საქმე №ას-748-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „გ------ი ჰ-----ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-----ის კ-----ი ც----ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „პ-----ის კ---მა ც-----მა“ (შემდგომ - მენარდე, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ----ი ჰ----ის“ (შემდგომ - შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) მიმართ 13 070 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მხარეთა შორის 2019 წლის 1 მარტს გაფორმდა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე შემკვეთს მომართვის საფუძველზე უწევდა სამედიცინო-დიაგნოსტიკურ მომსახურებას, კერძოდ, ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალის ჰისტომორფოლოგიურ კვლევას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სანაცვლოდ.
3. 2019 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურება ჯეროვნად გაუწია, რომლის თაობაზეც მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტები. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 11 800 ლარი, საიდანაც შემკვეთმა აანაზღაურა მხოლოდ 2045 ლარი, შესაბამისად, 2019 წლის დავალიანება 9755 ლარია. 2020 წელსაც შემკვეთის მომართვის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურება ჯეროვნად გაუწია, მხარეს მიეწოდა ყველა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემკვეთმა 6315 ლარიდან აანაზღაურა მხოლოდ 3000 ლარი. შესაბამისად, 2020 წლის დავალიანება 3 315 ლარია.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, უარყო დავალიანების არსებობა და განმარტა, რომ მოპასუხემ აანაზღაურა 2019 წელს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების ღირებულება, ხოლო 2020 წელს მოპასუხეს მოსარჩელისათვის მომსახურება არ გაუწევია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 13 070 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. პალატის მითითებით, მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სადაც მოსარჩელეს ევალებოდა შემკვეთისაგან მიღებული მიმართვების საფუძველზე სამედიცინო კვლევები. ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, სამუშაოს შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მენარდეს, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაედასტურებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა.
9. მოსარჩელეს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ურთიერთშედარების აქტები, რომელთაგან ნაწილი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, ხოლო ნაწილი - ხელმოუწერელია. ხელმოწერილ ურთიერთშედარების აქტებში არსებულ ინფორმაციაზე მხარეები არ დავობენ. დადგენილია, რომ ხელმოწერილ აქტებში დავალიანების ოდენობად ფიქსირდება 11 800 ლარი. უდავოა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების საფასური - 5045 ლარი გადახდილი აქვს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების თანახმად, მოპასუხეს გაეწია 18 115 ლარის მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეს გადასახდელად დარჩენილი აქვს 13 070 ლარი, საიდანაც ხელმოწერილი აქტების საფუძველზე, 6755 ლარის ოდენობით დავალიანება მხარეთა შორის სადავო არ არის. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებიდან არ დგინდება, თუ კონკრეტულად რომელი მომსახურებიდან გამომდინარე გაასწორა ანგარიში მოპასუხემ.
10. სადავო მომსახურების შესრულების დადასტურების მიზნით, ხელმოუწერელ შედარების აქტებთან ერთად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მოპასუხის სახელით მოსარჩელის მიმართ გაგზავნილი „ჰისტოპათოლოგიური კვლევის მიმართვის ფურცლები“. აღნიშნულ დოკუმენტებთან მიმართებით, პირველ რიგში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვის პროცესში მხარეებმა განმარტეს მათი თანამშრომლობის სქემა, კერძოდ, მოპასუხე დაწესებულებაში მისულ პაციენტს კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცის შედეგად მიღებული სინჯები ზემოხსენებულ მიმართვის ფურცლებთან ერთად ეგზავნებოდა მოსარჩელეს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული მიმართვისა და სინჯების საფუძველზე ლაბორატორიულ მომსახურებას წევდა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტების მოსარჩელესთან არ მიდიოდა და მომსახურების გაწევის საფუძველს წარმოადგენდა სწორედ მოპასუხისაგან მიღებული მიმართვა და საკვლევი მასალები. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული 01.03.2019წ. ხელშეკრულებიდანაც, რომლის თანახმად, „დაწესებულება“ (მენარდე) ვალდებული იყო, დამკვეთისთვის მიეწოდებინა ბიოფსიური და პოსტოპერაციული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევის პასუხები საკვლევი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. შესაბამისად, დგინდება, რომ მომსახურების გასაწევად რაიმე დამატებითი პროცედურა თუ დოკუმენტაცია მხარეთა შორის არ შეთანხმებულა.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მიმართვის ფურცლებიდან ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს დამკვეთის მხრიდან მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნები მიღებული აქვს. აღნიშნული კუთხით, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ საქმეში წარმოდგენილი მიმართვებიდან არ დასტურდებოდა მათი გაგზავნა მოპასუხის უფლებამოსილი პირების მიერ. მიმართვის ფურცლების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში დავალიანების სადავო და უდავო პერიოდების განმავლობაში მოპასუხისაგან მიღებულ მიმართვებზე ხელმომწერი პირების ვინაობა ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, შემკვეთისგან ოფიციალურ ბლანკზე მიღებულ მომართვაზე ხელმომწერი, მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების უფლებამოსილების შემოწმების ვალდებულება მოსარჩელეს ვერც ხელშეკრულების და ვერც კანონის საფუძველზე ვერ დაეკისრება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მენარდეს შემჭიდროვებულ ვადებში უნდა გაეწია მომსახურება და საკითხი უკავშირდებოდა სამედიცინო სფეროში პაციენტების მომსახურებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შესრულების ინტერესს. შესაბამისად, როდესაც ხელშეკრულებით არ იყო შეთანხმებული მიმართვის გაგზავნაზე უფლებამოსილი კონკრეტული პირი ან პირთა წრე, მენარდეს ვერ მოეთხოვებოდა თითოეული ოფიციალური მიმართვის მიღების შემდგომ მასზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს, გარდა აბსტრაქტული უარყოფისა, რომ მიმართვის ფურცლები არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო გაგზავნილი, რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაში, თუკი მიმართვები მართლაც არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო გაგზავნილი, მოპასუხეს მარტივად შეეძლო, წარედგინა მტკიცებულებები მასთან დასაქმებული ექიმებისა და აღნიშნული მიმართვების გაგზავნაზე უფლებამოსილი პირების თაობაზე, რაც მას არ გაუკეთებია.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი „ჰისტოპათოლოგიური კვლევის მიმართვის ფურცლები“ გამოგზავნილია მოპასუხის უფლებამოსილი პირების მიერ და მომსახურების გაწევის საფუძველს ქმნიდა.
13. რაც შეეხება მიღებული მიმართვების საფუძველზე მოსარჩელის მხრიდან მომსახურების განხორციელების ფაქტს, ლაბორატორიული კვლევების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ იყო, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივად შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს შემკვეთისგან მიღებული მიმართვების საფუძველზე მომსახურება გაწეული ჰქონდა. პალატის მითითებით, თუკი მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული შემკვეთის მიერ გაგზავნილი მოთხოვნები, მხარეებს ერთმანეთთან უნდა გაერკვიათ. ამასთან, მოპასუხეს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ დაარღვია მისი, როგორც მენარდის ვალდებულება და მისგან არ მიუღია სადავო მომსახურება, საქმეში არ წარმოუდგენია . აღსანიშნავია, რომ დამკვეთს არც ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ მიუმართავს მენარდისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
15. კასატორის მტკიცებით, საკასაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ანაზღაურებადი მომსახურება. სასამართლომ შესაბამისი წესით არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - მიმართვის ფორმები. არ დადგენილა მათზე ხელმომწერ პირთა შემკვეთთან სამსახურებრივი კავშირი, ხელმოწერების იდენტურობა ანდა ხელმომწერ პირთა მაიდენტიფიცირებელი გარემოებები მათი ვინაობის მითითებით. შესაბამისად, დასკვნა , რომ ისინი გაგზავნილი იყო მოპასუხის მიერ, დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2020 წლის მომართვის ფორმაში მითითებული პაციენტები, მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნილი იყვნენ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის დარჩენილი ნაწილის გადახდაა, შესაბამისად, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი.
22. ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე მენარდის მოთხოვნა მაშინ დაკმაყოფილდება, თუ ის დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, ანუ შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „ურთიერთშედარების აქტებისა“ და მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი „ჰისტოპათოლოგიური კვლევის მიმართვის ფურცლების“ საფუძველზე დაადგინა, რომ მენარდემ შემკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურება გაუწია.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის შედავება, რომ მიმართვები მოპასუხეს არ გაუგზავნია და მისი სახელით გაგზავნეს არაუფლებამოსილმა პირებმა. პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მოპასუხის შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს, რამდენადაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე დაწესებულების ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს აწერდნენ ის პირები, რომელთაც ამის უფლებამოსილება არ გააჩნდათ, ეს მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რადგან არც ხელშეკრულებით, არც მომსახურების სპეციფიკით და არც საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულისხმიერებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ხელმოწერათა ნამდვილობისა თუ ხელმომწერ პირთა უფლებამოსილების შემოწმება არ მოეთხოვებოდა, მით უფრო, რომ მათ ამგვარ უფლებამოსილების არსებობაში ეჭვის შეტანის წინაპირობები არ არსებობდა. ამდენად, ვინ მოაწერდა ხელს მოსარჩელისათვის გასაგზავნ მიმართვებს, მოპასუხე დაწესებულების შიდა საქმე იყო და როდესაც მხარეები მიმართვის გაგზავნაზე უფლებამოსილ კონკრეტულ პირზე ან პირთა წრეზე არ შეთანხმებულან, შემკვეთისგან ოფიციალურ ბლანკზე მიღებულ მომართვაზე მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი მოაწერდა ხელს თუ სხვა თანამშრომელი, მოსარჩელეს არ ეხებოდა. ამასთან, მოპასუხეს არ მიუთითებია მოსარჩელისა და მიმართვებზე ხელმომწერ პირთა რაიმე შეთანხმებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე.
24. ასეც რომ არ იყოს, სასამართლოს არ აქვს ზემოხსენებულ დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი (მიმართვის ფორმებში მითითებულია შემსრულებელი დაწესებულება - მოსარჩელე, გამომგზავნი დაწესებულება - მოპასუხე, პაციენტის გვარი სახელი და მისი პირადი მონაცემები, გასაწევი მომსახურების დასახელება, კლინიკური დიაგნოზი. დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია გამომგზავნის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გრაფაში), რამდენადაც მოპასუხეს გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ მითითებულ ფაქტებს დაადასტურებდა, მაშინ, როდესაც ამგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა ყველაზე მეტად სწორედ მას ხელეწიფებოდა, მაგალითად, მასთან დასაქმებული ექიმების შესახებ მტკიცებულებები ანდა ვინ იყვნენ აღნიშნული მიმართვების გაგზავნაზე უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, პრეტენზია, რომ ხელმომწერთა ვინაობა და მოპასუხე დაწესებულებასთან სამსახურებრივი კავშირი სასამართლოს არ გამოუკვლევია, დაუსაბუთებელია, რამდენადაც ამგვარი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის მიმართ კანონი ადგენს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებას. შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. მოსარჩელემ 13 070 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი დაამტკიცა, ხოლო მოპასუხემ მენარდის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის სრულად მიღების ხელისშემშლელი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაასაბუთა, რის გამოც მის მიერ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების თაობაზე მენარდის მოთხოვნა დასაბუთებელია.
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1407-2019, 6 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-719-672-2017, 19 ივლისი, 2017 წელი).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 653.5 ლარის 70% – 457.45 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „გ------ი ჰ-----ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს „გ-----ლ ჰ-----ს“ (პ/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 653.5 ლარის (საგადასახადო დავალება №----/ გადახდის თარიღი 29.07.2022), 70% - 457.45 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე