საქმე №ას-878-2022 09 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ს. მ-ნე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ა-ნა (მოსარჩელე), ა. მ-ნი, გ.კ-ნა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2020 წლის 04 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ე. ს. მ-ემ (შემდგომში - „განმცხადებელი“) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოითხოვა იმავე სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ განცხადებაზე მსჯელობისას მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
3.1. 03.09.2009წ. და 16.12.2010წ. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქობულეთი, ---- ქუჩა №---, ს.კ. ---- (ნაკვეთის ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 470,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1-44,9 კვ.მ და №2-29,4), ირიცხებოდა შ. ა-სა და განმცხადებლის თანასაკუთრებაში. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენდა 19.08.2009წ. ცნობა-დახასიათება გაცემული ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ტექ-ბიუროს არქივის მიერ (იხ. ტ. I, ს.ფ. 102);
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 06.05.2011წ. გადაწყვეტილებით (საქმე №---) ნ. ა-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა შ. ა-ის (გარდაცვალების თარიღი: 11.11.1994წ.) სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ქ. ქობულეთში, ---- ქ. №----ში მდებარე სახლთმფლობელობის (470,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები №1-44,9 კვ.მ და N2-29.4) ½ ნაწილი (იხ. ტ. I, ს.ფ. 114);
3.3. 01.11.2011წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქობულეთი, ----- ქუჩა №---, ს.კ. ---, ირიცხებოდა მოსარჩელისა და განმცხადებლის თანასაკუთრებაში ½ - ½ წილით. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი იყო - 19.08.2009წ. ცნობა-დახასიათება გაცემული ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ტექ-ბიუროს არქივის მიერ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 06.05.2011წ. №--- გადაწყვეტილება (იხ. ტ. I, ს.ფ. 52-53);
3.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 26.12.2014წ. განჩინებით ა. მ-სა და გ. კ-ას (შემდგომში ერთობლივად – „მოპასუხეები“) განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი იმავე სასამართლოს 06.05.2011წ. გადაწყვეტილება (საქმე №---) და მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2015წ. განჩინებით (იხ. ტ. I, ს.ფ. 38-51);
3.5. მოსარჩელემ 2015 წლის 12 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა: შ. ა-სა და ი. ა-ის ქორწინების მოწმობის (სერია ---- №----, სააქტო ჩანაწერი ---, გაცემის თარიღი 24.03.1995, ქორწინების თარიღი 27.12.1986) ყალბად აღიარება; მათ შორის ქორწინების სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარება; მოპასუხეებისათვის შ. ა-ის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და მოსარჩელის მიერ შ. ა-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა;
3.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3.7. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი;
3.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა; ქორწინების მოწმობა - ასლი - სერია --- №--- შ. ა-სა და ი. ა-ნს შორის აღიარებულ იქნა ყალბად; აღიარებულ იქნა მათ შორის ქორწინების არარსებობა; აღიარებულ იქნა, რომ მოპასუხეები არ არიან შ. ა-ის მემკვიდრეები; დადგენილ იქნა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს შ. ა-ის სამკვიდრო ქონება;
3.9. მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს საკასაციო საჩივარი;
3.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად;
3.11. 29.07.2017წ. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც 11.11.1994წ. გარდაცვლილი შ. ა-ის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ძმის შვილმა, მიიღო ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონება სრულად (იხ. ტ. IV, ს.ფ 19-22);
3.12. 27.12.2018წ. და 28.01.2019წ. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქობულეთი, ---- ქუჩა №---, ს.კ. ----, ირიცხება მოსარჩელისა და განმცხადებლის თანასაკუთრებაში ½ - ½ წილით. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს - 19.08.2009წ. ცნობა-დახასიათება გაცემული ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ტექ-ბიუროს არქივის მიერ და 29.07.2017წ. სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტ. IV, ს.ფ. 84-86);
3.13. ბათუმის საქალაქო სახალხო სასამართლოს 1989 წლის გადაწყვეტილების (№---) თანახმად (რომელზეც ყურადღებას ამახვილებს განმცხადებელი), სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შ. ა-ნი აღიარებულ იქნა ნახევარი სახლის მესაკუთრედ, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ქობულეთში, ---- ქუჩა №----ში და რომელიც ირიცხებოდა ა. ფ. ასული ს-ას სახელზე, პირადი საკუთრების უფლებით/ოთახი გეგმით №-, ფართობი 25,30 კვ.მ.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა სადავო უძრავი ქონების ის წილი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. განმცხადებლის განმარტებით, მოსარჩელის წილი სადავო უძრავი ქონებიდან ½ - ზე ნაკლებია და საჯარო რეესტრში მის საკუთრებად უსაფუძვლოდ დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი.
5. სააპელაციო პალატის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.11.2016წ. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ზოგადი ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მიიღო შ. ა-ის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, 29.07.2017 წელს ნოტარიუსის მიერ გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, არც სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და არც სამკვიდრო მოწმობაში კონკრეტულად არ არის მითითებული, რას შეადგენდა სამკვიდრო ქონება. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ზემოთ მითითებული ზოგადი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე: ქობულეთი, ---- ქუჩა №----, ს.კ. ----, ½ ნაწილი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებაში. ამდენად, ეს გარემოება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი და მოკვლეული მასალების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის კანონიერების შემოწმება მოცემული წარმოების ფარგლებში დაუშვებელია.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაშინ როცა მოსარჩელის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა მის მიერ მამკვიდრებლის ქონების (სამკვიდროს) მიღების ფაქტის დადგენას, ხოლო განმცხადებელი ამ დავაში ვერანაირად ვერ მოიაზრებოდა შ. ა-ის მემკვიდრეთა რიცხვში, იგი ვერ იქნებოდა მხარე/დაინტერესებული პირი მოცემული სამართალწარმოების პროცესში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას მას ვერ მოიწვევდა. აღნიშნული გამორიცხავს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების გაზიარებისა და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სახალხო სასამართლოს 1989 წლის გადაწყვეტილებით შ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას საკუთრების უფლებით მიეკუთვნა მხოლოდ ერთი ოთახის, 29,4 კვ.მ-ის ნახევარი და არა მიწა და 44,9 კვ.მ ფართი, რაც განმცხადებლის საკუთრებაში და მფლობელობაშია. თუმცა, მოსარჩელეს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ წარუდგენია. განმცხადებელი არის უძრავი ქონების, მდებარე: ქობულეთი, --- ქუჩა №---, ½ იდეალური წილის მესაკუთრე. იმავდროულად, იმავე მისამართზე ½ წილს ფლობს მოსარჩელე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება შეეხო განმცხადებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ვინაიდან მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლომ მემკვიდრეობის უფლება დაუდგინა იმაზე მეტ ქონებაზე, რაც შედიოდა შ. ა-ის სამკვიდრო მასაში. შესაბამისად, მოსარჩელე ამჟამად ნაცვლად 12,65 კვ.მ ფართისა, წარმოადგენს მთლიანი ქონების ½ წილის მესაკუთრეს, რაც არ შედიოდა მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში. განმცხადებელი საქმეში თუნდაც მესამე პირად რომ ყოფილიყო ჩართული, ის, რა თქმა უნდა, წარადგენდა ბათუმის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობა ეჭქვეშ დადგებოდა.
9. კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, განმარტავს, რომ 1989 წლის 13 სექტემბერს მან ა. ს-ან შეიძინა ქობულეთში, ---- ქუჩა №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი - 25 კვ.მ-დან ნახევარი, 12,5 კვ.მ დამხმარე სათავსო და 41,4 კვ.მ ფართის ცალკე მდგომი ნაგებობა, განლაგებული 367 კვ.მ მიწაზე. ამ მოცემულობით კი, მოპასუხეს სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მიეკუთვნა განმცხადებლის მიერ შეძენილი ქონება. ამდენად, მართალია, განმცხადებელი არ წარმოადგენს შ. ა-ის მემკვიდრეს და შეიძლება პრეტენზია არ ჰქონოდა მის მემკვიდრეობაზე, თუმცა მას სადავო ქონებაზე ქონებრივი პრეტენზია გააჩნდა, რის გამოც სახეზე იყო მისი საქმეში დაინტერესებულ პირად მიწვევის სამართლებრივი საფუძველი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობაზე და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის მართლზომიერება წარმოადგენს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით რეგლამენტირებულია შემთხვევები, რა დროსაც შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე) განცხადების წინამძღვრები.
15. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
16. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. მისი მტკიცებით, იგი საქმის განხილვაში მიწვეული უნდა ყოფილიყო მოპასუხედ ან მესამე პირად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილმა შედეგმა გავლენა იქონია მის საკუთრების უფლებაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა განმცხადებელი ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ სუბიექტს.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; ან პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვინ არის მხარე ან/და ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით, სამოქალაქო დავაში მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე (განმცხადებელი), რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად და მოპასუხე, რომლის მიმართაც არის აღძრული სარჩელი (განცხადება).
21. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ განმცხადებელი წინამდებარე საქმეში არ წარმოდგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მხარეს.
22. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს, ის შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი. რაც შეეხება მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მათ დავის საგანთან მიმართებაში დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამიტომ ასეთ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილება „უშუალოდ“ ვერ შეეხება.
23. აღნიშნული ნორმის ამგვარ განმარტებას მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველყოფად, რადგან თუკი დავუშვებთ, რომ პირი, რომელსაც დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნია და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება არა აქვს, უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ პირთა უფლება, ვისაც უშუალოდ ეხება ეს გადაწყვეტილება. ამით საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების საიმედოობას, რადგან ასეთი მესამე პირები აღიჭურვებიან მხარის ყველა საპროცესო უფლებით. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია სამართლის თეორიაში აღიარებული სამართლის ნორმის განმარტების „მით უფრო მეტის“ ლოგიკური პრინციპი, რომლის თანახმად, თუ მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ შეუძლია გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება, მაშინ მას მით უმეტეს არ შეუძლია მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა (იხ. სუსგ საქმე №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).
24. წინამდებარე საქმეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა შ. ა-სა და ი. ა-ის ქორწინების მოწმობის სიყალბე; აღიარებულ იქნა, ასევე, მათ შორის ქორწინების არარსებობა; აღიარებულ იქნა, რომ მოპასუხეები არ არიან შ. ა-ის მემკვიდრეები და დადგინდა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს შ. ა-ის სამკვიდრო ქონება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიერ მხოლოდ სამკვიდროს მიღების ფაქტი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში არ არის მითითება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის კონკრეტული სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ. არამედ, მითითება არის ზოგადი, რაც მთლიანად, არსებულ სამკვიდროს მოიაზრებს. წინამდებარე საქმეში დავის საგანი არ ყოფილა ის გარემოება, თუ რა ქონება მოიაზრება კონკრეტულად სამკვიდრო მასაში და ის არც სასამართლოს განუსაზღვრავს.
26. დადგენილია, ასევე, რომ 29.07.2017 წელს მოსარჩელის მიმართ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა, როგორც 11.11.1994 წელს გარდაცვლილი შ. ა-ის მე-2 რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ძმის შვილმა, მიიღო ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონება სრულად; საქმეში არსებული 28.01.2019წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, ---- ქუჩა №---, ½ წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო ½ წილის მესაკუთრეს განმცხადაბელი. მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია 29.07.2017წ. სამკვიდრო მოწმობა.
27. ამდენად, მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, ---- ქ. №---, ½ წილის საკუთრებაში დარეგისტრირება განხორციელდა სამკვიდრო მოწმობის და არა სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა იმის დაზუსტება თუ რას შეადგენდა სამკვიდრო ქონება. სამკვიდრო ქონების დაზუსტება არ მომხდარა არც სამკვიდრო მოწმობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხს, რომლის შემოწმებაც მოცემული წარმოების ფარგლებში დაუშვებელია.
28. საკასაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, განმცხადებელი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ½ იდეალური წილის მესაკუთრეს, ხოლო მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა, ასევე, აღნიშნული ქონების ½ იდეალური წილი. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია განმცხადებლის მითითება, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ქონება ფარავს მის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ქონებას.
29. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში არსებული 03.09.2009წ. და 16.12.2010წ. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქობულეთი, ---- ქ. №---, იმ დროისათვის საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შ. ა-სა და განმცხადებლის საკუთრებაში, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 19.08.2009წ. ცნობა-დახასიათება, გაცემული ქობულეთის სარეგისტრაციუო სამსახურის ტექ-ბიუროს არქივის მიერ. ამდენად, სამკვიდრო მოწმობის გაცემისა და სადავო ქონების რეგისტრაციის მომენტისათვის აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირცხული იყო მამკვიდრებლის - შ. ა-ის საკუთრების უფლებით, ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. ს. მ-ეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი