Facebook Twitter

საქმე №ას-1261-2022 21 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ.ს–ნი, ო.ტ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი – ჰ.ტ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.ტ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის მხარეს მესამე პირებად ჩაერთვნენ მოპასუხის ოჯახის წევრები მეუღლე - ვ.ს–ნი და არასრულწლოვანი შვილი ჰ.ტ–ნი, რომლებმაც წარადგინეს შესაგებელი.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ო.ტ–ნისა და მასთან ერთად მცხოვრები პირების ვ.ს–ნისა და ჰ.ტ–ნის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონება.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ და ასევე - ვ.ს–ნმა, წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ს–ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

10. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს. კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (იხ. სუსგ საქმე №ას-623-593-2013 , 20 ივნისი, 2013 წელი).

11. მოცემულ შემთხვევაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით დასტურდება, რომ ვ.ს–ნი საქმეში მესამე პირად ჩაერთო მოპასუხის მხარეს (იხ. ს.ფ 77-83), შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით იგი მოკლებულია საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ვ.ს–ნის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 3519-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ს–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე