Facebook Twitter

ა-2138-ა-8-2022

01 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი – შპს „ა.ქ–ბი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ა–სა“ და შპს „ა.ქ–ბის“ შეგებებული სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა.ქ–მა“ და შპს „ა–მა“ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მოითხოვეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ივლისის საოქმო განჩინებით, შპს „ა.ქ–ბის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და N2ბ/5588-20 სამოქალაქო საქმეზე, შპს„ა–ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ა.ქ–ბი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა.ქ–ბის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ა.ქ–მა“, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით კასატორს - შპს „ა.ქ–ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 2036,52 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „ა.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2022 წლის 3 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შპს „ა.ქ–მა“ და მოითხოვა 2022 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ განცხადება ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და მასზე დართული ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კომპანიის თანამშრომელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით მოიტანა და ჩააბარა სასამართლოს კანცელარიას. თუმცა, პანდემიის შედეგად კორესპონდენციის მიღების შეცვლილი წესების გამო არ გადასცეს განცხადების მიღების ბარათი. განცხადებას ერთვის კომპანიის კურიერის - ნ.ლ–ის ახსნა-განმარტება და შპს „ა.ქ–ბის“ სამეურნეო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა უზენაეს სასამართლოში განცხადების ჩასაბარებლად იმყოფებოდა 2022 წლის 15 მარტს, 15:05 საათიდან 15:17 საათამდე ინტერვალით. კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გადაადგილებას და ლოკაციას ადასტურებს GPS-ის მოწყობილობა. განცხადებას ასევე ერთვის განუხილველად დატოვებულ საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 15 მარტს, 2036.52 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეავსო და შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ასევე დადგენილ ვადაში წარმოადგინა.

სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: - მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; - ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; - მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების (საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი სადავოდ ხდის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2022 წლის 18 აპრილის განჩინებას იმ საფუძლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებს კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გადაადგილების ტრაექტორიის ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2022 წლის 15 მარტს კომპანიის თანამშრომელმა, ნ.ლ–მა, კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე და იმყოფებოდა ადგილზე 15:05 საათიდან 15:17 საათამდე. აღნიშნულ დროში განხორციელდა კანცელარიაში განცხადების ჩაბარება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მისივე თანამშრომლის ახსნა-განმარტება და კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის გადაადგილების ტრაექტორიის ამონაწერი ვერ ადასტურებს ხარვეზის შევსების შესახებ კორესპონდენციის საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაბარებას, რადგან რაიმე კონკრეტული მტკიცებულება რაც აღნიშნულს დაადასტურებდა განმცხადებელს არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია 2036.52 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი დედნის სახით, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ იგივე ქვითრის დედანი კანცელარიას განმცხადებლის მიერ მითითებულ დროს (2022 წლის 15 მარტს), ჯერ კიდევ ხარვეზის შესავსებად მისთვის განსაზღვრულ ვადაში ვერ ჩაბარდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განცხადებას და უარს ამბობს საქმის წარმოების განახლებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ქ–ბის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე