Facebook Twitter

№ას-242-2019 16 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ი. მ-ძე, თ. ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ს-ლი, კ. ს-ლი, გ. ს-ლი, მ. ს-ლი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბერის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. ჩ-სა (შემდეგში - მსესხებელი, მოვალე, შეგებებული მოსარჩელის შვილიშვილი) და რ. გ-ეს (შემდეგში - გამსესხებელი, კრედიტორი) შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. მოვალემ სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ლომბარდში, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ავტომანქანები კრედიტორის თანხმობით ბებიის სახლით ჩაანაცვლა (იხ. პოლიციის მასალები, პირველ ინსტანციაში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები).

2. 2010 წლის 4 ნოემბერს ე. ს-ლს (შემდეგში - გამყიდველი, პირველი მოპასუხე, პირველი შეგებებული მოსარჩელე) და ი. მ-ეს (შემდეგში - პირველი მყიდველი, პირველი კასატორი) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში - პირველი ნასყიდობის ხელშეკრულება), თანახმად, გამყიდველმა მყიდველს 32 000 ლარად მიჰყიდა ქ. ქუთაისში, ---- ქუჩა N---ში (ამჟამად ---- ქუჩა N---, საკადასტრო კოდით -----) მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება). მყიდველს გამსხვისებლისათვის ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია. სადავო ქონების პირველმა მყიდველმა, ქონება იმ დათქმით შეიძინა, რომ თუ სესხის დავალიანება შეთანხმებულ ვადაში დაიფარებოდა, სახლი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის უნდა დაებრუნებინა.

3. 2015 წლის 28 მაისს უძრავი ნივთის მეპატრონემ (პირველმა მყიდველმა) სადავო ქონება თ. ლ-ეს (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მეორე კასატორი, მეორე მყიდველი) 25 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. მყიდველმა გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება. ქონების გასხვისების შედეგად აღებული თანხა გამყიდველმა მსესხებლის კრედიტორს გადასცა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 14.12.2017 წ. 12:37:50).

4. პირველ მყიდველს სადავო ქონების გასხვისების დროს წარმოადგენდა ა. გ-ძე, რომელიც სესხის კრედიტორის ბიძაშვილია, ხოლო ქონების ბოლო შემძენი (მოსარჩელე) მისი ახლო მეგობარია და ერთ უბანში ცხოვრობენ (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 14.12.2017 წ. 12:49:42).

5. ქონების თავდაპირველი მესაკუთრე (შეგებებული მოსარჩელე) შვილთან - მ. ს-სა და მის ოჯახთან (კ. ს-ლი, გ. ს-ლი, მ. ს-ლი და ქ. ს-ლი) ერთად ცხოვრობს მოსარჩელის (მეორე მყიდველის) სახელზე რეგისტრირებულ სადავო სახლში.

6. მოსარჩელის მოთხოვნა:

6.1. 2016 წლის 15 მარტს უძრავი ნივთის ბოლო შემძენმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მის საკუთრებაში რიცხული ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

7. მოპასუხეთა პოზიცია:

7.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყვეს სარჩელის საფუძვლიანობა. მათი მტკიცებით, ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენი იყო.

8. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

8.1. 2016 წლის 10 ოქტომბერს სადავო ქონების თავდაპირველმა მესაკუთრემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ქონების პირველი და შემდგომი მყიდველის წინააღმდეგ და 2010 წლის 4 ნოემბრისა და 2015 წლის 28 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, სადავო ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვა.

8.2. შეგეგებული მოსარჩელის მტკიცებით, 2010 წლის 4 ნოემბერს მან ხელი მოაწერა წინასწარ გამზადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფიქტიურად დაიდო (პირველი) ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს ასეთი ხელშეკრულების დადების ნება არ ჰქონიათ, ის არც მყიდველს არ შეხვედრია და არც ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულება 32 000 ლარი არ მიუღია. უძრავი ქონების თვალთმაქცური ყიდვა-გაყიდვის უკან იდგა მისი შვილიშვილის კრედიტორის ინტერესი, რომლის სასარგებლოდაც სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაიტვირთა უძრავი ქონება ვალის გადახდის შემდეგ უკან დაბრუნების პირობით.

8.3. შეგებებული მოსარჩელის მტკიცებითვე, ქონების შემდგომი მყიდველი არაკეთილსინდისიერ მყიდველს წარმოადგენდა.

10. შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა პოზიცია:

10.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი დაუპირისპირეს შეგებებულ სარჩელს. მათი მტკიცებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ორივე შემთხვევაში ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დაიდო, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად გადაიხადა პირველმა მყიდველმა. მოპასუხეთა განცხადებით, ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე (მეორე მყიდველი) კეთილსინდისიერი შემძენი იყო.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

11.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 4 ნოემბრისა და 2015 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებები და სადავო ქონების მესაკუთრედ კვლავ შეგებებული მოსარჩელე აღირიცხა.

12. შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი:

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე - ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სამართლებრივი დასკვნები:

13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მომჩივანთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სსკ-ის 56-ე, 185-ე, 162-ე, 286-ე, 289-ე, 59-ე მუხლებით იხელმძღვანელა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

13.2. მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ 2010

წელს ქონების თავდაპირველ მესაკუთრესა და პირველ მყიდველს შორის დადებული გარიგება არ იყო მიმართული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ, ამ გარიგების მონაწილე მხარეთა ნამდვილი ნება სესხის კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. გარიგებაში მითითებული ფასი კი იყო არა ნასყიდობის საზღაური, არამედ უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა. გარდა ამისა, პალატის მითითებით, პირველი მყიდველი არ წარმოადგენდა სესხის კრედიტორს, შესაბამისად, მას სადავო ნივთზე არც საკუთრების და არც იპოთეკის უფლება არ გააჩნდა.

13.3. სააპელაციო პალატის მითითებით, ა. გ-ძე - გამყიდველის წარმომადგენელი მეორე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, ინფორმირებული იყო სადავო სახლთან დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე, ხოლო შემძენი წარმოადგენდა კრედიტორის ნაცნობს (უბნელს, ნაცნობსი, მეგობარს), რომელმაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში იცოდა, რომ უძრავი ნივთის პირველი მყიდველი სადავო ქონების მესაკუთრედ მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე დარეგისტრირდა - რომლის მიღმაც, რეალურად, ქონების თავდაპირველი მესაკუთრის შვილიშვილის ფინანსური ვალდებულებები იდგა. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ ქონების მეორე მყიდველი არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია.

13.4. პალატის განმარტებით, იპოთეკა ფორმასავალდებულო გარიგებათა რიცხვს განეკუთვნებოდა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, თვალთმაქცური გარიგებით დაფარული იპოთეკის ხელშეკრულება ფორმის დაუცველად იყო დადებული, რაც მას ბათილ გარიგებად აქცევდა. გარდა ამისა, პალატის მითითებით, სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებულ მოსარჩელესა და მოპასუხეებს, შორის სასესხო ვალდებულება არ არსებობდა, რაც შეგებებული მოსარჩელის ქონებაზე იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავდა. პალატის მოსაზრებით, იპოთეკის დადგენა პროცესუალურადაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან სესხის კრედიტორი და მოვალე განსახილველ დავაში მხარეებად არ მონაწილეობდნენ, რაც გამორიცხავდა ამ პირთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შედეგების გავრცელებას.

14. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:

14.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე - ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

14.2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

14.2.1. კასატორთა მტკიცებით, 2010 წელს ქონების თავდაპირველ მესაკუთრესა და პირველ კასატორს შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და ქონება მყიდველის საკუთრებად ლეგიტიმურად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კასატორთა მითითებით, შეგებებული მოსარჩელის შვილიშვილს ჰქონდა 25000 აშშ დოლარის ვალი, რის სანაცვლოდაც კრედიტორს შესთავაზეს სადავო უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა. კრედიტორი დაინტერესებული იყო არა ქონების გადაცემით, არამედ საკუთარი ფულის დაბრუნებით, რისი გათვალისწინებითაც გამოიკვეთა ბინის შემძენის მოძიების აუცილებლობა. პირველმა კასატორმა ქონების შეძენის სურვილი გამოთქვა, ხოლო თანხა მსესხებლისა და ქონების თავდაპირველი მესაკუთრის თანდასწრებით გადაუხადა მსესხებლის კრედიტორს. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, კასატორთა მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა სასესხო დავალიანების დაფარვის დრო და გადამხდელი.

14.2.2. კასატორთა მოსაზრებით, პირველი ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილების შემთხვევაში, სასამართლოს სადავო ქონებაზე უნდა დაერეგისტრირებინა იპოთეკა, დაფარული გარიგების შინაარსის შესაბამისად. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, გაურკვეველი რჩება, თუ ვინ უნდა გადაიხადოს თანხა, რომლითაც 25 000 აშშ დოლარის სასესხო ვალდებულება დაიფარა. კასატორთა განმარტებით, საბოლოოდ, მყიდველს, რომელმაც თანხა გადაიხადა, არც სახლი რჩება საკუთრებაში, არც იპოთეკის უფლება და არც მის მიერ გადახდილი 25 000 აშშ დოლარი.

14.2.3. მეორე მყიდველისათვის უცნობი იყო, მის მიერ სადავო საცხოვრებელი სახლის შეძენამდე არსებული სამართალურთიერთობები და ის კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. განსახილველ დავაზე ძირითად სასარჩელო მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე;

ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;

გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (შდრ, სუსგ N-ას-914-2019.25.07.2019წ, Nას 246-246-2018, 20.03.2018წ.).

18. ძირითადი სარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი დაუპირისპირეს, რომლის ფარგლებშიც სადავო გახადეს გადასაცემ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. შეგებებული სარჩელი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გარიგების თვალთმაქცურად დადების სამართლებრივ არგუმენტაციას ეფუძნება, შესაბამისად, შემოწმებას ექვემდებარება სსკ-ის 56-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)) წინაპირობები. ამ დანაწესის ნორმატიული ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანია დაფარვა იმ გარიგებისა, რომელიც მხარეებს რეალურად სურთ. ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ -ები №ას-487-461-2015, 17.06.2015; №ას-1382-2018, 25.01.2019წ; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020).

19. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებითა (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით) და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დგინდება, რომ შეგებებული მოსარჩელის შვილიშვილი სასესხო ურთიერთობაში იმყოფებოდა გამსესხებელთან. შეგებებულ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული შეთანხმება კი, მოსარჩელის შვილიშვილის ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფას (დალომბარდებული მანქანების უძრავი ნივთით ჩანაცვლებას) ემსახურებოდა, რაც ხელშემკვრელ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სამართლებრივ შემადგენლობას არ აფუძნებს და არსობრივად იპოთეკის სამართალურთიერთობას ესადაგება. საქმეზე დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდია. თანხა, ისიც მოგვიანებით სესხის კრედიტორს გადაუხადეს. საგულისხმოა ისიც, რომ მყიდველი ინფორმირებული იყო - კრედიტის მოვალის მიერ კონკრეტულ ვადაში დაფარვის შემთხვევაში, ქონება თავდაპირველი მესაკუთრისათვის უნდა დაებრუნებინა. გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ფორმალურად ნასყიდობის ხელშეკრულებაში კონტრაჰირებულ მხარეებს ამ ხელშეკრულების დადების ნება არ ჰქონდათ. მათ ამ გარიგებით, სესხის უზრუნველმყოფი იპოთეკის ხელშეკრულება გადაფარეს. ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობას ვერ აქარწყლებს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე კასატორთა ზეპირსიტყვიერი შედავება. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის სადავოობის პირობებში, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში (სსსკ-ის 4-ე, 102-3 მუხლებიდან გამომდინარე) სწორედ შემძენს (შეგებებული სარჩელის პირველ მოპასუხეს) ევალებოდა სასამართლოსთვის იმ წონადი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლიანობის თაობაზე მოსარჩელის სამართლებრივ არგუმენტაციასა და მტკიცებულებებს გააქარწყლებდა, რასაც მან ამ დავის ფარგლებში თავი ვერ გაართვა.

20. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ შეთანხმების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს მისი დასკვნით მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკა უნდა დაერეგისტრირებინა სადავო ქონებაზე. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს, სახელდობრ:

20.1. თვალთმაქცური გარიგების არსი და მისი განსხვავებულობა მოჩვენებითი გარიგებისგან იმაში მდგომარეობს, რომ ის ნამდვილია. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოჩვენებითი შეთანხმების დაფარული (თვალთმაქცური) გარიგებით ერთგვარი ჩანაცვლება ავტომატურად არ ხდება და ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა სპექტრის განსაზღვრას წინ უსწრებს დაფარული გარიგების ნამდვილობის შემოწმება. სასამართლომ უნდა შეაფასოს, ხომ არ არსებობს, რაიმე დამარკოლებელი გარემოებები, რაც დაფარული გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განხორციელებას გამორიცხავს. განსახილველ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულება მსესხებლის ბებიასა და პირველი მოპასუხეს შორის დაიდო, რომლებიც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების მხარეებს არ წარმოადგენენ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს იპოთეკის ხელშეკრულების ამგვარად გაფორმება ჯდება თუ არა სამართლებრივად დასაშვებ საზღვრებში.

20.1.1. იპოთეკა (სსკ-ის 286-ე და მომდევნო მუხლები) სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა. იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილეები არიან იპოთეკარი - ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის კრედიტორი და მესაკუთრე, რომლის უძრავი ნივთიც არის იპოთეკით დატვირთული. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე შეიძლება იმავდროულად იყოს ძირითადი ვალდებულების, ე.ი. უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მაგრამ შეიძლება არც იყოს პირადი მოვალე {ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გვ.80-81}. სხვისი ქონების უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობას სსკ-ის 291.1 მუხლი განსაზღვრავს. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ეს ვითარებაა, იპოთეკის ხელშეკრულებაში უძრავი ნივთის მესაკუთრედ გვევლინება არა მსესხებელი, არამედ მესამე პირი (შეგებებული მოსარჩელე), რომელმაც საკუთარი ქონება სხვისი ვალის უზრუნველსაყოფად დატვირთა. რაც შეეხება იპოთეკარს, იგი, იმავდროულად, არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორი. აქედან გამომდინარე, განსახილველი დავის ერთ-ერთ საკვანძო გარემოებას იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარად იმ პირის (ქონების პირველი მყიდველის) კონტრაჰირების სამართლებრივი საფუძვლის გამორკვევა წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების კრედიტორს არ წარმოადგენდა.

20.1.2. იპოთეკა, როგორც უზრუნველყოფის აქცესორული საშუალება, წყდება იმ მოთხოვნის შეწყვეტასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც არის იპოთეკა დადგენილი. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სესხის კრედიტორმა ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო 25 000 აშშ დოლარი, რითაც სასესხო ვალდებულება დაიფარა. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე ქონების მესაკუთრედ აღრიცხული პირის (პირველი მოპასუხის) მიერ უძრავი ნივთის რეალიზაციამ და გასხვისების შედეგად მიღებული თანხით სესხის კრედიტორის დაკმაყოფილებამ, უძრავ ქონებაზე იპოთეკის სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას იურიდიული საყრდენი გამოაცალა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით, აღნიშნავს, რომ მართალია, არ იზიარებს შეგებებული მოსარჩელისათვის დაბრუნებულ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის უარის საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ არგუმენტაციას, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ სწორად განსაზღვრა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი, სააპელაციო სასამართლოს კანონშეუსაბამო მსჯელობები გავლენას ვერ მოახდენს დავის პროცესუალურ შედეგზე.

21. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაუშვეს პრეზუმფცია, რომ მეორე მყიდველისათვის ცნობილი იყო უფლების ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განსჯის საგანს წარმოადგენს. ნასყიდობის ხელშეკრულების შეფასების დროს განმსაზღვრელია სსკ-ის 185-ე მუხლით დეკლარირებული კეთილსინდისირი შემძენის კომპონენტის არსებობა-არარსებობის საკითხი. სადავო არაა, რომ სესხის კრედიტორი, ქონების ფიქტიური მყიდველი, მისი წარმომადგენელი სადავო ქონების გასხვისებისას და მეორე მყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები იყვნენ. სასამართლო სხდომაზე გამსესხებლის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, „მეორე მყიდველი იყო მისი ნაცნობი, უბნელი, მეგობარი და ის იყო საქმის კურსში“ (იხ. სხდომის ოქმი: 14.12.17წ. 12:49:42) ასეთ ვითარებაში პრეზუმირებულია, რომ მეორე კასატორმა ქონების შეძენისას უწყოდა შეგებებულ მოსარჩელესა და პირველ მყიდველს შორის იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის შესახებ, რაც გამორიცხავს სადავო უძრავ ქონებაზე მის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერებას. ქონების შეძენა თავისთავად, გარკვეული რისკის გაწევას უკავშირდება, თუმცა ასეთი ფასეული ნივთის შეძენისას, შემძენი ორიენტირებულია, მოიძიოს შესაძენი ქონების შესახებ ინფორმაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავ ქონებას ფლობდნენ მოპასუხეები და გონივრული წინდახედულობის კრიტერიუმის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ახალი შემძენი, სულ მცირე, იმ ფაქტით მაინც უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით იმყოფებოდნენ ეს პირები მის მიერ შესაძენ საცხოვრებელ სახლში. პალატის განმარტებით, სწორედ მეორე მყიდველის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა სასამართლოსთვის სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაციისა თუ ჯეროვანი მტკიცებულებების წარდგენით გაებათილებინა მისი არაკეთილსინდისიერების თაობაზე სასამართლოს მიხედულება, მაგრამ მას ამ მიმართულებით, სათანადო იურიდიული მნიშნელობის მოქმედებანი არ განუხორციელებია.

22. საბოლოოდ, საკასაციო პალატის განსჯით, გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია (სსკ-ის 976.1, 982-ე და 979.1 მუხლების საფუძველზე), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ძირითად სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების კანონისმიერი წინაპირობა. ამავდროულად, პალატა მეორე მყიდველთან (რომლის მიერ გადახდილი თანხა, რეალურად სესხის კრედიტორის დაკმაყოფილებას მოხმარდა) მიმართებით აღნიშნავს, რომ ის არ კარგავს უფლებას, ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში იდავოს მის მიერ ნასყიდობის საგანზე გაღებული თანხის დაბრუნებაზე.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელ და სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-სა და თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბერის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე