Facebook Twitter

№ას-215-2022

20 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ბა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს–ბის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, პირგასამტეხლოს სახით - 22 684 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 2015 წლის 04 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობასა („შემსყიდველი“) და შპს „ს–ბას“ („მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №1.1.9/30/033 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ნაძალადევის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება;

- ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 85 600 ლარით (ყველა გადასახადის ჩათვლით);

- საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 50 კალენდარული დღე.

6.1.2. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

6.1.3. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაეხადა პირგასამტეხლო შემსყიდველისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.

6.1.4. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვევის ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომსახურების საბოლოო ვადის 15 კალენდარული დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

6.1.5. 2015 წლის 27 აპრილის ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილით დგინდება, რომ შემსყიდველმა თანხმობა განაცხადა №1.1.9/30/033 ხელშეკრულების საფუძველზე დოკუმენტაციის დამუშავების დასრულების ვადა, ნაცვლად 25 აპრილისა, განსაზღვრულიყო 10 მაისით.

6.1.6. 2015 წლის 24 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, №1.1.9/30/033 ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა შეადგინა და შემსყიდველმა ჩაიბარა ნაძალადევის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც არსებობდა შპს „ლ–ის“ დადებითი დასკვნები;

- გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 12 001,55 ლარი.

6.1.7. 2015 წლის 16 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №79, რომლის თანახმად №1.1.9/30/033 ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა შეადგინა და შემსყიდველმა ჩაიბარა ნაძალადევის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც არსებობდა შპს „ლ–ის“ დადებითი დასკვნები; გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 21 231,00 ლარი.

6.1.8. მესამე ეტაპზე, 2015 წლის 23 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი №225, რომლის თანახმად №1.1.9/30/033 ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა შეადგინა და შემსყიდველმა ჩაიბარა ნაძალადევის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზეც არსებობდა შპს „ლ–ის“ დადებითი დასკვნები; გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 52 366,90 ლარი.

6.1.9. მესამე ეტაპზე გაწეული მომსახურების შედეგად შესაბამისი დოკუმენტაცია შემსყიდველს გაეგზავნა 2015 წლის 08 მაისს, თუმცა აღნიშნულ მომსახურებაზე მიღება- ჩაბარების აქტი (№225) გაფორმდა 2015 წლის 23 ივნისს.

6.1.10. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება 43 დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა, რაც ხელშეკრულების 8.3 და 8.4 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხის მიმართ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

6.1.11. მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობის არარსებობაზე მიუთითა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულება შესრულებული იყო ჯეროვნად. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

6.1.12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დარღვევის გამო, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე.

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 138- ე, 140-ე, 144-ე, 629-ე მუხლების სამართლებრივ საფუძველზე, მართებულად დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა, კერძოდ:

6.2.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2015 წლის 23 ივნისს, რის გამოც, სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 23 ივნისიდან დაიწყო და 2018 წლის 23 ივნისს დასრულდა. ამასთან, საქმის მასალების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს იმავე სასარჩელო მოთხოვნით, იმავე საფუძვლით და იმავე მოპასუხის მიმართ. პირველად - 2016 წელს, რომელზედაც თბილისის საქალაქო სასამრთლომ 2016 წლის 12 ივნისის განჩინებით უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. შემდგომში მოსარჩელემ კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელებით, რომლებზედაც 2018 წლის 26 აპრილის, 2018 წლის 28 სექტემბრისა და 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებებით, კვლავ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

6.2.2. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მსჯელობა და მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადა 2016 წლის 12 ივნისის განჩინებით უარყოფილი სარჩელის წარდგენით შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე უარის თქმიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ მიმართავდა სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადა კი, შეწყვეტილად ჩაითვლებოდა პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

6.2.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების საფუძველზე პალატამ ის გარემოებაც დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი სარჩელის შეტანის შემდეგ, მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 18 აპრილს წარადგინა, რომლის მიღებაზეც სასამართლომ 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს კვლავ უარი უთხრა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ უფლების განხორციელებისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადა არ დაიცვა, რის გამოც ხანდაზმულობა შეწყვეტილად ვერ მიიჩნეოდა, ხოლო, ვინაიდან წინამდებარე სარჩელი ნაძალადევის რაიონის გამგეობამ აღძრა 2019 წლის 08 მაისს - ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ და მოპასუხემ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, აღნიშნული სასამართლოსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.

6.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სარჩელს დაკმაყოფილების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6.3.1. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა გულისხმობდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და მოსარჩელისათვის მიწოდებას; ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა განისაზღვრა 2015 წლის 10 მაისით. მხარეებმა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დაუკავშირეს მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის დარღვევას.

6.3.2. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება, შემსყიდველის კონკლუდენტური თანხმობით, შესრულდა რამდენიმე ეტაპად; ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 08 მაისის №8 წერილით უტყუარად დგინდებოდა, რომ მოპასუხემ შესრულების განხორციელების ბოლო ეტაპზე, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილი მოსარჩელეს მიეწოდა 2015 წლის 8 მაისს, რაც დადასტურებულია ამავე დოკუმენტზე გამგეობის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (იხ.: ს.ფ.70).

6.3.3. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას უკავშირებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ობიექტი მიწოდებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, აქტი გაფორმებული იყო მომსახურების გაწევის საბოლოო ვადის (2015 წლის 10 მაისი) დარღვევით - 2015 წლის 23 ივნისს.

6.3.4. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 08 მაისს გაგზავნილი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიმართ უარყოფითი დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ იყო და არც სარჩელი შეიცავდა რაიმე პრეტენზიას ამ თვალსაზრისით. საქმის მასალებით არ იკვეთება, თუ რამ განაპირობა 2015 წლის 08 მაისს განხორციელებული მიწოდების დადასტურება (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება) 43 დღის დაგვიანებით და რა ობიექტური საფუძველი არსებობდა ამისათვის. ასეთ ვითარებაში კი, პალატამ მიიჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიწოდებულად ჩაითვლებოდა 2015 წლის 08 მაისიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულება შეასრულა შეთანხმებულ ვადაში (2015 წლის 10 მაისამდე). აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას გამორიცხავდა.

6.3.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ხელშეკრულების შესრულების დაკავშირება 2015 წლის 23 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან, რომლის 43 დღით დაგვიანების ობიექტური საფუძველი არ დგინდებოდა, ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერად და პატივისცემით მოპყრობის პრინციპს (სსკ-ის 316.2. მუხლი).

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობები. კერძოდ, კასატორი არასწორად მიიჩნევს მსჯელობას მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 12 ივნისის განჩინების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ მიმართავდა სასამართლოს. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2015 წლის 23 ივნისიდან და გრძელდებოდა 2018 წლის 23 ივნისამდე. მოქმედი კანონმდებლობა გამგეობას არ ავალდებულებდა, 2016 წლის 12 ივნისის განჩინების გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში შეეტანა ახალი სარჩელი, ვინაიდან სარჩელის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე - 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე - დარჩენილი იყო კიდევ 2 წელი და ამ 2 წლის განმავლობაში, გამგეობას ნებისმიერ დროს შეეძლო შეეტანა სარჩელი ყოველგვარი შეზღუდვის დაწესების გარეშე. გამგეობამ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში მიმართა სასამართლოს, რაზედაც 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლის დანაწესი უნდა გავრცელდეს არა 2016 წლის 12 ივნისის განჩინებაში მითითებულ სარჩელზე, არამედ 2018 წლის 26 აპრილის განჩინებაში მითითებულ სარჩელზე.

7.1.2. ასევე, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას ხანდაზმულობასთან მიმართებით, სარჩელს დაკმაყოფილების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ 2015 წლის 23 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის 43 დღის დაგვიანების ობიექტური საფუძველი არ დგინდებოდა, რაც ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერად და პატივისცემით მოპყრობის პრინციპს. კასატორის მოსაზრებით, კეთილსინდისიერებისა და სახელმწიფოსადმი პატივისცემის პრინციპი მოპასუხე კომპანიამ დაარღვია რადგან ყველა პროექტის უკან მოსახლეობა მხოლოდ გამგეობას ხედავს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (SPA150002352) გაფორმებული №2.9.11/30/033 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

15. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც სამართლებრივად შეფასდა განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობისა და პერსპექტიულობის საკითხი. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა; ამავდროულად, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეასრულა, ხოლო, ვინაიდან შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული 2015 წლის 23 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის 43 დღით დაგვიანების ობიექტური საფუძველი არ დგინდებოდა, პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობასა (სსკ-ის 417-418 მუხლები) და სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერად და პატივისცემით მოპყრობის პრინციპს (სსკ-ის 316.2-ე მუხლი), რასაც არ იზიარებს კასატორი.

16. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და სადავო საკითხის მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებული სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ:

16.1. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

16.2. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).

16.3. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

17. ამდენად, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყო თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სამუშაოების შესრულება. ამასთანავე, თუკი დადასტურდება შემსრულებლის მხრიდან ვადის გადაცილება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქცევა შემოწმების ობიექტად პირგასამტეხლოს მოთხოვნის კანონიერება.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2015 წლის 04 მარტს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №1.1.9/30/033 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ნაძალადევის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, რომლის მიწოდების ვადად განისაზღვრა 50 კალენდარული დღე. დადგენილია, რომ შემსყიდველმა, 2015 წლის 27 აპრილის წერილით, თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის დამუშავების დასრულების ვადა, ნაცვლად 25 აპრილისა, განსაზღვრულიყო 10 მაისით. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის არც ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ხელშეკრულება მიმწოდებლის მხრიდან შესრულდა რამდენიმე ეტაპად, რაზედაც 2015 წლის 16 მარტს, 2015 წლის 24 აპრილსა და 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით, მიწოდებულ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, არსებობდა შპს „ლ–ის“ დადებითი დასკვნები. ამასთან, შესრულების განხორციელების ბოლო ეტაპზე, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილი, რომელზედაც მიღება-ჩაბარების აქტი 2015 წლის 23 ივნისს გაფორმდა, მოპასუხემ მოსარჩელეს 2015 წლის 8 მაისს მიაწოდა, რაც დადასტურებულია 2015 წლის 08 მაისის №8 წერილზე გამგეობის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

20. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობების გასაქარწყლებლად, საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მხრიდან მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით დადგენილ (კორექტირებულ) ვადაში შესრულდა და შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა არ წარმოშობია.

21. აღსანიშნავია, რომ კასატორი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას უკავშირებდა არა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მიწოდების თარიღს, არამედ ხელშეკრულების 6.1 პუნქტს, რომლის თანახმად, „ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან“ (2015 წლის 23 ივნისიდან). აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ ზოგადად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობაც კი, a priori არ ადასტურებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1096-1053-2016, 24/10/2017 წ.). ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით, კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს არა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებითაც. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე, მაგრამ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-770-737-2014, 29 მაისი, 2015 წელი; №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი).

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დანაწესისა და იმ გარემოების გათვალისწიებით, რომ ნარდობა, იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარეს უწესებს გარკვეულ ვალდებულებებს, პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს დროულად მიღების ვალდებულება ეკისრებოდა. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება - 2015 წლის 08 მაისის №8 წერილი, რაც დადასტურებულია გამგეობის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და რომელიც ადასტურებს მოპასუხის მიერ სამუშაოს ურთიერთშეთანხმებით დადგენილ (კორექტირებულ) ვადაში (10 მაისამდე) შესრულების ფაქტს, ხოლო, მიღება-ჩაბარების აქტის დაგვიანებით გაფორმება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობად ვერ შეფასდება, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმის მასალების მიხედვით, არც მოპასუხის ბრალეულობა დგინდება სადავო აქტის დაგვიანებით გაფორმებასთან დაკავშირებით და არც დაგვიანების ობიექტური მიზეზი.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მენარდეს შემკვეთმა განუსაზღვრა დამატებითი ვადა შესრულებისათვის და დადგენილია, რომ ამ ვადაში ვალდებულება შესრულდა, აღარ არსებობს კრედიტორის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრული უფლების განკარგვის - პირგასამტეხლოს მოთხოვნის - კანონისმიერი წინაპირობები, რის გამოც წარმოდგენილ სარჩელს, წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა.

26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე