№ას-1074-2022
3 ნოემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ფ–ძე, მ.ჯ–ძე, თ.თ–ი, გ.პ–ძე, ა.ხ–ძე, ც.ხ–ძე, ვ.გ–ძე, ნ.ფ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ლ.ც–ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა:
1.1. 2018 წლის 13 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება განვადების უფლებით მოპასუხე ნ.ფ–ძესა და მ.ჯ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ..... (ს/კ .....) ბათილად ცნობა;
1.2. 2018 წლის 19 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხე თ.თ–სა და მოპასუხე ნ.ფ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ...... (ს/კ ......) ბათილად ცნობა;
1.3. 2015 წლის 16 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხე გ.პ–ძესა და მოპასუხე თ.თ–ს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ..... (ს/კ .......) ბათილად ცნობა;
1.4. 2015 წლის 30 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხე გ.ფ–ძესა და მოპასუხე გ.პ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ....... (ს/კ ........) ბათილად ცნობა;
1.5. 2014 წლის 14 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მოსარჩელე ლ.ც–ძეს, ნ.ც–ძესა და მოპასუხე გ.ფ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ...... (ს/კ ........) ბათილად ცნობა;
1.6. 2017 წლის 19 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ვ.გ–ძესა და ნ.ფ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ..... (ს/კ .......) ბათილად ცნობა;
1.7. 2017 წლის 17 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ც.ხ–ძესა და ვ.გ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, .... (ს/კ .......) ბათილად ცნობა;
1.8. 2017 წლის 10 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ა.ხ–ძესა და ც.ხ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ....... (ს/კ ........) ბათილად ცნობა;
1.9. 2015 წლის 24 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მოსარჩელე ლ.ც–ძესა და მოპასუხე ა.ხ–ძეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ..... (ს/კ .......) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ.ც–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება; ლ.ც–ძის სარჩელი დარჩა განუხილველი.
თბილისის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით, გასწორდა 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ.ფ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ბათუმი, ......... და მანსარდა, ფართი 215.45 კვ.მ, საკადასტრო კოდი: N .......
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ლ.ც–ძემ, რომელიც, თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს.
2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საჩივრის ავტორს, ლ.ც–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი; ბ) ხელმოწერილი კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების ზუსტი თარიღის მითითებით. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე. განჩინება ლ.ც–ძის შვილს ჩაბარდა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის შვილს, ნ.ც–ძეს ჩაბარდა 2022 წლის 26 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 26 სექტემბრის მომდევნო დღეს, 2022 წლის 27 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 6 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ც–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 368-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ც–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი