საქმე №ას-1125-2022 17 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ღ-ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „სამაუწყებლო კომპანია -------“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ღ-ამ (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „სამაუწყებლო კომპანია ---- “-ის (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1278.56 ლარის გადახდის დაკისრება და 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხულ 1278.56 ლარზე დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გადახდა 09.09.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლიდან უწყვეტად მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში. 2019 წლის 02 სექტემბრიდან მასსა და კომპანიას შორის შეწყდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელეს, 2019 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 02 სექტემბრის პერიოდში, ნამუშევარი ხელფასი არ ჩარიცხვია. მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება 1048 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%, 2019 წლის 09 სექტემბრიდან კანონიერ ძალში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული იყო ავტომობილის იჯარისა და სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოიჯარე მეიჯარეს თვეში 187.50 ლარს უხდიდა. 2019 წლის აგვისტოდან მოსარჩელე მოპასუხეს არ ემსახურებოდა. სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში კი, ანაზღაურება მოსარჩელეს მიღებული აქვს. ამასთან, მოპასუხემ უარყო მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. 04.05.2015 წელს მხარეთა შორის დაიდო ავტომობილის იჯარის და სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულება N--- (შემდეგში - ხელშეკრულება).
8. ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარე თანახმაა აიღოს იჯარით მეიჯარის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი (თანდართულია ტექნიკური პასპორტის ასლი) იმ პირობით, რომ მეიჯარე თავად გაუწევს მომსახურებას მოიჯარეს აღნიშნული ავტომობილით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად გაუწევს მომსახურებას მოიჯარეს.
9. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლის საფუძველზე მოიჯარის მიერ მეიჯარის სასარგებლოდ ანაზღაურება განხორციელდება შემდეგნაირად: საიჯარო თანხა შეადგენს 187.5 ლარს საშემოსავლო გადასახდის ჩათვლით ერთ კალენდარულ თვეში; მეიჯარის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი შეადგენს 2.58 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ერთ საათში. 2.1. მუხლის მეორე პუნქტში მითითებული თანხა (საათობრივი ტარიფი შეადგენს 2.58 ლარს (დაუქვითავი) მოიცავს ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საიჯარო თანხას. საშემოსავლო გადასახადის გადახდას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოიჯარე. ანაზღაურება იწარმოებს თვეში ერთხელ მომდევნო თვის 6 რიცხვამდე საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
10. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია გადაცეს მოიჯარეს წინამდებარე ხელშეკრულების 1-ელ მუხლში მითითებული ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში.
11. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია გაუწიოს მოიჯარეს მომსახურება ამ ავტომობილით იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.
12. ხელშეკრულების 3.1.3. პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, შეინარჩუნოს ავტომობილის სათანადო ტექნიკური მდგომარეობა, მისი მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
13. ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის თანახმად, მეიჯარე-კონტრაქტორი მძღოლი - თანახმაა შეასრულოს მოვალეობები, რომელიც მოცემულია დანართ „ა“-ში.
14. ხელშეკრულების 3.1.5.პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს მოიჯარის მიერ დადგენილ ორგანიზაციულ წესებს.
15. ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ანგარიშვალდებულია კომპანიის ტრანსპორტის მენეჯერის წინაშე.
16. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი მძღოლი, რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან წელიწადში 11 თვე უწყვეტად, სარგებლობს შვებულებით მხოლოდ 14 კალენდარული დღით, რომელიც ანაზღაურდება ფიქსირებული თანხით (დღეში 20 ლარი-დაუქვითავი). ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოუცხადებლობა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
17. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 04 მაისიდან და მოქმედებს 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ამოწურვამდე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე მხარე არ გამოთქვამდა სურვილს სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულების შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ავტომატური პროლონგაციის პრინციპით, 1-წლიანი პერიოდებით.
18. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში ტელეკომპანია, კეთილი ნების საფუძველზე დააზღვევს მეიჯარის ავტომობილს.
19. ხელშეკრულების 8.10. პუნქტის შესაბამისად, მოიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მეიჯარემ უხეშად დაარღვია კანონმდებლობით და შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებები. ,,უხეშ“ დარღვევად იგულისხმება ვალდებულების ისეთი დარღვევა, რომელზედაც მოიჯარის შინაგანაწესი და/ან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, არამედ ურთიერთობების შეწყვეტას.
20. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დანართი ,,ა“ ან სხვა დოკუმენტი, რომელიც თან დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას წარმოადგენს მის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.
21. ხელშეკრულების დანართი ,,ა“-ს შესაბამისად, მეიჯარე მძღოლი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი: - საკუთარი ავტომობილით მოემსახუროს კომპანიას დადგენილია გრაფიკის შესაბამისად კვირაში 6 დღე და დღეში მინიმუმ 10 საათი; - აწარმოოს სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიის მიერ შემუშავებულ ფორმაში (ტაბელი); - დააფიქსიროს სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო ელ. ბარათით; - მეიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს ხელმძღვანელობას და გაითვალისწინოს და შეასრულოს მათი მითითებები.
22. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, თუმცა არ დასტურდებოდა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი.
23. სასამართლომ, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ როგორ იყო განსაზღვრული მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება და რა ოდენობის სახელფასო დავალიანება გააჩნდა მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელეს ეკისრებოდა. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეს ფიქსირებული ხელფასი არ ჰქონია და იგი იყო გამომუშავებაზე, რომლის ტარიფი განისაზღვრებოდა ერთ საათში დაუბეგრავი 2.58 ლარით. ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, ასევე მოსარჩელე იყო ვალდებული, ეწარმოებინა სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიის მიერ შემუშავებულ ფორმატში. მას ევალებოდა, დაეფიქსირებინა სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო ელ. ბარათით.
24. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა და შესაბამისად ვერც დაადასტურა, ის გარემოება, შეასრულა თუ არა 2019 წლის აგვისტოს თვეში სამუშაო, ხოლო თუ შეასრულა, კონკრეტულად რამდენი საათის განმავლობაში შეასრულა და რა ოდენობის ხელფასი ერგებოდა შრომის ანაზღაურების სახით.
25. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ფიქსირებული ხელფასი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელფასის ჩარიცხვის მტკიცებულებებით, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულებით, არ დადასტურდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელფასი, რომელიც დამოკიდებული იყო გამომუშავებაზე, ანუ შესრულებული სამუშაოს ოდენობაზე.
26. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის არსებობდა ავტომობილის იჯარის და სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულება N---- და უარყოფილი იქნა მოსარჩელის (აპელანტი) პოზიცია, რომ ტაბელის შემუშავების ვალდებულება, მოსარჩელეს (აპელანტი) არ ჰქონდა, მოსარჩელის ამ ვალდებულებას პირდაპირ შეიცავდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება - დანართი, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო პერიოდში - 2019 წლის აგვიტოს თვეში - შეასრულა სამუშაო და სარჩელში მითითებული ოდენობის ხელფასი გამოიმუშავა.
28. რაც შეეხება სარჩელის მეორე მოთხოვნას, რომელიც შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაში მდგომარეობს და გათვალისწინებული საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) სადავო პერიოდში მოქმედი 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კანონის მოქმედი რედაქციის 41 მუხლი), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოშობილი არ იყო მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
29. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა/ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
30. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებისთვის უნდა დადგენილიყო მოპასუხის მხრიდან სახელფასო დავალიანების არსებობა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
31. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
32. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს 2019 წლის აგვისტოს თვეში სამუშაო მოპასუხის სასარგებლოდ არ შეუსრულებია და მიუთითებს ხელშეკრულების იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ საკუთარი ავტომობილით უნდა მოემსახუროს კომპანიას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად კვირაში 6 დღე და დღეში მინიმუმ 10 საათი. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ აგვისტოს თვეში მან 270 საათი იმუშავა. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელეს ნამუშევარი დროის გამოსაანგარიშებლად დამატებით უნდა ეწარმოებინა ტაბელი. კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ დამსაქმებელმა საათობრივი ტარიფის მიხედვით განსაზღვრა თანხის გადახდის პრინციპი, არ ცვლის სამუშაო დროზე შეთანხმების საკითხს და არ აქცევს მოცემულ ანაზღაურებას გამომუშავებად თანხად.
33. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მოსარჩელეს არასწორად დააკისრა იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მოსარჩელემ შეასრულა სამუშაო მოპასუხის სასარგებლოდ 2019 წლის აგვისტო თვეში. კასატორის მოსაზრებით, შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა ედასტურებინა რომ მოსარჩელეს სამუშაო არ შეუსრულებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
37. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სახელფასო დავალიანების ანაზაურება და სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 31-ე მუხლიდან (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი), 44-ე მუხლიდან (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 41-ე; 58-ე მუხლები).
38. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებაზე, რომ სადავო პერიოდში (2019 წლის აგვისტო) მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც მოპასუხის მხრიდან არ ანაზღაურებულა.
39. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
40. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ამ განჩინების პპ:7-21, 24, 26-27-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. ის გარემოება, რომ 2019 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ შეასრულა სამუშაო მოპასუხის სასარგებლოდ საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, ამ განჩინების პპ:22-25 დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, თუმცა არ დადასტურდა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ფიქსირებული ხელფასი არ ჰქონია; იგი იყო გამომუშავებაზე, რომლის ტარიფი განისაზღვრებოდა ერთ საათში დაუბეგრავი 2.58 ლარით. მოსარჩელე ვალდებული იყო ეწარმოებინა სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიის მიერ შემუშავებულ ფორმატში. მას ევალებოდა, დაეფიქსირებინა სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო ელ. ბარათით.
41. კასატორი არ ეთანხმება სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთის მოსარჩელისთვის (კასატორი) დაკისრებას და აღნიშნავს, რომ შრომით დავებში დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, აღნიშნული მოპასუხის ტვირთს წარმოადგენდა, რასაც მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
42. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე და აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ №ას-921-871-2015, 26.11.2015).
43. განსახილველ შემთხვევაში, 04.05.2015 წელს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ავტომობილის იჯარის და სატრანსპორტო მომსახურების N---- არსობრივად წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში სამუშაოს შესრულება დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის სასარგებლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ.
44. შრომითი ურთიერთობა ვერტიკალური ბუნებისაა, დამსაქმებელი წარმოადგენს ძლიერ მხარეს, შრომის ხელშეკრულება მომსახურების ხელშეკრულების ქვეტიპია, იგი სტანდარტული ხელშეკრულების სახეს ატარებს და ეს ნიშნები განასხვავებს მომსახურების ხელშეკრულებისაგან, რომელიც მხარეთა თანასწორობასა და ნების ავტონომიურობის პრინციპს ეფუძნება. მხარეთა ურთიერთობა მომსახურების დროს ჰორიზონტალურია. ხელშეკრულების ტიპს განსაზღვრავს მისი შინაარსი, მისი არსებითი პირობები და არა სახელწოდება.
45. საკასაციო პალატის ამ დასკვნის საფუძველია ხელშეკრულების ის პირობები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, კერძოდ, ამ განჩინების პპ:14,16,19-ში მითითებულია, რომ ხელშეკრულების 3.1.5.პუნქტის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს მოიჯარის მიერ დადგენილ ორგანიზაციულ წესებს; ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი მძღოლი, რომელიც თანამშრომლობს კომპანიასთან წელიწადში 11 თვე უწყვეტად, სარგებლობს შვებულებით მხოლოდ 14 კალენდარული დღით, რომელიც ანაზღაურდება ფიქსირებული თანხით (დღეში 20 ლარი-დაუქვითავი). ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოუცხადებლობა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ხელშეკრულების 8.10. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება... ამდენად, ამ ხელშეკრულებაში მითითებული იყო მოსარჩელის მოვალეობები, ფუნქციები, სამუშაო დრო, შვებულების მიცემის წესი, სამუშაო ადგილი, ანაზღაურება. შესაბამისად, მიუხედავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სახელწოდებისა, იგი თავისი შინაარსით შრომის ხელშეკრულებაა და გასაზიარებელლი არაა მოპასუხის შესაგებელში მითითებული პოზიცია, რომლითაც უარყოფილია მოსარჩელსთან შრომითი ურთიერთობის არსებობა (იხ., ს.ფ. 67) (შდრ: სუსგ-ები №ას-347-2020, 18 ნოემბერი, 2020; №ას-934-2018 , 5 ივნისი, 2020; №ას-141-2021, 27 მაისი, 2021 წელი).
46. რაც შეეხება კასატორის შედავებას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
47. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
48. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
49. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
50. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (შდრ: სუსგ-ები Nას-456-2021, 22.03.2022წ; Nას-57-2022, 13.04.2022წ; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წ.).
51. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება გამომდინარეობს არა მხოლოდ შრომითსამართლებრივ დავებზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით განსაზღვრული მტკიცების ტვირთიდან და სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლების დანაწესიდან, არამედ საქმეში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან; კონკრეტულ შემთხვეაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ანაზღაურება გამომუშავებითი - შესრულებული სამუშაოს მიხედვით და სწორედ მოსარჩელეს ევალებოდა ეწარმოებინა აღიცხვა, კერძოდ, ამ განჩინების პ. 21 -ში დადგენილია, რომ ხელშეკრულების დანართი ,,ა“-ს შესაბამისად, მეიჯარე მძღოლი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი: - საკუთარი ავტომობილით მოემსახუროს კომპანიას დადგენილია გრაფიკის შესაბამისად კვირაში 6 დღე და დღეში მინიმუმ 10 საათი; - აწარმოოს სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიის მიერ შემუშავებულ ფორმაში (ტაბელი); - დააფიქსიროს სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო ელ. ბარათით. აღნიშნული გარემოება, კი მტკიცების ტვირთს აბრუნებს მოსარჩელის მხარეზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა და შესაბამისად ვერც დაადასტურა, ის გარემოება შეასრულა თუ არა 2019 წლის აგვისტოს თვეში სამუშაო, ხოლო თუ შეასრულა, კონკრეტულად რამდენი საათის განმავლობაში შეასრულა და რა ოდენობის ხელფასი ერგებოდა შრომის ანაზღაურების სახით, სარჩელი სწორად იქნა უარყოფილი (იხ., წინამდებარე განჩინების პ.24).
53. ხოლო რაც შეეხება ანაზღურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობას, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად (მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი), შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს ანუ გადახდის ვალდებულების არსებობა სახეზეა საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ დადასტურდა სახელფასო დავალიანების არსებობა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც.
54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
57. კასატორი გავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე