Facebook Twitter

საქმე №ა-3084-შ-87-2022 16 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე.ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ბალაშიხინსკის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე.ბ–მა 2022 წლის 14 ივნისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ბალაშიხინსკის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად; ამასთან, ე.ბ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ბალაშიხინსკის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა.ა–ს აეკრძალა დ.ა–ის (დაბ. 17.09.2012წ.) საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.

აღნიშნული განჩინებებისა და შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარისთვის ჩაბარება შუამდგომლობაში დაფიქსირებულ მისამართზე (თბილისი, .....) ვერ მოხდა. შედეგად, საკასაციო პალატამ 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით გზავნილის ა.ა–ისთვის ჩაბარება თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაავალა, მაგრამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის 2022 წლის 27 ივლისის ოქმის მიხედვით, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება, ასევე, ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ა.ა–ის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის სასამართლოში წარმოდგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 11 ოქტომბრის წერილის თანახმად, ა.ა–ი საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელად შემოვიდა 2019 წლის 8 ოქტომბერს და იმავე დღეს დატოვა საქართველო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა დ.ა–ის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის, საზღვრის კვეთისას მისი თანმხლები სრულწლოვანი პირის და საქართველოში არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის სასამართლოში წარმოდგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 25 ოქტომბრის წერილის თანახმად, დ.ა–ი საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელად შემოვიდა 2021 წლის 23 სექტემბერს და 2022 წლის 21 აპრილს დატოვა საქართველო.

2022 წლის 16 ნოემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ე.ბ–ის წარმომადგენელმა - დ.ა–ვამ, რომელმაც დ.ა–ის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ ე.ბ.ის წარმომადგენლის - დ.ა–ვას განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხების გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამრიგად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გადაწყვეტისას, სპეციალურ კანონმდებლობასთან ერთად, პროცესუალური საკითხების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე, რომლის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის; ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად და შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამდენად, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 831-ე, 284-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ბ.ის წარმომადგენელ დ.ა–ვას განცხადება რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ბალაშიხინსკის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ბალაშიხინსკის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ე.ბ.ის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად და შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა.ა.ს აეკრძალა დ.ა–ის (დაბ. 17.09.2012წ.) საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე