საქმე №ას-1320-2022 17 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ.გ-ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჭ-ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ამავე წლის 10 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის 1/4 წილზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ჭ-ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და უძრავი ნივთის წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, რ. გ-ის სარჩელი ა. ჭ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ა. -ის შეგებებული სარჩელი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2022 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინების და ამავე წლის 10 აგვისტოს, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 490 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ვადიანი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ც. კ-ვს გაეგზავნა მის მიერ, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ---- --- N--) და ჩაბარდა დირექტორს ს. კ-ეს, 2022 წლის 4 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 490 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ვადიანი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელს, ც. კ-ვს გაეგზავნა მის მიერ, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, -- --- N-) და ჩაბარდა დირექტორს ს. კ-ეს, 2022 წლის 4 ნოემბერს.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 5 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ნოემბერს (პარასკევი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი გამოესწორებინა 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი