საქმე № ას-54-2022 28 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ვ-------ი ------“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზოგადოებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ქ-ლი (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, პარტნიორი) წარმოადგენს შპს ,,ვ-------ი ----“-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, საწარმო) პარტნიორს 47.5%-იანი წილით, ხოლო წილის 52.5 %-ის მფლობელია კ. კ-ძე. საზოგადოების დირექტორია ამ უკანასკნელის მეუღლე - ნ. ქ-ლი.
2. 2020 წლის 12 აგვისტოს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხე საწარმოს დირექტორს და მოითხოვა საწარმოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია. წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2020 წლის 21 აგვისტოს. 2020 წლის 25 სექტემბერს შედგა პარტნიორთა კრება, სადაც განხილული იქნა მოსარჩელის 2020 წლის 12 აგვისტოს წერილი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე. მოპასუხის დირექტორის ნ. ქ-ის წარმომადგენელმა ლ. ხ-ემ და პარტნიორმა კ. კ-ემ განაცხადეს, რომ სრული დოკუმენტაცია გადმოგზავნილ იქნებოდა გონივრულ ვადაში, რაც დაფიქსირდა კრების ოქმში.
3. 2020 წლის 1 ოქტომბერს, შპს ,,ვ------ლი ----“-ის დირექტორის ნ. ქ-ის წარმომადგენელმა ლ. ხ-ემ მოსარჩელეს აცნობა, რომ უფლება ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ დოკუმენტებს. 2020 წლის 30 ოქტომბერს, ჩატარდა პარტნიორთა კრება, კრებაზე განხილულ იქნა მოსარჩელისთვის მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემის საკითხი, თუმცა მოსარჩელეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ გადასცემია.
4. მოსარჩელის მოთხოვნა
მოპასუხეს, შპს ,,ვ-----ი ----“-ს დაევალოს მოსარჩელე, გ. ქ-ვის, როგორც ამ საწარმოს პარტნიორისათვის, გადაწყვეტილების გამოტანამდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შპს ,,ვ-----ლი -----“-ს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: - საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმები; - ყოველწლიური საშტატო ნუსხა სახელფასო განაკვეთების მითითებით; - საზოგადოების წლიური ანგარიშები მოგება-ზარალის შესახებ (ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ წლების მითითებით); - საგადასახადო დეკლარაციები; - ძირითადი საშუალებების ნუსხა; - სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთები და ბრუნვა; - შედარების აქტები; - საზოგადოების დებიტორ- კრედიტორთა ნუსხა; - საზოგადოების მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება; - აუდიტორული შეფასების აქტები; - საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია; - სალაროს ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია.
5.მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, მას არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლება, კერძოდ, ფლობდეს საზოგადოების ფინანსური მდგომარეობისა და მოგების შესახებ ინფორმაციას. მას არ ეძლევა დივიდენდი. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი და წერილობითი თხოვნისა, საზოგადოების ხელმძღვანელი არ გადასცემს საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას, მიზანმიმართულად არ აძლევს საშუალებას გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას, მათ შორის მოგება-ზარალის შესახებ, მოგების ნაწილების და სხვა ინფორმაციას, რაც შედის გ. ქ-ის, როგორც საზოგადოების პარტნიორის კანონიერ ინტერესში.
6.მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს არაერთხელ განემარტა, რომ მას აქვს შესაძლებლობა, პირადად მივიდეს საზოგადოებაში და ადგილზე გაეცნოს აღნიშნულ დოკუმენტაციას, რადგან საზოგადოებისგან არაგონივრულად დიდ რესურსებს (როგორც დროის, ასევე მატერიალურ რესურსებს) მოითხოვს 5 წლის განმავლობაში ნაწარმოები სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ასლების მომზადება. აღნიშნული დაფიქსირებულია 2020 წლის 30 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმშიც. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა არის ძალიან ზოგადი და ის ვერ ასაბუთებს, თუ რა სამართლებრივად დაცვის ღირსი ინტერესი დგას დოკუმენტაციის მატერიალურად მიღების უკან, იმ პირობებში, როდესაც მას შეუძლია, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციას გაეცნოს საზოგადოებაში პირადად მისვლით და შემდგომ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედოს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა - მოპასუხე, შპს ,,ვ-----ლი ----“-ს დაევალა მოსარჩელე, გ. ქ-ვის, როგორც ამ საწარმოს პარტნიორისათვის, ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შპს ,,ვ----ლი ---“-ს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: ა) საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმები; ბ) ყოველწლიური საშტატო ნუსხა სახელფასო განაკვეთების მითითებით; გ) საზოგადოების წლიური ანგარიშები მოგება-ზარალის შესახებ(ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ წლების მითითებით); დ) საგადასახადო დეკლარაციები; ე) ძირითადი საშუალებების ნუსხა; ვ) სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთები და ბრუნვა; ზ) შედარების აქტები; თ) საზოგადოების დებიტორ-კრედიტორთა ნუსხა; ი) საზოგადოების მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება; კ) აუდიტორული შეფასების აქტები; ლ) საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია; მ) სალაროს ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია.
7.2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ვ-----ი ----"-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის 3.10 მუხლია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46.4 (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სწორად განმარტა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომაც.
8.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საწარმოს ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ და აღნიშნა, რომ რადგან პარტნიორი უფლებამოსილია მიიღოს საწარმოს საქმიანობის შესახებ არსებული სრული ინფორმაცია, ეს უფლებამოსილება ამავდროულად გულისხმობს ინფორმაციის მიღების უფლებასაც (მათ შორის როგორც გაცნობის, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღების შესაძლებლობასაც).
8.4. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტის შედავება ვერ ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნია, ეს გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, არც ცალსახად ვერ გამოდგება მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის არგუმენტად.
8.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8.6. კასატორის მითითებით, შპს ,,ვ-----ლი ----’’- ის წესდების 6.3 პუნქტისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პარტნიორს აქვს შემაჯამებელი წლიური ფინანსური დოკუმენტაციის მიღების უფლება როგორიცაა, ყოველწლიური ანგარიში, ჯამური შემოსავლებისა ხარჯების შესახებ ინფორმაცია, წლიური დეკლარაციები და სხვა. 2020 წლის 25 სექტემბრის კრების ოქმის გადაწყვეტილების მე-2 ნაწილში სწორედ ზემოხსენებული ყოველწლიური ჯამური მონაცემების მქონე ფინანსური დოკუმენტაცია იგულისხმება. რაც შეეხება მოთხოვნას საზოგადოების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა კონკრეტული დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ, პარტნიორს უფლება აქვს პირადად გაეცნოს ჩამოთვლილ დოკუმენტებს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მას უფლება აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ასლის მომზადება და მისთვის გადაცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პარტნიორი გ. ქ-ლი უფლებამოსილია უშუალოდ პირადად მივიდეს და ადგილზე გაეცნოს შპს „ვ-----ლი ----- ის“ დოკუმენტაციას.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს ,,ვ---ლი ----“-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
18.განსახილველ შემთხვევაში, მოცემული საქმის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს აქვს თუ არა პარტნიორს საწარმოს შესახებ არსებული სრული დოკუმენტური ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება.
19. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
20. განსახილველ შემთხვევაში, მსგავსი სახის დავებზე საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ამ კანონის 3.10 მუხლია, ხოლო 46.4 (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში“ (სუსგ Nას-1571-2018, 02 აგვისტო, 2019 წელი).
21. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს საწარმოს საქმიანობის თაობაზე ინფორმირებისა და შესაბამის დოკუმენტებთან დაუბრკოლებლად წვდომის შესახებ მოსარჩელის, როგორც საწარმოს პარტნიორის, კანონით გარანტირებული უფლების დარღვევას მოპასუხის მხრიდან. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორის მიერ საწარმოში არსებულ დოკუმენტაციაზე წვდომის უფლების არსებობაა დავის საგანი, კერძოდ, დოკუმენტაციის მიღება-გაცნობის უფლების შეზღუდვის ხასიათი, რომლის არგუმენტადაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მოსაზრება, რომ რადგან პარტნიორს თავად შეუძლია მივიდეს საწარმოში და გაეცნოს მასალებს, ამ უკანასკნელის მოცულობიდან გამომდინარე არ იქნება მიზანშეწონილი თავად მასალების პარტნიორისთვის გადაგზავნა. აღნიშნულ შემთხვევაში, კასატორმა ურთიერთღირებულებით კონკურენციაში წარმოადგინა, ერთი მხრივ, მასალების სიმრავლის გამო საწარმოს მიერ დოკუმენტაციის მომზადების სირთულე, შემდეგ კი პარტნიორისთვის გადაცემის საკითხი და, მეორე მხრივ, პარტნიორის უფლება მიიღოს ინფორმაცია თუნდაც ეს ითვალისწინებდეს მასალების ასლების მომზადებასა თუ სხვა ტექნიკურ საკითხებს. აღნიშნული შეპირისპირებით, მოპასუხე იმპლიციტურად აღიარებს პარტნიორის უფლების ირიბი შეზღუდვის შესაძლებლობას - მიიღოს საწარმოს შესახებ სრული ინფრომაცია. აღნიშნული შეზღუდვის გასამართლებლად კი მხოლოდ შეპირისპირებული არგუმენტის - ,,5 წლის განმავლობაში ნაწარმოები სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ასლების მომზადების“ ტექნიკურ სირთულეზე მიუთითებს, თუმცა ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა ამ უკანასკნელს პარტნიორის უფლებასთან შედარებით. აღნიშნულის დასასაბუთებლად მოპასუხემ წარმოადგინა დამატებითი არგუმენტი, რაც გულისხმობს თავად პარტნიორის საწარმოში მისვლას და დოკუმენტაციის გაცნობას, თუმცა ეს დასაბუთება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ცალსახად უგულებელყოფს პარტნიორის უფლებას მიიღოს, გამოითხოვოს საწარმოდან საქმის მასალები თუნდაც საწარმოში მისვლის გარეშე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ვერც ერთი არგუმენტი გამოდგება პარტნიორის ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაბამის დასაბუთებულ გამართლებად.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობებსა და სამართლებრივ პოზიციას, ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, ამავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რამე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ვ-----ლი ---“-მა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 300 ლარი, შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ-----ლი ----“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ვ-----ლი ----“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-----, გადახდის თარიღი 2022 წლის 14 თებერვალი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე