Facebook Twitter

საქმე №ას-836-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ. ა-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს------ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ა-სა (შემდეგ - მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი, კასატორი) და სს „ს----ს“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2018 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, მაღაზიების მართვის განყოფილებაში „დესკის ოპერატორის“ თანამდებობაზე დასაქმდა. შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით დაიდო, გამოსაცდელი ვადა ხელშეკრულების მოქმედების პირველი ექვსი თვით განისაზღვრა, მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება - 1000 ლარით, საქართველოს კანონმდელობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

2. დასაქმებულს, 2019 წლის 8 აგვისტოდან 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით (183 კალენდარული დღით), მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნასთან დაკავშირებით, შრომითი ურთიერთობა შეუჩერდა.

3. დამსაქმებელი კომპანიის 2020 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2020 წლის 7 თებერვლიდან აღდგა.

4. კომპანიის 2020 წლის 27 თებერვლის №--- ბრძანებით, მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.

5. მოპასუხე კომპანიის 2021 წლის 8 თებერვლის №---- ბრძანებით, მოსარჩელესთან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

სარჩელის საფუძვლები:

6. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი დამსაქმებელი კომპანიის 2020 წლის 27 თებერვლის №---- ბრძანების ის პირობა, რომლითაც მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა განისაზღვრა ვადიან შრომით ურთიერთობად, ასევე - შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად მიჩნევა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახუში აღდგენა, მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით 2021 წლის 7 თებერვლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, გამოუყენებელი შვებულების 1000 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 15 თებერვლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ თანხის 0.07%-ის დამსაქმებლისათვის დაკისრება.

7. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 9 თებერვალს, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე, სამსახურიდან გათავისუფლდა. იმავე დღეს გადაეცა დამსაქმებლის 2020 წლის 10 თებერვლისა და 27 თებერვლის ბრძანებები. 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანების თანახმად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა 2020 წლის 7 თებერვლიდან აღდგა, ხოლო 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 6 თებერვლამდე.

8. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის 2020 წლის 7 თებერვლიდან წარმოიშვა უვადო შრომითი ურთიერთობა, მოპასუხის 2020 წლის 27 თებერვლით დათარიღებული ბრძანება კი უკანონოა, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად განისაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონოა მოპასუხის გადაწყვეტილება ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზეც, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2020 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანებით აღდგა, ხოლო 2020 წლის 27 თებერვლის №--- ბრძანებით შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით. დასაქმებული გამოცემისთანავე გაეცნო და დაეთანხმა 2020 წლის 10 თებერვლისა და 27 თებერვლის ბრძანებების შინაარსს, რაც დასტურდება აღნიშნულ აქტებზე მისი ხელმოწერით, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, კანონიერად შეწყდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არ დადებულა. ამ მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ ფაქტზე, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს, მათ შორის - შრომითი ურთიერთობის/ხელშეკრულების ვადიანობის დასადასტურებლად, მიუთითა 2020 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოცემულ ბრძანებაზე. სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა, რომ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში დამსაქმებელმა სადავო გახადა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტი და მიუთითა, რომ მოსარჩელე გამოცემისთანავე გაეცნო და დაეთანხმა 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანების შინაარსს, რაც დაადასტურა კიდეც ხელმოწერით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებაზე, მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, განმარტა, რომ ბრძანებაზე ხელმოწერით, არა დოკუმენტის შინაარსზე თანხმობა, არამედ მისი ჩაბარების ფაქტი დაადასტურა. საგულისხმოა, რომ მთავარ სხდომაზე დასახელებულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს, საპატიო მიზეზის შესახებ არ მიუთითებია, რაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საკმარისი წინაპირობაა შესაგებელში მითითებული გარემოების - მოსარჩელის მიერ 2020 წლის 27 თებერვლის გაცნობის და მასზე თანხმობის გამოვლენის დადასტურებულად მისაჩნევად.

13. გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებაზე მოსარჩელის თანხმობის გამოვლენა, რომლითაც მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კონკრეტულ თარიღს, 2021 წლის წლის 7 თებერვალს დაუკავშირეს, ამასთან, შრომის კოდექსით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის უვადოდ დადებულად მისაჩნევად გათვალისწინებული 30 თვეზე მეტი ხნით, მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ გამოვლენილა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელესთან ვადის გასვლის საფუძვლით შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მართებულად შეწყდა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. კასატორის მითითებით, ახსნა-განმარტების დროს დადასტურდა, რომ დამსაქმებლის 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებას დასაქმებულმა ხელი მოაწერა 2021 წლის 8 თებერვალს მოპასუხის ცენტრალურ ოფისში ყოფნის დროს, როდესაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციის გაგზავნა/გადაცემა, რაც დამსაქმებელმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა იმავე დღეს - 2021 წლის 8 თებერვალს. მიხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ვადის ათვლის თარიღი დაუკავშირა არა შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღს - 2018 წლის 24 დეკემბერს, არამედ მოპასუხე კომპანიის 2020 წლის 27 თებერვალს ცალმხრივი ბრძანებით განსაზღვრულ ერთწლიან ვადას და არასათანადო დასაბუთების პირობებში დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა უვადოდ დადებულად ვერ ჩაითვლებოდა.

16. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი დავა წარმოიშვა 2018 წლის 24 დეკემბერს 1 წლით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი ვადის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტილა, შესაბამისად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო პალატის განმარტებით, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, 2021 წლის 8 თებერვლიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) ითვალისწინებს. ნორმის თანახმად, ვადის ამოწურვით განპირობებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ამ სამართალურთიერთობის დასრულების ლეგიტიმურ საფუძველს.

22. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია შრომითი ურთიერთობის ვადის განსაზღვრა, კერძოდ, რა ტიპის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, ვადიანი თუ უვადო. სწორედ ამ საკვანძო საკითხის გამორკვევის შემდეგ შეიძლება შეფასდეს დამსაქმებლის ქმედების მართლზომიერება.

23. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის 2020 წლის 7 თებერვლიდან უვადო შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა, მოპასუხის 2020 წლის 27 თებერვლით დათარიღებული ბრძანება კი, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა დამსაქმებლის ცალმხრივ ნებას წარმოადგენს და უკანონოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონოა ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის (მოპასუხის) გადაწყვეტილებაც. საკასაციო პალატის განმარტებით, თუკი ვადის გამო ხელშეკრულების შეწყვეტას ეცილება დასაქმებული, სწორედ ისაა ვალდებული, ამტკიცოს ხელშეკრულებაში მოცემულისაგან განსხვავებული ვადით შრომის ხელშეკრულების არსებობა, მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, გამოიყენება მტკიცების ტვირთის სტანდარტული განაწილების პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის საფუძველზე, განსხვავებით დასაქმების შეწყვეტის ზოგიერთი საფუძვლის დროს მტკიცების ტვირთის განაწილებისგან (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 241; ასევე, საქმე №ას-465-2020, 2022 წლის 20 იანვრის განჩინება).

24. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 24 დეკემბერს ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა (2019 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით), ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 8 აგვისტოდან 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, მოსარჩელეს, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნასთან დაკავშირებით, შრომითი ურთიერთობა შეუჩერდა 183 კალენდარული დღით. დამსაქმებლის 2020 წლის 10 თებერვლის ბრძანებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2020 წლის 7 თებერვლიდან აღდგა. ამასთან, 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების ვადა, 2020 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.

25. საკასაციო პალატის განმარტებით, კერძო სამართლის სხვა დარგების მსგავსად, შრომით სამართალშიც მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეები თავისუფალი არიან, დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი. შრომითი ხელშეკრულების დადებისას, ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც ნორმატიულად აისახა სსკ-ის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში. მოხმობილი ნორმის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამრიგად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე (საქმე №ას-921-871-2015, 26 ნოემბერი, 2015 წელი).

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ შრომითი ურთიერთობის ვადაზე, რომელიც 2021 წლის 6 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა, რაზედაც დასაქმებულის თანხმობა მისივე ხელმოწერით არის დადასტურებული. კასატორის პრეტენზიის საპირისპიროდ, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა უვადო შრომითი ხელშეკრულების არსებობა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულის პოზიცია, თითქოს იგი მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღეს გაეცნო ზემოაღნიშნულ ბრძანებას, საქმის მასალებით არ დადასტურდა. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხის შესაგებლი სწორედ იმ არგუმენტს ეფუძნება, რომ მოსარჩელე გამოცემისთანავე გაეცნო და დაეთანხმა 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანების შინაარსს, რაც დაადასტურა კიდეც მასზე ხელმოწერით. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მიერ გამოვლენილი და შეთანხმებული ნების საილუსტრაციოდ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებაზე, მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი, საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია. მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ბრძანებაზე ხელმოწერით არა დოკუმენტის შინაარსზე თანხმობა, არამედ მისი ჩაბარების ფაქტი დაადასტურა. ამრიგად, მართალია, სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში, მოსარჩელემ სრულად გამორიცხა 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებაზე მისი თანხმობა, თუმცა შესაგებლით ამ ფაქტის სადავოდ გახდომის, მეტიც, მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი ბრძანების წარდგენისას, საქმის მთავარ სხდომამდე დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ არაფერი აუხსნია და არც გაუქარწყლებია, მთავარ სხდომაზე კი ხელმოწერის არსებობა დოკუმენტის ჩაბარებად წარმოადგინა. საგულისხმოა, რომ მთავარ სხდომაზე დასახელებულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს, საპატიო მიზეზის შესახებაც არ მიუთითებია, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ აღნიშნული საკმარისი წინაპირობა იყო შესაგებელში მითითებული გარემოების - მოსარჩელის მიერ 2020 წლის 27 თებერვლის გაცნობისა და მასზე თანხმობის გამოვლენის დადასტურებულად მისაჩნევად.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყდრნობით განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი და კასატორთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, კანონიერად შეწყდა.

28. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შრომის ხელშეკრულება შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელი ვადით დადებულად ან სულ მცირე ერთი წლის ვადით დადებულად, თუკი იკვეთება დასაქმებულთან ვადიან ხელშეკრულებაში კონტრაჰირების თაობაზე დამსაქმებლის ინტერესი. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესთა სამართლიანი ბალანსის ფაგლებში, ამ გარემოებების გამორკვევის დროს განმსაზღვრელია თითოეული, ინდივიდუალური საქმის გარემოებები და საქმეზე მხარეთა მიერ წამოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასება ქმნის ხელშეკრულების განუსაზღვრელი თუ განსაზღვრული ვადით დადებულად კვალიფიკაციის საფუძველს (იხ. საქმე №ას-1991-2018, 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება). კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმებულთან 2018 წლის 24 დეკემბერს დაიდო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ,,დესკის ოპერატორად“ იყო დასაქმებული და მის შრომით მოვალეობას სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში მოპასუხის პროდუქტის რეკლამირება და რეალიზაცია წარმოადგენდა. საქმეში წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ის ფართი, სადაც მოსარჩელე შრომით მოვალეობას ასრულებდა, ქირავდებოდა მოკლე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დასაქმებული კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების პირობებში, გადასული იყო დისტანციურ რეჟიმში და ის თავის შრომით მოვალეობებს აქტიურად არ ასრულებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ვლინდება, ის გარემოება, რომ დამსაქმებელს ჰქონდა ნება და ინტერესი უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, რისი გათვალისწინებითაც, 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანებაზე დასაქმებულის ნების არარსებობის პირობებშიც კი, არ იარსებებდა მხარეთა შორის 2018 წლის 24 დეკემბერს წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევის საფუძველი.

29. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დროის გათვალისწინებით, მოსარჩელეთან არსებული შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით დადებულად ასევე ვერ მიიჩნევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადაც 30 თვეს არ აჭარბებს, რაც შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში (სშკ-ის 12.4 მუხლი) ვადიან შრომის ხელშეკრულებას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად გარდაქმნის, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და კანონიერი.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-921-871-2015, 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება; №ას-465-2020, 2022 წლის 20 იანვრის განჩინება; №ას-1990-2018, 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება; №ას-282-270-2015, 2015 წლის 13 მაისის განჩინება).

35. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. თ. ა-ას (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება----- / გადახდის თარიღი 01.08.2022), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე