8. პალატამ მიუთითა სსკ-ის 301-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასევე მიუთითა სსკ-ის 891-ე და 895-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების რეალიზაციასა და მოპასუხეთა სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან აღსრულებაზე სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას ბანკი ვალდებული იყო გაფრთხილებინა მოპასუხე 1 თვით ადრე, რაც არ მომხდარა. მოსარჩელემ გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება, ისარგებლა მოპასუხეთა მძიმე მდგომარეობითა და გამოუცდელობით. კასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მიერ დაწესებული პროცენტი და პირგასამტეხლო მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს. აღნიშნული გარემოებები კი სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ც.ტ–ას, შპს „ე.სა“ და ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 2018 წლის 02 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლის არსებობა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

14. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010წ).

15. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

16. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

17. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

19. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაირღვა, შესაბამისად, წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეებს ეცნობათ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი შეწყვეტის შესახებ და მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 5-ჯერ და დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, კასატორების პრეტენზია აღნიშნულ საკითზე დაუსაბუთებელია.

23. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის შემცირებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილი პრაქტიკა მიმართულია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების ავტონომიის პრინციპის გარკვეულწილად შეზღუდვისაკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის სარგებელის მიუღებელი, არაგონივრულად გაზრდილი ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებშიც, უნდა შემოწმდეს დაცულია თუ არა ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი. პალატა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის 29 დეკემბერს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელდა ცვლილება და აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100 % დაწესდა, ხოლო მოგვიანებით, 2018 წლის 21 ივლისს, ამავე მუხლში კვლავ ცვლილება შევიდა და საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად 50% განისაზღვრა, რაც კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა.

24. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100 %, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია.

25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სარგებლის ოდენობა წლიური 15%-ით განისაზღვრა, 2018 წლის 02 მაისს გაფორმდა, რა დროსაც კანონმდებლობით სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობა 100%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 15%, შესაბამისობაშია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართანაც.

26. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ 2018 წლის 02 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – წლიური 15% (საკრედიტო ბარათის შემთხვევაში 60%) მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. მხოლოდ მითითება საპროცენტო განაკვეთის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე კი არ შეიძლება გასაჩივრებული განჩინების დასკვნების არასწორად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის არსებითად დაშვების საფუძველი გახდეს.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მას ვერ დაუპირისპირეს. შესაბამისად, მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ც.ტ–ას, შპს „ე.ს“ და ე.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე რ.ა–ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 435 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 10.03.2022) 70% – 304.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ტ–ას, შპს „ე.ს“ და ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ც.ტ–ას (....), შპს „ე.ს“ (.....) და ე.მ–ძეს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე რ.ა–ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 435 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 10.03.2022) 70% – 304.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე