Facebook Twitter

№ას-40-2022

28 სექტემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „პ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ“-მ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „პ.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.აღიარებულ იქნეს სს „პ.ბ–ის“ მიერ თბილისის მერიისათვის გადახდილი საგარანტიო თანხა გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ გაცემულად;

1.2.სს „პ.ბ–ს“ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის 50402 ლარის დაბრუნება;

1.3.ბათილად იქნეს ცნობილი 05.12.2016 წელს დადებული N76.3154 შემადგენელი ხელშეკრულების საბანკო გარანტიით მომსახურებაზე მე-3 მუხლის 3.1 ნაწილი და გამოცხადდეს ხელშეკრულების არაშემადგენელ ნაწილად.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „მ-ის“ სარჩელი სს „პ.ბ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, შპს „მ“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 2014 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (დამკვეთი, ბენეფიციარი) და შპს „ჯ–ს“ (პრინციპალი, მენარდე, მოსარჩელე) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ჯ–მა“ იკისრა თბილისში რამდენიმე მისამართზე მდებარე კორპუსების, მათ შორის, ..... მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

-2016 წელს პრინციპალმა შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად ეწოდება შპს „მ“.

6.1.2. 2014 წლის 12 დეკემბერის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი.

- ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშული წუნი გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მენარდე ვალდებული იყო აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯით.

- ხელშეკრულების 4.3 და 4.5 პუნქტების საფუძველზე, საგარანტიო თანხა განისაზღვრა მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ხარვეზის აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. თუ მენარდე ხარვეზს არ აღმოფხვრიდა, საგარანტიო თანხა არ ანაზღაურდებოდა. 4.4 პუნქტის თანახმად კი, მენარდის მიერ საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თანხის გადახდა.

- ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლი უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

6.1.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, დამკვეთსა და მენარდეს შორის, თითოეულ ობიექტზე გაფორმდა ცალკე ნარდობის ხელშეკრულება, მათ შორის, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულება.

6.1.4. მენარდემ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის 09 ოქტომბერს, მენარდესა და დამკვეთს შორის გაფორმდა თბილისში, ....... მდებარე ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

6.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.4 პუნქტის ფარგლებში, მენარდემ წარადგინა სს „პ.ბ–ის“ (გარანტი, მოპასუხე) მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. გარანტიის შესაბამისად, გარანტმა ბენეფიციარის პირველივე წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი გასაჩივრებისა და უარყოფის უფლების გარეშე, 5 საბანკო დღის ვადაში გარანტიის თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა. გარანტიის თანხა განისაზღვრა 45 525,95 ლარით.

6.1.6. 2016 წლის 5 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის შემადგენელი N76.3154 ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა პრინციპალს და გარანტს შორის ურთიერთობის პირობები.

- ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, საბანკო გარანტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმებით, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით.

- ხელშეკრულების 3.1-3.3 პუნქტების მიხედვით, გარანტის მიერ ბენეფიციარისთვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემთხვევაში, გარანტი უფლებამოსილი იყო რეგრესის წესით მოეთხოვა პრინციპალისათვის გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურება. პრინციპალი თანხმობას აცხადებდა, რომ რეგრესის მოთხოვნის უფლება წარმოიქმნება ასევე იმ თანხაზე, რომელიც გამომდინარეობს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან, მათ შორის სასამართლო ხარჯები, აგრეთვე ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ანაზღაურებული საგარანტიო თანხა ან/და ფულადი თანხა, რომელსაც გარანტი გადაუხდიდა ბენეფიციარს გარანტის მხრიდან საბანკო გარანტიის პირობების დარღვევის გამო (3.1 პუნქტი).

- პრინციპალი ვალდებული იყო, გარანტის წერილობითი მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აენაზღაურებინა გარანტისათვის საბანკო გარანტიით ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა (3.2 პუნქტი).

- იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი არ აუნაზღაურებდა თანხას გარანტს 3.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ავტომატურად წარმოიშობოდა სასესხო (საკრედიტო) ურთიერთობა ვადაგადაცილებული რეგრესის თანხის ოდენობაზე, მასზე წლიური 36% სარგებლის დარიცხვით (3.3 პუნქტი).

6.1.7. 2018 წლის 10 ოქტომბერს, ბენეფიცარის უფლებამოსილმა სუბიექტმა განახორციელა ქ. თბილისში, ...... მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება და შეადგინა ინსპექტირების აქტი.

- აქტის შესაბამისად, კორპუსზე დეფორმირებულია ღიობები და შეინიშნება სხვადასხვა სახის ბზარები, რის საფუძველზე, ინსპექტირების განმახორციელებელმა პირმა დაადგინა შესრულებული სამუშაოს ხარვეზი.

6.1.8. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ 2018 წლის 16 ოქტომბერს, მოამზადა დასკვნა ქ. თბილისში, ....... მდებარე შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე.

- დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებისას შენობას აღენიშნებოდა მთელი რიგი დეფორმაციები და დაზიანებები. შენობის ის ნაწილი, სადაც მენარდემ სამუშაოები განახორციელა, ავარიულობის თვალსაზრისით, შეესაბამებოდა დაზიანების III ხარისხს.

- სპეციალისტებმა საჭიროდ მიიჩნიეს საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური, აგრეთვე მზიდი კონსტრუქციებისა და კვანძების დეტალური გამოკვლევის, შენობის კონსტრუქციათა ამგები მასალების სიმტკიცის მაჩვენებლების შესწავლისა და მიმდინარე დეფორმაციების გამომწვევი მიზეზების დადგენის საფუძველზე, სათანადოდ დამუშავებული პროექტის საფუძველზე, შენობის მზიდი კონსტრუქციების გამაგრება-აღდგენის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება.

- მიშენებული და დაშენებული ნაწილებისათვის სპეციალისტებმა ასევე, საჭიროდ მიიჩნიეს მათი კონსტრუქციების დეტალური შესწავლა, არსებული მდგომარეობით განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობისა და ხარისხის შესწავლა და დაშენების სამუშაოთა სამშენებლო ნებართვასა და პროექტთან შესაბამისობის დადგენა, რის შემდეგაც უნდა გადაწყვეტილიყო მიშენებული და დაშენებული ნაწილების დემონტაჟის ან გამაგრება-აღდგენის საკითხი.

6.1.9 ვინაიდან მენარდეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის საგარანტიო თანხა აუნაზღაურდა საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, 2018 წლის 05 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა გასცა საბანკო გარანტიის გამოთხოვის რეკომენდაცია.

6.1.10. 2018 წლის 08 ნოემბერს, ბენეფიციარმა მიმართა გარანტს და აცნობა, რომ პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარვეზიანი იყო და საბანკო გარანტიის თანხის - 45 525,95 ლარის სრულად ანაზღაურება მოითხოვა.

- მიმართვას ერთვოდა 2018 წლის 05 ნოემბრის წერილი, ინსპექტირების აქტი, 2018 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები, სულ 43 ფურცლად.

6.1.11. ბენეფიციარისთვის თანხის ანაზღაურებამდე, გარანტმა პრინციპალს მოთხოვნის თაობაზე აცნობა. პრინციპალი მოთხოვნას არ დაეთანხმა.

6.1.12. 2018 წლის 16 ნოემბერს, გარანტმა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის თანხა გადაურიცხა.

6.1.13. ვინაიდან პრინციპალმა გარანტის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა რეგრესის წესით არ აანაზღაურა, გარანტმა ხელშეკრულების შესაბამისად (3.3 პუნქტი), დავალიანება სესხად გარდაქმნა, წლიური 12,5% სარგებლის დარიცხვის პირობით.

6.1.14. 2019 წლის 13 აგვისტოს, პრინციპალმა გადაიხადა სესხი მასზე დარიცხული ჯარიმა-სარგებლით, სულ 50 515 ლარი.

6.2.სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხებოდა დეფექტებზე პასუხისმგებლობის (ხარისხის) გარანტიას, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს დეფექტების გამოსწორების თანხების უზრუნველსაყოფად. პალატის განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ, დამკვეთი (ბენეფიციარი) შესყიდვის ღირებულების ნაწილს, რომელიც განეკუთვნება და გადასახდელია მენარდისათვის (პრინციპალისათვის), შეთანხმებული ვადით აკავებს, რათა ამ ვადაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ეს თანხა მოახმაროს ხარვეზის აღმოფხვრას. ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა თუ საგარანტიო პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს აღმოაჩნდა დეფექტი.

6.3.პალატამ, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიაზე - ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ მხარეთა (ბანკი და პრინციპალი) შეთანხმებით, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2018 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით (ტ.1. ს.ფ. 39). გარანტიით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დამოუკიდებელი/არაქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ბენეფიციარი უფლებამოსილი იყო, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, გარანტისათვის საგარანტიო თანხის გადახდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ნებისმიერ დროს მოეთხოვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ბენეფიციარმა, ინსპექტირების აქტისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გარანტს მოთხოვნა 2018 წლის 08 ნოემბერს, ანუ გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა. ეს გარემოება კი, პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.

6.4.რაც შეეხება სააპელაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა ბენეფიციარსა (დამკვეთი) და პირინციპალს (მენარდე) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამწლიანი საგარანტიო ვადის დარღვევას ბენეფიციარის მხრიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, გავლენას ვერ მოახენდა გარანტიის მოქმედების მართლზომიერების საკითხზე. ამასთან, პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომლითაც გაზიარებული არ იყო მოსარჩელის მტკიცება ხარვეზის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ გამოვლენის თაობაზე (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 გვერდი).

6.5.სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან არ იკვეთებოდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ინსპექტირების აქტში მითითებული დაზიანებებსა და მოსარჩელის (პრინციპალის) მიერ ბენეფიაციარის (ქ. თბილისის მერია) წინაშე ნაკისრი ძირითადი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას შორის. ამასთან, ბენეფიციარმა პირდაპირ მოითხოვა გარანტიის გაცემა მაშინ, როცა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვეთს ჯერ მენარდისათვის უნდა განესაზღვრა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ იყო იგი უფლებამოსილი გამოეყენებინა ხელშეკრულების ღირებულების 2,5%, რომელიც საბანკო გარანტიამ ჩაანაცვლა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კითხვაზე - იყო თუ არა გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გაცემა მართლზომიერი, პასუხი სწორედ ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გაცემულიყო, რა დროსაც უნდა შეფასებულიყო გარანტის მიერ, მასთან წარდგენილი დოკუმენტების კვლევის ფარგლები (საკმარისობის თვალსაზრისით); ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას - ევალებოდა თუ არა გარანტს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შინაარსისა და პრინციპალის ბრალეულობის შეფასება, ან იმის შესწავლა, გამოიყენა თუ არა ბენეფიციარმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორადი მოთხოვნა.

6.6.სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 885-ე და 887-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ექვემდებარებოდა მხოლოდ ფორმალური პროცედურის დაცვის მხრივ შემოწმებას და შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც, სწორედ ფორმალური პროცედურის დარღვევაზე მითითებით იყო შესაძლებელი.

6.7.სააპელაციო პალატამ საბანკო გარანტიით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი უპირობო და პირველივე მოთხოვნისთანავე გადასახდელ გარანტიას შეეხებოდა, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა წარმოშობდა გარანტის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის საფუძვლის დამატებითი მტკიცების გარეშე.

6.8.განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკითხი შეეხებოდა უპირობო გარანტიას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გარანტი არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არ იყო წარდგენილი დოკუმენტების კვლევაში შესულიყო, შეეფასებინა პრინციპალის ბრალეულობა ხარვეზებთან მიმართებაში და ექსპერტიზის დასკვნის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, უარი ეთქვა ბენეფიციარის მოთხოვნაზე. გარანტი ასევე ვერ შეაფასებდა, გამოიყენა თუ არა, ან უნდა გამოყენებინა თუ არა ბენეფიციარს დამატებითი შესრულების მექანიზმი.

6.9.სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, დაცული იყო ყველა სავალდებულო პირობა: მოთხოვნა გარანტს საბანკო გარანტიის მოქმედებს ვადაში წარედგინა; გაცემული იყო ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და მოთხოვნა სწორედ შესრულებული სამუშაოს უხარისხობიდან გამომდინარე იქნა წარდგენილი; მოთხოვნა არ აღემატებოდა საბანკო გარანტიის თანხას. საბანკო გარანტია არ ითვალისწინებდა რა დოკუმენტებით უნდა დადასტურებულიყო მოთხოვნა, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება ევალებოდა; სწორედ ამ ორგანოს მიერ შედგენელი ინსპექტირების აქტი და დასკვნა დაერთო მოთხოვნას. ამასთან, პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გარანტს არც ხელშეკრულებით ჰქონდა პრინციპალისთვის მოთხოვნის გადაგზავნის ვალდებულება, მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ გარანტმა მოთხოვნა თანდართული მასალებით მას გაუგზავნა. პრინციპალი კი, მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით შემოიფარგლა. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გამოვლენილი ხარვეზები არ იყო გამოწვეული პრინციპალის ბრალეულობით, მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, გარანტისთვის წარდგენილი არ ყოფილა, რაც ასევე, გამორიცხავდა გარანტის მხრიდან კეთილსინდისიერების ან/და „გონივრული წინდახედულობის“ პრინციპის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მსჯელობის საფუძველს.

6.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 867-868, 890-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ არ გაცემულა, გარანტმა ხელშეკრულების შესაბამისად მოითხოვა მისი რეგრესის წესით ანაზღაურება პრინციპალისგან. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრინციპალმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, გარანტმა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გარანტიის თანხა გარდაქმნა საბანკო კრედიტად. პალატის მოსაზრებით, გარანტი ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. შესაბამისად, პრინციპალის მიერ გადახდილი სესხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

6.11. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი 2016 წლის 05 დეკემბრის საბანკო გარანტიით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილშიც, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა გარანტის მიერ ბენეფიციარზე საგარანტიო თანხის გაცემის და შემდგომ, ამ თანხის პრინციპალისაგან რეგრესის წესით ამოღების არამართლზომიერების ფაქტი, პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა უცვლელი დარჩებოდა, ანუ ვერ დადგებოდა ის იურიდიული შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, რაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელის უარყოფის საკმარისი საფუძველს წარმოადგენდა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე შპს „მ“-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასაკმარისად იმსჯელა და ვერ დაასაბუთა, თუ რას ნიშნავს მოითხოვო საგარანტიო თანხის გადახდა სრულად, მაშინ როდესაც უცნობია იმ ზიანის მოცულობა, რომლის გამოც ბენეფიციარმა საგარანტიო თანხის გადახდა მოითხოვა. კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ბენეფიციარი პრეტენზიას სამუშაოების უხარისხო შესრულებაზე აცხადებდა, მას ეკისრებოდა ვალდებულება დაესაბუთებინა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები რა მოცულობით კონვერტირდებოდა ფულად ერთეულში.

7.1.2. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია საბანკო გარანტიის ფორმალური გაგების ნაწილშიც. კერძოდ, კასატორის მითითებით, პალატამ არ იმსჯელა საკითხზე, საგარანტიო თანხის გაცემამდე, გარანტი ვალდებული იყო თუ არა, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება განეხილა ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად. კასატორის მოსაზრებით, აბსურდია განმარტება მასზედ, რომ საბანკო გარანტია, როგორც უზრუნველყოფა, არ არის კავშირში ძირითად ვალდებულებასთან.

7.1.3. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასაკმარისად დაასაბუთა პრეცედენტული გადაწყვეტილების კავშირი სადაო საკითხთან მიმართებით. გარანტიის უპირობობა არ ნიშნავს, რომ ის უპირობოდ უნდა გაიცეს ყველა შემთხვევაში. უპირობოდ გაცემა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც მოთხოვნა სწორადაა დაყენებული და აცდენილი არ არის გარანტიით უზრუნველყოფილ სიკეთეს.

7.1.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ:

ა) საერთაშორისოდ აღიარებული პუბლიკაცია, რომელიც სააპელაციო პალატამ გამოიყენა, ამბობს, რომ გარანტმა გულდასმით უნდა გამოიკვლიოს მოთხოვნა შესაბამისობაშია თუ არა საგარანტიო პირობებთან. თუ მოთხოვნა აცდენილია უზრუნველყოფილ სიკეთეს, გარანტი არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა თანხის ანაზღაურებაზე;

ბ) სსკ-ის 887-ე მუხლი, რომელიც უფლებას აძლევს გარანტს, უარი უთხრას ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, მერიამ მოთხოვნა წარადგინა არასწორად, იმ დასაბუთების გარეშე, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამოწვეული იყო კასატორის ბრალეული მოქმედებებით. ამ ყველაფერს, კასატორის მოსაზრებით, ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბანკისთვის მიმართვამდე მერიას არ მოუთხოვია არც ხარვეზების გამოსწორება და არც ზიანის ანაზღაურება. ასევე, მერიამ არ შეაფასა, თუ რა მოცულობის იყო ზიანი, რომელიც ვითომდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მიადგა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადგენა ზიანის მოცულობას, ანუ იგი საგარანტიო თანხის ტოლფასი იყო, მეტი, თუ ნაკლები. საბანკო გარანტიის, როგორც უნივერსალური სამართლებრივი და ფინანსური პროდუქტის დაყვანა მარტოოდენ ფორმალურ გაგებამდე, კასატორის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გაგებას;

გ) სსკ-ის 885-ე მუხლი, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ მოთხოვნაში უნდა მიეთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა. კასატორის მოსაზრებით, მარტოოდენ მერიის დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიხედვითაც ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო, არ შეიძლებოდა საგარანტიო თანხის გაცემის წინაპირობა გამხდარიყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ კანონმდებელი საგარანტიო თანხის გაცემას არ დაუწესებდა მთელ რიგ წინაპირობებს. ვალდებულების დარღვევის მტკიცება ბენეფიციარის მიერ და შემოწმების ვალდებულება გარანტის მიერ, არის იმპერატიული დანაწესი და მისი მხოლოდ ფორმალურსამართლებრივი გაგება, არის აცდენა ამ პროდუქტის საკანონმდებლო გაგებასთან.

7.1.5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სსკ-ის 890-ე მუხლი, რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა, რომ თუ გარანტი მარტოოდენ ფორმალურად გაიაზრებს საბანკო გარანტიის ბუნებას, მას უფლება ერთმევა რეგრესის წესით მოითხოვოს თანხის გადახდა. კასატორის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ბანკმა არასწორად, საგარანტიო პირობების საწინააღმდეგოდ გასცა საგარანტიო თანხა, მას აღარ ქონდა უფლება, თანხის გადახდა კასატორისგან მოეთხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, შპს „მ“-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).

14. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

15. მოცემულ შემთხვევაში, დავა წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობის საფუძველზე. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2014 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (დამკვეთი, ბენეფიციარი) და შპს „მ“-ს (პრინციპალი, მენარდე, მოსარჩელე) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.4 პუნქტის ფარგლებში, მენარდემ წარადგინა სს „პ.ბ–ის“ (გარანტი, მოპასუხე) მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლითაც გარანტმა ბენეფიციარის პირველივე წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი გასაჩივრებისა და უარყოფის უფლების გარეშე, 5 საბანკო დღის ვადაში, გარანტიის თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა. გარანტიის თანხა განისაზღვრა 45 525,95 ლარით.

16. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ნოემბერს, ბენეფიციარმა გარანტს მიმართა და აცნობა, რომ პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარვეზიანი იყო, რის გამოც, საბანკო გარანტიის თანხის - 45 525,95 ლარის სრულად ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2018 წლის 16 ნოემბერს, გარანტმა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის თანხა სრულად გადაურიცხა, ხოლო, ვინაიდან პრინციპალმა გარანტის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა რეგრესის წესით არ აანაზღაურა, გარანტმა ხელშეკრულების შესაბამისად, დავალიანება სესხად (წლიური 12,5% სარგებლის დარიცხვის პირობით) გარდაქმნა, რის საფუძელზეც, 2019 წლის 13 აგვისტოს, პრინციპალმა სესხი მასზე დარიცხული ჯარიმა-სარგებლით, 50 515 ლარის ოდენობით გადაიხადა.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სწორედ ზემოაღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მოპასუხემ გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ გასცა, რის გამოც მას აღარ ჰქონდა უფლება რეგრესის წესით პრინციპალისაგან მოეთხოვა ამ თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხი იმაში მდგომარეობს, წარმოშობილი იყო თუ არა საბანკო გარანტიის გაცემის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რადგან საბანკო გარანტიის სახით თანხის გაცემის მართლზომიერება საბოლოო ჯამში განსაზღვრავს საკითხს - ექვემდებარება თუ არა გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა, რეგრესის წესით პრინციპალისაგან ანაზღაურებას.

18. პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ურთიერთობის შეფასებისა და მასში მონაწილე სუბიექტთა უფლება-მოვალეობების სწორად განსაზღვრისათვის, მნიშვნელოვანია საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნების შეფასება. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტიის არსი, იურიდიული ბუნება და ზოგადად, სახელშეკრულებო სამართალში მისი როლი, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული (იხ., სუსგ №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი), თუმცა, ვინაიდან კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასა და სააპელაციო პალატის მხრიდან მის ფორმალურ გაგებაზე აპელირებს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე.

18.1. საბანკო გარანტია კომერციულ ურთიერთობებში კრედიტის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საიმედო და გავრცელებული საშუალებაა. საქართველოში საბანკო გარანტია ხშირად გამოიყენება სახელმწიფო ტენდერების ან სახელმწიფო შეკვეთების განხორციელებისას. მისი უპირატესობა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან შედარებით მდგომარეობს გარანტისაგან დაკმაყოფილების დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობაში. გარდა ამისა, საბანკო გარანტიის უკან დგანან ფინანსურად ძლიერი ორგანიზაციები, როგორიცაა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, რომელთა სიტყვას ავტორიტეტიც აქვს და ფასიც (იხ. ჭანტურია ლ., კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 204).

18.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს თანხის გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა.

18.3. საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას, აუცილებელია აღინიშნოს ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობიდან მისი დამოუკიდებელი ხასიათი. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის Nას-781-996-08 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ: „საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“.

18.4. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ძირითადი ხელშეკრულება დამოუკიდებელია ბენეფიციარსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობიდან. გარდა ამისა, გარანტს არა აქვს უფლება უარი განაცხადოს შესრულებაზე და ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საფუძლად უდევს საბანკო გარანტიას (იხ. ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძე ლ., ჯ–აშია ლ., სახელშეკრულებო სამართალი, 2014, 577).

18.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების 7.1.2 პუნქტში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, კასატორს განუმარტავს, რომ საგარანტიო თანხის გაცემამდე, გარანტი არ იყო ვალდებული საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად განეხილა, რადგან გარანტიიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება არ არის დამოკიდებული არცერთ სხვა ვალდებულებაზე, გარდა ბენეფიციარსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობისა, რისი ძირითადი მიზანიც კომერციულ ურთიერთობებში ბენეფიციარის ფინანსური მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილება და გადამხდელუნარიანი სუბიექტისაგან თანხის მიღებაა.

19. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობას. კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი ავსებს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-161-151-2015, 04/05/2015 წ.)

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

21. საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის, 887-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 890-ე მუხლის ერთობლივი ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ გაცემული თანხა რეგრესის წესით პრინციპალისაგან ანაზღაურებას ექვემდებარება, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა თანხის გაცემის თაობაზე, შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს. ამდენად, მართალია, კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, თუმცა, გარანტი მაინც ვალდებულია ბენეფიციარისათვის თანხის გადახდამდე, შეამოწმოს თანხის გადახდის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლები, რისთვისაც უნდა შემოწმდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და გარანტიის მოქმედების ვადა. „თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1365-2019, 08/10/2021 წ.).

21.1. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა და დაადგინა, რომ ბენეფიციარმა, ინსპექტირების აქტისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გარანტს მოთხოვნა 2018 წლის 08 ნოემბერს, ანუ გარანტიის მოქმედების ვადაში (საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით) წარუდგინდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეზე, დადგენილად უნდა ჩაითვალოს ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნა გარანტიით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა.

21.2. რაც შეეხება გარანტიის პირობებს, საქმეში წარმოდგენილია სს „პ.ბ–ის“ (გარანტი, მოპასუხე) მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლითაც დადგინდა, რომ გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვეოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით (12.12.2014 წლის №2.2/30/444-2 (SPS 140024905) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ) ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში. ამასთან საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 12 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, შპს „მ“-მ თბილისში რამდენიმე მისამართზე მდებარე კორპუსების, მათ შორის, ....... მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, ტექნიკურ ზედამხედველობასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწმობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ან სამსახურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.

21.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ნოემბერს, ბენეფიციარმა მიმართა გარანტს და აცნობა, რომ შპს „მ“-ს მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაფიქსირდა დეფექტები, რის გამოც, საბანკო გარანტიის თანხის - 45 525,95 ლარის სრულად ანაზღაურება მოითხოვა. მიმართვას ერთვოდა 2018 წლის 05 ნოემბრის წერილი, ინსპექტირების აქტი, 2018 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები, სულ 43 ფურცლად.

21.4. საკასაციო პალატა ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოს მსგავსად იზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას მასზედ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან არ იკვეთება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ინსპექტირების აქტში მითითებული დაზიანებებსა და მოსარჩელის (პრინციპალის) მიერ ბენეფიაციარის (ქ. თბილისის მერია) წინაშე ნაკისრი ძირითადი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას შორის, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბენეფიციარს ევალება მოთხოვნაში ან მის დანართში, პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტისა და იმ გარემოების მითითება, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა, ხოლო, იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ საქმეზე №ას-1365-2019, 08/10/2021 წ.). ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელი წარდგენის პირობას საბანკო გარანტია არ ითვალისწინებდა; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, გარანტიის პირობებში მხოლოდ ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა ბენეფიციარს დოკუმენტების უცილობოდ დართვის ვალდებულება (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ საქმეზე №ას-1231-1151-2017, 01/12/2017 წ.).

21.5. ამასთან, საყურადღებოა, რომ სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარანტი მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. აღნიშნულის თაობაზე, გარანტის მიერ ბენეფიციარისა და პრინციპალისათვის შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა კი, ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას. მით უფრო, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით, გარანტი შეუქცევად ვალდებულებას იღებდა, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

21.6. პალატა აღნიშნავს, რომ უპირობო საბანკო გარანტიის შემთხვევაში, განსაკუთრებით ხაზგასმულია დამოუკიდებლობის პრინციპი. უპირობო გარანტია განცალკევებულია ძირითადი ვალდებულებისაგან და ძირითადი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები დამოუკიდებელია მისგან. მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკის ვალდებულება დამოუკიდებელია არა მარტო ბენეფიციარისა და პრინციპალის, არამედ პრინციპალსა და გარანტს შორის არსებული ურთიერთობისგანაც (იხ. ლიპარტია ნ., საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები, თბილისი, 2018, გვ. 71.).

21.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას გარანტიის გაცემის მიზნებისათვის, დეფექტებზე მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ გარანტი არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც კი არ იყო, წარდგენილი დოკუმენტების კვლევაში შესულიყო და ექსპერტიზის დასკვნის ბუნდოვანებიდან გამომდინარე უარი ეთქვა ბენეფიციარის მოთხოვნაზე.

22. წინამდებარე განჩინების 21.4-21.5 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადგენა იმ ზიანის მოცულობას, რომელიც მერიას ვითომდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მიადგა, რაც საბანკო გარანტიის გაცემის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. ამ მიმართებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სს „პ.ბ–ის“ (გარანტი, მოპასუხე) მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით, გარანტიის თანხა განისაზღვრა 45 525,95 ლარით და გარანტმა ბენეფიციარის წინაშე იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნებისმიერი თანხა, რომელიც მთლიანობაში არ აღემატებოდა 45 525,95 ლარს, რაც თავისთავად გამორიცხავს კასატორის მოსაზრების მართებულობას.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2521 ლარის 70% – 1764.70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. შპს „მ“-ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2521 ლარის (საგადახდო დავალება N2749, გადახდის თარიღი 01.02.2022) 70% – 1764.70 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე