საქმე №ას-104-2021 8 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ. ჯ-ვა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-რი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ნივთი მდებარე: თბილისი, -- ----- გამზირი #---- საკადასტრო კოდით #-----, რეგისტრირებულია მ. დ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) საკუთრებად, ამავე მისამართზე მდებარე 37.18 კვ.მ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით #---- რეგისტრირებულია ნ. ჯ-ას (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) საკუთრებად. საჯარო რეესტრში მხარეთა თანასაკუთრებადაა რეგისტრირებული ქ. თბილისში ----- გამზ. #---- საკადასტრო კოდით #----- რეგისტრირებული საპირფარეშო. (ტ.1.ს.ფ. 19-22).
2. საქმეში წარდგენილი ფოტოსურათებით ირკვეოდა, ამასთან, არც მხარეები ხდიდნენ სადავოდ, რომ მხარეთა საერთო სარგებლობაშია დერეფანი, მოსარჩელე და მოპასუხე მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში რომ მოხვდნენ, საერთო სარგებლობის დერეფანი უნდა გაიარონ, სადაც თავის მხრივ განთავსებულია საჯარო რეესტრში მხარეთა თანასაკუთრებად რეგისტრირებული საპირფარეშო და მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საპირფარეშოც.
3. მოსარჩელე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე: ქ. თბილისი ---- გამზირი, #--- საკადასტრო კოდით: #----- თავად არ ცხოვრობს და აღნიშნულ უძრავ ქონებას ძირითადად ტურისტებზე, დღიურად, კვირებით ან უფრო ხანგრძლივად აქირავებს.
4. სარჩელის მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, მოპასუხისთვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების დღიურად გაქირავება, ე.წ. „ჰოსტელად“ გამოყენება და ბინიდან გამომავალი ხმაურის აკრძალვა, აგრეთვე, მხარეთა თანასაკუთრებაში და სარგებლობაში არსებული, შესასვლელი დერეფნის და ტუალეტის მესამე პირებისთვის, მოსარჩელესთან როგორც ზეპირი ისე წერილობითი თანხმობის გარეშე სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა მოითხოვა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის მიღების მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეები წარმოადგენენ როგორც მეზობელი უძრავი ქონებების მესაკუთრეებს, აგრეთვე უძრავი ქონების გარკვეული ნაწილის თანამესაკუთრეებს, ამდენად, მათ შორის დავა გამომდინარეობს საზიარო უფლებებისა და სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმებიდან.
8.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეები ქ. თბილისში ----- გამზირზე #----ში მდებარე მეზობელი საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებს წარმოადგენენ, რომელთაც თანასაკუთრებაში აქვთ ამავე მისამართზე მდებარე საპირფარეშო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეზობლად მდებარე საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებს საერთო სარგებლობაში აქვთ შესასვლელი დერეფანიც, კერძოდ, როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მოსახვედრად საჭიროა მხარეთა საერთო სარგებლობაში არსებული დერეფნის გავლა, სადაც თავის მხრივ განთავსებულია როგორც მათ თანასაკუთრებად რეგისტრირებული საპირფარეშო, ასევე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საპირფარეშოც.
8.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უდავო გარემოებაზე, რომ მოპასუხე მის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მხარეთა თანასაკუთრებასთან ერთად (საპირფარეშო, დერეფანი) ძირითადად ტურისტებზე აქირავებს, რის გამოც, ხშირად იცვლებიან ბინის დამქირავებლები. პალატა ხაზგასმით შენიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული ქონებით სარგებლობისას გარდაუვალია მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა, რა დროსაც საცხოვრებელ ბინაში მოსახვედრად აუცილებელია მხარეთა საერთო დერეფნის გავლა, სადაც ასევე განთავსებულია მხარეთა თანასაკუთრებად რეგისტრირებული საპირფარეშოც, მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გაქირავებისას მოსარჩელის, როგორც საზიარო საგნის მოწილისგან თანხმობის მოპოვების მიზნით არასდროს მიუმართავს.
8.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის რათა საზიარო საგანი გაქირავდეს, თუ სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ან/და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დაიტვირთოს, აუცილებელია თანამესაკუთრეთა თანხმობა. გათვალისწინებით იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თანასაკუთრება, უფრო მეტიც, სახეზეა მოცემულობა, როდესაც თანასაკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებლებისთვის გადაცემა ხდება, რომლებიც თავის მხრივ საკმაოდ ხშირად იცვლებიან, ამასთან, მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს ისეთი ქონება, რომლით სარგებლობის გარეშე შეუძლებელია მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ბინებში მოხვედრა, მეტიც საერთო სარგებლობის სივრცეშია განთავსებული როგორც მოსარჩელის პირად საკუთრებაში არსებული საპირფარეშო, ასევე მხარეთა თანასაკუთრებად რეგისტრირებული საპირფარეშო, პალატას აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ საკუთრებით დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფის (საგულისხმოა, რომ საერთო სარგებლობის დერეფანში მდებარეობს მოსარჩელის პირად საკუთრებაში არსებული საპირფარეშო), ასევე თანასაკუთრების ბუნებიდან გამომდინარე (რა დროსაც კანონმდებელი საზიარო უფლების მონაწილეებს მხოლოდ ერთობლივად ანიჭებს საზიარო საგნის ან მისი ნაწილის მართვის ან/და განკარგვის უფლებამოსილებას) ნაწილობრივ გასაზიარებელია მოსარჩელის მოთხოვნა ამ უკანასკნელის, როგორც ქონების თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე მოპასუხისთვის მხარეთა თანასაკუთრებად რეგისტრირებული საპირფარეშოს და საერთო სარგებლობაში არსებული დერეფნის მესამე პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით.
8.6. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის პრეტენზიაზე საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა, რაც არსებითი ხასიათის იყო და სცილდებოდა სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას, რადგან, ქონების ჩვეულებრივი გამოყენებიდან არ გამომდინარეობდა.
8.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოწმეებმა მოპასუხის ქონებიდან მომდინარე ხმაურის ფაქტი დაადასტურეს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოდავე მხარეების ქონება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინებს წარმოადგენს, ანუ სახეზე არ არის მოცემულობა, რაც მოსარჩელეს არსებითი ზემოქმედების/ხმაურის დადასტურების შემთხვევაშიც კი მისი თმენის ვალდებულებას წარმოუშობდა.
8.8. საააპელაციო სასამართლომ დასახელებული გარემოებების და იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოდავე მხარეთა საცხოვრებელი ბინები ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო სარგებლობაში არსებული დერეფნით და საერთო კედელით, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას ხანმოკლე პერიოდებით აქირავებს, რაც დამქირავებლების ხშირ ცვლილებას იწვევს, განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია უკანონო ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან.
9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართის დღიურად გაქირავების აკრძალვა წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ, დასახელებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, მოპასუხეს დაავალა საკუთარი ფართის იმგვარად მოწყობა, რომ მისი ბინიდან აღკვეთილიყო გამომავალი ხმაურის ზემოქმედება მოსარჩელის კუთვნილ ფართზე.
9.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ის ფაქტი რომ მოსარჩელები მრავალფუნციურ ბინაში ცხოვრობდნენ, სადაც საკუთარ ბინებში შესასვლელი ფართები საერთო საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო, საპირფარეშო თითოეულ მხარეს აქვს ინდივიდუალურად მათ საკუთრებაში და ასევე საერთო საკუთრებაში, თუმცა, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამ უკანასკნელს არ იყენებენ.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში უპირველესად მხარის სასარჩელო მოთხოვნაზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, სარჩელის მიხედვით, მოთხოვნას მოპასუხისთვის საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავების, ე.წ „ჰოსტელად“ გამოყენების აკრძალვა წარმოადგენდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული ბინის იმგვარად მოწყობა დაევალა, რომ ამ ბინიდან გამომავალი ხმაურის ზემოქმედება აღკვეთილიყო მოსარჩელის ფართზე, აგრეთვე, მხარეთა თანასაკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შესასვლელი დერეფნის და საპირფარეშოს დამქირავებლებისთვის სარგებლობაში გადაცემა აეკრძალა მოპასუხეს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, სსსკ-ის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები) (შდრ: სუსგ. ას-883-2021, 9.12.2021; №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015).
14. საკასაციო სასამართლო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მოქმედების ვალდებულებაზე, სხვა საქმეზეც მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (შდრ: სუსგ №ას-934-2020, 25 მარტი, 2021 წ).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და სადავო სამართალურთიერთობისადმი მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა და ის შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლის ნორმებით (შდრ. სუსგ ას-#1522-2018, 28 მაისი, 2019 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეს იმაზე მეტი მიეკუთვნა ვიდრე ის ითხოვდა.
17. ამასთან, საკასაციო სასამართლო, მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივსამართლებრივი გარემოებების, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, ასევე, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს.
18. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
19. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, №ას-1250-2018, 21.12.2018; №ას-1041-998-2014, 12.02.2016; №ას-843-809-2016, 26.10.2016).
20. სსკ-ის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 955-ე მულის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგებისას ამოსავალია ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების არსებობის ფაქტის დამტკიცება და არა ის, მისი წილი რეალურია თუ იდეალური. ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვის მოთხოვნა იდეალური წილის მესაკუთრესაც აქვს (შდრ. №ას-230-230-2018, 23.05.2019).
21. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, თანაზიარი საკუთრებისა და საკუთრების უფლების არსის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისთვის საკუთრების უფლების განკარგვის შეზღუდვის შესახებ გამოიწვევს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას.
22. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუბრუნდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხე, საცხოვრებელ ბინას ძირითადად ტურისტებზე აქირავებდა, დამქირავებლები კი ძალიან ხმაურობდნენ. მოწმის განმარტებით, არაერთხელ შესწრებია ხმაურის აღკვეთის მიზნით პოლიციის გამოძახების ფაქტსაც. საქმეში წარდგენილია აგრეთვე საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმები, რომლითაც დასტურდება, რომ საპატრულო პოლიციას ორივე მხარე იძახებდა, მოსარჩელე, ხმაურის აღკვეთის მიზნით, ხოლო, მოპასუხე უძრავი ნივთის გაქირავების ხელშეშლის აღკვეთის მიზნით.
23. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
24. საქართველოს მთავრობის დადგენილების №398, ტექნიკური რეგლამენტი - „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს საცხოვრებელ სახლებში, ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ ხმაურის დონის გაზომვა ხდება როგორც დღის, ისე ღამის პერიოდში. გაზომვისათვის შეირჩევა ისეთი პერიოდი, როდესაც მოსალოდნელია ხმაურის მაქსიმალური დონის დაფიქსირება. ხმაურის დონის კონტროლი ხმაურის მომატებულ დონეზე ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამოწმებული ხმაურმზომის გამოყენებით.
25. საკასაციო სასამართლო მოხმობილი ნორმატიული აქტის დანაწესის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, თავისი მოთხოვნის დამადასტურებელ გარემოებად მითითებული ფაქტები ვერ დაადასტურა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სახის მტკიცებულებებით, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დაუსაბუთებლადაა გაზიარებული მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც, საქმეში კონკრეტული სახის მტკიცებულებების არსებობაზეა დამოკიდებული.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამასთან, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. დ-ის სარჩელი ნ. ჯ-ას წინააღმდეგ, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. მ. დ-რს (-----) დაეკისროს, ნ. ჯ-ას მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ლ. მიქაბერიძე