Facebook Twitter

საქმე №ას-1299-2022 22 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-----სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-----ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 29 070 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2020 წლის 4 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ----- ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „-------“ და „-----ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატურით) მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. მომსახურების გაწევის ვადად, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, განისაზღვრა არაუმეტეს 25 კალენდარული დღე.

3. მოპასუხემ აღნიშნული ვადა დაარღვია და, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 10 ოქტომბრისა, გასწია 2020 წლის 29 ოქტომბერს - 19 კალენდარული დღის დაგვიანებით, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელს გაეგზავნა 2020 წლის 31 დეკემბრის №---- წერილი, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე. მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რამაც 29 070 ლარი შეადგინა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, რადგან 2020 წლის პირველი ნახევრის უდიდესი ნაწილი მას ეკონომიკური საქმიანობა აკრძალული ჰქონდა, რამაც გამოიწვია შესრულების ვადების გაჭიანურება და საჭირო მარაგნაწილების დროული მომარაგება შეაფერხა. მოსარჩელემ თავად წარადგინა მტკიცებულება, რომ ავტომანქანისათვის საჭირო ნაწილების მოძიება კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა საზღვარგარეთ, დეტალები მოპასუხის მიერ მიღებულ იქნა 2020 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო ავტომანქანის შეკეთება, შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, დასრულდა 2020 წლის 29 ოქტომბერს. ამდენად, მოპასუხემ შეკვეთა დაასრულა დეტალების მიღებიდან 7 დღის ვადაში და, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვას 19 დღეზე ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

5. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და არა მთლიანი ხელშეკრულების ფასიდან. შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლოს მიერ უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 0.04%-მდე, რაც 7 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 15.77 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 160.60 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტოსთვის გაეწია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ------ ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „-------სა“ და „------ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატურით) მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1020000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31იანვრის ჩათვლით.

9. ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა მომსახურების გაწვის ვადები: ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 25 კალენდარული დღით.

10. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის საფუძველზე შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

11. 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „---- ----“, სახ. ნომრით ------, 2020 წლის 15 სექტემბერს შემოწმება/შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა სავალი ნაწილების გაუმართაობა, რაზეც 2020 წლის 15 სექტემბერს შედგა დეფექტური აქტი.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილი მოპასუხემ შეუკვეთა საზღვარგარეთ 2020 წლის 17 სექტემბერს და დამკვეთს ჩაბარდა 2020 წლის 22 ოქტომბერს.

13. მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესრულების აქტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა შეკეთდა 19 კალენდარული დღის დაგვიანებით - 2020 წლის 29 ოქტომბერს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 639.19 ლარს.

14. 2020 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 10 ოქტომბრისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 29 ოქტომბერს - 19 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 29 070 ლარს.

15. ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია.

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიჩნეულ იქნა არათანაზომიერად და საქალაქო სასამართლომ იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის სამართლებრივ საფუძველზე შეამცირა, რასაც აპელანტი არ დაეთანხმა.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა. შესაბისად, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული (სსკ-ის 420-ე მუხლი) წინაპირობა.

18. სსკ-ის 417-418-ე 420-ე, მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

19. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

21. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.

22. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება 19 კალენდარული დღით გადააცილა, რისთვისაც ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობამ 29 070 ლარი შეადგინა.

23. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

24. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები. 6

25. განსახილველ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიდგომია (მოსარჩელე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით 29 070 ლარის მოთხოვნა არაგონივრულია და სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს სცდება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ არსებობს შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 160,60 ლარი (შეუსრულებელი ვალდებულების 5635.19 ლარის 0.15%) სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების 7 დღის ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის) გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო გამოიყენა არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით, რაც შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე №ას-174-2020, 17.06.2020წ.), კერძოდ, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს პირგასამტეხლოს ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობას. პირგასამტეხლო არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლითაც მხარე იქმნის გარანტიას, რომ მისი კონტრაჰენტი ხელშეკრულების არსებით პირობას არ დაარღვევს და ნაკისრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულებს.

29. სადავო საკითხთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა ასევე სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ მნიშნელოვან პრინციპზე - ხელშეკრულების თავისუფლებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის პირობებზე თანხმობა ორივე მხარემ გამოხატა. შესაბამისად, მოპასუხე იმთავითვე ფლობდა ინფორმაციას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, რაზეც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

30. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ იმგვარად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, რომ პირგასამტეხლოს არსს აზრი დაუკარგა და პირგასამტეხლოს ოდენობის არსებითად შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეუქმნა მოლოდინი, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პასუხისმგებლობის ფარგლები იქნება ძალიან მცირე, რაც შემსყიდველს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტი წაართვა.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

34. 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტოსთვის გაეწია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ----- ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული „-----სა“ და „----ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატურით) მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1020000 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31იანვრის ჩათვლით.

35. ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა მომსახურების გაწვის ვადები: ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 25 კალენდარული დღით.

36. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის საფუძველზე შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

37. 2020 წლის 4 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „---- ----“, სახ. ნომრით -----, 2020 წლის 15 სექტემბერს შემოწმება/შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა სავალი ნაწილების გაუმართაობა, რაზეც 2020 წლის 15 სექტემბერს შედგა დეფექტური აქტი.

38. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილი მოპასუხემ შეუკვეთა საზღვარგარეთ 2020 წლის 17 სექტემბერს და დამკვეთს ჩაბარდა 2020 წლის 22 ოქტომბერს.

39. მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესრულების აქტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა შეკეთდა 19 კალენდარული დღის დაგვიანებით - 2020 წლის 29 ოქტომბერს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 639.19 ლარს.

40. 2020 წლის 31 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2020 წლის 10 ოქტომბრისა, გაწეულ იქნა 2020 წლის 29 ოქტომბერს - 19 კალენდარული დღის დაგვიანებით, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1 020 000 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 29 070 ლარს.

41. ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ აუნაზღაურებია.

42. წინამდებარე საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება სააპელაციო პალატის მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესს. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის პირობები მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს, რასაც მოწინააღმდეგე მხარეც დაეთანხმა.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

44. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.

45. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

46. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

47. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

50. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

51. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

52. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).

53. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით (სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით) აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

54. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

55. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

59. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, აგრეთვე პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან არ უნდა დაანგარიშდეს (იხ. წინამდებარე განჩინების პ.4-5.).

60. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (შდრ: სუსგ-ები სუსგ-ები №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

62. საქმეზე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება მოპასუხემ გასწია 2020 წლის 29 ოქტომბერს - 19 კალენდარული დღის დაგვიანებით. გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 5639.19 ლარი. (იხ. წინამდებარე განჩინების პ.13). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ 5639.19 ლარის გაწეული მომსახურებისათვის, მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით 29070 ლარის მოთხოვნა არაგონივრულია და სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს სცდება.

63. საქმეზე დადგენილია, რომ ხელშეკრულების 9.3 პუნქტის საფუძველზე შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

64. საკასაციო პალატას წინამდებარე განჩინების პ.60-ში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებული გაწეული მომსახურების ღირებულებიდან - 5639.19ლარის 0.15% -ის ოდენობით, ყოველ გადაცილებულ დღეზე (19 დღე), რაც ჯამში შეადგენს 160.60 ლარს. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობით განსაზღვრა.

65. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრატიკას საქმეზე №ას-174-2020, 17 ივნისი, 2020.

66. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

67. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე