Facebook Twitter

ას-92-2022

25 მაისი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარეები (განმცხადებლები) – მ.ვ–ა, გ.ჭ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გაუქმება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ნაწილში

დავის საგანი _ არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე (გაყიდვაზე) თანხმობის გაცემა/აღსრულების მონიტორინგი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 29 ოქტომბერს, მ.ვ–ამ და გ.ჭ–ამ განცხადებით მიმართეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს, არასრულწლოვანი შვილების - ა.ჭ–ასა და ა.ჭ–ას სახელზე რიცხული (თანასაკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (მდებარე: წალენჯიხა, ........ ს/კ: ......) განკარგვაზე (ნასყიდობის გზით) თანხმობის მისაღებად.

1.1.განმცხადებლების განმარტებით, ისინი არიან აფხაზეთიდან დევნილები. 2005 წლის 03 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი შვილი: 2006 წელს დაბადებული ა.ჭ–ა და 2009 წელს დაბადებული ა.ჭ–ა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ოჯახს გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: წალენჯიხა, ....... ს/კ: ...... აღნიშნული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია განმცხადებლებისა და მათი შვილების საკუთრებად. ფართის სიმცირის გამო, ამ ბინაში ოჯახმა ცხოვრება ვერ შეძლო და უკვე წლებია ცხოვრობენ ქ. ჯვარი, ......, რომელიც ფაქტობრივად შეისყიდა ოჯახმა, მაგრამ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის გადასახდელია თანხის დარჩენილი ნაწილი. ამისთვის კი, ესაჭიროებათ წალენჯიხის რაიონის სოფელ ...., მდებარე მათი კუთვნილის ბინის (ს/კ: ......) გაყიდვა და მიღებული თანხით მათთვის სასურველი ბინის დარჩენილი ღირებულების გადახდა, რაც ბავშვების უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია და მათ საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

2. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი, რომლის წარმომადგენელიც დაეთანხმა სოციალური მუშაკის მიერ შედგენილ დასკვნას სადაც აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნებს და მშობლებს გააზრებული აქვთ მათ თანასაკუთრებაში არსებული სახლის გაყიდვის მიზანშეწონილობა, აღნიშნული ხელს შეუწყობს არასრულწლოვნების ინტერესების დაცვასა და კეთილდღეობას.

3. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, ა.ჭ–ასა და ა.ჭ–ას დაენიშნათ ადვოკატი იურიდიული დახმარების სამსახურიდან. არასრულწლოვნების ადვოკატის განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისება არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნების ინტერესებს.

4. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.ვ–ასა და გ.ჭ–ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მ.ვ–ასა და გ.ჭ–ას მიეცათ თანხმობა არასრულწლოვანი შვილების: ა.ჭ–ასა და ა.ჭ–ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე:წალენჯიხა, სოფელი ......, ს/კ: ......) განკარგვაზე (ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით); ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის ვადად განისაზღვრა 6 თვე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან; ამასთან, განმცხადებლებს დაევალათ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ცენტრს, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს წარუდგინონ ინფორმაცია არასრულწლოვანის ქონების გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობით - ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე ქონების რეალიზაციიდან 1 წლის ვადაში.

5. სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მ.ვ–ასა და გ.ჭ–ას ჰყავთ ორი შვილი: ა.ჭ–ა (დაბადებული: 25.08.2006 წ.) და ა.ჭ–ა (დაბადებული: 20.09.2009 წ.).

5.2. საცხოვრებელი ბინა, რომლის თანამესაკუთრეები არიან არასრულწლოვნები - ავთანდილ და ა.ჭ–ები (მდებარე: წალენჯიხა, სოფელი ......, ს/კ: ......), მათ გადაეცათ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 28 მარტს, მაგრამ ფართის სიმცირის გამო ამ ბინაში არ უცხოვრიათ.

5.3. მშობლებს განზრახული აქვთ ამ ქონების გასხვისება და მიღებული თანხის არასრულწლოვანთა ინტერესებისთვის გამოყენება, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის საფასურის სრულად დაფარვა.

5.4. ოჯახი წლებია ცხოვრობს ქ. ჯვარი, ......, რომელიც 2021 წლის 28 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია მ.ვ–ას საკუთრებად (ს.კ ......).

5.2. სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებული რისკების გათვალისწინებით, ბავშვების ინტერესებში იყო მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათ მომავალზე ორიენტირებული ხარჯების დაფინანსება. ამასთან, ბავშვების საუკეთსო ინტერესების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ განმცხადებლებს დაავალა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრს და გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს წარუდგინონ ინფორმაცია არასრულწლოვნების ქონების გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე, ქონების რეალიზაციიდან 1 წლის ვადაში.

6. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრსისათვის ინფორმაციის წარდგენის დავალების ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სააგენტომ. შესაბამისად, არასრულწლოვნის ქონების გასხვისების შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია და ბავშვის უფლებათა შესახებ კოდექსი განამტკიცებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედების ვალდებულებას, რის გამოც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს აქტიური მოქმედებები და შეიმუშაოს არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის სრულფასოვნად დასაცავად, სასამართლომ სწორად დაადგინა განმცხადებლების მიერ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რათა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ცენტრმა განახორციელოს არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (მონიტორინგი).

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის განჩინება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

10. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის კონტროლის დავალების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან კანონმდებლობით არ რეგულირდება სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ არასრულწლოვნის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული სარგებლის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგის/კონტროლის წესი, პირობები და რეაგირების მექანიზმები. ამასთან, სააგენტოს არც შესაბამისი რესურსი გააჩნია. ამდენად, სასამართლოს დავალების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელი იქნება.

10.2. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემამდე სასამართლო იკვლევს ქონების გასხვისების მიზანს, არსებულ ვითარებას, ბავშვის მდგომარეობაზე ქონების გასხვისებით გამოწვეულ შედეგებს, მოისმენს სააგენტოს პოზიციასაც. ამრიგად, ქონების გასხვისებაზე თანხმობის მიღების პროცედურა უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 თებერვლის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 05 მაისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს არასრულწლოვნების ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულებაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების კანონიერება.

14. სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ბავშვის უფლებების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

16. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. ნიშანდობლივია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედებამ არაერთ საკანონმდებლო აქტში გამოიწვია ცვლილების შეტანა, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით დაწესდა სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებზე. კერძოდ, 183-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსაც დაემატა ახალი ნორმა - 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ადვოკატის ჩაბმა. დასახელებულ პირთა პოზიციების გათვალისწინება საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში, არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემა არ გასაჩივრებულა, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს თანხმობის გაცემის წინაპირობების არსებობას, თუმცა ხაზგასასმელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა როგორც განცხადების დეტალურად შესწავლისა და განმცხადებლის პოზიციის მოსმენის, ისე სოციალური მუშაკის დასკვნის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლისა და არასრულწლოვნების ადვოკატის განმარტებების გათვალისწინებით. ამრიგად, განსახილველ საქმეზე ქონების განკარგვით არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ფაქტი დადგენილია და სასამართლო კონტროლი ბავშვის უფლებების დარღვევის გამოსარიცხად განხორციელებულია.

20. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების კონტროლსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალებას, საკასაციო პალატა, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტები (გადაწყვეტილებები, განჩინებები, დადგენილებები) შესასრულებლად სავალდებულო ძალას ატარებს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც არის გამოტანილი გადაწყვეტილება, ვალდებულია, შეასრულოს ის. ამასთან, გადაწყვეტილების შესრულება გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების ზუსტად, ჯეროვნად, სათანადოდ გათვალისწინებასა და შესრულებაში. საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მექანიზმებს, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მისმა აღუსრულებლობამ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვის უფლება დეკლარაციულ უფლებად აქციოს.

21. განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან საკითხი არ შეეხება მოდავე მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოწესრიგებას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მიხედვით გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების საკითხი არ წამოიჭრება - მიუხედავად სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემისა, ქონების განკარგვაზე განმცხადებლის იძულება ვერ მოხდება. ამასთანავე, სწორედ დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებელმა გადაწყვეტილება სათანადოდ შეასრულოს, რაც გამოიხატება უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში მიღებული სარგებლის მიზნობრივად - სასამართლოს მიერ გამოკვლეული და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველმყოფი დანიშნულებით გამოყენებაში. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების შესრულების - სარგებლის სათანადოდ გამოყენების კონტროლის სპეციალური მექანიზმი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასრულწლოვნის დედას დაუწესეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რათა სააგენტომ განახორციელოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მონიტორინგი.

22. საკასაციო სასამართლო, მართალია, იაზრებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საკითხის ამგვარი მოწესრიგებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევის სურვილის არსებობას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იზიარებს კასატორის არგუმენტებს გასაჩივრებულ ნაწილში, სასამართლოს განჩინების გაუქმების წინაპირობების არსებობის თაობაზე.

23. საკასაციო პალატა, სააგენტოსთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრების კანონიერების შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს ბავშვის უფლებათა კოდექსის განმარტებით ბარათზე, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია აღსრულების კონკრეტული მექანიზმებით კოდექსის აღჭურვა, რაც მის სრულფასოვან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს. ასეთ მექანიზმებად დასახელებულია: კონკრეტული, კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროგრამების, მათი დამტკიცებისა და ამოქმედების ვალდებულების გაწერა კანონში კონკრეტულ ვადებში; საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც ბავშვის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული; კოდექსის საიმპლემენტაციო გეგმის შექმნა და დამტკიცება, რაც ასევე კოდექსითაა გათვალისწინებული; სახალხო დამცველის როლის გაძლიერება; იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოება; სასამართლოს გაძლიერება, რომელიც იქნება თითოეული ბავშვის უფლების დაცვის ეფექტიანი კონკრეტული მექანიზმი. ამრიგად, კოდექსის შემოღებისას კანონმდებელმა ბავშვის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად აღსრულების მექანიზმების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე იმსჯელა და სწორედ ხსენებული სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს სასამართლოს კონტროლის შემოღება ბავშვის ქონების გასხვისებისას, თუმცა უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე მონიტორინგის საკითხი კანონმდებელს არ განუსაზღვრავს (რაც შესაძლებელია, კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილსაც კი წარმოადგენდეს). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მშობლისთვის ინფორმაციის წარდგენისა და სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ასეთი დავალების პირობებშიც კი - სააგენტო მოკლებული იქნება საკითხზე რეალური და შედეგიანი რეაგირების როგორც სამართლებრივ, ისე ფაქტობრივ შესაძლებლობას.

24. საკასაციო პალატა დამატებით ითვალისწინებს, რომ რადგან ქონების გასხვისებაზე სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემა ჯერ კიდევ ახალი სამართალურთიერთობაა, მისი პრაქტიკაში დანერგვისა და აღსრულების პროცესში შესაძლებელია, წამოიჭრას ახალი გამოწვევები და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების - გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგის შემოღების აუცილებლობის საკითხიც კი დადგეს. თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ის გადაწყვეტილ უნდა იქნეს დარგით დაინტერესებული ინსტიტუციებისა და პირების ჩართულობით, პრობლემის სიღრმისეული და მასშტაბური შესწავლის შედეგად, რათა შემოღებული მოწესრიგებით ბავშვის უფლებების ეფექტიანი, სწრაფი და დროული დაცვა იყოს შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებამ, კანონმდებლობის არარსებობისა და სააგენტოს მიერ შესაბამისი რესურსის არქონის პირობებში, შესაძლებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ნაცვლად, ურთიერთობის მოწესრიგების ხელოვნურად გაჭიანურება და გართულება გამოიწვიოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის მონიტორინგის დავალების გაუქმება არ ნიშნავს და არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების განმცხადებლის მიერ ბავშვის ინტერესების დარღვევით შესრულებას. თუკი ქონების განკარგვის შემდგომ ადგილი ექნება ბავშვის უფლებების დარღვევას და მიღებული სარგებლის არამიზნობრივ გამოყენებას, ასეთ ფაქტზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული საერთო საფუძვლებით შეიძლება მოხდეს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 409-ე, 411-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონმდებლობას და უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება საპროცესო ხარჯების განაწილებას, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებლთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელს დაევალა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრისთვის ინფორმაციის წარდგენა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე