საქმე №ას-808-2022 26 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. შ-ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ქორწინების ბათილად ცნობა, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არასრულწლოვანი ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე. ა-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. შ-ას (შემდეგში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ ქორწინების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა
3.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის მიმართ, მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, საცხოვრებელი ადგილისა და ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი.
5. მოპასუხის საჩივარი
5.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6. საქალაქო სასამართლოს განჩინება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტისა) და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8.2. სააპელაციო პალატამ საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 233-ე, 241-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმეში წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უდავოდ ადასტურებდა სასამართლო სხდომის დროისთვის მოსარჩელის წარდმომადგენლის, ი. ბ-ის საავადმყოფო ფურცელზე (მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა) ყოფნას. რაც შეეხება მეორე წარმომადგენლის, თ. ბ-ის პროცესზე გამოუცხადებლობას, სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალების შესაბამისად დაასკვნა, რომ თ. ბ-ლი რწმუნებულებაში მოხსენიებული იყო მხოლოდ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით და ყველა სამართლებრივი საკითხის უზრუნველყოფა ი. ბ-ეს ევალებოდა, შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი განცხადებაც (პროცესის სხვა დროისთვის გადადების შესახებ) პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა და მისი სხვა დროისთვის გადადების საფუძველს ქმნიდა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ სხდომა საქმის მომზადების მიზნით ჩანიშნული იყო პირველად, შესაბამისად, მისი გადადების მიზნით წარდგენილი არაერთი განცხადება ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ გამოუცხადებელ მხარეს საქმის გაჭიანურების მიზანი არ ამოძრავებდა და მისი მხრიდან არც დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ფაქტობრივი შემადგენლობა იკვეთებოდა.
8.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ წინამდებარე საქმეზე შეგებებული სარჩელით მოპასუხე ითხოვდა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, ასევე ალიმენტის დაკისრებას, ხოლო საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანებთან დაკავშირებული დავების განხილვის სპეციფიკას. სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისგან განსხვავებით, საოჯახო დავების განხილვისას გამოიყენება ინკვიზიციურობის პრინციპი და სასამართლო ინარჩუნებს უფლებას თავად დაადგინოს ის გარემოებები, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვნის ინტერესებისთვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლებთან ურთიერთობის წესის დადგენის ნაწილში მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს, რამდენადაც, ბავშვების საცხოვრებელი პირობები საქმეზე სრულყოფილად არ გამოკვლეულა, სასამართლოს არც თავად არასრულწლოვნების პოზიცია მოუსმენია, საქმეში ასევე არ მოიპოვება ფსიქოლოგთა შეფასებები და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია.
9. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
9.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საპატიოდ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ორივე წარმომადგენელს სხდომაზე მონაწილეობის თანაბარი უფლება ჰქოდა. ამასთან, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის ერთადერთ წარმომადგენლად ი. ბ-ძე, მაშინ, როდესაც თ. ბ-ლი ხელს აწერს სარჩელს, იგი საკუთარი ანგარიშიდან იხდის სახელმწიფო ბაჟს და იბარებს სასამართლო განჩინებებს. წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება სანოტარო წესით გაფორმებული რწმუნებულებით. მოცემულ შემთხვევაში კი, რწმუნებულება გაცემულია ორ პირზე. შესაბამისად, ორივეს თანაბარწილად მინიჭებული აქვთ სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლობის უფლება და რაიმე შეზღუდვა ამ უკანასკნელის მიმართ გათვალისწინებული არ არის.
9.3. კასატორი არ იზიარებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს მიერ მოშველიებულ არგუმენტს, რომ საქალაქო სასამართლოს საქმეში არ ჩაუბამს არასრულწლოვნები და არ გამოუკითხავს ისინი, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდგება. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი შუამდგომლობა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს უნდა დაეყენებინა, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, სასამართლო შებოჭილია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით და როდესაც მამას მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია, თავად ვერ იმსჯელებდა მასზე.
9.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ეწინააღმდეგება, ასევე, უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე #ას-780-780-2018; #ას-843-2019), რომლის მიხედვით, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს პროცესზე სხვა წარმომადგენლის გამოცხადება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერება.
15. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 229.1 მუხლი):
ა) მოსარჩელე/მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის, ასევე, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი შესაძლო საპროცესო ღონისძიების თაობაზე ინფორმირებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;
ბ) მოსარჩელე/მისი წარმომადგენელი არ უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, ამასთანავე, სასამართლოს არ უნდა მოეპოვებოდეს ცნობები გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ;
გ) გამოცხადებული მოპასუხე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე
17. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა საკმარისია, რომ სასამართლოს ჩამოუყალიბდეს შინაგანი რწმენა მოთხოვნის წარუმატებლობისა და იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარყოფს სარჩელს.
18. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ საქმე #ას№ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).
19. რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მისი საფუძვლები ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში (სსსკ-ის 233.1 და 241-ე მუხლები) კერძოდ:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;
ე) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, ისე _ სააპელაციო საჩივარი ემყარება იმას, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებს გააჩნდათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, ი. ბ-ძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა) ვერ გამოცხადდა პროცესზე, ხოლო თ. ბ-ლი საქმეში ჩართული იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით და იგი არსებითად არ იცნობდა საქმის მასალებს.
21. საკასაციო საჩივარში კასატორი ძირითადად თ. ბ-ის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გაურკვეველია, რატომ მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის ერთადერთ წარმომადგენლად ი. ბ-ძე, მაშინ, როდესაც თ. ბ-ლი ხელს აწერს სარჩელს, საკუთარი ანგარიშიდან იხდის სახელმწიფო ბაჟს და იბარებს სასამართლო განჩინებებს, ამასთან, იგი მოსარჩელის წარმომადგენლად რწმუნებულებაში მითითებულია ი. ბ-ან ერთად.
22. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
22.1. 2020 წლის 21 მაისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ორი წარმომადგენელი - ი. ბ-ძე და თ. ბ-ლი (იხ. ტ. I, ს. ფ 31);
22.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, წინამდებარე საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 13 აპრილს, 16:00 საათზე. სხდომის თარიღისა და ადგილის, ასევე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ეცნობათ მხარეებს, მათ შორის, მოსარჩელის ერთ-ერთ წარმომადგენელს - ი. ბ-ეს (ტ. I, ს.ფ 175);
22.3. 2021 წლის 8 აპრილს ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა 2021 წლის 13 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ 2021 წლის 23 მარტს ----- სახელობის კლინიკაში მას ჩაუტარდა ოპერაცია (საკეისრო კვეთა) და იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე (იხ. ტ. III, ს.ფ 179);
22.4. 2021 წლის 12 აპრილს ი. ბ-ემ დამატებით წარადგინა განცხადება სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ რწმუნებულებაში აღნიშნული მეორე პირი - თ. ბ-ლი კონკრეტულ საქმეზე რაიმე სახით ჩართული არ ყოფილა და იგი მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დავალების შესასრულებლად იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, ყველა მოქმედებას ასრულებდა მხოლოდ ი. ბ-ძე და მეორე წარმომადგენელი არ იყო ინფორმირებული ამ კონკრეტული საქმის შესახებ (იხ. ტ. III, ს.ფ 180);
22.5. 2021 წლის 13 აპრილს თ. ბ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მინდობილობაში მისი მითითება გამოწვეული იყო საჭიროების შემთხვევაში ი. ბ-ის ტექნიკური დახმარების გაწევით. შესაბამისად, ის არ იცნობდა საქმის მასალებს და არ აწარმოებდა მას, რის გამოც, ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება (იხ. ტ. III, ს.ფ 181).
23. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებით ასკვნის, რომ მართალია, მოსარჩელის ინტერესების დამცველად რწმუნებულებაში მითითებულია ორი პირი - როგორც ი. ბ-ძე, ასევე თ. ბ-ლი, თუმცა მითითებული რწმუნებულება და სასამართლოსთვის წარდგენილი განცხადებების შინაარსი უნდა შეფასდეს ერთობლივად, ვინაიდან ეს განცხადებები ინფორმაციას აწვდის სასამართლოს როგორც ი. ბ-ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის, ასევე თ. ბ-ის ტექნიკური და არა სამართლებრივი მიმართულებით მოსარჩელის წარმომადგენლობის შესახებ, რაც მართებულად ქმნიდა სხდომაზე მათი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პრეზუმფციას. ამასთან, კასატორის მითითება, რომ თ. ბ-ლი ხელს აწერდა სარჩელს, იბარებდა სასამართლოს განჩინებებს და იხდიდა სახელმწიფო ბაჟს, კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილ განცხადებებში ასახულ ინფორმაციას მისი ტექნიკურ (და არა სამართლებრივი კუთხით) დამხმარედ საქმეში ჩართვის შესახებ.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმების სისტემური ანალიზიდან გამომდინარე (ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო თავადვე არკვევს ამ გადაწყვეტილების კანონიერებას გამოუცხადებელი მხარის საჩივრის საფუძველზე), დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ვალდებულებაა, დაიცვას ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის და დაუსწრებელი წარმოებისას უსაფუძვლოდ არ შეუზღუდოს გამოუცხადებელ მხარეს სამართლიან განხილვაზე ხელმისაწვდომობა, ასევე, შეძლებისდაგვარად თანასწორობის პირობებში წარმართოს პროცესი. პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], # 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), #. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), #. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A #. 274). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), # 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), # 27841/07, 10/06/2010), თუმცა, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A # 262). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტიან სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016), თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
25. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არსებობდა პროცესზე მოსარჩელის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და ამ მოტივით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
26. საკასაციო სასამართლო, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკასთან შეუსაბამობის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს: საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ საქმეებში (საქმე #ას-780-780-2018; #ას-843-2019) ასახული ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება წინამდებარე საქმის გარემოებებისგან, ვინაიდან მათში სადავოა სასამართლო პროცესზე მხარის, როგორც იურიდიული პირის, წარმომადგენლის, გამოუცხადებლობის საპატიოობა, ხოლო წინამდებარე საქმეში შესაფასებელია ფიზიკური პირის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, იურიდიული პირის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს გამოწვეული იყოს საპატიო მიზეზით, არ ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც პროცესის მონაწილე მხარეა ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტქრუქტურა და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს, მან ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება (იხ. სუსგ: №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; № ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).
27. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავოა პროცესის მონაწილე მხარის, ფიზიკური პირის და არა იურიდიული პირის, წარმომადგენლის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, სწორედ ამ მიმართებით უნდა შეეფასებინა სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის საპატიოობა, რაც განახორციელა კიდეც.
28. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ადვოკატის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს უშუალოდ მხარეს და აღნიშნული მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას/ძალაში დატოვებას დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს ანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მხარე ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; №ას-1277-1197-2017, 1 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-853-797-2017, 28 ივლისი, 2017 წელი).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წინამდებარე საქმეზე დადგენილია მოსარჩელის წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ გამოუცხადებელ მხარეს საქმის გაჭიანურების მიზანი ამოძრავებდა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გააუქმა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის 70% - 4 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა. შ-ას (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2022 წლის 22 ივნისი და საგადახდო დავალება 1 (რეფერენსი - 940386), გადახდის თარიღი 2022 წლის 14 ივლისი), 6 000 ლარის 70% - 4 200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე