Facebook Twitter

საქმე №ას-894-2020 10 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,------- ბანკი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,------- ბანკი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,------ ბანკის’’ სარჩელი სს ,,------ ბანკისგან“ 11 034 920 ევროს ექვივალენტი ლარში ზიანის ანაღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა

2.დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სს ,,----- ბანკის“ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს ,,------ ბანკმა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. 2022 წლის 26 ივლისს, ასევე 28 ივლისს მხარეებმა წარმოადგინეს ერთობლივი მორიგების აქტი და შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მორიგების შედეგად შეწყდა აღნიშნული საქმის წარმოება.

7. 2022 წლის 05 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,----- ბანკის“ წარმომადგენელმა და იშუამდგომლა დამატებითი განჩინების გამოტანით სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე, რადგან აღნიშნულის შესახებ არ იყო ნამსჯელი 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე სასამართლო თავისი ინიციატივით იმსჯელებს ბაჟის დაბრუნების საკითხზე შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

10.მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.

11.საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას, ასევე, თავისი ინიციატივით დამატებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი განჩინების მიღების წინაპირობა.

12.მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, ანუ საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ბაჟის 50% ოდენობით დაბრუნება, რადგან მხარის მოსაზრებით მორიგება შედგა მთავარ სხდომაზე. სასამართლო მსჯელობს დამატებით და მიუთითებს, რომ მორიგების მომენტისთვის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპი არ იყო გავლილი, შესაბამისად, საქმე ჯერ კიდევ იმყოფებოდა მომზადების ეტაპზე, ამიტომ, მხარეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის არა 50%, არამედ ის მთლიანი თანხა, რაც მან ბაჟის სახით გადაიხადა.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გადაწყვიტა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით სს ,,----- ბანკს“ სრულად უნდა დაუბრუნოს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,----- ბანკის“ წარმომადგენლის ს. ი-ის განცხადება, დამატებითი განჩინების მიღების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. სს ,,----- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ------, მიმღების ანგარიშის №----, რეფერენსი -----, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი -----) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, 2020 წლის 26 აგვისტოს N-- საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე