Facebook Twitter

საქმე№ა-6247-გან-27-2022 28 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი– ვ. ს-ვი

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ს-ვა

განმცხადებლის მოთხოვნა – მშობლის უფლებების შეზღუდვის განმარტება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის,----- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #---- გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ვ. ს-ის (შემდეგში: განმცხადებელი ან ბავშვების მამა) სარჩელი ტ. ს-ას (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვების დედა) მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბავშვების დედას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ვ. ასული ს-ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ვ. ასული ს-სა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ვ. ძე ს-ის (შემდეგში: არასრულწლოვნები ან ბავშვები) მიმართ; მოწინააღმდეგე მხარეს არასრულწლოვანი შვილების სარჩენად განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა მყარი ფულადი თანხა 5 806 რუბლი, რაც შეესაბამება როსტოვის ოლქში ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის ზომის 50 %-ს ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, შემდგომი ინდექსაციით, დაწყებული 2021 წლის 29 იანვრიდან თითოეული შვილის სრულწლოვანებამდე; ბავშვების დედას უარი ეთქვა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბავშვების დედამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. უცხო ქვეყნის სასამართლოს სარჩელით ბავშვების მამამაც მიმართა და ბავშვების დედისათვის მშობლის უფლებების შეზღუდვა და ბავშვების სარჩენად მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბავშვების დედისა და მამის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა. უცხო ქვეყნის სასამართლოში 2021 წლის 27 ივლისსა და 2021 წლის 5 აგვისტოს გამართულ სხდომებზე ბავშვების დედა არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეტყობინება სათანადო წესით გაეგზავნა, რაც ასევე დაადასტურა მისმა წარმომადგენელმა. უცხო ქვეყნის სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, საქმე განეხილა ბავშვების დედის დაუსწრებლად, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად.

5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. ----- განათლების განყოფილების სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილად მიიჩნია, ბავშვების მამის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო. უცხო ქვეყნის სასამართლომ, ასევე, ქ. ---- პროკურორის უფროსი თანაშემწის დასკვნა მოისმინა, რომელიც ბავშვების მამის სარჩელს უჭერდა მხარს. საქმის მასალების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, შესწავლის შედეგად უცხო ქვეყნის სასამართლომ ბავშვების მამის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო დედის სარჩელი უარყო.

6. როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განჩინებით ბავშვების დედის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. შუამდგომლობაზე თანდართულ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას დასმული აქვს ბეჭედი, რომლითაც დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 21 ნოემბერს, განცხადებით მომართა ბავშვების მამის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ 2022 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, მოპასუხემ სკოლიდან გაიტაცა ბავშვები და მათზე ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებებით ბავშვების მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. არც პროკურატურის და არც შს ორგანოები არ ასრულებენ უზენაესი სასამართლოს განჩინებას და ბავშვები მოძალადე დედასთან ერთად არიან. დედის მოძალადეობა დადასტურებულია არაერთი გადაწყვეტილებით და, ასევე, საჯაროდ გავრცელებული კადრებით, რომლებიც დედის აგრესიულ ხასიათს ადასტურებს. არ არსებობს დამაჯერებელი საბუთი, რომ დედა იგივე ქმედებებს არ იმეორებს. განმცხადებლის განმარტებით, გარდა შს სამინისტროს და პროკურატურისა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს არაერთხელ მიმართეს ბავშვების დაცვის მიზნით მათი მოძალადე დედისგან განცალკევების მიზნით. განმცხადებლის წარმომადგენელი მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ გასცეს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მეურვეობის ორგანო და სხვა პირები აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბავშვების დედას მშობლის უფლებები შეზღუდული აქვს. ამასთან, განმცხადებლის წარმომადგენელი ითხოვს განმარტებას, თუ რას მოიაზრებს სასამართლო მშობლის უფლებების შეზღუდვაში.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 24 ნოემბერს, განცხადებით მომართა ბავშვების მამის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ითხოვს სააღსრულებო ფურცელსა და მშობლის უფლების შეზღუდვის ფარგლების განმარტებას. განმცხადებლის განმარტებით, სააგენტოს პოზიცია, ასევე, გასაკვირია იმასთან დაკავშირებით, რომ ასაიდუმლოებენ გატაცებული ბავშვების ადგილსამყოფელს მიუხედავად იმისა, რომ დედას, რომელთანაც ახლა იმყოფებიან ბავშვები, რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული აქვს მშობლის უფლებები, და ბავშვებთან ურთიერთობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

12. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

14. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.

15. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

16. განსახილველ შემთხვევაში, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ. ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

20. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - მინსკის კონვენცია) 55-ე მუხლი ჩამოთვლის უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებაზე უარის თქმის წინაპირობებს, განსახილველ შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ იყო გამოკვეთილი.

21. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რაც ზემოთაა მითითებული და რასაც ბავშვების მამა მოითხოვდა. რაც შეეხება, განმცხადებლის მოთხოვნას საკასაციო სასამართლომ განმარტოს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის შინაარსი, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების თაობაზე დასაბუთებულ პრეტენზია განმცხადებელს არ წარმოუდგენია. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგობაში მოდის revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპთან, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ან/და დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით revision au fond-ის პრინციპის დარღვევის თაობაზე იხ.: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2009 წელი, გვ.138-140; ასევე შეად. სუსგ-ას ა-5936-შ-181-2019; 21.02.2021წ.).

22. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების მიზნით განმცხადებელმა იმ სასამართლოს უნდა მიმართოს, რომლის გადაწყვეტილებაც, განმცხადებლის შეფასებით, ბუნდოვან დებულებებს შეიცავს. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება აღსრულებას არ ექვემდებარება, იგი მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას შეეხება. გადაწყვეტილების განმარტების საკითხი კი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნისათვის დგება. შესაბამისად, განმცხადებელმა იმ სასამართლოს უნდა მიმართოს, რომლის გადაწყვეტილებაც აღსრულებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს-ის განცხადება, მშობლის უფლებების შეზღუდვის განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური