საქმე № ას-905-2022 12 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ყ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. გ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საკუთრების უფლებით ფლობს 5000 კვმ. მიწის ნაკვეთს. მის საკუთრებაშია, ასევე, 153 კვმ. და 237 კვმ. მიწის ფართობები, რომელთა საკადასტრო კოდია - -----, რაც 1988 წლის მონაცემებით, მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია თავისი მოსაზღვრე მეზობლის - მოპასუხე გ. ყ-ის ბოსელი და დამხმარე ნაგებობები, რომელსაც ფლობს და იყენებს მოპასუხე, მოსარჩელეს კი არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს კუთვნილი მიწის ნაკვეთით.
3. მოსარჩელის მოთხოვნა
3.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხე გ. ყ-ის უკანონო მფლობელობიდან ა. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება - 153 კვ.მ და 237 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომლთა საკადასტრო კოდია ----- და მოპასუხემ აიღოს ამ ნაკვეთზე განთავსებული მის მფლობელობაში არსებული ბოსელი.
3.2. აეკძრალოს მოპასუხე გ. ყ-ს ა. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონების- 153 კვ.მ და 237 კვ.მ მიწის ნაკვეთების ფლობაში ხელშეშლა.
4. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელემ განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობს გ. ყ-ი, რომელიც არის მისი მოსაზღვრე. მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად, 3217 და 1300 კვ.მ, სულ ჯამში - 4517 კვ.მ. ასევე მის საკუთრებაში არის 483 კვ.მ, რომელიც დასტურდება 2016 წელს გაცემული საარქივო ცნობით. მის საკუთრებაში არის ასევე 153 კვ.მ ფართობი და 237 კვ.მ ფართობი, რომელთა საკადასტრო კოდია ----, რომლებიც 1988 წლის მონაცემებით მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. მასზე განთავსებულია მოპასუხის ბოსელი და დამხმარე ნაგებობები, რომელსაც ფლობს და იყენებს მოპასუხე, ხოლო მას არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს კუთვნილი მიწის ნაკვეთით.
5. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე გ. ყ-მა მიუთითა, რომ N----საკადასტრო კოდის მქონე ქონება წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ თავისი სიდედრის მ. ე-ის საკუთრებას, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. N---- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განთავსებულ საქონლის სადგომს (ბოსელს) მართალია ფლობს მოპასუხე, მაგრამ ქონების რეალურ მესაკუთრეს - მ. ე-ეს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
6. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
6.1. გ. ყ-მა წარადგინა შეგებებული სარჩელი და დააყენა შუამდგომლობა, რომ სათანადო მოპასუხედ განსაზრულიყო მ. ე-ძე, ვინაიდან იგი გახლდათ წარმოებაში არსებული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე.
6.2. გ. ყ-მა ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლო წარმოება აუცილებლად უნდა შემწყდარიყო, რადგანაც უკვე აღნიშნულ საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც მხარეებს იგივე მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ, რომლებიც ამჟამინდელ სარჩელში არიან მითითებულები.
7. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია
7.1. მოპასუხე გ. ყ-მა სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და აღნიშნა, რომ N----საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს არა ა. გ-ძე, არამედ მ. ე-ძე.
7.2. გ. ყ-მა განმარტა, რომ თუ სასამართლო ჩათვლის, რომ იგი წარმოადგენს მოპასუხეს, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემობა: 2019 წლის 22 იანვარს საქმე ------ზე მიღებულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილება იგივე მხარეებს შორის რომელი მხარეებიც ამჟამინდელ სარჩელში ჰყავს მოსარჩელეს მითითებული. ასევე, მაშინაც დავის საგნად ხელშეშლის აღკვეთა სწორედ იგივე მიწის ნაკვეთზე, იგივე საფუძვლით ჰქონდა მითითებული ა. გ-ეს. ახლდანდელი სარჩელიც იგივე დავის საგანზე, იგივე მხარეებს შორის აქვს აღძრული ა. გ-ეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი არ უნდა მიიღოს წარმოებაში სასამართლომ და თუ მიიღო აუცილებლად უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, რადგან მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულიცაა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. გ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ყ-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები.
10.3. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სადავო უძრავი ქონება 2018 წლის 20 სექტემბრიდან ირიცხება მ. ე-ის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთის მ. ე-ის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველია 18.09.2018 ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე გ. ყ-ის სარგებლობაში არსებული საქონლის სადგომი (ბოსელი) განთავსებულია სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს.
10.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა სსკ-ის 170.1-ლი და 172-ე მუხლებიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია, მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია).
10.5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ. 12.02.2016 საქმე №ას-1041-998- 2016 გადაწყვეტილება, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016 განჩინება).
10.6. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მნიშვნელობას, რომლის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმდება, განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება ირიცხება მ. ე-ის (მოპასუხე გ. ყ-ს სიდედრი) საკუთრებაში, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სარჩელით სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია არა მოსარჩელე/აპელანტის ა. გ-ის, არამედ მ. ე-ის საკუთრების უფლება, ამიტომ მოსარჩელემ ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით საკუთარი პოზიციის დასაბუთება, რადგან საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრებს უფლება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ, სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავს მისი გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
11. კასატორის მოთხოვნა
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
11.2. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული მიწა მდებარე ზესტაფონში სოფელ ---- ეკუთვნოდა ნ. ს-ეს, რომლისგანაც აღნიშნული მიწა შეიძინა კასატორმა. საქმეში არსებობს საარქივო ცნობა, რითაც ასევე დასტურდება, რომ სადაო მიწის ნაკვეთის კომლის უფროსი იყო თ. ს-ძე, რომლისგანაც აღნიშნული ნაკვეთი შეიძინა კასატორმა. ამასთან ერთად, კასატორს წარმოდგენილი აქვს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც ადასტურებს რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის მისი ნაკვეთის ფარგლებში. ა. გ-ის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩმოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
22. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (იხ. სუს 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
25. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება არა მოსარჩელე ა. გ-ძე, არამედ მ. ე-ძე (მოპასუხე გ. ყ-ის სიდედრი) მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურებდა მისი საკუთრების უფლების არსებობას სადავო ქონებაზე.
27. კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, საარქივო ცნობა და სათანადო დოკუმენტაცია 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ და ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის განჩინება მოსარჩელის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მსგავსად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ გადაწონის და გააბათილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ჩანაწერს. შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორის პრეტენზია ვერ ჩაითვლება წარმატებულად, შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანტიის სასამართლოების მიერ სწორად იქნა ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, ასევე სწორად მიეცა მათ სამართლებრივი კვალიფიკაცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩნება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობებსა და სამართლებრივ პოზიციას.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივლისის განჩინების საფუძველზე ა. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ის გათავისუფლებული იყო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე