საქმე №ას-901-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ. გ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს-----ო მ----ის ც----რი ც----მი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. გ-სა (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი, კასატორი) და შპს ,,ს----ო მ----ის ც----რი ც---ს“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, სამედიცინო ცენტრი, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2012 წლის 3 დეკემბერს შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც დასაქმებული ამცრელ ექთნად დაინიშნა.
2. სამედიცინო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 16 ივნისის №--- ბრძანების საფუძველზე, დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
3. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს მოსარჩელისთვის განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაევალა.
4. სამედიცინო ცენტრის დირექტორის 2018 წლის 17 აგვისტოს №---- ბრძანებით, დასაქმებული აღდგა ამცრელი ექთნის თანამდებობაზე და მისი სამუშაო საათები განისაზღვრა სამშაბათსა და ხუთშაბათს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
5. სამედიცინო ცენტრის დირექტორის 2019 წლის 1 აგვისტოს №--- ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა და თანამდებობიდან გათავისუფლდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის, სამედიცინო ცენტრის დაფუძნების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის №01/112 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-5 მუხლისა და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
6. სამედიცინო ცენტრის 2020 წლის საშტატო განრიგის თანახმად, ორგანიზაციაში არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა.
სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები
7. დამსაქმებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დასაქმებულის წინააღმდეგ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ით.
მოპასუხის შესაგებელი
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებაზე მიუთითა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2019 წლის 1 აგვისტოს №--- ბრძანება; დამსაქმებელს კომპენსაცია - 3000 ლარი დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; დამსაქმებლისათვის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივარი:
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამსაქმებელმა და დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო დამსაქმებელმა - დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის თანახმად, დამსაქმებელმა მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რის გამოც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამედიცინო ცენტრის 2019 წლის №--- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
13. სააპელაციო სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისთვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მიუთითა, რომ მედიცინის ცენტრის 2020 წლის საშტატო გრაფიკის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში არ არსებობს ექთნის ვაკანტური ადგილი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა, შესაბამისად, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია უნდა განისაზღვროს დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრებით.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია აღნიშნული, რომ დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობისას, თუკი პირვანდელი სახით ვერ მოხერხდება აღდგენა, დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახეც უნდა ჰქონდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებულ კომპენსაციას, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (საქმე №ას-1263- 018, 14 დეკემბერი, 2018 წელი).
15. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დასაქმებულის სტაჟი, ასაკი, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ფინანსური შესაძლებლობები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა - 3000 ლარი, სრულად შეესაბამება მოსარჩელის დარღვეული უფლების რესტიტუციას და არ არსებობს აღნიშნული თანხის არც შემცირების და არც გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობა.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, რაც არ იკვეთება, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მხარეთა სააპელაციო საჩივრები და მიუთითა, რომ არ არსებობს მათი დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. მოსარჩელემ (დასაქმებულმა) საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე. ამასთან, წარმოდგენილი საშტატო გრაფიკი ვერ გახდება დამსაქმებლის მოთხოვნაზე უარის თქმის წინაპირობა, ვინაიდან, სწორედ იმავე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასაქმებული 2016 წელს იქნა სამსახურში აღდგენილი და არც მაშინდელი საშტატო გრაფიკით არ არსებობდა თავისუფალი საშტატო თანამდებობა. ამასთან, წარმოდგენილი საშტატო გრაფიკით არ დასტურება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა.
20. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის განხილვა 2020 წლის 11 აგვისტოს დაასრულა და საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 8 სექტემბერს გადადო. სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ სარეზოლუციო ნაწილი გამოეცხადებინა, მოპასუხეს 2017-2020 წლების საშტატო ნუსხის წარმოდგენა დაავალა, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაა და სასამართლოს მიერ მიკერძოებულობის ეჭვს აჩენს.
21. კასატორის მითითებით, სასამართლომ კომპენსაციის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 1993 წლიდან უვადო შრომითი ხელშეკრულებით იყო სამედიცინო ცენტრში დასაქმებული. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა სოციალურად დაუცველი და ასაკის გამო ვეღარ საქმდება, არის დევნილი, მეორედ გათავისუფლებიდან დიდი დროა გასული და კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს მის უფლებრივ რესტიტუციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
25. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რისი გათვალისწინებითაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სახედ კანონიერად მიიჩნია დასაქმებულისათვის კომპენსაციის გადახდაც. მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ედავება თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, ასევე, დავობს სასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობასაც და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია მის უფლებრივ რესტიტუციას ვერ უზრუნველყოფს.
26. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, სამუშაოზე აღდგენის უარი თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
27. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, დამსაქმებლის ინიციატივით უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებს შორის დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, თუმცა მისი დაკმაყოფილება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას უკავშირდება, კერძოდ, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენის მიზნებისათვის აუცილებელია, კანონით გათავისუფების საფუძვლის უკანონოდ ცნობა და პირვანდელი სამუშაო ადგილის ვაკანტურად არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება.
28. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცენტრის საშტატო განრიგით გარკვეულია საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები და დამკავებელ პირთა ვინაობა. ამ მტკიცებულებით დგინება, რომ ორგანიზაციაში არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, კერძოდ, სამედიცინო ცენტრის დირექტორის ბრძანებით №--- დამტკიცებული 2020 წლის საშტატო განრიგის თანახმად, ცენტრის სამედიცინო პერსონალში ორი ოჯახის ექთნის თანამდებობაა, რომელსაც შესაბამისი პირები იკავებენ. საქართველოს კანონმდებლობა და, მათ შორის, შრომის კოდექსი კი, არ ითვალისწინებს სხვა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას ადრე დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის გამო, რისი გათვალისწინებითაც, დასაქმებულის სამუშაო აღდგენის შესაძლებლობა დავის ფარგლებში არ გამოიკვეთა და კომპენსაციის გადახდის გზით დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია გამართლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა. გასაჩივრებული განჩინება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ნაცვლად, მოპასუხეს 2017-2020 წლების საშტატო ნუსხის წარმოდგენა დაავალა, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაა და სასამართლოს მიერ მიკერძოებულობის ეჭვს აჩენს. პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს (იხ. სუსგ საქმე №ას-312-312-2018, 17.03.2021წ.; საქმე №ას-1973-2018, 26.02.2021წ.; საქმე №ას-455-2019, 22.05.2020წ.), რისი გათვალისწინებითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია კასატორის უფლება, როდესაც 2020 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე, საქმის განხილვა მტკიცებულებათა გამოკველვის ეტაპიდან გაგრძელდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოთხოვნილი მტკიცებულებები დაედო საფუძვლად დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანალოგიური შინაარსის მტკიცებულებები დამსაქმებლის მიერ წარდგენილი იყო საქმის მოსამზადებელ ეტაპზეც, რაც ერთვის საქმის მასალებს.
30. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ №ას-1540-2019, 30.09.2020წ).
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ (დასაქმებული სამედიცინო დაწესებულების დაარსების დღიდან - 1993 წლიდან მუშაობდა დამსაქმებელ სამედიცინო ცენტრში); შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით საყურადღებოა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ცენტრის მიერ დასაქმებული ორჯერ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2-მე-3 პუნქტები). სასამართლო ასევე ითვალისწინებს დასაქმებულის მატერიალურ მდგომარეობას და ასაკს, რომელიც შრომის ბაზარზე დასაქმების ნეგატიური პერსპექტივის გათვალისწინებით კომპენსაციის განსაზღვრისას დასაქმებულის სასარგებლოდ გაითვალისწინება და საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს და დასაქმებულთა აღდგენის შეუძლობლობის გამო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა მოსარჩელის სამი წლის ხელფასით უნდა განისაზღვროს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის - 5 400 ლარის (დარიცხული) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (შდრ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; №ას-1540-2019, 30.09.2019წ.).
32. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 5400 (დარიცხული) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
33. საკასაციო საჩივარსა და საკასაციო შესაგებელს ერთვის გარკვეული მტკიცებულებები, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენ მხარეებს.
34. დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ს----ო მ----ის ც----რ ც----ს“ დაეკისროს 5400 ლარის (დარიცხული) გადახდა ზ. გ-ას სასარგებლოდ;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. შპს ,,ს----ო მ----ის ც---რ ც---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
6. საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე ზ. გ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს; საკასაციო შესაგებელზე წარდგენილი დოკუმენტიც დაუბრუნდეს შპს ,,ს---ო მ----ის ც---რ ც----ს“.
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე