საქმე №ას-1430-2020 27 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ჭ–ი, დ.ფ–ი, ქ.თ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.02.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯ.ფ.კ. - ჯ–ის" (უფლებამონაცვლე შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–სი“ (ტ.2, ს.ფ. 47-49), შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი შ.ჭ–ის, დ.ფ–ისა და ქ.თ–ძის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, ერთად - „მოპასუხეები“) არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 20.10.2016 წელს მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს გადაეცა სესხი 20 000 ლარი, მეორე მოპასუხეს - 20 000 ლარი, მესამე მოპასუხეს - 20 000 ლარი. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის 2%, ხელშეკრულება მოქმედებდა 26.10.2016 წლიდან 22.04.2017 წლამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი (ს/კ .......).
1.2. ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მსესხებელი სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის თითოეულმა დამოუკიდებლად გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
1.3. ხელშეკრულების 6.3.1.1 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი, პირგასამტეხლო, ასევე ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით იპოთეკარისათვის მიყენებული ზიანი, ასევე სხვა ნებისმიერი ხარჯი თუ ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხელშეკრულებიდან.
1.4. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც თითოეულის წინააღმდეგ ნოტარიუსის მიერ 24.11.2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცლები. 29.11.2017 წელს დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღსასრულებელი ვალდებულება მოიცავს სესხის ძირითად თანხას, პირგასამტეხლოსა და 29.11.2017 წლისათვის დარიცხულ პროცენტს.
1.5. პირველმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2017 წლის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუსის N171373505, N171373685 და N171373670 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
1.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე, 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; სსკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სამივე წინაპირობა. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 22.04.2017 წელს, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 24.11.2019 წელს და აღსრულება დაიწყო 29.11.2017 წელს. სსკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეებს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან აღსრულების დაწყებამდე დაერიცხათ პროცენტი.
1.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ცალსახაა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის დარიცხვა, მათ შორის ვადაგადაცილებისათვის, წყდება სააღსრულებო წარმოების დაწყებით და შესაძლებელია განახლდეს, თუ კრედიტორი გაიხმობს სააღსრულებო ფურცელს, რასაც აწესრიგებს 35-ე მუხლი. 25.2 მუხლი ვრცელდება სსკ-ის 403-ე მუხლზეც და ადგენს, რა პერიოდამდე შეიძლება განხორციელდეს ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდა.
1.8. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებითა და კანონით დადგენილი წესით, მოვალეს დაერიცხა პროცენტი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც აღსრულების დაწყების მომენტამდე.
1.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 5.6 პუნქტის ჩანაწერი მასზე, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე, ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის 25.2 მუხლს და ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ თანხის დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების 5.6 პუნქტის საფუძველზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე ყოველთვიური პროცენტის დაკისრება არ გამომდინარეობს აღსრულების პროცესის სპეციალური ნორმატიული რეგულირებიდან და მხარეთა ამგვარი შეთანხმება ვერ შეცვლის სპეციალური კანონით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. უდავოა, რომ 20.10.2016 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (ვინაიდან ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია, დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მხოლოდ სესხის თაობაზე შეთანხმება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას (სუსგ №ას-591-2022, 16.09.2022წ.).
9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხეებისთვის სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან ვალდებულების იძულებით ან ნებაყოფლობით შესრულების მომენტამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული (ხელშეკრულების 5.6. პუნქტი) პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.
10. ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მსესხებელი სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის თითოეულმა დამოუკიდებლად გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირითადი თანხის 2% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ სესხის პირობებს. ამასთან, ეს პირობები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დასახელებული ნორმა გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას. ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების მიმართ (შდრ. სუსგ ას-1097-2021, 25.05.2022წ., №ას-1548-2019, 14.02.2020წ.). მათი საწინააღმდეგო შინაარსი ნების ნამდვილობის დამაბრკოლებელი ფაქტორია. ამასთან, სსკ-ის 62-ე მუხლი უშვებს გარიგების ნაწილის ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
12. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება სპეციალური კანონით დადგენილი წესით. სპეციალური კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის უფლების მიკუთვნების შემდეგ, აღსრულებას ქვემდებარე აქტზე სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან მოქმედი სპეციალური კანონი, რომელიც სააღსრულებო წარმოების (იძულებითი აღსრულების) განხორციელების ძირითად სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან წყდება კრედიტორის მოთხოვნის (გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა) ძირ თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების თარიღიდან სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის დაკისრება არ გამომდინარეობს აღსრულების პროცესის სპეციალური ნორმატიული რეგულირებიდან, მხარეთა ამგვარი შეთანხმება ბათილია და ვერ შეცვლის სპეციალური კანონით მოწესრიგებულ საკანონმდებლო დანაწესს.
13. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სპეციალური კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ განგრძობადი პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში მოიაზრება არა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე პერიოდი, არამედ სააღსრულებო ფურცელზე შეჩერებული სააღსრულებო წარმოების განახლებამდე პერიოდი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სპეციალური კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი ადგენს, რომ განგრძობითი პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში არ მოიაზრება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების პერიოდი - ანუ, ის დროის მონაკვეთი, როდესაც სააღსრულებო წარმოება შეჩერებული იქნა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით (იხ. სუსგ Nას-1488-1408-2017, 15.02.2018წ., სუსგ №ას-399-372-2017, 11.05.2017წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2160 ლარის 70% – 1512 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ (ს/კ ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2160 ლარის (საგადახდო დავალება N271, წარდგენის თარიღი 22.11.2021წ., მიღების თარიღი 23.11.2020წ.) 70% – 1512 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია