Facebook Twitter

საქმე №ას-37-2021 25 მაისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „მ-------ის მ-----ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-----ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ----ის მ----ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც შპს „ა-----ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე კომპანიას აეკრძალა მოსარჩელის მიერ დაცული სასაქონლო ნიშნის „ნ-----სი“ გამოყენება, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასით - ალკოჰოლიანი სასმელი (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი. მოსარჩელის მოთხოვნა, სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევისთვის 3 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა კასატორის მიერ სადავო სახელწოდების გამოყენება და რეკლამირება. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებზე, მხოლოდ, ის ფაქტი, რომ საქპატენტმა ექსპერტიზა ჩაატარა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, ვერ აქარწყლებს მხარის პრეტენზიებს.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. საქპატენტის 2015 წლის 10 ივლისის #---- ბრძანებით სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, განცხადებული საქონლისა და მომსახურებების მიმართ დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი, კერძოდ, ქართული, რუსული და ლათინური შრიფტით გამოსახული სიტყვა „ნ-----ი“, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის გარდა) ღვინის ბრენდი. სასაქონლო ნიშნის მფლობელია მოსარჩელე, რაზეც 2016 წლის 29 თებერვალს გაიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწმობა.

7.2. აღნიშნული სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი „ნ-----ი“ საქპატენტის 2017 წლის 13 ივნისის #----- ბრძანების საფუძველზე ასევე რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 43-ე კლასში, საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სასაქონლო ნიშნის მფლობელია მოპასუხე (იხ. ბრძანება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ (ტ.1,ს.ფ. 71).

7.3. მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება - რეალიზაცია. მოსარჩელე დაცული სასაქონლო ნიშნით აწარმოებს, ახდენს მის რეკლამირება/რეალიზაციას (იხ. სარეკლამო ფოტოსურათები და სასაქონლო ზედნადების ცხრილი ტ.1,ს.ფ. 84-86).

7.4. მოპასუხე (შეგებებული მოსარჩელე) ღვინის წარმოებისთვის და რეკლამირება რეალიზაციისთვის იყენებს მოსარჩელის მიერ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 33-ე კლასში - ალკოჰოლიანი სასმელები, ღვინის ბრენდი დაცულ ნიშანს „ნ-----ი“ (ტ.1, ს.ფ 18-19).

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში „ნიცის შეთანხმებით მიღებული საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის“ მიხედვით, 33-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი წარმოადგენს საქონელს (ალკოჰოლიანი სასმელები ლუდის გარდა, ღვინის ბრენდი), ხოლო 43-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი წარმოადგენს მომსახურებას - საკვები პროდუქტებით, სასმელით უზრუნველყოფისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში. როგორც წესი, 33-ე კლასით გათვალისწინებული საქონელი - ძირითადად ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას, შექმნას, ხოლო 43-ე კლასით გათვალისწინებული მომსახურება ძირითადად მოიცავს ფიზიკური პირების ან დაწესებულებების მიერ გაწეულ მომსახურებას, რაც შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის საკვები პროდუქტისა და სასმელების მომზადება და ადგილისა და კვების შეთავაზება სასტუმროებში, პანსიონატებსა და სხვა დროებითი საცხოვრებელი ფართის მქონე დაწესებულებებში.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 43-ე კლასით განსაზღვრული ჩამონათვალის გათვალისწინებით, კასატორი წარმოადგენს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს მხოლოდ მომსახურების სფეროში, ხოლო, მოსარჩელე, 33-ე კლასში, წარმოების სფეროში წარმოადგენს ნიშნის მესაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ უდავო გარემოებაა, მოსარჩელე უფრო ადრეა რეგისტრირებული სადავო ნიშნის მესაკუთრედ, კერძოდ 2015 წელს, ხოლო კასატორი 2017 წელსაა სადავო ნიშანზე მესაკუთრედ რეგისტრირებული.

10. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ (TRIPS) მე-15 მუხლის შესაბამისად, „სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს“. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი სიმბოლო შეიძლება იყოს „სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით“.

11. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.

12. საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია „საქპატენტის“ მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებაა, რაც ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას წარმოადგენს.

13. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი საკუთრების ობიექტი ხდება და მასზე საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია ვრცელდება. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში (იხ. სუსგ-ები. ას-286-2021, 12.11.2021; N ას-1285-1223-2014, 01.12.15 წ.).

15. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

16. სასამართლო მტკიცების პროცესი – ესაა საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო იმ ფარგლებში და წესით, რომლებიც განსაზღვრულია კანონით. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს იმ ფაქტების დადასტურების მიზნით, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს და შესაგებელს. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის და განკუთვნადობის პრინციპების დაცვით იღებს ამ მტკიცებულებებს და აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო მტკიცების პროცესის სხვადასხვა მონაწილე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ყველა მათგანის საქმიანობა მიმართულია ერთი მიზნისაკენ – გაირკვეს სიმართლე, დადგინდეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ N ას-100-2021, 27.05.2021 წ.).

17. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

18. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

19. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტით, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე, ხოლო, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე. ამავე კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას, ხოლო კანონის 14.2 მუხლით, არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, მოსარჩელის მიერ თავდაპირველად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - „ნ-----ი“ არ წარმოადგენს სპეციალური კანონით გათვალისწინებული ისტორიული ძეგლის დასახელებას, რაც აღნიშნულ ნიშანზე თავდაპირველი რეგისტრაციის საფუძვლით, მოსარჩელეს წარმოუშობდა შესაბამის უფლებას აეკრძალა კასატორისთვის მისი გამოყენება, მით უფრო მაშინ, როდესაც, მხარეებს ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში აქვთ რეგისტრირებული სადავო ნიშანი, აქედან კი, მოსარჩელეს უფრო ადრე და ისეთ კლასში აქვს ნიშანი რეგისტრირებული, რომელიც აღნიშნული სახელით ალკოჰოლიანი სასმელი წარმოების, რეკლამირებისა და რეალიზაციის უფლებას ანიჭებს მის მფლობელს.

21. ზემოხსენებული დასაბუთებით, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული შედავების წარმოდგენა, რის გამოც, საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „მ-----ის მ-----ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „მ-----ის მ----ს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. მ-ის (-----) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №-----, გადახდის თარიღი 2021 წლის 15 თებერვალი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე