Facebook Twitter

საქმე №ას-1090-2018 13 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. წ-ის უფლებამონაცვლე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. ს-ლი, ვ. ს-ლი, თ. დ-ლი (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხე - გ. ს-ლი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.10.2014წ. გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.04.2015წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ლს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მოვალე“) გ. წ-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. №---- და №---- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე მოვალის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 09.12.2015წ. აქტით, დაყადაღდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ყაზბეგი, სოფ. ------, განთავსებული მოვალის შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“, თეთრი ფერის, მეორადი; 2. სარეცხი მანქანა ,,BOSCH“, თეთრი ფერის, მონიტორით, მეორადი; 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,BOSCH“, თეთრის ფერის, მეორადი; 4. მაცივარი ,,HISENSE”, ვერცხლისფერი, საშუალო ზომის, მეორადი; 5. მაცივარი ,,BEKO”, ორკამერიანი, თეთრი ფერის, მეორადი; 6. შავი ფერის გაზქურა; 7. ტელევიზორი ,,LG”, ნაცრისფერი, პატარა ზომის, მეორადი; 8. ტელევიზორი ,,აკირა”, ნაცრისფერი, მეორადი; 9. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, ნაცრისფერი, მეორადი; 10. ტელევიზორი ,,კორფუჯი”, შავი ფერის, მეორადი; 11. პლაზმური ტელევიზორი ,,ტოშიბა”, შავი ფერის, მეორადი; 12. თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი, მეორადი; 13. ხორცის საკეპი მანქანა ,,ომეგა”, თეთრი ფერის, მეორადი; 14. მიკროტალღური ღუმელი ,,ეფბა”, მუქი ყავისფერი, მეორადი; 15. გაზქურა ,,ბეკო”, თეთრი ფერის, მეორადი; 16. მაცივარი ,,უგურ”, გამჭირვალე შუშის კარით, მეორადი; 17. კედლის ხალიჩა ჭრელი, მეორადი; 18. დაკომპლექტებული პერსონალური კომპიუტერი მეორადი; 19. პიანინო ,,პეტროფი”, ყავისფერი, მეორადი; 20. სამეული ჭრელი, ყვავილებით, მეორადი.

3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 21.12.2015წ. აქტით დაყადაღდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, --- ---- მე--- კვ., კორპ. №---, ბინა --, განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ,,DAEWOO”, 7 კგ, ვერცხლისფერი, მეორადი; 2. მაცივარი ,,ბეკო”, ორკამერიანი, ვერცხლისფერი, მეორადი; 3. ნოუთბუქი ,,სამსუნგი”, შავი ფერის, მეორადი; 4. კომპიუტერის მაგიდა ღია ყავისფერი, მეორადი. 5. კომბაინი (პრინტერი, ქსეროქსი) ,,HP”. შავი ფერის, მეორადი; 6. პლაზმური ტელევიზორი ,,სამსუნგი”. შავი ფერის, მეორადი; 7. კომოდი ყავისფერი, მეორადი; 8. სამეული ,,ბეჟი ფერი” (ასეა მითითებული), ნაჭრის, მეორადი; 9. მიკროტალღური ღუმელი ,,ილკაი”, ძველი; 10. გაზის წყლის გამათბობელი ,,ეკო”. ვერცხლისფერი, მეორადი.

4. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 04.03.2016წ. აქტით დაყადაღდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ყაზბეგი, სოფ. ----, განთავსებული შემდეგი ნივთები: 1. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, „ტრილიაჟი“, ერთი ტუმბო) ღია ყავისფერი; 2. საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, „ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა) მეორადი, ყავისფერი; 3. ორსართულიანი საწოლი, ყავისფერი, მეორადი; 4. ავეჯი ე.წ. ,,კედელი’’, ყავისფერი, მეორადი; 5. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მეტალის, მეორადი; 6. ჭაღი ხუთნათურიანი, ოქროსფერი, მოშავო, მეტალის, მეორადი; 7. ჭაღი ერთნათურიანი, მრგვალი, მინის; 8. ჭაღი ორნათურიანი, ვერცხლისფერი, მეტალის, მეორადი.

5. საცხოვრებელი სახლი (მდებარე: ყაზბეგი, სოფელი ---, ს.კ. №-----), სადაც განთავსებულია 09.12.2015წ. და 04.03.2016წ. აქტებით დაყადაღებული ნივთები, 2013 წლის 26 აგვისტოდან რეგისტრირებულია ქ. ს-ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე), ვ. ს-ის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და მ. ს-ის თანასაკუთრებად. 2013 წლის 17 იანვრის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო პირველი მოპასუხისა და პირველი მოსარჩელის თანასაკუთრებად.

6. საცხოვრებელი ბინა (მდებარე: ქ. თბილისი, --- --- მე-- კვ., კორპ. №--, ბინა --, ს.კ. №----), სადაც განთავსებულია 21.12.2015წ. აქტით დაყადაღებული ნივთები, რეგისტრირებულია მეორე მოსარჩელის საკუთრებად.

7. პირველი მოპასუხე, რომლის დავალიანების აღსრულების მიზნითაც დაყადაღა მოძრავი ნივთები, დაბადებულია 1935 წლის 07 ნოემბერს. მოსარჩელეები არიან მისი შვილები.

8. სოფელ ---- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული ნივთები, პირველი და მეორე მოსარჩელეები 4-5 წელია ფლობენ საოჯახო ტიპის სასტუმროს, საიდანაც იღებენ შემოსავალს.

9. პირველმა და მეორე მოსარჩელემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვეს: შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, №---- და №---- სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, 04.03.2016წ. აქტის საფუძველზე დაყადაღებული მათი კუთვნილი მოძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

10. პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. ხოლო, მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

11. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმე №---- (მოსარჩელეები - პირველი და მეორე მოსარჩელეები და თ. დ-ლი (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“); მოპასუხეები - მოპასუხეები), სადაც სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებას, რომლებიც დაყადაღდა 09.12.2015წ. და 21.12.2015წ. აქტებით და სამოქალაქო საქმე №---- (მოსარჩელეები - პირველი და მეორე მოსარჩელეები, მოპასუხეები - მოპასუხეები), სადაც სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებას, რომლებიც დაყადაღდა 04.03.2016წ. აქტის საფუძველზე და საქმეს მიენიჭა ერთიანი სტატისტიკური სააღრიცხვო ნომერი №-----

12. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა და ყადაღისგან გათავისუფლდა 09.12.2015 წელს და 21.12.2015 შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ №---- და №---- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღსრულების მიზნით დაყადაღებული წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოძრავი ნივთები და ეს ნივთები ამოირიცხა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან; ასევე, დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოსარჩელეების სარჩელი და ყადაღისგან გათავისუფლდა 04.03.2016 წელს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ იმავე სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღსრულების მიზნით დაყადაღებული, წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთები და ეს ნივთები ამოირიცხა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან.

13. მეორე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღისგან გათავისუფლდა 09.12.2015 წელს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ №---- და №---- სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღსრულების მიზნით დაყადაღებული მოძრავი ნივთები, გარდა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული მე-2, მე-5, მე-9 და მე-15 ნივთებისა და ეს ნივთები ამოირიცხა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან; ასევე, ყადაღისგან გათავისუფლდა 21.12.2015 წელს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ იმავე სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღსრულების მიზნით დაყადაღებული მოძრავი ნივთები, გარდა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული მე-9 ნივთისა და ეს ნივთები ამოირიცხა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან; პირველი და მეორე მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღისგან გათავისუფლდა 04.03.2016 წელს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ იმავე სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღსრულების მიზნით დაყადაღებული მოძრავი ნივთები, გარდა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული მე-2 ნივთისა და ეს ნივთები ამოირიცხა დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან.

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე, 186-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ქონების დაყადაღების აქტებში მითითებული ნივთების უმეტესი ნაწილი შეიძინეს მოსარჩელეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რითაც მათ ამ ნივთებზე საკუთრების უფლება წარმოეშვათ, ხოლო მათი ნაწილი კი პირველ მოსარჩელეს მიღებული აქვს ჩუქებით. ამასთან, უდავოა, რომ სოფელ ---- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული ნივთები, პირველი და მეორე მოსარჩელეები 4-5 წელია ფლობენ საოჯახო ტიპის სასტუმროს, საიდანაც იღებენ შემოსავალს.

17. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაყადაღებული საოჯახო ნივთების გარკვეული ნაწილი მათი დანიშნულების, სახეობებისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება ტურისტულად აქტიურ ზონაში საოჯახო ტიპის სასტუმროს საქმიანობას. მოსარჩელეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითა და საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებებით (სასაქონლო ზედნადებები და სხვა) მთლიანობაში დამაჯერებლად დაასაბუთეს 2015 წლის 09 და 21 დეკემბერს, ასევე, 2016 წლის 04 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული: წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული პირველი, მე-3-4, მე-6-8, მე-10-14, მე-16-20 მოძრავი ნივთების; წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პირველი, მე-2-8, მე-10 მოძრავი ნივთებისა და წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული პირველი, მე-3-8 მოძრავი ნივთების თაობაზე სარჩელში მითითებული გარემოებები, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

18. რაც შეეხება 2015 წლის 09 და 21 დეკემბერს, ასევე, 2016 წლის 04 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებულ, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ მე-2, მე-5, მე-9 და მე-15 მოძრავ ნივთებს; წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ მე-9 მოძრავ ნივთს და წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ მე-2 მოძრავ ნივთს, მოვალის/პირველი მოპასუხის ასაკის, ასევე, ზემოაღნიშნული ნივთების, როგორც აუცილებელი საოჯახო ნივთების დანიშნულებისა და მათი აღწერის ადგილას მოვალის წლების განმავლობაში ცხოვრების ფაქტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ივარაუდა, რომ ნივთები სწორედ მოვალის საკუთრებას წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერა-დაყადაღების დროისათვის უძრავი ქონება, სადაც სადავო ნივთებია განლაგებული, აღარ წარმოადგენდა პირველი მოპასუხის საკუთრებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთები წარმოადგენენ საოჯახო მოხმარების ნივთებს, რომელთა არქონის შემთხვევაშიც, თითქმის შეუძლებელია მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. იმგვარი საოჯახო ნივთების გარეშე როგორიცაა - სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, საწოლი, ,,ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა, შეუძლებელი იქნებოდა საცხოვრებელი პირობების შექმნა და უძრავი ქონებით სარგებლობა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექვსი მოძრავი ნივთის ნაწილში, კერძოდ: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, საწოლი (,,ტრილიაჟი“, ტანსაცმლის კარადა), სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

20. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

21.1. 2016 წლის 04 მარტს დაყადაღებული მოძრავი ქონება შეძენილია პირველი მოპასუხის მიერ 2011-2012 წლებში, ანუ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი იყო იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც ეს ნივთებია განლაგებული. შესაბამისად, მათ მესაკუთრეს პირველი მოპასუხე წარმოადგენს;

21.2. საქმეში არ არის წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2015 წლის 09 დეკემბერს და 21 დეკემბერს დაყადაღებული მოძრავი ქონება მოსარჩელეთა საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული ნივთებიც პირველ მოპასუხეს ეკუთვნის, რომელიც 60 წელია ცხოვრობს ყაზბეგის რაიონის სოფელ -----;

21.3. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვალა მეორე მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და იგი ბაჟის გადახდისგან არ გაათავისუფლა. მეორე მოპასუხე წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს, რის გამოც იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლებულიყო;

21.4. რაც შეეხებათ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ პირებს, გ. გ-ძე არ ცხოვრობს ყაზბეგის რაიონის სოფელ ----- და დასაქმებულია პირველ მოსარჩელესთან, ხოლო ფ. ს-ლი პირველი მოპასუხის ძმათა შვილი და ახლო ნათესავია, რომელიც ამ უკანასკნელს არ ელაპარაკება და ასევე დასაქმებულია პირველ მოსარჩელესთან ტურისტულ ბიზნესში;

21.5. გ. გ-ემ ვერ დაადასტურა, რომ 2015 წლის 09 დეკემბერს დაყადაღებული ნივთები ეკუთვნით მოსარჩელეებს, გარდა გაზქურისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანისა, რომელიც, მისი გადმოცემით, პირველ მოსარჩელეს ეკუთვნის. მან, ასევე, ვერ დაადასტურა, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს და 2016 წლის 04 მარტს დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეებს ეკუთვნით, ვინაიდან ის არ არის ნივთების განლაგების ადგილას ნამყოფი;

21.6. მოწმე ფ. ს-მა ვერ დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეებს ეკუთვნით, გარდა პიანინო „პეტროფის“, ხალიჩის, გაზქურის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის, სარეცხი მანქანა „დაევოსის“, საძინებლის - ე.წ. კედლისა და კომპიუტერისა, რომლებიც, მისი გადმოცემით, პირველ მოსარჩელეს ეკუთვნის;

21.7. პირველმა მოპასუხემ მისი კუთვნილი უძრავი ქონება ფიქტიურად აჩუქა თავის შვილებს, რათა არ მომხდარიყო მათი რეალიზაცია, თუმცა ამ ქონებით რეალურად იგი სარგებლობს;

21.8. სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო 11.01.2013წ. და 26.08.2013წ. ჩუქების ხელშეკრულებები, როგორც მოჩვენებითად და თვალთმაქცურად დადებული გარიგებები.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით კასატორის გარდაცვალების გამო, შეჩერდა წინამდებარე საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს შვიდი თვის ვადით.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერება გაგრძელდა დამატებით ორი თვის ვადით, კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერება გაგრძელდა დამატებით სამი თვის ვადით, კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით განახლდა წინამდებარე საქმის წარმოება და კასატორის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „კასატორი“ ან „კასატორის უფლებამონაცვლე“), რომელმაც მხარი დაუჭირა კასატორის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

32. კასატორი დავობს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი, გარკვეული ცდომილების შედეგად, მოვალის ქონებად მიიჩნევა (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან განთავისუფლება (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-1777-1755-2011, 04 ივნისი, 2012 წელი; №ას-1107-1027-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ იმგვარი მოძრავი ნივთები, რომლებიც განკუთვნილია მთავარი ნივთის - საცხოვრებელი სახლის უკეთ გამოყენებისთვის, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით განსაზღვრული მთავარი ნივთის - უძრავი ქონების საკუთვნებელს და იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონება, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს მოვალე, ეკუთვნის არა მას, არამედ მოსარჩელეს, წარმოადგენს იმ პრეზუმფციის საფუძველს, რომ საკუთვნებელიც მთავარი ნივთის მესაკუთრის მიერ არის შეძენილი ქონებით სარგებლობისთვის.

35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნაწილის მოსარჩელეებისადმი კუთვნილების ფაქტი. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულებები. მხოლოდ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, სადაც დაყადაღებული მოძრავი ქონება არის განთავსებული, წარსულში პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

36. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში უნდა შეეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე მოპასუხე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაეთავისუფლებინა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ მცირედ ნაწილში შეიცვალა აღნიშნული გადაწყვეტილება), შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა მოპასუხეს.

37. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო მხარეთა შორის 11.01.2013წ. და 26.08.2013წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულებები, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს ჩუქების ხელშეკრულებების ბათილობა არ წარმოადგენს, შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო აღნიშნული ხელშეკრულებების მართლზომიერებაზე ვერ იმსჯელებდა.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

40. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1158-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-1652-2018, 24 აპრილი, 2019 წელი; №ას-656-2019, 27 ივნისი, 2019 წელი; №ას-32-2019, 05 ივლისი, 2019 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორის უფლებამონაცვლე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. წ-ის უფლებამონაცვლის – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ. წ-ის უფლებამონაცვლე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე