Facebook Twitter

საქმე №ა-4570-22-ა-2022 10 ნოემბერი, 2022 წელი

თბილისი

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ლ. კ-ბა, ნ. ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ბა

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ძირითადი სარჩელი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით; შეგებებული სარჩელი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილდების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ. კ-ასა და ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმში, ----- ქ. N---ში (ს.კ. -----) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა საზიარო საგნის მონაწილეთა შორის გადანაწილდა მხარეებზე თითოეულზე (სულ სამი) 1/3 ნაწილით. ასევე, არ დაკმაყოფილდა ა. ჩ-ას შეგებებული სარჩელი.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, ლ. კ-ას და ნ. ჭ-ის სარჩელი, ასევე ა. ჩ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ბათუმში, ---- ქ. N---ში (ს.კ. ----) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით; საზიარო წილი უძრავ ქონებაში განისაზღვრა 1/3 ით, ამასთან, ლ. კ-სა და ნ. ჭ-ის 1/3-1/3 წილი განისაზღვრა არაუმეტეს 80 000 აშშ დოლარით. საზიარო უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ლ. კ-ას, ასევე ნ. ჭ-ეს თავიანთი 1/3-1/3 წილების 80 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ა. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ ნამეტი თანხის გადახდა არაუმეტეს 60 000 აშშ დოლარისა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებაზე ლ. კ-ამ და ნ. ჭ-ემ წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი.

6. 2022 წლის 31 აგვისტოს საკასაციო პალატას მომართა ნ. ჭ-სა და ლ. კ-ას წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ.კ-სა და ნ. ჭ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებაზე და მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს და განახლდეს წარმოება საქმეზე Nას-------

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის არასწორ ათვლაზე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა დაკავშირებულია დასაბუთებული გადაწყვეტილების და არა სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებასთან, რაზეც ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი, შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებაში მითითებულია შემდეგი: ,,2022 წლის 01 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმიდან (ტ. 2, ს.ფ. 198) დგინდება, რომ აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორთა წარმომადგენელი ჯ. ქ-ლი, რომელმაც 2022 წლის 07 ივნისს სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით, რაც, საქმის მასალების მიხედვით (ტ.2, ს.ფ. 232), ჩაიბარა 2022 წლის 07 ივნისს, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული დროიდან დაიწყო საკასაციო საჩივრის წარდენის 21 დღიანი ვადის დენა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 28 ივნისს (სამშაბათი)’’. აღნიშნული მოტივაციით დასტურდება, რომ სასამართლომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაუკავშირა სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმიდან (ტ. 2, ს.ფ. 198) დგინდება, აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა განმცხადებელთა წარმომადგენელი - ჯ. ქ-ლი, რომელმაც 2022 წლის 07 ივნისს სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით, რაც, საქმის მასალების მიხედვით (ტ.2, ს.ფ. 232), ჩაიბარა 2022 წლის 07 ივნისს, თუმცა აღნიშნული მიმართვა არ ემთხვევა სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადას (გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი), შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, არამედ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგან კასატორთა წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მიუმართავს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღის პერიოდში. აქედან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, 2022 წლის 01 ივნისიდან 30-ე დღეს - 01 ივლისს, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო დღე უნდა ყოფილიყო 2022 წლის 22 ივლისი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2022 წლის 13 ივლისს, შესაბამისად, მხარეების მიერ დაცული იყო გასაჩივრების 21 დღიანი ვადა, რაც არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმეზე Nას----- (კასატორები: ლ. კ-ბა, ნ. ჭ-ძე; მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ბა) უნდა განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-სა და ნ. ჭ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საქმეზე Nას------.

3. განახლდეს საქმის წარმოება საქმეზე Nას----- (კასატორები: ლ. კ-ბა, ნ. ჭ-ძე; მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ბა, დავის საგანი – ძირითადი სარჩელი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით; შეგებებული სარჩელი - თანხის დაკისრება)

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე