Facebook Twitter

ა-2627-ა-14-2022

21 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

განმცხადებელი – ა.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის, ს.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა 2010 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N22/1-294-ი; ს.ბ–ძე, ცნობილი იქნა თანამესაკუთრედ უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ....., საკადასტრო კოდი ...... 1/7ნაწილზე; ბათილად იქნა ცნობილი ა.ბ–ძესა და თ.ც–ძეს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე – მდებარე ხელვაჩაური სოფ. ......, საკადასტრო კოდი ..... საკუთრების 1/7 ნაწილში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელე ს.ბ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ა.ბ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ს.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი, ა.ბ–ძესა და თ.ც–ძეს შორის, 2015 წლის 25 დეკემბერს, ხელვაჩაური სოფ. ..... მდებარე, N20.48.07.136 საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ამ ქონების 3/14 ნაწილში. ს.ბ–ძე ცნობილი იქნა თანამესაკუთრედ, ხელვაჩაური სოფ. .... მდებარე, N ....... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 3/14 ნაწილზე. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელე ს.ბ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე ა.ბ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 თებერვლის განჩინებით ს.ბ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 თებერვლის განჩინებით კასატორს – ა.ბ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და ასევე, 392,25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 11 თებერვალს.

4.2. 2022 წლის 15 თებერვალს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის – ა.ბ–ძის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ამასთან, განცხადებას თან დაურთო დოკუმენტი, საიდანაც დგინდებოდა, რომ ა.ბ–ძის მიერ კოვიდ-19-ზე ჩატარებული კვლევის პასუხი დადებითია. განმცხადებელმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით მიუთითა, რომ კასატორის კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება.

4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით კასატორს – ა.ბ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, ასევე 392,25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 10 მარტს.

4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინებით ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 24 მაისს.

5. 2022 წლის 27 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის – ა.ბ–ძის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დაცვით და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინების გაუქმება.

5.1. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი განმცხადებლის – ა.ბ–ძის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 16 ივნისს.

5.2. 2022 წლის 20 ივნისს უზენაეს სასამართლოს მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად შედგენილი განცხადება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით ა.ბ–ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განცხადება განხილულ იქნა 2022 წლის 21 ივლისს ზეპირი მოსმენით, სადაც განმცხადებლის წარმომადგენელმა მიუთითა იმაზე, რომ ა.ბ–ძემ მისთვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში წარადგინა ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება, თუმცა ფოსტის კურიერის უყურადღებობის ან/და დაუდევრობის გამო 2022 წლის 14 მარტს ფოსტისთვის ჩაბარებული ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საკასაციო სასამართლოს კანცელარიას ვერ ჩაბარდა გონივრულ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

9. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მან საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კურიერმა, მოპასუხის ბრალეულობის გარეშე, თავად ვერ უზრუნველყო ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადების უზენაეს სასამართლოსთვის დროულად მიწოდება, რამაც ვადებთან დაკავშირებით უზუსტობა გამოიწვია.

10. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

12. საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობა არსებითია მხარეებისთვის, რამდენადაც დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27), თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს, თუკი დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა კი გულისხმობს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.

13. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება წარმოშობს საფუძველს იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინება ა.ბ–ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციით დასტურდება, რომ კასატორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართული საკასაციო საჩივრით სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე ფოსტას უზენაეს სასამართლოში გადასაგზავნად ჩააბარა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 2022 წლის 14 მარტს (ხარვეზის შესახებ განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 10 მარტს, ხოლო ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ჰქონდა 5-დღიანი ვადა), თუმცა გზავნილი სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2022 წლის 14 აპრილს, მას შემდეგ, რაც მოპასუხეს ეცნობა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება (კასატორმა წარადგინა მტკიცებულება, რომ კორესპონდენცია ფოსტას ჩააბარა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2022 წლის 14 მარტს), რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო უნდა განახლდეს საქმის წარმოება ა.ბ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება არის ის დასაბუთებული საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, მისი საკასაციო განაცხადი შესწავლილ იქნეს სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება ა.ბ–ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე