04 ნოემბერი 2022 წელი
საქმე №ა-5812-შ-147-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ტ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ს–ვი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინება
დავის საგანი - ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილებით, ვ.ს–ვის სარჩელი ტ.ს–ვას მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბავშვების დედას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ.ძე ს–ვის მიმართ. ტ.ს–ვას არასრულწლოვანი შვილების სარჩენად ვ.ს–ვის სასარგებლოდ დაეკისრა მყარი ფულადი თანხა 5 806 რუბლი, რაც შეესაბამება როსტოვის ოლქში ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის ზომის 50%-ს ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, შემდგომი ინდექსაციით, დაწყებული 2021 წლის 29 იანვრიდან თითოეული შვილის სრულწლოვანებამდე. ბავშვების დედას უარი ეთქვა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განჩინებით, ბავშვების დედის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 31 მარტს შუამდგომლობით მომართა ვ.ს–ვის წარმომადგენელმა და რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება მოითხოვა, ბავშვების დედისათვის მშობლის უფლებების შეზღუდვის ნაწილში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა ვ.ს–ვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ვას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ.ძე ს–ვის მიმართ.
5. 2022 წლის 03 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართეს ტ.ს–ვას წარმომადგენლებმა მ.ღ–ამ და თ.ს–ძემ და მიუთითეს, რომ რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინებით გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მარტის სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს.
6. წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოში აღიარებული ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, მართალია, რეალურად გაუქმებულია, მაგრამ ვიდრე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არ მოხდება რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინების ცნობა, საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები ხელმძღვანელობენ ბატიასკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რითაც ირღვევა დედისა და არასრულწლოვანი ბავშვების უფლებები.
7. აღნიშნულის გათვალისწინებით, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლებმა მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც, თავის მხრივ, გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მარტის სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს.
8. ამავდროულად, შუამდგომლობის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვების ინტერესების უპირატესობის დაცვის მიზნით, შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის №ა-1522-შ-44-2022 განჩინების მოქმედების შეჩერება, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ვას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ.ძე ს–ვის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომ მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებებს და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტებს (შემდგომ - გადაწყვეტილებები).
13. ამავე კონვენციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე აღიარებულად მიიჩნევა სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით, თუ: ა) თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; ბ) საქმე, რომელზეც წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში - იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას. ციტირებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე ქორწინების შეწყვეტის თაობაზე იმ დაწესებულებების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ. ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009. გვ. 55). უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ. (იხ. სუსგ. #ა-3272-შ-78-2020; 20/12/2021)
15. ამდენად, როგორც მინსკის კონვენცია, ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი, ცნობას უქვემდებარებს უცხო ქვეყნის სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. საგულისხმოა, რომ ტერმინ „გადაწყვეტილების“ გამოყენებას კანონისა და კონვენციის ტექსტში არ გააჩნია შემთხვევითი მნიშვნელობა. „გადაწყვეტილება“ სასამართლოს იმგვარი აქტია, რომლითაც საქმე წყდება არსებითად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი), ამავდროულად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილი).
16. სპეციალური კანონისა და მინსკის კონვენციის მითითება ტერმინ „გადაწყვეტილებაზე“ სწორედ იმის დასტურია, რომ ცნობას ექვემდებარება უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მართლმსაჯულების სწორედ ის აქტი, რომლითაც დავა არსებითად და საბოლოოდ წყდება, ესე იგი, რომლის საფუძველზეც სასამართლო მთლიანად და ამომწურავად სცემს პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე. ამგვარი გადაწყვეტილება გამოტანილი შეიძლება იყოს როგორც მიკუთვნებით, ისე აღიარებით და გარდაქმნით სარჩელებზე, მთავარია, რომ სასამართლო აქტით არსებითად წყდებოდეს მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების ბედი, ამავდროულად, აღიარებას ექვემდებარება როგორც საბოლოო გადაწყვეტილებები, ისე ნაწილობრივი, წინასწარი, დამატებითი და დაუსწრებელი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება განჩინებებს, მათ არ გააჩნიათ თვისება, რაც აუცილებელია აღიარების მიზნებისათვის - ისინი არ წყვეტენ მხარეთა შორის წამოჭრილ დავებს არსებითად, ამრიგად, ისინი აღიარებას (ცნობას) არ ექვემდებარებიან. (იხ. დამატებით: ბ. ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009. გვ. 57-62).
17. განსახილველ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინებით, მართალია, გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მარტის სააპელაციო განჩინება, მაგრამ მშობლებს შორის შვილების შესახებ წამოჭრილი დავა ამავე სასამართლოს მიერ არსებითად არ გადაწყვეტილა, არამედ, საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს. ამრიგად, რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინება არ წარმოადგენს ცნობის საგანს, ვინაიდან მოკლებულია აღიარებაუნარიანობის თვისებას.
18. საგულისხმოა, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას მხოლოდ მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნის მიერ გამოტანილი მართლმსაჯულების აქტი, მოთხოვნის იურიდიული ბუნების გათვალისწინებით, შინაარსობრივად მოქმედების შესრულებას შეიცავს, მათ ასევე „მიკუთვნებითი“ გადაწყვეტილებებიც შეგვიძლია ვუწოდოთ (გოთუა ლ., „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2010, გვ.32). რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინება მხარისაგან მოქმედების შესრულების ვალდებულებას არ შეიცავს, ამდენად, იგი არ წარმოადგენს აღსრულების საგანს.
19. ამრიგად, რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინება არ წარმოადგენს მხარეთა შორის დავის გადაჭრის შემაჯამებელ, საბოლოო აქტს და იგი შინაარსობრივად არ მიეკუთვნება იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ან/და აღსრულებას ექვემდებარება, რაც წარმოდგენილი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
20. ამასთან, საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში მიუთითა, რომ სასამართლოში მოთხოვნის წარდგენისას იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით (იხ. სუსგ #ა-5646-შ-168-2019; 27/12/2019).
21. დადგენილია, რომ ტ.ს–ვას წარმომადგენელმა 2022 წლის 17 ოქტომბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინებაზე მითითებით და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 06 ივლისის განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის #ა-1522-შ-44-2022 განჩინებით ტ.ს–ვას განცხადება მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
ამდენად, ერთია, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული განჩინება არ ექვემდებარება აღიარებას, მეორეა, რომ შუამდგომლობის ავტორი კანონით დადგენილი წესით ვერ ასაბუთებს საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული განჩინების ცნობის შესახებ განცხადების იურიდიული ინტერესის არსებობას, რაც ასევე წარმოადგენს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
22. ცნობა-აღსრულების შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის №ა-1522-შ-44-2022 განჩინების მოქმედების შეჩერების შუამდგომლობაც, რაც შინაარსობრივად საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
24. პალატა განმარტავს, რომ დასაშვებობის ეტაპზე ძირითადი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, საპროცესო უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი შუამდგომლობა იზიარებს ძირითადი შუამდგომლობის ბედს, ამრიგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის №ა-1522-შ-44-2022 განჩინების მოქმედების შეჩერების შუამდგომლობაც ექვემდებარება განუხილველად დატოვებას.
25. შუამდგომლობის განუხილველად დატოვების გამო განმცხადებელს სრულად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის №ა-1522-შ-44-2022 განჩინების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 374-ე, 399-ე, 1991 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე და 52-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ.ს–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს №88-25366-2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. ტ.ს–ვას შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის №ა-1522-შ-44-2022 განჩინების მოქმედების შეჩერების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
3. ტ.ს–ვას (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ნ.დ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადახდო დავალება №0, რეფერენსი №1355158, გადახდის თარიღი: 04.11.2022წ., გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი