საქმე №ას-941-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „გამომცემლობა ი--------ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ (შემდგომ - სააგენტო, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გამომცემლობა ი-----ის“ (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ პირგასამტეხლოს - 30 188.68 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2019 წლის 27 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საავტორო უფლების მფლობელის (მოპასუხე) მიერ 1-4 კლასის მათემატიკის (გრიფირების განაცხადის რეგისტრაციის №----) სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება-თარგმნა (ტექსტების სამეცნიერო რედაქტირება, კორექტირება, სტილისტური გასწორება, დაკაბადონება), რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ,,მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამით გათვალისწინებული (არაქართულენოვანი) ბენეფიციარების სახელმძღვანელოებით / სერიებით უზრუნველყოფის მიზნით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 298 307.12 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს წერილობით ეცნობება ვალდებულების დარღვევის თაობაზე და განესაზღვრება გონივრული ვადა, არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა, მის აღმოსაფხვრელად. ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, სააგენტო უფლებამოსილია, საავტორო უფლების მფლობელს ერთჯერადად დააკისროს ჯარიმა ღირებულების 10 %-ის ოდენობით და ამასთანავე, ღირებულების 0.01%-ი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
3. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ნათარგმნი სახელმძღვანელოები უნდა წარმოედგინა 2019 წლის 27 ივნისამდე. ამ დროისთვის ვალდებულება სრულად არ იყო შესრულებული, შესაბამისად, 2019 წლის 27 ივნისის №---- წერილით მოპასუხეს მიეცა დამატებითი ვადა 2019 წლის 11 ივლისამდე. ამასთანავე, განემარტა, რომ მიცემული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ საავტორო უფლების მფლობელს დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები და საურავები. მოპასუხემ აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი მე-3 კლასის მათემატიკის მოსწავლის წიგნის მე-3 ნაწილი და მე-4 კლასის მათემატიკის მოსწავლის წიგნის მე-4 ნაწილი წარმოადგინა 2019 წლის 16 ივლისს, ხოლო რუსულ ენაზე ნათარგმნი მე-3 კლასის მათემატიკის მასწავლებლის წიგნი - 2019 წლის 23 ივლისს. მოპასუხეს გაეგზავნა ჯარიმის დაკისრების შესახებ წერილობითი შეტყობინება და განესაზღვრა ვადა მის გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით და შესრულების ვადაგადაცილება დაკავშირებულია მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილთან.
5. ხელშეკრულების 7.4 პუნქტი ითვალისწინებს ორი სახის პირგასამტეხლოს. სარჩელით მოსარჩელე პრაქტიკულად ორივე სახის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება როგორც პირგასამტეხლოს საკანონმდებლო არსს, ფუნქციასა და ლეგიტიმურ მიზანს, ისე - თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისი დათქმების შინაარსს. ხელშეკრულების იმ დათქმების გონივრული განსჯისა და ლოგიკური განმარტების შედეგად, რომლებიც პირგასამტეხლოს ეთმობა, ცალსახად იკვეთება, რომ ხელშეკრულების 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით, ემსახურება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევას ანუ, როდესაც ხელშეკრულების მხარე საერთოდ არ ასრულების ნაკისრ ვალდებულებას. ამ მოსაზრებას ამყარებს სახელშეკრულებო დათქმის ის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 10%-იანი საჯარიმო თანხა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამოიანგარიშება. აღნიშნული კი, ლოგიკასა და გონივრულობას მოკლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება ნაწილობრივ ირღვევა ან არაჯეროვნად სრულდება. ვადაგადაცილებაზე ორიენტირებული პირგასამტეხლო კი, სპეციალური დათქმის სახით ცალკეა განსაზღვრული ხელშეკრულების იმავე 7.4 პუნქტში და მისი ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულების 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სწორედ იმ სამართლებრივ ასპექტზე მიუთითებს, რომ ვალდებულების ვადაგადაცილებითი დარღვევა სწორედ ამ სახის პირგასამტეხლოს შეიძლება დაექვემდებაროს და არა - მკაცრად ფიქსირებულ, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშებულ 10%-იან სანქციას.
6. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორივე პირგასამტეხლოს გამოყენებას დამოუკიდებელი და სპეციალური წინაპირობები გააჩნია, ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა აქცენტირებულია ვადაგადაცილების საკითხზე, პირგასამტეხლოს ნაწილში მხოლოდ ის მსჯელობაა რელევანტური, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 0.01%-ის დაკისრებას ითვალისწინებს.
7. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებზე ზემოაღნიშნულ დასაბუთებას, მან უნდა იმსჯელოს პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე, ვინაიდან მოთხოვნილია არაგონივრული ოდენობის პირგასამტეხლო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 6 000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3340.96 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, მოპასუხემ დაარღვია 2019 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული 1-4 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების სრულად მიწოდების ვადა. აღნიშნული ვალდებულება, ნაცვლად 2019 წლის 11 ივლისისა, მოპასუხემ შეასრულა 2019 წლის 23 ივლისს - 12 დღის ვადაგადაცილებით, რაც მის მიმართ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.
12. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ შესრულების ვადის გადაცილების მიუხედავად, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე ფიქსირებული პირგასამტეხლოს დაკისრება (ღირებულების 10%-ის ოდენობით და ამასთანავე, ღირებულების 0.01% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების იმ დათქმების გონივრული განსჯისა და ლოგიკური განმარტების შედეგად, რომლებიც პირგასამტეხლოს აქვს დათმობილი, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ შესრულების ვადის გადაცილება არ იწვევს ხელშეკრულების 7.4 პუნქტით გათვალისწინებული ფიქსირებული ჯარიმის დაკისრებას და ეს საჯარიმო სანქცია გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისათვის ანუ, როდესაც ხელშეკრულების მხარე საერთოდ არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.ამ მოსაზრებას ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დათქმის სწორედ ის ჩანაწერი ამყარებს, რომ ეს 10%-იანი საჯარიმო თანხა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამოიანგარიშება, რაც არაგონივრულია იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება ნაწილობრივ ირღვევა ან არაჯეროვნად სრულდება, მით უფრო, როდესაც მოპასუხემ მთლიანად შეასრულა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება. რაც შეეხება ვადაგადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, იგი სპეციალური დათქმის სახით ცალკეა ჩამოყალიბებული ხელშეკრულების იმავე 7.4. პუნქტში და მისი ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სწორედ იმ სამართლებრივ ასპექტებზე მიუთითებს, რომ ვალდებულების ვადაგადაცილებითი დარღვევა სწორედ ამ სახის პირგასამტეხლოს უნდა დაექვემდებაროს და არა ზემოთ ხსენებულ მკაცრად ფიქსირებულ, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშებულ 10%-იან სანქციას. ხელშეკრულების 7.4 პუნქტის სხვაგვარად განმარტებისას/გაგებისას, პირგასამტეხლოს ორმაგი რეჟიმი გავრცელდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებსა და პრინციპებს (კეთილსინდისიერების, უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის და ა.შ). შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხე მხარეს არ უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-იანი საჯარიმო თანხა.
13. პალატამ მხედველობაში მიიღო რა შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო - 3340.96 ლარი.
14. საბოლოოდ, პალატამ დაასკვნა, რაკი აპელანტმა (მოსარჩელემ) დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 3340.96 ლარი გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და, შესაბამისად, სკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთებოდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საჯარიმო სანქციის სახით ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის დარიცხვის დაუშვებლობის თაობაზე, თუმცა მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეესაბამება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რადგან 10%-იანი პირგასამტეხლოს გამოუყენებობის პირობებში რჩება მხოლოდ ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რომელიც 0.01 %-ია. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება 297 000 ლარი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა12-ია. მოპასუხისათვის დასაკისრებელი მაქსიმალური თანხა კი - 356.4 ლარი გამოდის. ამდენად, 3340 ლარის დაკისრებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ, რაკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს (აპელანტის მოწინაღმდეგე მხარეს) საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის დაკისრების მართლზომიერებაზე ვერ იმსჯელებს და მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში მხოლოდ პირგასამტეხლოდ ხელშეკრულების ღირებულების 0.01% დაკისრების მართლზომიერებას შეამოწმებს.
20. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.
21. კასატორის საკასაციო მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა წარმოადგენს. დადგენილია და არც კასატორი არ ხდის სადავოდ, რომ მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, მან ვალდებულების ნაწილი ვადაგადაცილებით შეასრულა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.
22. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით იმაზე მეტი თანხა დააკისრა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულების 10% ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, რაკი მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მას პირგასამტეხლო - მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების 0.01% უნდა დაჰკისრებოდა. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მიუხედავად სწორი სამართლებრივი მსჯელობისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული 3340.96 ლარი მეტია, იმ თანხაზე, ვიდრე ამ მსჯელობის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია გასაზიარებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ სახელმძღვანელოების სრულად მიწოდების ვადა დაარღვია, ვალდებულება ნაცვლად 2019 წლის 11 ივლისისა 2019 წლის 23 ივლისს - 12 დღის დაგვიანებით შეასრულა; გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.01% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრულია 298 307.12 ლარით. ამდენად, ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო 29.83 ლარია, რაც 12 დღისათვის 357.97 ლარს შეადგენს.
24. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, თუმცა ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება უკავშირდება მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირებას, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლების დაკისრებას. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. ამდენად, სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ მის შემცირებას შეეხება.
25. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა - თავად მხარეებმა განსაზღვრეს 0.01%. დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება 2019 წლის 11 ივლისის უნდა შეესრულებინა, მან ვალდებულება 2019 წლის 23 ივლისს შეასრულა. პირგასამტეხლოს (საურავის) ანაზღაურება მხარეს ეკისრება იმ დროიდან, როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. მისი დარიცხვა გრძელდება ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, საურავი იზრდება შესრულების ვადის გადაცილების პროპორციულად. ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ აქვს (შდრ. სუსგ №ას-1488-1408-2017, 2018 წლის 15 თებერვალი; №ას-214-204-2016, 2016 წლის 22 ივნისი). შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების (12 დღე) გათვალისინებით მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო 357.97 ლარია.
26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 357.97 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
27. კასატორმა 2022 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მას შესაგებელშიც ჰქონდა იგივე შუამდგომლობა დაყენებული, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ მასზე არ იმსჯელა.
28. პალატა მიუთითებს, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხემ პირველ ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოითხოვა მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2500 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯზე არ უმსჯელია, რაზედაც აპელანტს სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ პრეტენზიაზე საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს (სსსკ-ის 407-ე მუხლი). ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისათვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (სუსგ №ას-1054-2019, 2019 წლის 30 სექტემბერი). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
29. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-1054-2019, 2019 წლის 30 სექტემბერი; სუსგ №ას-316-316-2018, 2018 წლის 7 მაისი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება 3340.96 ლარი იყო, წინამდებარე გადაწყვეტილებით კი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 357.97 ლარის გადახდა. პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების გათვალისწინებით, კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 90 ლარის გადახდა (საკასაციო სასამართლოში დავის საგნის მოგებული ნაწილის 3%), ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე 905.66 ლარი, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე 240 ლარი, საკასაციო საჩივარზე 300 ლარი გადაიხადა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, თანხების გაქვითვის შედეგად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 482.86 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „გამომცემლობა ი-----ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „გამომცემლობა ი-----ს“ დაეკისროს 357.97 ლარის გადახდა სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ;
5. სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შპს „გამომცემლობა ი------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 90 ლარის ოდენობით;
6. სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შპს „გამომცემლობა ი-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 482.86 ლარის გადახდა;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე