Facebook Twitter

საქმე №ას-1263-2022 22 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „-------“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „------“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს - 26 618.30 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 12 ივნისს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, როგორც შემსყიდველსა და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით. აღნიშნული საქონლის მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, რისი მიწოდებაც განხორციელდა 91 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 20 ნოემბერს. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებაში განხორციელდა №---- ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქონლის დამონტაჟება უნდა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა, რაც განხორციელდა 2 დღის დაგვიანებით - 2019 წლის 17 ივნისს.

3. მოპასუხის მიერ დაირღვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობა), მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 25 768.78 ლარის გადახდა. ასევე, დაირღვა №---- შეთანხმებით გათვალისწინებული მონტაჟის ვადის პირობები და ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობა), მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 849.52 ლარის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობამ სულ შეადგინა 26 618.30 ლარი.

4. 2019 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხეს №----წერილით და სატელეფონო საუბრით ეცნობა, რომ ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 26 618.30 ლარი, რომლის გადასახდელადაც განესაზღვრა ერთთვიანი ვადა, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ჯარიმის გადახდა არ განუხორციელებია.

5. მოსარჩელის მითითებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2017 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - 2018 წლის 22 დეკემბრის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: ------ ს; სარეგისტრაციო კოდი: --------) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალურ დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოახდინა სამუშაოს შესრულების ვადებთან მიმართებით ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების არასწორი ინტერპრეტირება, 2018 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მონტაჟი - 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში განესაზღვრებოდა დამატებითი ვადა, არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

7. 2018 წლის 3 სექტემბერს №--- შეთანხმებით №--- ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება. სამუშაოს შესრულების 70 კალენდარული დღის (2018 წლის 21 აგვისტო) დარღვევის გამო, ხელშეკრულების 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხის სამუშაოს დასრულებისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა - არაუმეტეს 30 კალენდარული დღე (2018 წლის 21 სექტემბერი), რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

8. 2018 წლის 25 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა №--- შეთანხმება, რომლის საფუძველზეც №--- ხელშეკრულებაში განხორციელდა შემდეგი სახის ცვლილებები: შეიცვალა დაფინანსების წყარო: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით არაუმეტეს 156 122.40 ლარის ფარგლებში, ხოლო 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - არაუმეტეს 29 030.60 ლარის ფარგლებში; შეიცვალა საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვადა: მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვინეს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. აგრეთვე, შეიცვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც განისაზღვრა 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

9. 2019 წლის 31 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული №--- შეთანხმებით შეიცვალა 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვისა და მონტაჟის ადგილმდებარეობა. ასევე, განისაზღვრა, რომ მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა. ხელშეკრულების მოქედების ვადად განისაზღვრა პერიოდი დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან, 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

10. მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების 70-დღიანი პერიოდის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა შეცვლილია, რაზეც მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული №--- შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით. ამდენად, საქონლის მიწოდების 70-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2019 წლის 31 მაისიდან, რომელიც შემდგომ, ასევე, გაიზრდა. 2019 წლის 31 მაისს უკვე გაზრდილი იყო 70-დღიანი ვადა. შესაბამისად, ამ ვადაზე მითითება ვერ მოხდებოდა.

11. 2019 წლის 30 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა №--- შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. 2019 წლის 30 აგვისტოს №--- შეთანხმებით, ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ხოლო, 2019 წლის 30 სექტემბრის №--- შეთანხმებით, ხელშეკრულება მოქმედებდა 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

12. მოპასუხის მითითებით, მან ჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები. 2019 წლის 17 ივნისის წერილით მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე და ეთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 30 სექტემბერს, სადაც აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა 2019 წლის 18 ივნისს დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემსყიდველს შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის ზაფხულის პერიოდში (მაისი-აგვისტო) შეჩერებული იყო ე.წ. სახერხი საქმიანობა, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, წარმოადგენს ფორს-მაჟორს.

13. ამდენად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვასა და მონტაჟთან მიმართებით სრულად შესრულებულია და არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით, ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული 0.15% არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. ამასთან, მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ საქონლის მიწოდების ვადის გადაცილება მოხდა არა მთლიანი, არამედ მხოლოდ ნაწილის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, კი, ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 12 ივნისს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საგნად განისაზღვრა 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 195 153 ლარს, ხოლო ერთი ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის მონტაჟით შესყიდვის ღირებულება - 19 515.30 ლარს. დაფინანსების წყარო იყო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მიმწოდებლის ვალდებულება, საქონელი მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით (3.1 პუნქტი). საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო შემდეგ ტერიტორიებზე: აჭარა - 5 ცალი; სამეგრელო - 3 ცალი; გურია - 1 ცალი; თბილისის ზღვა - 1 ცალი (3.2 პუნქტი).

17. ხელშეკრულების თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები (13.2 პუნქტი), კერძოდ, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას (შესრულების ვადა, ხარისხი, საქონლის მახასიათებლები...) ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ბ) განესაზღვრა სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იხდიდა პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით (13.3 პუნქტი). ამასთან, თუკი ხელშეკრულების 13.3 „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ფარგლებში პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებლების 5%-ს და მიმწოდებელი საქონელს სრულად ვერ მიაწვდიდა/და არ გამოასწორებდა აღნიშნულ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემსყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა, შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით (13.4 პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ამ დოკუმენტში მითითებული თარიღიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით (მე-5 მუხლი).

18. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებაში, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ განხორციელდა შემდეგი ცვლილებები, კერძოდ: 2018 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების საწყისი გვერდის პირველ აბზაცში, ხელშეკრულების 9 მუხლის 9.1 პუნქტში, მე-10 მუხლის 10.5 პუნქტში, ხელშეკრულების მე-17 მუხლსა და ხელშეკრულების დანართში ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტების, მიღება-ჩაბარებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. მხარეთა შორის 2018 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულების შემსყიდველ მხარედ განისაზღვრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

19. 2018 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით, მიმწოდებლის მიერ, მხარეთა შორის 2018 წლის 12 ივნისს გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის - სამუშაოს შესრულების ვადა - 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის (2018 წლის 21 აგვისტო) დარღვევის გამო, ხელშეკრულების 13-ე მუხლის 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს სამუშაოს დასრულებისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (2018 წლის 21 სექტემბერი), რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

20. 2018 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით შეიცვალა დაფინანსების წყარო და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დაფინანსების წყარო ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, - არაუმეტეს 156 122.40 ლარის ფარგლებში; 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - არაუმეტეს 39 030.60 ლარის ფარგლებში. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.“ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.“

21. 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით, შეიცვალა №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ტერიტორია შემდეგნაირად: აჭარა - 2 ცალი, სამეგრელო - 3 ცალი, გურია - 3 ცალი, თბილისი - 2 ცალი. №--- ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა.“ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.“

22. 2019 წლის 30 ივლისს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.“

23. 2019 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.“

24. 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით“.

25. 2018 წლის 20 ნოემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის გაფორმდა შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შეასრულა სამაშველო-სამეთვალყურეო ჯიხურის მოწყობის სამუშაოები 156122.4 ლარის საერთო ღირებულებით. მოპასუხემ სამაშველო სამეთვალყურეო ჯიხური მოწყობის სამუშაოების ღირებულება მიიღო.

26. 2019 წლის 17 ივნისს მოპასუხემ წერილით აცნობა სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომ დაასრულა 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მათ მიერ მითითებულ ადგილებზე (ქობულეთში 1 კოშკურა, ჩაქვში 1 კოშკურა, ურეკში 2 კოშკურა, გრიგოლეთში 1 კოშკურა, მალთაყვაში 2 კოშკურა, განმუხურში 1 კოშკურა და თბილისში 2 კოშკურა) დაამზადა და დაამონტაჟა ჯამში 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი კოშკურა.

27. 2019 წლის 30 სექტემბრის მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა 2019 წლის 18 ივნისს დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შპს „ს-ო ე-ის ბ-ოს“ NCEB-----ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა მოპასუხის მიერ 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის მონტაჟით შესყიდვის სამუშაოები 192912.35 ლარის ღირებულებით, დღგ-ს ჩათვლით.

28. 2019 წლის 22 ოქტომბერს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოპასუხეს წერილით აცნობა, რომ 2018 წლის 12 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებით ნაკისრი საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვადის დარღვევის გამო, ერიცხებოდა პირგასამტეხლო სულ - 26 618.3 ლარის ოდენობით და მოსთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

29. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2017 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: …..-…; სარეგისტრაციო კოდი: ………) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 22 დეკემბრის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: …..-…; სარეგისტრაციო კოდი: …….) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალურ დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

30. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 26 618.30 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 12 ივნისის №…. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟთან მიმართებით, რაც წარმოშობდა მოსარჩელის უფლებამოსილებას, ხელშეკრულების 13.3 „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხისთვის დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 25 768.78 ლარის ოდენობით, ხოლო, საქონლის მონტაჟის ვადის დარღვევის გამო - 849.52 ლარის ოდენობით. სულ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 26 618.30 ლარს.

31. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილთან, 629-ე მუხლის პირველი ნაწილთან, 417-ე მუხლთან, 361-ე მუხლის მეორე ნაწილთან და 418-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სადავოა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შესრულება, რაც სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით) შესრულების ვადის განსაზღვრა. ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან და არც მასში განხორციელებული ცვლილებებიდან ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადები, და ამასთან, მხარეები განსხვავებულად განსაზღვრავენ მას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი უნდა დადგინდეს ხელშეკრულებისა და მასში შეტანილი ცვლილებების მთლიანობაში, სისტემური განმარტების შედეგად.

32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

33. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

34. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე - ნების გამომვლენი და ნების მიმღები - მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

35. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

36. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ. სუსგ №ას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).

37. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების შესაბამის პუნქტებსა და მასში განხორციელებულ ცვლილებებზე, კერძოდ, 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით. ამდენად, მოპასუხეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას (შესრულების ვადა, ხარისხი, საქონლის მახასიათებლები...) ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლისთვის განესაზღვრა სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. 2018 წლის 12 ივნისის №---- ხელშეკრულების 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების 70 კალენდარული დღის ოდენობით ვადის (2018 წლის 21 აგვისტო) დარღვევის გამო, მოპასუხეს დასრულებისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (2018 წლის 21 სექტემბერი), რა ვადაშიც მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ხელშეკრულებაში განხორციელდა 2018 წლის 3 სექტემბერს №--- შეთანხმების სახით. ამდენად, განხორციელებული ცვლილების მიხედვით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე. 2018 წლის 25 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა დაფინანსების წყარო. ცვლილება, ასევე, შეეხო მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვადებს, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს, არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.“ ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის საქონელი უნდა მიეწოდებინა 2018 წლის 12 ივნისიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო საქონლის მონტაჟი უნდა განეხორციელებინა 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.

38. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საყურადღებოა თავად №---- ხელშეკრულების 13.3 „ბ“ პუნქტი და ამ ხელშეკრულებაში მითითებულ პუნქტთან მიმართებით 2018 წლის 3 სექტემბერს №---- შეთანხმებით განხორციელებული ცვლილება. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მოპასუხეს სამუშაოები არ შეუსრულებია, რის გამოც 2018 წლის 3 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა №--- შეთანხმება, რომლითაც მიმწოდებელს სამუშაოს დასრულებისათვის განესაზღვრა დამატებითი 30-დღიანი ვადა და მხარეებმა გამოხატეს ნება, რომ მოპასუხეს 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისათვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, თუმცა 2018 წლის 25 ოქტომბრის №--- შეთანხმება ადგენს, რომ „მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.“ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი 2018 წლის 3 სექტემბრის №--- შეთანხმებით განსაზღვრულ ერთთვიან დამატებით ვადაზე და არც ამ ერთთვიან ვადაში დასაკისრებელ პირგასამტეხლოზე.

39. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ №--- ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 12 ივნისიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო, 2018 წლის 25 ოქტომბრის №--- შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.“ ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 12 ივნისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

40. 2018 წლის 25 ოქტომბრის ცვლილება სამუშაოს შესრულების ვადასთან მიმართებით ძირითადად შეეხება საქონლის დამონტაჟების ვადას, რომელიც იზრდება და მისი შესრულების ბოლო ვადად დგინდება 2019 წლის 31 მაისი. რაც შეეხება საქონლის მიწოდების ვადას, 2018 წლის 3 სექტემბრის №--- შეთანხმების გათვალისწინებით იგი უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით.

41. 2019 წლის 31 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ტერიტორია შემდეგნაირად: აჭარა - 2 ცალი (ნაცვლად 5 ცალისა), სამეგრელო - 3 ცალი, გურია - 3 ცალი (ნაცვლად 1 ცალისა) და თბილისი - 2 ცალი (ნაცვლად 1 ცალისა). აგრეთვე, №---ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა.“ ცვლილება შეეხო ხელშეკრულების მოქმედების ვადასაც, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.“

42. ამდენად, მხარეთა ერთობლივი ნების საფუძველზე შეიცვალა №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მოწყობის ადგილი, კერძოდ, 2018 წლის 12 ივნისიდან 70 კალენდარული დღის ვადაში და შემდგომ 2018 წლის 3 სექტემბრის №---- შეთანხმების გათვალისწინებით, 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხეს საქონლის მიწოდება უნდა განეხორცილებინა შემდეგ ტერიტორიაზე: აჭარა - 5 ცალი; სამეგრელო - 3 ცალი; გურია - 1 ცალი; თბილისის ზღვა - 1 ცალი. ხოლო, ამავე ტერიტორიაზე მონტაჟი, 2018 წლის 25 ოქტომბრის №-- შეთანხმების გათვალისწინებით, უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. 2019 წლის №---- შეთანხმების მიხედვით, კი, მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა შემდეგ ტერიტორიაზე: აჭარა - 2 ცალი, სამეგრელო - 3 ცალი, გურია - 3 ცალი და თბილისი - 2 ცალი. ამდენად, აღნიშნული შეთანხმებით შეიცვალა №--- ხელშეკრულების არსებითი პირობა ხელშეკრულების საგნის მიწოდებისა და მონტაჟის ადგილთან მიმართებით, რაც გულისხმობდა, რომ მოპასუხეს ახალ ლოკაციაზე სამუშაოები თავიდან უნდა განეხორცილებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოების მოწყობისა და დემონტაჟის ვადის ათვლაც თავიდან უნდა ათვლილიყო. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა მოპასუხის პოზიცია, განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობა - „მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა“ გულისხმობს, რომ საქონლის მიწოდების 70-დღიანი ვადის, აგრეთვე, მონტაჟის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს №--- შეთანხმების გაფორმების თარიღიდან, 2019 წლის 31 მაისიდან. 2019 წლის 31 მაისისთვის 2018 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების 70-დღიანი ვადა (2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით), ასევე, №---- ცვლილების გათვალისწინებით დამატებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადა (2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით) უკვე გასული იყო, შესაბამისად, მხარეთა მიერ უკვე გასულ ვადაზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეცვლილ ტერიტორიაზე შესრულებასთან მიმართებით ვერ მოხდებოდა. რაც შეეხება საქონლის მონტაჟის ვადას, №---- შეთანხმებაში პირდაპირ მითითებულია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი უნდა დამონტაჟებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა.

43. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ №--- შეთანხმების ჩანაწერი - „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით,“ სამუშაოს შესრულების ლოკაციის ცვლილების გათვალისწინებით, გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

44. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 417-ე მუხლზე, 418-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 12 ივნისის №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქონლის მიწოდება 2018 წლის 3 სექტემბრის №---- შეთანხმების გათვალისწინებით, უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ის დარიცხვის პირობით. დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 31 მაისის №---- შეთანხმების საფუძველზე შეიცვალა საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ტერიტორია, რამაც ხელშეკრულებისა და მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით განაპირობა სამუშაოს შესრულების ვადის თავიდან ათვლა. ახალი პირობის შესაბამისად, მოპასუხეს საქონლის მიწოდების ვალდებულება უნდა განეხორციელებინა 2019 წლის 31 მაისიდან 70 კალენდარული დღის ვადაში, 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მონტაჟი - 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით. 2019 წლის 17 ივნისს მოპასუხემ წერილით აცნობა სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომ დაასრულა 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილებზე (ქობულეთში - 1 კოშკურა, ჩაქვში - 1 კოშკურა, ურეკში - 2 კოშკურა, გრიგოლეთში - 1 კოშკურა, მალთაყვაში - 2 კოშკურა, განმუხურში - 1 კოშკურა და თბილისში - 2 კოშკურა) დაამზადა და დაამონტაჟა სულ 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი კოშკურა. 2019 წლის 30 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 12 ივნისის №---- ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა 2019 წლის 18 ივნისს დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შპს „ს--ო ე--ის ბ---ს“ NCEB----- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, შემსრულებელმა ჩააბარა ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა მოპასუხის მიერ 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის მონტაჟით შესყიდვის სამუშაოები 192912.35 ლარის ღირებულებით, დღგ-ს ჩათვლით. ამდენად, 2019 წლის 31 მაისის №---- შეთანხმებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ტერიტორიისა და ვადის ცვლილების გათვალისწინებით, მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში საქონლის მიწოდების ვალდებულება შეასრულა.

45. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მიმწოდებელმა საქონლის მონტაჟის ვალდებულების შესრულება განახორციელა 2 დღის დაგვიანებით. დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2019 წლის 16 ივნისამდე, 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების თაობაზე აცნობა 2019 წლის 17 ივნისის წერილით. იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის 16 ივნისი იყო უქმე დღე (კვირა), მოპასუხემ მოსარჩელეს სსკ-ის 127-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სამუშაოს შესრულების თაობაზე ოფიციალურად აცნობა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 2019 წლის 17 ივნისს.

46. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშეუსაბამო და არამართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება ჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას გამორიცხავს.

47. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 12 ივნისის №----ხელშეკრულებით 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ჯეროვნად.

48. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაოს შეუსრულებლობის საფუძვლით, ვალდებულების დარღვევაზე მითითება და პირგასამტეხლოს მოთხოვნა მოსარჩელის კეთილსინდისიერ ქმედებად ვერ შეფასდება. ამ კუთხით პალატამ აღნიშნა, მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შპს „------ისა“ და შპს „ჯ-------ის“ საამქროებში, რომლებიც ახორციელებდნენ მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე, №--- ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების მიზნით, ხის მასალის დამუშავებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რის გამოც აღნიშნული საწარმოების კუთვნილი სახერხი და მასთან დაკავშირებული სხვა სახის დაზგა-დანადგარები დალუქული იყო. შესაბამისად, 2018 წლის ივლისის ბოლოდან 2018 წლის აგვისტოს ბოლოს პერიოდამდე მიმწოდებელს (მოპასუხეს), მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეეძლო. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან მიმართებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. მხარეთა განმარტების და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლები პერიოდულად ახორციელებდნენ სამუშაოს შესრულების კონტროლს. გასათვალისწინებელია თავად ხელშეკრულების საგანი, ის სამუშაოები, რომლის შესრულების ვალდებულებაც მოპასუხემ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა - 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ზღვისპირა ქალაქების ტერიტორიებზე.

49. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ №---- ხელშეკრულებაში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილებები. მათ შორის, სამუშაოს შესრულების ვადასთან, დაფინანსების წყაროსთან, სამუშაოს შესრულების ადგილთან და ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან მიმართებით. 2019 წლის 30 სექტემბრის №---- შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 ოქტომბერი. დადგენილია, რომ მოპასუხეს 2019 წლის 17 ივნისისთვის სრულად ჰქონდა შესრულებული 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებით ნაკისრი სამაშველო სამეთვალყურეო ჯიხურების მოწყობისა და მონტაჟის ვალდებულება. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 22 ოქტომბერს მოსთხოვა მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს გადახდა. მაშინ, როცა მოპასუხეს, ჯერ კიდევ, 2019 წლის 17 ივნისისთვის სრულად ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ 2018 წლის 12 ივნისიდან 2019 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში შემსყიდველს მოეთხოვოს მიმწოდებლისგან პირგასამტეხლოს გადახდა, ან გაეფრთხილებინოს, რომ მის მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობის გამო, დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის სამუშაოთა შესრულების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ჯერ კიდევ, 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა. ამდენად, ვინაიდან, არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, არ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულების 13.3. „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

50. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

51. კასატორმა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ცვლილებების შესაბამისად ვადის ხელახალი ათვლის შესახებ, ვინაიდან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, პირობების განსაზღვრის წესს, არეგულირებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ტენდერში მონაწილე მხარეები შებოჭილები არიან წინასწარ დადგენილი ნორმებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 33-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია ხელშეკრულების დადების წესი გამარჯვებულ პრეტენდენტთან. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

52. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა საქონლის მიწოდების და მონტაჟის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღე. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 21 აგვისტოს, ხოლო, ხელშეკრულების 13.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დამატებით განესაზღვრა 30-დღიანი ვადა, რაც ამოიწურა 2018 წლის 21 სექტემბერს. 2018 წლის 25 ოქტომბრის №--- შეთანხმებით, გაიმიჯნა საქონლის მიწოდების და მონტაჟის ვადები. მიწოდების ვადა დარჩა უცვლელად, ხოლო მონტაჟის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. 2018 წლის 20 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, კომპანიამ შეასრულა სამაშველო სამეთვალყურეო ჯიხურების მოწყობის სამუშაოები.

53. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას. სადავო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა (და არა მომსახურების გაწევის ვადა) განისაზღვრა 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით. კასატორის მოსაზრებით, 2019 წლის 31 მაისის №--- შეთანხმებით, საქონლის მიწოდების ვადის ათვლის დრო ახლებურად ვერ განისაზღვრებოდა და ამგვარი განმარტება სამართლებრივ და ფაქტობრივ დასაბუთებას მოკლებულია, რადგან 2018 წლის 20 ნოემბერს კოშკურები უკვე მიწოდებული იყო. ამასთან, შეთანხმების გაფორმების თარიღიდან - 2019 წლის 31 მაისიდან, მიწოდების 70-დღიანი ვადის ათვლის პირობებში, აღნიშნული ვადა ამოიწურებოდა 2019 წლის 9 აგვისტოს, რაც თავად ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადააჭარბებდა. აღნიშნული ამავე შეთანხმებით, 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა. ამდენად, ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, ასევე, არ გამომდინარეობს დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, მიმწოდებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობის არსებობა არასწორად გამორიცხა.

54. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება ხელშეკრულების ბუნდოვანებისა და სასამართლოს მიერ მისი განმარტების ნაწილში და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებას, ან მის ცალკეულ ნაწილს განმარტება ესაჭიროება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები, შესწორებას და შევსებას მოითხოვს. მოცემულ საქმეზე მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოთა ვადები ერთმნიშვნელოვნად დადგინდა.

55. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

56. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

57. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

58. 2018 წლის 12 ივნისს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საგნად განისაზღვრა 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის შესყიდვა მონტაჟით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 195 153 ლარს, ხოლო ერთი ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის მონტაჟით შესყიდვის ღირებულება - 19 515.30 ლარს. დაფინანსების წყარო იყო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

59. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მიმწოდებლის ვალდებულება, საქონელი მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით (3.1 პუნქტი). საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო შემდეგ ტერიტორიებზე: აჭარა - 5 ცალი; სამეგრელო - 3 ცალი; გურია - 1 ცალი; თბილისის ზღვა - 1 ცალი (3.2 პუნქტი).

60. ხელშეკრულების თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები (13.2 პუნქტი), კერძოდ, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას (შესრულების ვადა, ხარისხი, საქონლის მახასიათებლები...) ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო: ბ) განესაზღვრა სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იხდიდა პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით (13.3 პუნქტი). ამასთან, თუკი ხელშეკრულების 13.3 „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის ფარგლებში პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებლების 5%-ს და მიმწოდებელი საქონელს სრულად ვერ მიაწვდიდა/და არ გამოასწორებდა აღნიშნულ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემსყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა, შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით (13.4 პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ამ დოკუმენტში მითითებული თარიღიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით (მე-5 მუხლი) ( იხ. ს.ფ.19-25).

61. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებაში, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ განხორციელდა შემდეგი ცვლილებები, კერძოდ: 2018 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების საწყისი გვერდის პირველ აბზაცში, ხელშეკრულების 9 მუხლის 9.1 პუნქტში, მე-10 მუხლის 10.5 პუნქტში, ხელშეკრულების მე-17 მუხლსა და ხელშეკრულების დანართში ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტების, მიღება-ჩაბარებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. მხარეთა შორის 2018 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულების შემსყიდველ მხარედ განისაზღვრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (იხ. ს.ფ.28-29).

62. 2018 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №---- შეთანხმებით, მიმწოდებლის მიერ, მხარეთა შორის 2018 წლის 12 ივნისს გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის - სამუშაოს შესრულების ვადა - 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის (2018 წლის 21 აგვისტო) დარღვევის გამო, ხელშეკრულების 13-ე მუხლის 13.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს სამუშაოს დასრულებისათვის განესაზღვრა დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (2018 წლის 21 სექტემბერი), რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.15%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ.32).

63. 2018 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით შეიცვალა დაფინანსების წყარო და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დაფინანსების წყარო ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, - არაუმეტეს 156 122.40 ლარის ფარგლებში; 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - არაუმეტეს 39 030.60 ლარის ფარგლებში. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.1. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.“ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით“ (იხ. ს.ფ.33-34).

64. 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით, შეიცვალა №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ტერიტორია შემდეგნაირად: აჭარა - 2 ცალი, სამეგრელო - 3 ცალი, გურია - 3 ცალი, თბილისი - 2 ცალი. №--- ხელშეკრულების 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ხოლო საქონლის დამონტაჟება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა.“ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.“ ( იხ. ს.ფ.35).

65. 2019 წლის 30 ივლისს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით“ (იხ. ს.ფ.38).

66. 2019 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №---შეთანხმებით ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით“ (იხ.ს.ფ.98).

67. 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ცვლილების შეტანის თაობაზე №--- შეთანხმებით, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით“ (იხ. ს.ფ.99).

68. 2018 წლის 20 ნოემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის გაფორმდა შუალედური მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 12 ივნისის №---- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შეასრულა სამაშველო-სამეთვალყურეო ჯიხური მოწყობის სამუშაოები 156122.4 ლარის საერთო ღირებულებით. მოპასუხემ სამაშველო სამეთვალყურეო ჯიხური მოწყობის სამუშაოების ღირებულება მიიღო.

69. 2019 წლის 17 ივნისს მოპასუხემ წერილით აცნობა სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომ დაასრულა 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მათ მიერ მითითებულ ადგილებზე (ქობულეთში 1 კოშკურა, ჩაქვში 1 კოშკურა, ურეკში 2 კოშკურა, გრიგოლეთში 1 კოშკურა, მალთაყვაში 2 კოშკურა, განმუხურში 1 კოშკურა და თბილისში 2 კოშკურა) დაამზადა და დაამონტაჟა ჯამში 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი კოშკურა.

70. 2019 წლის 30 სექტემბრის მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 12 ივნისის №--- ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა 2019 წლის 18 ივნისს დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შპს „ს---ო ე---ის ბ--ოს“ NCEB/----- ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველმა ჩაიბარა მოპასუხის მიერ 10 ერთეული საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო ასაწყობი ჯიხურის მონტაჟით შესყიდვის სამუშაოები 192912.35 ლარის ღირებულებით, დღგ-ს ჩათვლით.

71. 2019 წლის 22 ოქტომბერს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოპასუხეს წერილით აცნობა, რომ 2018 წლის 12 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებით ნაკისრი საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ვადის დარღვევის გამო, ერიცხებოდა პირგასამტეხლო სულ - 26 618.3 ლარის ოდენობით და მოსთხოვა აღნიშნული თანხის გადახდა, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

72. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2017 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: ------; სარეგისტრაციო კოდი: ---------) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 22 დეკემბრის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: ------; სარეგისტრაციო კოდი: --------) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალურ დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).

74. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

75. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.

76. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

78. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

79. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

80. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

81. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

82. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

83. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).

84. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

86. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

87. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეტანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

88. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“.

89. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

91. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

92. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

93. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

94. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

95. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). 111.

96. თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

97. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

98. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

99. განსახილველ საქმეზე პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობად მხარეებმა გაითვალისწინეს მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად ან/და ნაწილობრივ არაჯეროვნად შესრულება. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების (სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება; მასში შეტანილი ცვლილებები; შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები) სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეფასების საფუძველზე, იზიარებს წინამდებარე განჩინების პ.42-49 განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით საფუძველს მოკლებულია.

100. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

101.ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

102.კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

103.ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

104.ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

105.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე