საქმე №ა-4277-გან-19-2022 7 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ი. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ტ-ლი (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - რ. ტ-ლი
განმცხადებლის მოთხოვნა – განცხადების განუხილველად დატოვება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი რ. ტ-ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ა. ტ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი. კ-ემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის სარჩელი ა. ტ-ის მიმართ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა. ტ-მა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის სარჩელი ა. ტ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის 28 დეკემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
6. საკასაციო სასამართლოს განცხადებით (Nა-----) მომართა ი. კ-ის წარმომადგენელმა რ. ც-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის 28 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ახალი, კორექტირებული სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტები, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
7. 2022 წლის 2 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი. კ-ემ და მოითხოვა მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი Nა---- განცხადების განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ახალი, კორექტირებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს.
9. საქმის მასალებით დადგენილია, ი. კ-ემ 2022 წლის 2 ნოემბერს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მისი წარმომადგენლის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ახალი, კორექტირებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
12. ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლოში განცხადების შეტანა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ი. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ახალი, კორექტირებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის 28 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ახალი, კორექტირებული სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური