საქმე № ას-1149-2021 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „----“ თ-----ენი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. და შ. ვ-ლი (გ. ვ-ის უფლებამონაცვლეები), ბ. ნ-ძე, დ. ფ-ძე, ა. ი-ძე, გ. ტ-ძე, ა. მ-ძე, რ. კ-ია, ო. კ-ნი, ო. კ-ლი, გ. ხ-ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გაზრდა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „---- თ-----ის“ (შემდეგში: „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე კომპანიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ვ-ის, ბ. ნ-ის, დ. ფ-ის, ა. ი-ის, გ. ტ-ის, ა. მ-ის, რ. კ-ას, ო. კ-ის, ო. კ-ისა და გ. ხ-ის (შემდეგში: „მოსარჩელეები“) სარჩელი და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა როგორც მიუღებელი, ასევე, გაზრდილი სარჩოს გადახდა.
2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხის დავალიანების არსებობის ფაქტი მაშინ, როდესაც კომპანია პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და ყოველთვიურად უხდის მოსარჩელეებს სარჩოს იმ ოდენობას, რაც მათივე სპეციალობის მუშაკს ჰქონდა ფაქტობრივი ხელფასის სახით. ამჟამად კი მოსარჩელეთა მიერ ადრე დაკავებული პოზიციების მსგავს პოზიციებზე კომპანიაში მუშაკები დასაქმებული არ არიან, რაც გამორიცხავს ყოველთვიურად ასანაზღაურებელი სარჩოს გადაანგარიშებას. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლი და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხისთვის 2003 წლიდან 2018 წლის ბოლომდე სხვაობის ანაზღაურების დაკისრებას და მიუთითებდნენ კონკრეტულ თანხას, სასამართლოებმა კი რატომღაც მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ გაზრდილი სარჩოს დანიშვნას სარჩელის აღძვრიდან. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებაც, რომ კომპანიაში 5 დღიანი სამუშაო კვირა კი არ განისაზღვრა, არამედ გაიწერა გრაფიკი სამუშაო საათების მიხედვით, რაც არანაირ კავშირში არ არის 5 დღიან და 40 საათიან სამუშაო კვირასთან, ვინაიდან დასაქმებული ანაზღაურებას იღებს ნამუშევარი საათების მიხედვით და ეს შეიძლება იყოს კვირაში, 10, 20, 30 და ა.შ, არაუმეტეს 41 საათისა. მოსარჩელე ბ. ნ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მას 2004 წლიდან შეწყვეტილი აქვს სარჩოს მიღება, ხოლო წინამდებარე სარჩელი შეტანილია 2019 წელს (10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით).
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციაზე შესაბამისი თანრიგებით. საწარმოში მუშაობისას თითოეულ მათგანს მიღებული აქვს საწარმოო ტრავმა. მოსარჩელეები მოპასუხისგან სარჩოს სახით ყოველთვიურად იღებენ გარკვეულ (არაფიქსირებულ) თანხებს;
7.2. მოსარჩელეებს მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის (მეორე ჯგუფი) სტატუსი უვადოდ;
7.3. მოპასუხეს თითოეული მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს ყოველთვიურად გადასახდელი მიმდინარე სარჩო და რაიმე მიმდინარე დავალიანება არ ეკისრება;
7.4. მოპასუხე ორგანიზაციაში შეცვლილი შრომის ანაზღაურების და 5 სამუშაო დღის გათვალისწინებით, მოსარჩელე გ. ვ-ვის, ა. ი-ვის და ა. მ-ვის მოპასუხის მიერ გადასახდელი ყოველთვიური გაზრდილი სარჩოს ოდენობა (გარდა იმ თანხისა რასაც მოპასუხე ნებაყოფლობით უხდის მათ ყოველთვიურად) შეადგენს 122 ლარს, მოსარჩელე ბ. ნ-ვის გადასახდელი გაზრდილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენს 332 ლარს, მოსარჩელე ო. კ-ვის გადასახდელი გაზრდილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენს 80.5 ლარს, ხოლო მოსარჩელეების გ. ტ-ის, გ. ხ-ის და დ. ფ-ის, რ. კ-ას და ო. კ-ის მიმართ გადასახდელი გაზრდილი სარჩოს ოდენობა შეადგენს 80 ლარს;
7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე გ. ვ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ - ლ. ვ-ლი და შ. ვ-ლი.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებებსა და შეფასებებზე და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურდათ, უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.2 (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკის მიხედვით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტით მუშაკისათვის დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. აღნიშნულ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ამოღებულ იქნა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტი. 2007 წლის 6 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის #93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით კი, დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნული დადგენილებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების წესები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით (შდრ: იხ. სუსგ საქმე #ას-169-497-09, საქმე #ას-939-889-2015; საქმე #ას-84-80-2016).
10. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირაა დაკავშირებული დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას.
11. სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: იხ. სუსგ საქმე #ას-169-497-09, საქმე#ას-939-889-2015; საქმე#ას-84-80-2016).
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული სატარიფო განაკვეთები არ შეესაბამება კომპანიაში არსებულ დაანგარიშების წესსა და პირობებს. ამასთან, მოსარჩელეთა მიერ ადრე დაკავებული პოზიციების მსგავს პოზიციებზე ამჟამად მოპასუხე კომპანიაში მუშაკები დასაქმებული არ არიან, რაც გამორიცხავს ყოველთვიურად ასანაზღაურებელი სარჩოს გადაანგარიშებას.
13. მითითებული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის შინაარსს და იმსჯელებს მის არსზე.
14. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში, მოპასუხის გადასაწყვეტია, თუ რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
15. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ., პ. 202).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი) (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 214). საკასასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (სუსგ №ას-354-2021, 25.06.2021წ., პ. 101, 102).
18. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშებისა და გაზრდილი ოდენობით დაკისრების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნას მოპასუხე კომპანია კვალიფიციურად არ შედავებია. უფრო მეტიც, მოპასუხის წარმომადგენელმა პირველად სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განაცხადა იმის შესახებ, რომ ორგანიზაციაში ამჟამად აღარ არსებობს ის თანრიგები და პროფესიები, რომლებიც დაკავებული ჰქონდათ მოსარჩელეებს, რაც კუთვნილი სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნას ართმევდა მათ. საკასაციო პალატა თვლის, რომ პროცესის სათანადო ეტაპზე კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს და მით უფრო, არსებითად ვერ შეაფასებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
19. უსაფუძვლოა ასევე, კასატორის მორიგი პრეტენზია მოსარჩელეთა მიერ მითითებული სატარიფო განაკვეთებისა და კომპანიაში არსებული დაანგარიშების წესისა და პირობების შეუსაბამობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალურ წესზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან გარდა საკუთარი განმარტებისა, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა, მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
20. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელეებმა უზრუნველყვეს იმგვარი დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაარწმუნებდა სასამართლოს დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებისა და მისი მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლის არსებობაში. კასატორმა კი ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 828.40 ლარის 70% - 1 979.88 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „----“ თ----ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „---“ თ----ნს (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2021 წლის 30 სექტემბერი), 2 828.40 ლარის 70% - 1 979.88 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ.მიქაბერიძე