საქმე № ას-143-2022 06 ივლისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა–ძე, რ.დ–ძე, შ.დ–ძე, ა.მ–ვი, ქ.დ–ძე (მოპასუხე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სარჩელის მოთხოვნა
1. 2020 წლის 03 თებერვალს, სს „ტ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ა.ა–ძის, რ.დ–ძის, შ.დ–ძის, ა.მ–ვისა და ქ.დ–ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 22233,85 აშშ დოლარისა და 1813,89 ლარის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
მოპასუხის შესაგებელი
2. მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის პირველი მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „ტ.ბ–ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
4. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ა.ა–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 08 თებერვალს (ს.ფ. 124), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი პირადი ხელმოწერით, მოპასუხე რ.დ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 08 თებერვალს (ს.ფ. 125), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე ა.ა–ძის (მეუღლე) პირადი ხელმოწერით, მოპასუხე შ.დ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 08 თებერვალს (ს.ფ. 126), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე ა.ა–ძის (შვილი) პირადი ხელმოწერით, მოპასუხე ქ.დ–ძეს სარჩელი და თანდართულები მასალები ჩაბარდა 2020 წლის 07 თებერვალს (ს.ფ. 127), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი პირადი ხელმოწერით, ხოლო მოპასუხე ა.მ–ვის ჩაბარდა 2020 წლის 16 მარტს (ს.ფ. 128), რაც დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით. თითოეულ მათგანს შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დინება, სარჩელისა და თანდართული მასალების მათთვის ჩაბარების შემდგომი დღიდან წარმოეშვათ.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 177-ე და 2321-ე მუხლებით და განმარტა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდათ და განემარტათ, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდათ 10 დღიანი ვადა, მაგრამ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე 623-ე, 867-ე, 872-873-ე და 895-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, რადგან არ იკვეთებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. 2020 წლის 19 მაისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საჩივრით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2020 წლის 01 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მოპასუხეების მიერ მითითებულ სადავო საპროცესო დარღვევებს, რომელთაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შეიძლებოდა გამოეწვია.
7. მოპასუხეებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 05 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებიდან იკვეთებოდა, რომ მოპასუხეებს სასამართლო გზავნილი - სარჩელი, თანდართული მასალებით გაეგზავნათ და თითოეულ მათგანს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდათ (ს.ფ. 124-129).
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა, რასაც შესაძლებელია შესაგებლის წარუდგენლობა კანონშესაბამისად ექცია და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება გამოეწვია. ამასთან პალატის განმარტებით, სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ მის გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
12. კასატორების მტკიცებით, შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მათ გააფორმეს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ადვოკატ - ნ.თ–თან, რომელმაც მოპასუხეების სახელითა და ხარჯზე, სასამართლოში შესაგებლის შეტანა ივალდებულა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადვოკატს შესაგებელი არ შეუტანია. კასატორები მიუთითებენ, რომ ადვოკატის უმოქმედობას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ სწორედ შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრულ ათდღიან პერიოდში ადვოკატის საცხოვრებელი ბინა დაიწვა, რაც მათი აზრით, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
13. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებისა და მათ მიერ დაქირავებული ადვოკატის საცხოვრებელი ბინის ხანძრის შედეგად განადგურების ამსახველი მტკიცებულებების, დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ამავე განჩინებით, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით, კასატორებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის თანხის - 200 ლარის გადახდა, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ობიექტი და შესაბამისად საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაეფუძნება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აგრეთვე, შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ამავე კოდექსის 2321-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
19. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
21. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა...“ დასახელებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში კი, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).
23. განსახილველი საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორები პრეტენზიას ძირითადად ამყარებენ მათ მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოდ ცნობას, რის გამოც საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე და ამავე კოდექსის 215-ე მუხლებზე გაამახვილებს ყურადღებას და გამოიკვლევს მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ნამდვილად ემყარებოდა თუ არა საპატიო მიზეზებს.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობა ემსახურება მხარის რეალური ინფორმირების მიზანს და ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ გონივრული ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რათა პროცესის სუბიექტებს მიეცეთ სხდომაზე გამოცხადებისა და საპროცესო თავდაცვის საშუალება.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის განხილვის არცერთ ეტაპაზე სადავოდ არ გამხდარა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ა.ა–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 08 თებერვალს (ს.ფ. 124), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი პირადი ხელმოწერით, მოპასუხე რ.დ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 08 თებერვალს (ს.ფ. 125), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე ა.ა–ძის (მეუღლე) პირადი ხელმოწერით, მოპასუხე შ.დ–ძეს ჩაბარდა 2020 წლის 08 თებერვალს (ს.ფ. 126), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე ა.ა–ძის (შვილი) პირადი ხელმოწერით, მოპასუხე ქ.დ–ძეს სარჩელი და თანდართულები მასალები ჩაბარდა 2020 წლის 07 თებერვალს (ს.ფ. 127), რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი პირადი ხელმოწერით, ხოლო მოპასუხე ა.მ–ვის ჩაბარდა 2020 წლის 16 მარტს (ს.ფ. 128), რაც დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციიის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მოპასუხეებს უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდათ.
26. გარდა ზემოაღნიშნულისა, უდავოა, რომ მოპასუხეებს თითოეული მათგანისთვის, უწყების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში, სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის. კასატორები საკასაციო საჩივრით, შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტს უკავშირებენ მათ მიერ დაქირავებული ადვოკატის მიერ შესაგებლის წარუდგენლობას, რაც გამოწვეული იყო მისი საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად განადგურებით.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (შეად. სუსგ N ას-1671-2019, 13.03.2020 წ.).
28. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება შესაგებლის წარუდგენლობის ობიექტური მიზეზის არსებობა. კერძოდ, კასატორის მითითება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლის წარდგენა საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის გამო ვერ შეძლო, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო, ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება და ადვოკატის საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად განადგურების ფაქტის ამსახველი დოკუმენტი, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ადვოკატისთვის მინიჭებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელების ფაქტი, და შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზები გამოეკვლია.
29. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტორივი გარემოებები, რომლებიც შეეხებოდა მოპასუხეებისთვის სესხად აღებული თანხის დაკისრებას, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას კოდექსის 301-302-ე 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე 623-ე, 867-ე, 872-873-ე, 895-ე მუხლებზე დაყრდნობით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ადასტურებს და მისი უცვლელად დატოვების საფუძველია.
30. საკასაციო პალატა დასძენს, რომ იმ გარემოებათა დადასტურება, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა შესაგებლის წარუდგენლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა (შეად. სუსგ-ებს: Nას-146-2022, 2022 წელი 03 ივნისი, ას-747-2022, 2022 წელი 13 ოქტომბერი, ას-205-2022, 2022 წლის 05 მაისი).
31. საკასაციო საჩივრით კასატორები ასევე ითხოვენ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებისა და მათ მიერ დაქირავებული ადვოკატის საცხოვრებელი ბინის ხანძრის შედეგად განადგურების ამსახველი მტკიცებულებების, დასაშვებად ცნობას, თუმცა ასეთი მტკიცებულებები არც საქმეში არ მოიპოვება და არც საკასაციო საჩივარს ერთვის.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები კასატორებს რომც დაერთოთ საკასაციო საჩივარზე, მათი წარდგენა საკასაციო სასამართლოში არ დაიშვება,
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
პროცესის ხარჯები:
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, კასატორებს მათ მიერ გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით, გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის თანხის - 200 ლარის გადახდა, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
35. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ნაწილი, ამიტომ ა.ა–ძეს, რ.დ–ძეს, შ.დ–ძეს, ა.მ–ვსა და ქ.დ–ძეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარიდან) (საგადახდო დავალება N12735337031, გადახდის თარიღი 02/03/2022), 10 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ძის, რ.დ–ძის, შ.დ–ძის, ა.მ–ვისა და ქ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. ა.ა–ძეს, რ.დ–ძეს, შ.დ–ძეს, ა.მ–ვსა და ქ.დ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.ა–ძის მიერ გადახდილი 100 ლარიდან (საგადახდო დავალება N12735337031, გადახდის თარიღი 02/03/2022), 10 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე