ბს-1150-726(გ-05) 12 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა თ. დ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობაზე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. დ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრ “ფ-ის” მიმართ და მოითხოვა დოკუმენტის ნამდვილობის აღიარება შემდეგი საფუძვლებით: 1956 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ......, IV სართულზე. 2002წ. მიწისძვრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლი. სახლის მდგომარეობა შეამოწმა სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტმა და დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარებოდა გამაგრებას.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდმა გამოუყო სხვა საცხოვრებელი ფართი. ბინით დაკმაყოფილებისას ფონდის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ...... მდებარე ბინა ეკუთვნის გ. დ-ეს და მასთან ერთად ცხოვრობენ ე. დ-ე, თ. დ-ე და მ. ს-ი.
მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდის ხელმძღვანელობამ ეჭვქვეშ დააყენა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრ “ფ-ის” მიერ გაცემული ცნობა-საბინაო პირობების შემოწმების შესახებ, რის გამოც შესაძლებელია ფონდის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული ბინის ჩამორთმევა.
სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისულ ცენტრ “ფ-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობის ნამდვილობის აღიარებას.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.12.2004წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. დ-ის სარჩელი. ამავე სასამართლოს 10.01.2005წ. განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული დ. ა-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე (ასეთი საჩივარი საქმის მასალებში არ მოიპოვება).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 30 მაისის განჩინებით თ. დ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ, რადგან მოპასუხე _ მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას თ. დ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობაზე და საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თ. დ-ის სასარჩელო განცხადების გაცნობისა და ამ განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლო კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-ის სარჩელი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას თ. დ-ის სასარჩელო განცხადების ადმინისტრაციულ დავად მიჩნევის თაობაზე, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავის განხილვის ძირითად პირობად დაადგინა დავის საგანი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული /საჯარო სამართლის/ კანონმდებლობიდან. სამოქალაქო კოლეგიის განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, არ შეიცავს დასაბუთებას თუ რატომ მიიჩნია მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდი ადმინისტრაციულ ორგანოდ და არ მისცა განმარტება სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტს. სასამართლომ საერთოდ არ მიუთითა, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რომელ დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა მოსარჩელის მოთხოვნა დოკუმენტის ნამდვილად აღიარების თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, არ შეიძლება გახდეს საფუძველი დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის, ვინაიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვით სამართალურთიერთობას, იგი _ უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციული ორგანოს მარტოოდენ მონაწილეობა საქმეში – არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში თ. დ-ემ სარჩელი აღძრა სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე _ დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მხარის მოთხოვნის საფუძვლად მიეთითა სსკ-ის 180-ე მუხლი, გაუგებარია სასამართლოს მოსაზრება დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის შესახებ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებანი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, დავა რომ ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი (რასაც ადგილი არა აქვს) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ნაწარმოები საქმის მასალები არ იძლეოდა საქმის ადმინისტრაციული კოლეგიისათვის გადაცემის საფუძველს, ვინაიდან სასამართლომ 23.12.2004წ. მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სარჩელი. ამავე სასამართლოს 10.01.2005წ. განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული დ. ა-ის საჩივარი 23.12.2004წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე (განცხადება საქმის მასალებში არ მოიპოვება). სამოქალაქო კოლეგიას არ უმსჯელია დ. ა-ის საჩივრის თაობაზე და არ შეუმოწმებია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, თ. დ-ის სარჩელის თაობაზე უკვე არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გაურკვეველია, რომელი სარჩელი გადასცა სამოქალაქო კოლეგიამ ადმინისტრაციულ კოლეგიას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. დ-ის როგორც სასარჩელო განცხადება, ისე განცხადების თაობაზე მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შესული საჩივარი წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და შესაბამისად, განსჯადობით უნდა გადაეცეს ამ საქმის განხილვაზე უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის მე-11, 180-ე, 284-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს;
3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.