Facebook Twitter

საქმე №ას-1524-2019 15 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ. გ-რი

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ჩ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი--ლ ქ---ფ“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა - უფლებამონაცვლედ ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ჩ-ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი----ლ ქ----ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ი----ლ ქ---ს“ გ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 81 186 (ოთხმოცდაერთი ათას ას ოთხმოცდაექვსი) აშშ დოლარისა და 102 429 (ას ორი ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად; შპს „ი---ლ ქ--ს“ (ს.კ. ----) გ. ჩ-ას (პ.ნ. ----) სასარგებლოდ დაეკისრა 11 200 (თერთმეტი ათას ორასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

2022 წლის 9 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. გ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა საქმეში Nას---- გ. ჩ-ას უფლებამონაცვლედ ნ. გ-ის ცნობა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ნ. გ-სა და გ. ჩ-ას შორის გაფორმებულ იქნა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც წინამდებარე საქმეზე გ. ჩ-ამ ყველანაირი მოთხოვის უფლება დაუთმო ნ. გ-ს. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ სააღსრულებო ფურცელში გ. ჩ-ას ჩაანაცვლებს ნ. გ-რი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა მოცემულ საქმეში გ. ჩ-ას უფლებამონაცვლედ ნ. გ-ის ცნობა. განცხადებას ერთვის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება გაფორმებული გ. ჩ-ას და ნ. გ-რს შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გ. ჩ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნას ნ. გ-რი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

ზემოხსენებული ნორმა ადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს მოთხოვნის დათმობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

განსახილველ შემთვევაში, ნ. გ-ის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ გ. ჩ-ამ ყველანაირი მოთხოვნის უფლება, რომელიც მას გააჩნია საკასაციო სასამართლოში არსებულ საქმეზე Nას-----, დაუთმო ნ. გ-რს.

ყოველივე ზემოაღნიშნუილიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში გ. ჩ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნას ნ.გ-რი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეში №ას----- გ. ჩ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ნ. გ-რი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი