საქმე №ა-1522-შ-44-2022 28 ნოემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი– ვ. ს-ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ს-ვა
განმცხადებლის მოთხოვნა – სააღსრულებო ფურცლის გაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ----- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #---- გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ვ. ს-ის (შემდეგში: განმცხადებელი ან ბავშვების მამა) სარჩელი ტ. ს-ას (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვების დედა) მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბავშვების დედას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ვ. ასული ს-ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ვ. ასული ს-სა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ვ. ძე ს-ის (შემდეგში: არასრულწლოვნები ან ბავშვები) მიმართ; მოწინააღმდეგე მხარეს არასრულწლოვანი შვილების სარჩენად განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა მყარი ფულადი თანხა 5 806 რუბლი, რაც შეესაბამება როსტოვის ოლქში ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის ზომის 50 %-ს ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, შემდგომი ინდექსაციით, დაწყებული 2021 წლის 29 იანვრიდან თითოეული შვილის სრულწლოვანებამდე; ბავშვების დედას უარი ეთქვა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბავშვების დედამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. უცხო ქვეყნის სასამართლოს სარჩელით ბავშვების მამამაც მიმართა და ბავშვების დედისათვის მშობლის უფლებების შეზღუდვა და ბავშვების სარჩენად მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბავშვების დედისა და მამის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა. უცხო ქვეყნის სასამართლოში 2021 წლის 27 ივლისსა და 2021 წლის 5 აგვისტოს გამართულ სხდომებზე ბავშვების დედა არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეტყობინება სათანადო წესით გაეგზავნა, რაც ასევე დაადასტურა მისმა წარმომადგენელმა. უცხო ქვეყნის სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, საქმე განეხილა ბავშვების დედის დაუსწრებლად, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად.
5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. ----- განათლების განყოფილების სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილად მიიჩნია, ბავშვების მამის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო. უცხო ქვეყნის სასამართლომ, ასევე, ქ. ----- პროკურორის უფროსი თანაშემწის დასკვნა მოისმინა, რომელიც ბავშვების მამის სარჩელს უჭერდა მხარს. საქმის მასალების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, შესწავლის შედეგად უცხო ქვეყნის სასამართლომ ბავშვების მამის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო დედის სარჩელი უარყო.
6. როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განჩინებით ბავშვების დედის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. შუამდგომლობაზე თანდართულ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას დასმული აქვს ბეჭედი, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების მიმართ.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 21 ნოემბერს, განცხადებით მომართა ბავშვების მამის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ 2022 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, მოპასუხემ სკოლიდან გაიტაცა ბავშვები და მათზე ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებებით ბავშვების მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. არც პროკურატურის და არც შს ორგანოები არ ასრულებენ უზენაესი სასამართლოს განჩინებას და ბავშვები მოძალადე დედასთან ერთად არიან. დედის მოძალადეობა დადასტურებულია არაერთი გადაწყვეტილებით და, ასევე, საჯაროდ გავრცელებული კადრებით, რომლებიც დედის აგრესიულ ხასიათს ადასტურებს. არ არსებობს დამაჯერებელი საბუთი, რომ დედა იგივე ქმედებებს არ იმეორებს. განმცხადებლის განმარტებით, გარდა შს სამინისტროს და პროკურატურისა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს არაერთხელ მიმართეს ბავშვების დაცვის მიზნით მათი მოძალადე დედისგან განცალკევების მიზნით. განმცხადებლის წარმომადგენელი მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ გასცეს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მეურვეობის ორგანო და სხვა პირები აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბავშვების დედას მშობლის უფლებები შეზღუდული აქვს. ამასთან, განმცხადებლის წარმომადგენელი ითხოვს განმარტებას, თუ რას მოიაზრებს სასამართლო მშობლის უფლებების შეზღუდვაში.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 24 ნოემბერს, განცხადებით მომართა ბავშვების მამის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ითხოვს სააღსრულებო ფურცელსა და მშობლის უფლების შეზღუდვის ფარგლების განმარტებას. განმცხადებლის განმარტებით, სააგენტოს პოზიცია, ასევე, გასაკვირია იმასთან დაკავშირებით, რომ ასაიდუმლოებენ გატაცებული ბავშვების ადგილსამყოფელს მიუხედავად იმისა, რომ დედას, რომელთანაც ახლა იმყოფებიან ბავშვები, რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული აქვს მშობლის უფლებები, და ბავშვებთან ურთიერთობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემთხვევაში. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 267-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
14. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
15. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ბავშვების დედას მშობლის უფლებები შეეზღუდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს არასრულწლოვანთა ორივე მშობელი (შუამდგომლობის ავტორი და შუამდგომლობის მოპასუხე) იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და გადაწყვეტილება იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეა მიღებული, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში. საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა არ ნიშნავს საქმის არსებითი გარემოებების განხილვას, ფაქტების დადგენას და ხელმეორე კვლევას. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგობაში მოდის revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპთან, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ან/და დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით revision au fond-ის პრინციპის დარღვევის თაობაზე იხ.: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2009 წელი, გვ.138-140; ასევე შეად. სუსგ-ას ა-5936-შ-181-2019; 21.02.2021წ.). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და იმ არგუმენტაციის გათვალისწინებით, რასაც ბავშვების მამის წარმომადგენელი აცხადებს, მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სააღსრულებო ფურცლის გაცემის, კანონით დადგენილი, წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს იმგვარ დასკვნას, რისი აღსრულებაც შესაძლებელია. აღნიშნული განჩინებით საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის, ცნობა/აღიარება მოხდა, რასაც ბავშვების მამა მოითხოვდა.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს აღსრულებად დებულებას, შესაბამისად, განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უარყოფილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 70-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ს-ის განცხადება, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური