Facebook Twitter

საქმე №ას-21-2022 28 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.კ–ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ა (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ქ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2021 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – I საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, II საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა

1. დ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „I საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ქ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „II საკასაციო საჩივრის ავტორი“ ) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, ქ. თბილისში, ...... მდებარე, ბინა N48-ის (ს/კ N .......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მოპასუხისთვის სარჩელის შეტანის მომენტისათვის არსებული ზიანის - 4 900 ლარის, ასევე სარჩელის შეტანიდან, 19.08.2020 წლიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად ბინის ქირის, 700 ლარის, დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.04.2021 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალი გადაეცა მესაკუთრეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ნივთით სარგებლობისათვის, ზიანის სახით - 4 900 ლარის, ხოლო სარჩელის შეტანის დღიდან - 19.08.2020 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2021 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალი გადაეცა მოსარჩელეს. სარჩელი ზიანის ანაზღაურების სახით 4900 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებაა.

4.2. მას არამართლზომიერად ფლობს მოპასუხე.

4.3. შპს „ა.ბ.გ–ის“ აუდიტორული დასკვნით თანახმად, სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური ქირის საფასური შეადგენს 700 ლარს.

4.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

4.5. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ვინაიდან არსებობს სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნა მართებულად დააკმაყოფილა.

4.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების სახით 4900 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრების ნაწილში მოკლებულია არგუმენტირებულ მსჯელობას.

4.7. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მოითხოვდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბინის მესაკუთრედ აღრიცხვის შემდეგ, მას საშუალება ექნებოდა, გაექირავებინა საცხოვრებელი ფართი. სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი, პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია, შეფასდეს ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტები შესრულებულია თუ არა.

4.8. თუ მოსარჩელემ მისი კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ვერ ისარგებლა ქონებით, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს აუდიტის დასკვნაზე, რომლითაც შეფასებულია უძრავი ქონების ქირის თვიური ფასი, თუმცა, პალატა ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას, ამ პირობებში საკმაოდ შენელებულ სამოქალაქო ბრუნვასა და მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში უძრავი ქონების გაქირავების (მით უფრო - სარჩელით მოთხოვნილ ფასად) ალბათობა საკმაოდ დაბალია და არც ის გარემოება დგინდება უტყუარად, რომ მოსარჩელეს ქონების შეძენისას მისი გაქირავებით კომერციული მოგების მიღების მიზანი ამოძრავებდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. ამავე სასამართლოს 28.03.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

9.1. სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20.01.2020 წლის განკარგულება. იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.19);

9.2. მას არამართლზომიერად ფლობს მოპასუხე;

9.3. შპს „ა.ბ.გ–ის“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ნივთის ყოველთვიური ქირის საფასური შეადგენს 700 ლარს (ს.ფ.26).

10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

12. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

13. როგორც აღინიშნა, მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს. რაც შეეხება ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

14. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

16. ამდენად, სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. არ არსებობს მოპასუხის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოპასუხის საკასაციო საჩივარს, ვინაიდან ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო საჩივარს, მის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისთვის ზიანის სახით 4900 ლარის, ასევე - სარჩელის შეტანის დღიდან - 19.08.2020 წლიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 700 ლარის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამ კუთხით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ: მოპასუხის სააპელაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სრულად (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ასევე, ზიანის სახით 4900 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 700 ლარის დაკისრების თაობაზე); სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს ზიანის სახით როგორც 4900 ლარის, ისე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 700 ლარის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მსჯელობას (იხ. სააპელაციო სასამართლოს 02.11.2021 წლის გადაწყვეტილების 4.4 პუნქტი, გვ.148); როგორც სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერით დგინდება, სააპელაციო სასამართლოს 02.11.2021 წლის სხდომაზე სასამართლომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ასევე ზიანის სახით 4900 ლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 700 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნები განიხილა, რის შემდეგაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ნათლად და არაორაზროვნად განმარტა აღნიშნული (იხ. სააპელაციო სასამართლოს 02.11.2021 წლის სხდომის ოქმი CD დისკზე, ს.ფ. 137). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ზიანის სახით მხოლოდ 4900 ლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაზე მითითება უსწორობის გასწორების საფუძველია და არა საკასაციო სასამართლოს მიერ 19.08.2020 წლიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 700 ლარის დაკისრების ნაწილში წარდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვის დამაბრკოლებელ საპროცესო გარემოება.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე/გამდიდრების გათანაბრებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

19. მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).

20. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).

21. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17). მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი.

22. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48).

23. საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოპასუხის საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, მოსარჩელის უფლება სადავო უძრავი ნივთის ვინდიცირებაზე, ისევე, როგორც მოპასუხის მფლობელობის არამართლზომიერება, დადგენილია.

24. სსსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევადობის წინაპირობებიდან უნდა გაირკვეს, გამდიდრდა თუ არა მოპასუხე მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. ამისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა მომენტიდან მიიჩნევა მოპასუხე არამართლზომიერ მფლობელად (რა მომენტიდან არა აქვს მის მფლობელობას სამართლებრივი საფუძველი და ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას). სწორედ არამართლზომიერი მფლობელობის პერიოდის ხანგრძლივობით არის შესაძლებელი საუბარი სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის მქონე პირის უფლებაში ჩარევასა და აუნაზღაურებელი ზიანის/დაზოგილი სიმდიდრის გათანაბრებაზე. გამდიდრების ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ №ას-504-2019, 13.03.2020წ.).

26. მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით წარმოდგენილია შპს „ა.ბ.გ–ის“ 05.03.2020 წლის აუდიტორული დასკვნა, რომლითაც სადავო უძრავი ნივთის (113,87 კვ.მ ბინა) ყოველთვიური ქირა განსაზღვრულია 700 ლარით (ტ.1, ს.ფ.26). მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას გააქარწყლებდა ან/და ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. კვალიფიცური შედავების არარსებობის პირობებში კი, სასამართლო, რომელიც შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, საკუთარი ინიციატივით არ/ვერ განახორციელებს ამ გარემოების კვლევას.

27. რაც შეეხება ბინის შესაძლო გაქირავების ფაქტის მტკიცების შესახებ მსჯელობას, პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს დასკვნაზე ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ: თუ პირს ბინა საცხოვრებლად არ სჭირდება, მისი გაქირავება უძრავი ქონებით შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებული და აპრობირებული ფორმაა (იხ. სუსგ № ას-945-895-2015, 14.03.2016 წ., პ.51). შესაბამისად, საკასაციო პალატას საფუძვლიანად მიაჩნია მოსარჩელის მსჯელობა, რომ მას საკუთრების განკარგვის შეუძლებლობის გამო წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

28. რაც შეეხება გარემოებას, რა მომენტიდან არა აქვს მოპასუხის მფლობელობას სამართლებრივი საფუძველი და მფლობელობა ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს საცხოვრებელი ფართის დაუყოვნებლივ დაცლის მოთხოვნა წაუყენა 09.03.2020 წლის წერილით და მისცა ერთკვირიანი ვადა მის დასაცლელად. იქვე განუმარტა ფართის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სარჩელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წაყენების შესახებ. წერილი ადრესატს ჩაჰბარდა 10.03.2020 წელს (ს.ფ. 23,24). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მფლობელობა მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება ამ ვადის გასვლის შემდეგ, 18.03.2020 წლიდან და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე გასულ პერიოდზე ხუთი თვის ბინის ქირის, 3500 ლარის გადახდა, ასევე, ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა 19.08.2020 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3500 ლარის გადახდა და ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა 19.08.2020 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტები) დარჩეს უცვლელად (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილება:

30.1. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით არ კმაყოფილდება მოპასუხის საკასაციო საჩივარი, არ არსებობს II საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები და იგი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ამ ნაწილში გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟზე (გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

30.2. საკასაციო საჩივრის წარმოდგენის მომენტში განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით (სსსკ-ის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო სასამართლოში მიღებული შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების ნაწილში დაკმაყოფილდა 91.3%-ით. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ნაწილის - 1175,94 ლარის ანაზღაურება.

30.3. მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა. მოპასუხის მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოში მიღებული შედეგის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა 8.69%-ით. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 55,96 ლარის, ხოლო მოპასუხეს - 588,04 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ქ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. დ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2021 წლის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4. დ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. მ.ქ–ას დ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3500 ლარის გადახდა და ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა 2020 წლის 19 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2021 წლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-6 პუნქტები) დარჩეს უცვლელად.

7. მ.ქ–ას დ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1175,94 ლარის ანაზღაურება.

8. მ.ქ–ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 588,04 ლარის გადახდა.

9. დ.კ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მ.ქ–ას სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 55,96 ლარის გადახდა.

10. დ.კ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 756 ლარიდან (საგადახდო დავალება №9625306563, გადახდის თარიღი 27.07.2020წ.) ზედმეტად გადახდილი 427 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

11. დ.კ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1710 ლარიდან (საგადახდო დავალება №12193923745, გადახდის თარიღი 15.12.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 905 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

12. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია